ეკატერინე II-ის დროს რუსეთში გენერალ ვეიდელის ავადმყოფი ცოლი ახტირში ჩავიდა, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინაშე ილოცა და განკურნება სთხოვა.
მეორე საღამოს მან ძილში უფლის დედა იხილა და მისი ბრძანება მოისმინა: "ტყუილად ევედრები სნეულებისგან განკურნებას, შენ მალე დატოვებ ამქვეყნიურ სიცოცხლეს. ეკლესიას და გლახაკებს დაურიგე მთელი ქონება, ეს შენს სულს წაადგება". სნეულმა უპასუხა: "დედაო ღვთისავ! მე შვილები მყავს. თუ მთელ ქონებას გავცემ, ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ჩაცვივდებიან". ღვთისმშობელმა მიუგო: "ნუ იზრუნებ შვილებზე, მე მათ მუდამ დავიფარავ. იზრუნე შენს აღსასრულზე და ქონებას ისე მოექეცი, როგორც გითხარი". ამის მერე ღვთისმშობელი უხილავი შეიქმნა.
ავადმყოფს გამოეღვიძა, იხმო სულიერი მამა, მოუთხრო სიზმრად ნანახი, ღვთისმშობლის ბრძანებისამებრ მოიქცა და ხუთი დღის მერე აღესრულა. ეს რომ იმპერატორმა ეკატერინემ გაიგო, თქვა: - არ ვიცი, როდის ინებებს ზეციური დედოფალი დაპირების აღსრულებას. ამიტომაც მე მივხედავ ვეიდელის შვილებსო. ორი გოგონა აღზარდა და შემდეგ გრაფებს მიათხოვა.
* ერთ კალუგელ ქვრივ დედაკაცს დიდი სასოება ჰქონდა კალუგის ღვთისმშობლის ხატისა. მას ერთადერთი თორმეტი წლის ქალიშვილი გარდაეცვალა. საცოდავი ქალი გონდაკარგული მივიდა ტაძარში, ღვთისმშობლის ხატის წინ და დაიწყო უგუნური ლოცვა: - დედაო ღვთისავ, ყოველდღე გევედრებოდი, შენს ხატს პატივს მივაგებდი. შენ კი არ მოხედე ჩემს გულმოდგინებას და ერთადერთი სიხარული, ერთადერთი ნუგეში წამართვიო. მერე კი ყოვლადწმინდა საყვედურით აავსო, უწყალოსა და გულქვას ეძახდა. ხატის წინ ქალმა გონი დაკარგა და დაინახა ბრწყინვალე ნათლით მოსილი ზეციური დედოფალი, რომელმაც უთხრა: "უგუნურო დედაკაცო! მე ყოველთვის გისმენდი, როცა შენი ქალიშვილისთვის ლოცულობდი და შევევედრე ძესა და ღმერთსა ჩემსა, ის წმინდა გაეყვანა აქედან და ქალწულთა დასში ჩაერიცხა, რომ სხვა თავისნაირებთან ერთად საუკუნოდ ედიდებინა უფალი. მაგრამ შენ წინ აღუდეგი ამას. დაე, იყოს შენი სურვილისამებრ. წადი, შენი ქალიშვილი ცოცხალიაო".
ქალს გამოეღვიძა და შინ დაბრუნდა. გოგონა კუბოში იწვა და დასაკრძალავად ამზადებდნენ. მოულოდნელად მიცვალებულს ღაწვები შეუწითლდა, უეცრად ღრმად ამოისუნთქა და კუბოდან ცოცხალი წამოდგა. დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ სიცოცხლედაბრუნებული ქალიშვილი დედისთვის მწუხარების მომტანად იქცა. გოგონა გაიზარდა და მიწიერ ცხოვრებას მიჰყო ხელი. სცემდა დედას, დასცინოდა, ლანძღავდა...
ასეთი საშინელი და სახიფათოა, როცა ღვთის ნებას ეურჩები.
* წმინდა ნიკოლოზ სერბი სწერს ერთ ბედნიერ დედას: "აღფრთოვანებული მწერთ, რომ ღვთისმშობელი გამოგეცხადათ და მტკიცედ დაადექით რწმენის გზას. თქვენი ქალიშვილი ციებ-ცხელებამ ლოგინს მიაჯაჭვა. კონსილიუმისთვის ექიმები მოიწვიეთ. მათ გასინჯეს ქალიშვილი და სათათბიროდ მეორე ოთახში გავიდნენ. თქვენ გულისფანცქალით ყურს უგდებდით მათ საუბარს. ერთმა მათგანმა თქვა, გოგონას გადარჩენა შეიძლება, თუ ოფლს კარგად მოიდენსო. სხვები კი ფიქრობდნენ, რომ უკვე გვიანი იყო. თქვენ სასოწარკვეთისგან ხელებს იმტვრევდით და ტიროდით. ბავშვის საწოლის თავზე ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. ადრე მას როგორც სამკაულს, ისე უყურებდით. ამ შავბნელ წამს თქვენ დაემხეთ ხატის წინაშე და თვალცრემლიანმა შეღაღადეთ: "ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შენ იცი ჩემი მწუხარება. დედავ, დედათა უმეტესო, შენ უწყი, რას ნიშნავს, გყავდეს ერთადერთი შვილი და დაკარგო იგი. შენ უცქერდი შენი მხოლოდშობილი ძის ჯვარზე ვნებას. გევედრები, შემიწყალე მე ცოდვილი და შემეწიე. მხოლოდ შენი იმედი მაქვს, აღარ ვსასოებ ადამიანთაგან შეწევნაზე. მთელ სამყაროსაც კი არ შეუძლია დამეხმაროს. მხოლოდ შენ, ოქროს ღვთისმშობელო, შეგიძლია დახმარება, თუკი ინებებ. რამდენი მწუხარე დედა გინუგეშებია! მეც მანუგეშე, ჰოი, ყოვლადწმინდაო!" დიდი ხნის ლოცვისა და ტირილის შემდეგ ღვთისმშობლის ხატს შეხედეთ და ცრემლები შენიშნეთ თვალებზე. ამის მერე მიხვედით თქვენს ქალიშვილთან და... ჰოი, სასწაული: მთლიანად ოფლში იყო გახვითქული. დილით წამოდგა, ისაუზმა. მალე სულმთლად გამოჯანმრთელდა.
დიდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს! მადლობა თქვენ ამ მოწმობისთვის. თქვენი რწმენა გამოცდილებაზეა დაფუძნებული და არა თვითნებურ მსჯელობებსა და თეორიებზე. ჩემთვისაც ძვირფასია თქვენ მიერ განცდილი.
ჩვენთან გასულ ზამთარს მოხდა ამგვარი შემთხვევა. ქვრივი დედაკაცის ქალიშვილი მძიმედ დასნეულდა. ერთი თვე გონს ვერ მოდიოდა, სიტყვაც არ წარმოუთქვამს. იმედდაკარგულმა, მწუხარებით გულმოკლულმა დედამ დაკრძალვისთვის ფულის თავმოყრა დაიწყო. ერთხელ გოგონას საწოლთან იჯდა და ჩუმად ტიროდა. უეცრად ქალიშვილმა თვალი გაახილა და უთხრა: "ნუ ტირი, დედიკო, ხვალვე წამიყვანე კალიშტეში - იქ გამოვჯანმრთელდები ასე მითხრა ჩემმა ზეციურმა დედამ, რომელიც ახლა ჩემს გვერდითაა!" მეორე დღეს ბავშვი კალიშტეში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტერში წაიყვანეს - შინ ჯანმრთელი დაბრუნდა.
განა მარტო ეს ორი შემთხვევაა ცნობილი. აღურაცხელია ღვთისმშობლისმიერი შეწევნა და სასწაული. წმინდა სერაფიმე საროველმა აღიარა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ღვთისმშობელი ექვსჯერ გამოეცხადა. ყველა მოღვაწემ, რომლებიც ამ ზეციურ გამოცხადებას უძვირფასეს საიდუმლოდ თვლიან, რომ განაღოს ბაგენი და გვაუწყოს, რაც იხილეს, დედამიწა განცვიფრდებოდა... თქვენ კი მადლობდეთ ღმერთსა და ღვთისმშობელს, რომ განგიღოთ სულიერი თვალნი, ნუ დააბრმავებთ მას ცოდვით და უდარდელობით".
* ერთხელ თავად ჰიტროფის ორი მსახური გოგონა ბატონის სახლის სხვენზე ავიდა. ძველ ნივთებსა და ათასნაირ ხარახურაში ერთმა ხამი ტილოს ფუთა ნახა. გახსნა და მშვენიერი გამოსახულება იხილა კეთილმოკრძალებული პირისა, რომელიც ჰგავდა მონაზონს, საკუთარ კანონს რომ კითხულობს. ქალიშვილი შეძრა გამოსახულებამ, მეორეს აჩვენა - იღუმენიააო. მეორემ კი ტილოს მიაფურთხა: "აი, ასე მეშინია და პატივს ვცემ შენს იღუმენიასო". სიტყვის დასრულება ვერც მოასწრო, მიწაზე დაეცა, ხელები დაეკრუნჩხა, დადამბალვდა, ვეღარც ხედავდა, ვეღარც ლაპარაკობდა. შეშინებული მეგობარი მაშინვე გაიქცა ბატონთან და ყველაფერი მოახსენა. ევდოკია, - ასე ერქვა იმ საცოდავს, - ცოცხალმკვდარი ლოგინზე დააწვინეს და მის სიკვდილს ელოდნენ.
ღამით ევდოკიას მშობლებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა: "თქვენი ქალიშვილი ტილოზე გამოსახულ მონაზონს კადნიერად მოექცა და შეურაცხყო არა მონაზონი, არამედ მე, რამეთუ ეს გამოსახულება ჩემი ხატია, რომლის მიერ, ჩემი ძისა და ღმერთის ნებით, ვშუამდგომლობ თქვენს ქალაქსა და მის მკვიდრთ. დილით გამოუცხადეთ ყველაფერი მღვდელს და ერთად ილოცეთ ჩემი შეურაცხყოფილი ხატის წინაშე, განრღვეულს კი იმ წყაროს წყალი ასხურეთ, ტაძართან რომ მოედინება და განიკურნებაო". დილით, ლოცვის შემდეგ, ავადმყოფი განიკურნა.
ასე მოხდა გამოცხადება "კალუგის ღვთისმშობლისა".
* ახალგაზრდა მასწავლებელ მარიამ კალმაგირისს ტანჯავდა საშინელი ფორმის ნევრასთენია, რომელიც თანდათანობით ფსიქიკურ დაავადებაში გადაუვიდა. ათენის კლინიკაში ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობის მერე 1935 წლის სექტემბრის დასაწყისში კუნძულ ტინოსზე წაიყვანეს, სადაც დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სასწაულმოქმედი ხატი.
მარიამს არ უნდოდა ტაძარში შესვლა. თავიდან სასტუმროში დაბინავდნენ, საღამოს დედამისი შეეცადა, ქალაქში გასეირნების საბაბით ქალიშვილი ტაძარში შესვლაზე დაეთანხმებინა. სეირნობისას მოულოდნელად ტაძართან აღმოჩნდნენ. ავადმყოფს ტაძარში შესვლის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კარი დაკეტილი აღმოჩნდა. მარიამის ძმამ ფანჯრიდან შეიხედა და ტაძარში შავპალტოიანი მაღალი მონაზონი დაინახა. ის დედამისმაც შენიშნა. გაუხარდათ - მონაზონი ალბათ კარს გაგვიღებსო. გოგონა კართან იდგა და მის გაღებას ელოდა.
უეცრად მონაზონი წამოიმართა და უხილავი შეიქნა. ამ დროს ისეთი ჭექა-ქუხილი გაისმა, მთელმა ქალაქმა გაიგონა. მარიამის ახლობლებმა დარაჯი მოიყვანეს, ტაძარი გააღეს. იქ, რა თქმა უნდა, არავინ დახვედრიათ. ყოვლადმოწყალე ზეციურმა დედოფალმა მარიამი სრულიად განკურნა და გოგონა ეზიარა კიდეც.
* მშვენიერი და ჯანმრთელი სამი წლის ყრმა ანასტასი დედის, სოფიოს ერთადერთი ნუგეში იყო. მას შემდეგ, რაც ქალი ქმარმა მიატოვა, კუნძულ ევბეაზე დასახლდა. უეცრად ბავშვი ავად გახდა და გარდაიცვალა. უბედური დედა ორი დღე შვილის ცხედარს არ მოშორებია.
"დედაო ჩემო ყოვლადწმინდაო, ეს როგორ დავიჯერო? მარადქალწულო, მრავალმოწყალეო, დამიბრნე ჩემი ვაჟი, მუხლმოდრეკილი ვევედრები შენს ხატს!" - მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, განთიადისას კი დაუჯერებელი რამ მოხდა: გარდაცვლილ ბავშვს ტუჩები შეუვარდისფრდა და ამოისუნთქა. დედა ყურადღებით დააკვირდა, ხომ არ მეჩვენებაო. ეჭვიც მკვდრეთით აღმდგარმა ანასტასიმ გაუფანტა. სუსტი ხმით დაუძახა: "დედიკო!" ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სასწაული მოახდინა.
გავიდა წლები. სოფიო კანადის ქალაქ ედმონდში გადავიდა საცხოვრებლად. 1938 წელს მისგან წერილი მიიღო ტინოსის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საზოგადოებამ: "გიგზავნით ჩემი და ჩემი ვაჟის ფოტოსურათებს. იგი სამი წლისა აღადგინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლმა, დაუბრუნა სიცოცხლე. ბევრჯერ მოვისურვე ჩამოვსულიყავი თქვენთან, თაყვანი მეცა ღვთისმშობლის ხატისთვის და სამუდამოდ მის გვერდით დავრჩენილიყავი, მაგრამ ეს ჩემს ძალებს აღემატება. როცა რაიმეს ვთხოვ ღვთის დედას, ყოველთვის ვგრძნობ მას ჩემს გვერდით. რამდენ ხანსაც არ უნდა ვიცხოვრო, ბაგეებს ჩემსას არასოდეს მოშორდება მისი წმინდა სახელი".
* ვადიმი ავად გახდა, - ჰყვებოდა ოლგა, - მაშინ ის შვიდი წლის იყო. სუნთქვა უჭირდა. მაღალი სიცხე ჰქონდა. პროფესორმა - უნდა დავიცადოთ, რომ ზუსტად დადგინდეს, ქუნთრუშაა თუ დიფტერიაო. დრო არ იცდიდა, ამიტომაც სხვასაც აჩვენეს. მან თქვა, დიფტერიააო და სასწრაფოდ დიფტერიის საწინააღმდეგო შრატი დაუნიშნა. სანამ აფთიაქებში ამ შრატს ეძებდნენ, დაურეკეს იმ ძველ პროფესორს. ის წინ აღუდგა წამლის გაკეთებას. დახმარება სთხოვეს ნაცნობ მედდას. დაგვპირდა, მალე მოვალო. წავედი ტაძარში და ღვთისმშობელს გულისხმისყოფა ვთხოვე, ბავშვისთვის შრატი გამეკეთებინა თუ არა. სახლის კიბეებზე ავდიოდი, რომ პასუხი გულში ვიგრძენი - "არა". უარი ვთქვი შრატის გაკეთებაზე. როგორც გიჟს, ისე შემომხედეს, მაგრამ დამიჯერეს. ვადიმი ლოგინში ტრიალებდა. მთელი ღამე მის საწოლთან გავატარე. დილით თითქოს უკეთ გახდა, ჩაეძინა. მალევე გაიღვიძა და მითხრა:
- დედა, ჩვენთან ვინ იყო?
- არავინ.
- არა, დედიკო, სულ ახლახან იყო!
- ვინ, შვილო?
- მშვენიერი ქალბატონი, მეტად მშვენიერი.
ბოლოს ჩაეძინა. დილით ტანზე გამოაყარა. უკვე ჩანდა, რაც სჭირდა და მკურნალობა დავუწყეთ. მერე გვითხრეს: თქვენ რომ მაშინ ნემსი გაგეკეთებინათ, ვერ გადარჩებოდაო.
ზეციური დედოფლის სტუმრობაზე ვადიმი ყოველთვის დუმდა, ორი სიტყვით თუ იტყოდა რამეს - გულში საიდუმლოდ ინახავდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი