მოდი, ვილოცოთ, რომ ღმერთმა თავისი ნება გამოგვიცხადოს
* ერთი გლეხკაცი, სახელად პეტრე, ბერობაზე ოცნებობდა. ალბათ შედგებოდა კიდეც, რომ არა წმინდა მაკარი ოპტელის გამოცხადება.
მამა მაკარი მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო. პეტრემ ღირსი მამა სიზმარში ნახა - ანაფორით შემოსილი სკიტის წინ იდგა, თავზე ბერული სკუფია ეხურა. მივიდა პეტრესთან, ხელზე ხელი მოჰკიდა და უთხრა: - ამაზე ფიქრს თავი დაანებე. ცოლ-შვილს უპატრონე. ეს იქნება შენთვის სასარგებლო. სიამაყეს მიხედეო (ის ფიქრობდა, ღვთისმოშიშად ვცხოვრობო). ამ სიზმრის შემდეგ პეტრეს ფიქრები კვამლივით გაიფანტა. * სქემარქიმანდრიტი იოანე (მასლოვი) ამბობდა: ოჯახში ახლობლებთან ერთად მშვიდობით და სიყვარულით იცხოვრე, ტვირთად ნუ დააწვები, გახარებდეს მათთან ყოფნა. ეს უნდა ღმერთს და მაცხოვნებელია შენი სულისთვის.
* ბევრი გულმოდგინედ ეძიებს მღვდლობას. მამა იოაკიმემ (ათონელი) თქვა: "აქ (ათონზე) მღვდლებიც არიან და წმინდანებიც. მე ჩემს თავს მათ გვერდით დადგომის ღირსად არ ვთვლი. აქ იმისთვის მოვედი, რომ უბრალო ბერი ვიყოო". მამა იოაკიმემ თავისი ჯვარი სკიტის არქიმანდრიტს ჩააბარა, თვითონ კი უბრალო ბერული სამოსი ირჩია.
* "როგორ შევცდი, იღუმენობას რომ დავთანხმდი, - ამბობდა კოსტამონიტის იღუმენი მამა ფილარეტი, - როცა უბრალო მღვდელმონაზონი ვიყავი, ყოველდღიურად ვმსახურობდი, ლიტურგიას აღვასრულებდი, სულით ზეცამდე ავიწეოდი. ახლა კი - იქ ის საქმეა გასაკეთებელი, აქ რაღაც ისე არ არის".
* გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი დიდი მღვდელმთავრის, ცნობილი მეცნიერის, ქირურგის, მთავარეპისკოპოს ლუკას (ვოინო-იასენეცკი) ცხოვრებიდან. მას ცოლი ადრე გარდაეცვალა. მის კუბოსთან იდგა და ფსალმუნებს კითხულობდა. 112-ე ფსალმუნის ბოლო სიტყვებმა შეძრა: "რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა დედად შვილთა ზედა სახარულევანად" (ფსალ. 112,9). "უფალი ღმერთისთვის ცნობილი იყო, როგორი მძიმე, ეკლიანი გზა მელოდა და ჩემი ბავშვების (ოთხი შვილი ჰყავდა - კ.კ.) დედის სიკვდილის შემდეგ თვითონ იზრუნა მათზე, მძიმე მდგომარეობა შემიმსუბუქა", - ბრძანებს წმინდა ლუკა. ფსალმუნის ეს სიტყვები მან საოპერაციო დის (ექთნის) სოფია ველეცკაიაზე ღვთის მინიშნებად მიიღო. მასზე მხოლოდ ის იცოდა, რომ სოფია უშვილო იყო, ცოტა ხნის წინ დაკარგა ქმარი. ქირურგი ქალს მხოლოდ საქმეზე ელაპარაკებოდა ხოლმე.
ძლივს დაუცადა გათენებას და დილის შვიდ საათზე სოფიას კარზე დააკაკუნა. ქალი განცვიფრებული უსმენდა მრისხანე უფროსს, რომელიც უყვებოდა, თუ რა მოხდა წინა ღამეს მის თავს ცოლის კუბოსთან.
წმინდა ლუკამ მხოლოდ ჰკითხა: "გწამს ღმერთი და გინდა აღასრულო ღვთის ბრძანება, შეუცვალო ჩემს შვილებს გარდაცვლილი დედა?" სოფია სიხარულით დათანხმდა და უთხრა, - გული მტკიოდა, თქვენი ცოლის ტანჯვას რომ ვუყურებდი, შორიდანვე მიყვარდა თქვენი პატარებიო.
სოფიას მთავარი ექიმის სახლში ცალკე ოთახი გამოუყვეს. "ის მხოლოდ ბავშვების მეორე დედა იყო, რამეთუ იცის ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომ ჩემი ურთიერთობა მასთან სრულიად წმინდა გახლდათ", - ბრძანებს მღვდელმთავარი. წმინდა ლუკას შვილები სახელოვანი ადამიანები გამოვიდნენ. ამაში დიდი წვლილი სოფიას მიუძღვის, რადგან წმინდა ლუკას, კომუნისტების წყალობით, არ აკლდა არც ციხე და არც გადასახლება. ღრმად მოხუცებული სოფია წმინდა ლუკას უმცროსი ვაჟის სახლში გარდაიცვალა.
* სინას მთის ბერს, ღირს ზოსიმე კილიკიელს, ახალგაზრდობიდანვე სწყუროდა განმარტოებით ცხოვრება. ამიტომაც სინადან ლიბიის უდაბნოში გავიდა. ერთხელ ამ უკაცრიელ ადგილას ერთი ბერი შეხვდა, ტყავი ემოსა. ზოსიმემ კურთხევის აღება დააპირა, მაგრამ ბერმა მკაცრად უთხრა: "ზოსიმე, რატომ მოხვედი ამ უდაბნოში? დაბრუნდი სინაზე. ღმერთს არ ნებავს შენი აქ ყოფნა". "საიდან იცი ეს ყველაფერი?" - განცვიფრდა ზოსიმე. "ორი დღის წინ გამომეცხადა დიდებული შესახედაობის კაცი და მითხრა: შენკენ მოდის სინელი ბერი ზოსიმე, უბრძანე, უკან დაბრუნდეს, რადგან მსურს, მას ეგვიპტეში ბაბილონის ეკლესია ჩავაბაროო. მშვიდობა შენდა, შვილო ზოსიმე! დამმარხე და ილოცე ჩემი სულისთვისო", - უთხრა ბერმა და იმ წუთშივე აღესრულა. დაკრძალა ბერი და სინაზე დაბრუნდა. მაგრამ რადგან განმარტოებით ცხოვრება უყვარდა, გაკადნიერდა, სინას მთა ისევ დატოვა და თავის მოწაფე იოანესთან ერთად პორფიროტის უდაბნოში დასახლდა პავლე და თეოდორე მეუდაბნოეთა ახლოს. ღმერთმა მალევე დასაჯა ურჩობისთვის - იოანეს გველმა უკბინა და მაშინვე გარდაიცვალა. დამწუხრებული ზოსიმე სანუგეშოდ მეუდაბნოე მამებთან წავიდა. სიტყვის თქმაც არ აცალეს მამებმა, - მოწაფე ხომ არ მოგიკვდაო და სთხოვეს, გარდაცვლილთან წაგვიყვანეო. იოანეს ცხედარს თავს დაადგნენ და ჩასძახეს: - ყმაწვილო, აღდეგ! შენს მოძღვარს სჭირდები, რადგან სინას მთას უნდა დაუბრუნდეს და მერე ეგვიპტეში წავიდეს ბაბილონის ეკლესიის ჩასაბარებლადო. იოანე მაშინვე გაცოცხლდა. გაიხსენა ზოსიმემ ღვთის ნება, მოწაფის სიკვდილი თავისი ურჩობის გამო უფლისმიერ სასჯელად მიიჩნია. ღირს მამათა კურთხევით, სინას მთაზე დაბრუნდა. მალევე ზოსიმე წინამძღვარმა მონასტრის საქმეებზე გაგზავნა ალექსანდრიაში, საიდანაც პატრიარქმა აპოლინარმა აღარ გამოუშვა და ხელი დაასხა ბაბილონის ეპისკოპოსად.
* ღირსმა პაისი დიდმაც განმარტოებით ცხოვრება მოინდომა. მის მეგობარს, ღირს იოანე მმარხველს არ უნდოდა, პაისი სკიტიდან წასულიყო და მის შეჩერებას ცდილობდა. იცოდა, ეს მეგობრის სულისთვის იყო სასარგებლო და სთხოვა: "მოდი, ვილოცოთ, რომ ღმერთმა თავისი ნება გამოგვიცხადოს, წახვიდე უდაბნოში თუ აქ ძმებთან დარჩეო". მთელი ღამე გულმხურვალედ ილოცეს. ღმერთმა მოხედა მათ ვედრებას. განთიადისას ანგელოზი გამოეცხადათ, რომელმაც აკურთხა ისინი და უთხრა: - თითოეულ თქვენგანს ღმერთმა საკუთარი გზა განგისაზღვრათ. შენ, იოანე, დარჩები აქ სხვათა დასამოძღვრად და საცხოვნებლად. შენ კი, პაისი, წახვალ უდაბნოს დასავლეთ მხარეს. დაე, განდიდდეს იქ შენ მიერ უფლის სახელიო. ანგელოზი გაქრა. ღირსმა მამებმა ადიდეს ღვთის კაცთმოყვარება, ეამბორნენ ერთმანეთს და განეშორნენ.
* ერთხელ იოსებ ათონელმა (მღვიმელი) და მისმა სულიერმა ძმამ, არსენმა კესარიის სკიტის ნავმისადგომთან ორი ტომარა ფქვილი იყიდეს და შინისკენ გამობრუნდნენ. მთის ციცაბო ბილიკს შეუდგნენ. მზე ზენიტში იყო. პაპანაქებამ და ტვირთის სიმძიმემ იოსებს ძალა გამოაცალა და მეგობარს გასძახა, - ტვირთს აქ დავტოვებ, მისი ტარების თავი არ მაქვსო. წამოდგომაც არ შეეძლო და ატირდა: - უფალო, შენ ყველაფერი იცი და ყველაფერი შეგიძლიაო. უცებ გულში სითბო ჩაეღვარა, ტომარა ზურგზე მოიგდო და მამა არსენს უთხრა, - გზა განვაგრძოთო. არსენმა გაოცებულმა შეხედა. გზა გააგრძელეს. ჩვენს კალივაში მისვლამდე ვგრძნობდი, რომ ვიღაც უკან მომყვებოდა და ტომარას მიმსუბუქებდაო, - ჰყვებოდა მამა იოსები.
* მამა იოსების (მღვიმელი) საძმოს ერთი წევრი ახალი სკიტის ახლოს თევზაობდა ხოლმე. აქ შემთხვევით გაიცნო მოხუცი მეთევზე ძია იანისი, რომელსაც კარგი ნავი ჰქონდა, მაგრამ სიბერის გამო მისი მართვა აღარ შეეძლო. მეთევზე ბერმა ძია იანისის ნავს დაადგა თვალი. ამას არ ამხელდა, ხმამაღლა კი წუხდა, საწყალ მოხუცს მიმხედავი არავინ ჰყავსო. მამა იოსებს კურთხევა სთხოვა, - ძია იანისს ვუპატრონოთ, სანაცვლოდ ნავს მივიღებთ, ასე რომ გვჭირდებაო. თავი ანებე მოწყალებას, ცოდვაში რომ არ ჩავარდეო, - უთხრა მამა იოსებმა. მაგრამ მეთევზე უკან არ იხევდა. ბოლოს, მოძღვარიც დათანხმდა: - კარგი, მოიყვანე ბერიკაცი, ოღონდ შენ მოუვლიო.
დაიწყო იანისის პატრონობა და მისი ნავით თევზაობა.
სულ მალე მოხუცს ჯანმრთელობა უფრო შეერყა. ხშირად ეშლებოდა კუჭი, ვერც თავს იკავებდა ტუალეტამდე და ყოველდღიურად როგორც იანისს, ასევე მის ოთახს გასუფთავება სჭირდებოდა. ბერს გაუჭირდა მისი მოვლა. ასეთ საქმეს დიდი მოთმინება უნდა, მას კი არ ეყო. მივიდა მამა იოსებთან - მოდი, უკანვე დავაბრუნოთ იანისი, აღარც მაგის ნავი გვინდაო. მამა იოსები გაუწყრა: - განა შენ არ გამოითხოვე კურთხევა, მაგის უარყოფით თვით უფალს უარვყოფთ. კარგი, წადი. მე მივხედავ მაგ საქმეს. შენ კი ამიერიდან გეცოდინება, არაფერი არ უნდა დაიჟინოო და მამა ხარლამპეს დაავალა იანისის მოვლა.
დაიწყო ხარლამპეს წამება, ძმასაც კი განიკითხავდა, მაგრამ მერე თავს მოერია და მხნეობდა, - "ფრთხილად იყავი, ხარლამპე, მეთევზის უარყოფით ქრისტე არ უარყოო..." გონიერი განსჯით მამა ხარლამპემ სულიერი სიმშვიდე დაიბრუნა და უფრო გულმოდგინედ უვლიდა მოხუცს. ყოველდღიურად უხდებოდა უამრავი სარეცხის რეცხვა, ბერიკაცის გასუფთავება, ოთახიდან ტუალეტამდე გზის გაწმენდა. თავიდან ორი დღე ცხვირზე ხელს იჭერდა, ადამიანურადაც ეზიზღებოდა იანისი. ლოცვამ და კეთილმა გულისთქმებმა მამა ხარლამპეს გულში სიხარული დაატრიალა, გრძნობდა, რომ მეთევზის სახით უფალს ემსახურებოდა. მოხდა სასწაული: როცა იატაკიდან არაწმინდებას ხვეტავდა, სამოსს ასუფთავებდა, ადრინდელი სიმყრალის ნაცვლად, ხარლამპე კეთილსურნელებას გრძნობდა, ისეთს, როგორიც წმინდა ნაწილებიდან იფრქვეოდა. ხარლამპე შინაგანად დამთვრალი იყო ამ სურნელით. მამა იოსებს ყველაფერს მოუყვა. "ღმერთმა ეს ნიჭი იმიტომ მოგმადლა, რომ მზად ხარ ყოველთვის გულმოდგინედ აღასრულო მორჩილებაო", - უთხრა მამა იოსებმა. ხოლო იანისი როცა უკვე მძიმე ტვირთი შეიქნა საძმოსთვის, მამა იოსებმა ხმამაღლა ილოცა: "უფალო, ის შენ გამოგვიგზავნე, მისი გაგდება არ შემიძლია, მიჩვენე ამ სიტუაციიდან გამოსავალიო". მალევე იანისი თავისი სურვილით შინ დაბრუნდა.
* დეკანოზი სერგი უზულთაევი ერისკაცობაში ინჟინერი იყო. ერთ-ერთი სამეცნიერო ცდისას ჰაერი იონიზებული გახდა და ფილტვები დაეწვა. სიკვდილი არ უნდოდა, ღვთის წყალობით მოინათლა, ეკლესიური გახდა. 1984 წელს მამა იოანესთან (კრესტიანკინი) მივიდა. დიდხანს ისაუბრეს. მამა იოანემ უთხრა: შენთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანად დარჩენა, მღვდლად უნდა ეკურთხოო. სერგი დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შეეხუთა სული, მიხვდა, ერთი გზა დარჩენოდა - უფლისთვის უნდა ემსახურა. ამ გადაწყვეტილებიდან ორი დღის მერე სერგი გამოჯანმრთელდა. ერთი წლის შემდეგ დიაკვნად დაასხეს ხელი.
* კაცად კაცადმა თავისი ტვირთი უნდა იტვირთოს. იყვნენ მამები, მაგალითად, წმინდა ისააკ ასური, რომელთაც ღვთის ყველა ქმნილება ებრალებოდათ და მათთვის ლოცულობდნენ, თვით ეშმაკებზეც კი. შეიძლება კი ილოცო ეშმაკებისთვის? - წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "ყველა ჩიტი მაღლა დაფრინავს, მაგრამ ყველაზე მაღლა არწივი ბინადრობს. არწივის მსგავსად წმინდა ისააკიც წმინდანებს ზემოთ დაჰფარფატებს. ეშმაკებისთვის ლოცვა სახიფათოა. ვიცნობდი ერთი სავანის წინამძღოლ დედას, რომელიც ეშმაკებისთვის ლოცულობდა. ვაფრთხილებდი, ის კი არ მიჯერებდა. მალე ეშმაკები გამოეცხადნენ და ლოცვისთვის "მადლობა გადაუხადეს". ამ ამბის შედეგი ის იყო, რომ იღუმენია თავისი სავანის დასთან დაეცა ხორციელად. მერე კი მასთან ერთად (იგი მონათლული ებრაელი გოგონა გახლდათ) სპირიტიზმს მიჰყო ხელი. საბოლოოდ, სავანიდანაც წავიდნენ".