ჰოი, წმინდა უბრალოებავ!
* ფსკოვის მღვიმევის წინამძღვარი იგონებს მამა იოანე კრესტიანკინის ნაამბობს:
დედამისი მშობლებს ღვთისმშობლის ხატ "ზნამენიეთი" დაულოცავთ. XX საუკუნის 20-იან წლებში, საშინელი შიმშილობისას, მას ხატის გაყიდვა გადაუწყვეტია. ღამით სიზმარი უნახავს, - ფანჯრის რაფაზე დასვენებულ ხატს ცეცხლის სვეტი ადგა. ქალს მუქარაც გაუგონია. დილით უთქვამს, - შიმშილით რომ დავიხოცოთ, ხატს მაინც არ გავყიდიო. ასე შემორჩა ეს ხატი კრესტიანკინების ოჯახში, მერე კი ის მამა იოანემ მონასტერს გადასცა. ხსენების დღეს 10 დეკემბერს, გამოაბრძანებენ ძმები ამ დიდ საუნჯეს და მის წინ აკათისტოს აღავლენენ ხოლმე. * მამა სერაფიმეს (ტიაპოჩკინი, +1982) გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე არქიმანდრიტის წოდება და მეორე ჯვრის ტარების უფლება მიანიჭეს. სულიერმა შვილმა დიმიტრიმ მიულოცა. მამა სერაფიმემ უპასუხა: "უფალმა დიდი ხანია მიბოძა სამღვდელო ხარისხი (მაშინ მას მღვდლობის 60 წლის ნამსახურები ჰქონდა, - კ.კ.). ეს არის ის უმაღლესი ჯილდო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩემი უფლისგან მიმიღია. არქიმანდრიტობა, მიტრა და სხვა ჯილდოები ნაკლებად მაინტერესებს. მე ხომ "ტიხონელი მამაო" ვარ (ოციან წლებში მამა სერაფიმე ერთგული დარჩა ეკლესიისა და არ ჩაერია განხეთქილებაში. რუსეთის ეკლესიის პატრიარქი მაშინ წმინდა ტიხონი გახლდათ, - კ.კ.) - ასე წერია ჩემზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, და ეს იმდენად მეძვირფასება, რომ ყველა ჯილდოს მირჩევნიაო".
* "არ უყვარდა" ფული წმინდა მოსე ოპტელს. შესწირავდნენ - მაშინვე გასცემდა და ქონებას ზეცაში იუნჯებდა. როცა გარდაიცვალა და მისი სკივრი გააღეს, შიგ მხოლოდ ფსკერსა და კედელს შორის გაჩხერილი ორშაურიანი ნახეს. ეტყობა, მამაომ ვერ შენიშნა, თორემ აუცილებად დახარჯავდაო, - უთქვამს მაშინ მამა მოსეს ხორციელ ძმა, ღირს ანტონს.
* ფულს საერთოდ ვერ ცნობდა მამა ფილარეტ ათონელი (+1963), XX საუკუნის ათონის ცის კაბადონის მართლაც კაშკაშა ვარსკვლავი. იმ დროს ასდრაქმიანი ბანკნოტი უფრო მცირე ზომისა იყო, ვიდრე ათდრაქმიანი. ამიტომ მამა ფილარეტს ეგონა, ღირსებით ათდრაქმიანი მეტიაო. ერთხელ ერთი მორჩილი მამა პ. მასთან მივიდა და ფული სთხოვა - კარეესში წავალ და კბილს ვუმკურნალებო. მამა ფილარეტმა ლოცვანი გადაშალა, ასდრაქმიანი ამოიღო და ბერს გადასცა. მერე დაფიქრებულმა უთხრა: - ეს აიღე, ვაითუ არ გეყოსო. ასდრაქმიანი გამოართვა და მორჩილს ათდრაქმიანი მისცა. "ჰოი, წმინდა უბრალოებავ", - ამბობს აღტაცებით მისი ცხოვრების აღმწერელი. მის ქარვისფერ წმინდა ნაწილებს კეთილსურნელება ასდის და გვიდასტურებს, რომ მიწიერ სიკეთეთა მოძულებით მან ზეციური საუნჯე, ზეციური სასუფეველი მოიპოვა.
* კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იღუმენ ათანასე გრიგორიატელი (+1953). მას საფულეში დაჭრილი ქაღალდის ფურცლები ეწყო, ცალ მხარეს ეწერა: "100 დრაქმა", "500 დრაქმა", "1000 დრაქმა", მეორე მხარეს კი წმინდა მამების - იოანე სინელის, ეფრემ ასურის და სხვათა გამონათქვამები. ეს იყო მისი სულიერი ბანკნოტები, სულიერი საუნჯე, რომლის შეძენის სურვილი ჩვენც მოგვცეს ღმერთმა.
* აქვე გვინდა გავიხსენოთ მამა ეგნატე კატუნაკელის (+1927) ათონზე მოსვლის ამბავი. ახალგაზრდა, ბერობის მოსურნე იოანე (მისი ერისკაცობის სახელია) ათონზე მამა ნეოფიტეს მიებარა და ერიდან მოყოლილი სამასი გირვანქის მიცემაც სურდა. მოძღვარმა უთხრა, ეს ფული მთელ ათონზე გაჭირვებულ ბერებს დაურიგე, თან ხელწერილი ჩამოართვი, ფული რომ აიღეს. როცა დაარიგებ, მოდი და მიგიღებ მორჩილადო. გაუჭირდა იოანეს ფულის დარიგება. ხვეწნა-მუდარითაც კი არ ართმევდნენ ფულს. რაც უფრო ღარიბი იყო კალივა, სულიერად მეტად მდიდარი გახლდათ მისი საძმო. იოანე ბერებს ხრწნად ოქროს სთავაზობდა, ისინი კი სამაგიეროდ საუკუნო ოქროს, საუკუნო საგანძურს აძლევდნენ. მათი მარტო შეხედვაც კი განაძლიერებდა ახალგაზრდა მორჩილს.
* ქრისტიანისთვის უდიდესი საუნჯეა ხორციელი მშობლებისა და სულიერი მამის დალოცვა, ლოცვა. ღირსი ნიკონ ოპტელს სულიერმა მამამ, წმინდა ბარსანოფიმ უთხრა, - 1905 წლის რევოლუციას რომ გადაურჩი და მონასტერში წახვედი, პაპაშენის ლოცვის შედეგიაო. ღირსი ეფრემ კატუნაკელის მოძღვრები მამა იოსებ ათონელი და მისი სულიერი ძმა მამა არსენი იყვნენ. როცა მამა ეფრემს ლოცვას სთხოვდნენ, ამბობდა: "მოიხსენე, უფალო, მონა შენი... ლოცვითა წმინდათა მამათა იოსებისა და არსენისათაო".
* წმინდა ამბროსი ოპტელი ბრძანებდა: "იცით, რომ მამები თავიანთ სავანეებს სიცოცხლეში არ მიატოვებენ და განა გარდაცვალების შემდგომ გაშორდებიან მათ? არა, ისევ თავიანთ მონასტრებში იქნებიანო".
* როცა მამა იაკობ ევბეელი გარდაიცვალა 1992 წელს, მისი სულიერი შვილი შეწუხებული ამბობდა: - იმ ქვეყნად წავიდა მამა პორფირე, წავიდა მამა პაისი, წავიდა მამა იაკობიცო და ფიქრით მიმართა იაკობს: - ყველანი მიდიხართ, გვაობლებთ, ახლა რაღა ვქნათო. ძილღვიძილში მამა იაკობი წარმოუდგა და უთხრა: "როცა მიწაზე ვიყავი, ყველასთვის მუხლმოდრეკილი ვევედრებოდი უფალს. ახლა აქ ვარ და ლოცვას ვინ მიშლის? ახლა ნუღარ გეშინია, მე შენი პირდაპირი შუამდგომელი ვარ. ჩვენს შორის პირდაპირი სატელეფონო კავშირია. ეცადე, მისი ელემენტები არ დაგეცალოსო".
* "ქსნიდან არაგვის ხეობამდე ეს მიწა ჩემიაო", - ამაყად უთხრა მეფე გიორგი XII-ს მისმა სიძემ, იოანე მუხრან-ბატონმა. "ნუ, ნუ, მუხრან-ბატონო, ნუ ბრძანებ მაგას, - შეწუხდა მეფე, - ასე უთხრა სატანამ მაცხოვარს: "ეს ყოველივე ჩემია და მოგცემ, თუ თაყვანს მცემო". ჭეშმარიტად მდიდარია მუხრანის ბატონთა საუფლისწულო, უფრო კი იმით, რომ წილკნელი ეპისკოპოსი და შიომღვიმის წინამძღვარი მისთვის ლოცულობენ. ძვალნი წმინდა შიოსი და საფლავი წმინდა ისე წილკნელისა გაქვთ საამაყოდ. აი, მუხრან-ბატონო, სიმდიდრე თქვენი, სიქადული და მტკიცე სასოება. ორნივე ესენი არიან ეკლესიისა სვეტნი და მეფეთა გვირგვინის სამკაულნი".
* დიდი საუნჯეა ის კანონები, ტრადიციები, რომლებიც მამებმა შემოგვინახეს, საუნჯეა მათი წმინდა სახელები, საფლავები, უპატრონო მიცვალებულთა საფლავებს რომ მიაგავს. ამ წმინდა საუნჯის მაგალითს გვაძლევს წმინდა გიორგი მთაწმინდელი. როცა ბერძენთაგან შევიწროებული ივერთა მონასტერი ჩაიბარა, მან პირველ რიგში აღადგინა ექვთიმე მთწმინდელისეული "წესნი, კანონნი და განწესებანი". ესენი "ესრეთ შეიტკბნა, ვითარცა პირისაგან ღმრთისა გამოსულნი". ჯერ მხოლოდ მონასტრის დეკანოზი იყო, როცა გამოწვლილვით გამოიკითხა წმინდა ექვთიმეს ცხოვრება მის მოწაფეთა და მეგობართაგან, "ესე ყოველნი აღწერით დაგვიტევნა და ხატად ცხოველად და ძეგლად პირმეტყველად". ხოლო როცა წინამძღვრობის კვერთხი მიიღო, "პატიოსანი ესე ლარნაკი შემზადა საუნჯედ" ანუ გააკეთებინა კიდობანი, სადაც წმინდა ექვთიმეს ნაწილნი ჩაასვენა და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიიდან დიდ ეკლესიაში გადმოასვენა, მის გვერდით დაკრძალა წმინდა ექვთიმეს მამის, წმინდა იოანეს ნაწილებიც. მოძებნა წმინდა არსენ ნინოწმინდელისა და იოანე გრძელიძის დაკარგული საფლავები, გადმოასვენა წმინდა მამათა მირონმდინარე ნაწილნი და წმინდა ექვთიმეს ქვემოთ დაკრძალა. შეამკო ისინი ყოვლითა სამკაულითა - ხატითა და ჯვრითა, ქორკანდელითა, სანთლითა... დააწესა, რომ მათ სახელზე სამი კანდელი ჩაუქრობელი ყოფილიყო. თავისთვის კი შექმნა პატარა გვერდული (სკივრი), სადაც სხვა წმინდანთა ნაწილებთან ერთად ჩასვენებული იყო წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის მარჯვენა. ეს სიწმინდეები სულ თან დაჰქონდა და მრავალთა ერისკაცთა დიდთა თუ მცირეთა "თაყვანის საცემელყო".
ყველა კაცისთვის (დაოჯახებულისთვის) უფლის რწმენის მერე უდიდესი საუნჯე მისი შვილებია. საქართველოში კი შობადობა კატასტროფულად კლებულობს, ქართველები შვილებს აღარ აჩენენ, ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოს ჯარისკაცებს აღარ უმრავლებენ. რადგან უფრო მეტად უცხო მამათა დარიგებები მოგვწონს, ვაფასებთ და ყურსაც ვუგდებთ, ამიტომ ორი თანამედროვე ღირსი ბერძენი მამის დარიგებას შემოგთავაზებთ, იქნებ ამან ვინმეზე იმოქმედოს და საქართველოს საუნჯეს კიდევ ერთი მარგალიტი შემატოს.
* არქიმანდრიტ ეპიფანეს (თეოდუროპულოსი, (+1989) ხშირად საყვედურობდნენ, ეპისკოპოსობაზე უარის თქმით დიდად ვნებ ქრისტეს ეკლესიასო. ამის პასუხად მამა ეპიფანე ამბობდა: ეკლესიის ცხოვრებაში ჩემს მიერ შეტანილი უდიდესი წვლილი და შენაძენია ის, რომ მრავალმა ცოლ-ქმარმა, ერთი ან ორი შვილის მეტის გაჩენას რომ არ აპირებდა, ჩემი დარწმუნებით შეცვალა შეხედულებებიო.
* მამა ანთიმოზ ათონელს (+1996) ჟურნალ "მშობელის" რედაქტორმა თავისი გამოცემისთვის რამდენიმე სიტყვის თქმა სთხოვა. მამა ანთიმოზმა უთხრა: "იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც დაოჯახებას გადაწყვეტს, დაწერეთ, თავს ნუ აარიდებენ ღვთის მცნებების დაცვას: დაე, გააჩინონ უფრო მეტი ბავშვი. ვინც ორ შვილზე შეჩერდება, ღვთის მცნებას არღვევს, რომელიც გვამცნობს: "აღორძინდით და გამრავლდით". მშობლები ხომ ორნი არიან და თუ მხოლოდ ორ შვილს მოავლენენ ამ ქვეყანაზე, ერი არ გამრავლდება. უფალი ნათლად გამოხატავს, რომ ეს მცნება ორი ნაწილისაგან შედგება. პირველად მან თქვა, აღორძინდითო, მეორედ კი ბრძანა, გამრავლდითო. ის ახალგაზრდა ოჯახები, რომელთაც ოთხი შვილი ჰყავთ, მცნების პირველ ნაწილს აღასრულებენ - აღორძინდებიან. ვინც ხუთსა და მეტ შვილს მოავლენს ამ ქვეყანაზე, სათნო ეყოფა ღმერთს, რამეთუ მცნების მეორე ნაწილს ასრულებენ - მრავლდებიან.
მისწერეთ მათ, რომ ეცადონ, სრულად დაიცვან ღვთის ეს მცნება, რომ ზეცაში უფლისგან ჯილდო მიიღონ, როგორც მისმა მორჩილმა და ერთგულმა შვილებმა".
* ერთი კონსტანტინოპოლელი მოწყალე დიდებული უხვად გასცემდა თვალ-მარგალიტს. ერთხელაც თავისი ვაჟი იხმო, მოგროვილი საუნჯე ანახა და ჰკითხა, - რა გირჩევნია ჩემგან მემკვიდრეობად მიიღო, ეს თუ ქრისტე მაცხოვრის რწმენაო. "ქრისტე მაცხოვარი მინდა, მეტი არაფერიო", - უპასუხა ვაჟმა. შვილის პასუხით აღფრთოვანებულმა მამამ დარჩენილი ქონება გლახაკებს დაურიგა და გარდაცვალების შემდეგ შვილს არსობის პურიღა დაუტოვა. გაღატაკებული ყმაწვილი არ ნაღვლობდა ამას, რამეთუ ფლობდა უძვირფასეს საუნჯეს - ქრისტე მაცხოვარს, რომელიც მის გულში დავანებულიყო.
ამავე ქალაქში ერთი ძალზე მდიდარი და ღვთისმოშიში დიდებული ცხოვრობდა. ჰყავდა თავისნაირი მორწმუნე მეუღლე და უფლის მცნებებით გაზრდილი ერთადერთი ასული. როცა მისი გათხოვების ჟამი დადგა, კაცმა ცოლს ჰკითხა: როგორი სასიძო ავირჩიოთ ჩვენი ქალიშვილისთვის, მდიდარი და ბოროტი ქცევისა? ის ხომ შეურაცხყოფს მას, აიძულებს, ამა სოფლის ამაოებას გამოეკიდოს, ასწავლის დიდებისმოყვარეობას... სჯობს საშუალო წრიდან ავირჩიოთ სასიძო, რომელიც ღვთისმოშიში იქნება და ჩვენს ქალიშვილს, როგორც ღვთის განსაკუთრებულ წყალობას, ისე მიიღებს. წავიდეთ ეკლესიაში, ვილოცოთ ჩვენი შვილის ბედნიერებისთვის და ვინც პირველი შემოვა ტაძარში, ის იქნება ქმარი მისიო.
ასეც მოიქცნენ, ილოცეს და ტაძრის ბჭესთან დაუწყეს ლოდინი ღვთის განგებულების ასრულებას. მალე ტაძარში ვაჟი შემოვიდა. იხმეს თავისთან, ვინაობა ჰკითხეს და რომ გაიგეს, ის შვილი იყო იმ გლახაკთმოყვარე კაცისა, მადლობა შესწირეს ღმერთს, ვაჟს შესთავაზეს ხელი თავიანთი ქალიშვილისა და უზომო სიმდიდრე.
ასეა, ძმანო, ვინც უფალს აირჩევს თავის ერთადერთ საუნჯედ, მას სასყიდელი აქვე არ დაეკარგება და რაღა ითქმის ზეციურ სასუფეველზე, რომლის მსგავსი კაცის თვალს არ უნახავს და ყურს არ გაუგონია.
უკვე ვთქვით, რა არის ქრისტიანისათვის უპირველესი საუნჯე. ისიც გავიხსენოთ, ღვთის თვალში, ჩვენი უფლისთვის კაცთაგან ბოძებული რა საუნჯეა უპირატესი.
* ერთი კაცი დიდ ცოდვაში ჩავარდა. მოეგო გონს, წავიდა მონასტერში, მრავალი წელი უნუგეშოდ დასტიროდა ცოდვებს. უფალმა მისი ნუგეშისცემა ინება და სამღვდელო სამოსლით მოსილი, ხელში ბარძიმით გამოეცხადა. ბერი მუხლებში ჩაუვარდა, ბოლოს კი მოკრძალებით ჰკითხა: - თასში რა ასხიაო. ამ თასში ცრემლებია იმ დედაკაცისა, რომელიც სვიმონ კეთროვნის სახლში ჩემს ფერხთით იყო დამხობილი და ტიროდა. ისინი აქამდე უკლებლივ შემოვინახე, რადგან ფრიად სასურველია ჩემთვისო. ხილვის შემდეგ ბერმა გულში გამოუთქმელი სიხარული იგრძნო და დარჩენილი ცხოვრებაც ღვთისმსახურებაში გაატარა.