ღმერთი იხილავს შენს შრომასა და სიყვარულს და შენს ძმას არ მიუშვებს, რომ დაეცეს
* იოსებ ყუთლუმუშელი (+1992) ამბობდა, - როცა ხედავ ორ შეხმატკბილებულ ადამიანს, იცოდე, ეს ერთი მათგანის დამსახურებაა,
რადგანაც ის ითმენს და უთმობს მეორეს, რომ მათ ძმობას ზიანი არ მიადგესო.* ერთმა ძმამ ბერს შესჩივლა: - რა ვქნა, რა ვუყო ჩემს სულიერ ძმას, რომელიც მაბრკოლებსო. ბერი ევედრა: მოითმინე, ძმაო, და იტვირთე შენი ძმა. როცა შენს მოთმინებას იხილავს უფალი, მასაც შთაუნერგავს გულში ღვთის შიშს, რამეთუ სიფიცხით არავინ ირგებს, უკეთურება უკეთურებით არ აღიხოცება, ეშმაკი ეშმაკს არ განაძევებსო. ბერმა მოუთხრო: თებაიდაში ორი ძმა ცხოვრობდა. ერთს სიძვის ეშმაკი ებრძოდა და მეორეს უთხრა: - შემინდე, ძმაო, ვეღარ ვუძლებ, სოფელში უნდა წავიდეო. ის ეხვეწა: "ძმაო, თავიც შეიწყალე და მეც შემიბრალე, ნუ დაღუპავ სიყრმიდან გაწეულ შრომას და შენს ქალწულებას". მან კი თქვა: "ვეღარ მოვერიე... თუ გნებავს, გამომყევი და ისევ მომიყვანე აქ. თუ არა, მაშინ მაცალე, სოფელში ვიცხოვრებო". ძმამ რჩევა ერთ ცნობილ ბერს ჰკითხა. მან ბრძანა: "გაჰყევი, შვილო. ღმერთი იხილავს შენს შრომასა და სიყვარულს და შენს ძმას არ მიუშვებს, რომ დაეცესო". მართლაც, სოფელს რომ მიუახლოვდნენ, სულიერი ძმის სიყვარულისა და ღვაწლის გამო ღმერთმა აიღო სიძვის ბრძოლა მონაზვნისგან, მაშინვე უთხრა თავის ერთგულ ძმას: "ჩემს სულზე უკეთესს რას შევიძენ, ახლა რომ წარვწყმედ. წავიდეთ უკან, უდაბნოშიო". დაუბრუნდნენ უდაბნოს უვნებლად და მადლობდნენ ღმერთს, რომელიც მუდამ სწყალობს თავის მოშიშებს.
* თანამედროვე მამა იოსებ ვათოპედელი თავის წიგნში იხსენებს ღირს მამა აღათანგელოზს, რომელმაც თავისი გარდაცვალების დღეც კი განჭვრიტა. მამა აღათანგელოზი მეგობრობდა მამა მელეტისთან, რომელიც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის კალივაში ცხოვრობდა. უბრალო მიზეზთა გამო მამათა შორის ურთიერთობა გაცივდა, თუმცა ორივე სულიერების მაღალ საფეხურს იყვნენ მიღწეულნი. ერთხელ მამა აღათანგელოზმა მორჩილს უთხრა: "შვილო, დაანებე მუშაობას თავი, წადი და მამა მელეტი მომიყვანე, ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, თორემ სიკვდილის დრო დამიდგაო". მამა მელეტი მაშინვე მოვიდა. ეამბორნენ ერთმანეთს "მოძულე" ძმები, დიდხანს ისაუბრეს, თითქოს ამით ამოავსეს ის ბზარი, მათ ურთიერთობაში რომ იყო.
* მამა ვიტალი (სიდორენკო) კავკასიის მთებში მოღვაწეობდა სხვა ძმებთან ერთად. მას ტრაპეზის მომზადებაც ჰქონდა დავალებული. ერთხელ მოშორებით მცხოვრებმა ძმამ მამა ვიტალის პურის გამოცხობა და მიტანა უბრძანა. პური გამოცხვა, მაგრამ წასვლა არ გინდა?! ერთადერთი ჩექმა მასთან მცხოვრებ ბერს ჩაეცვა და სხვებთან ერთად ქალაქში წასულიყო. მამა ვიტალიმ ფეხები ნავთით დაიზილა და ფეხშიშველი წავიდა. მიდიოდა თოვლზე, ქვებზე, ყინულივით ცივ წყალში შეტოპა. როგორც იქნა, მიაღწია ბერამდე. მან დახედა პურს და განუცხადა, - ასეთ პურს არ შევჭამო. მამა ვიტალი უხმოდ გამობრუნდა. ეს რომ ძმებმა გაიგეს, გაბრაზდნენ და უთხრეს მამა ვიტალის, იმ თავხედთან მეტად აღარ წახვიდეო. მან მიუგო: "მამებმა მასწავლეს: "თუ მოვა შენთან ძმა და დახმარებას გთხოვს, გადადე საქმე და გაჰყევი დასახმარებლად. ისე ემსახურე, როგორც თვით ქრისტესო".
* დასნეულებულ მამასთან, წმინდა ამბროსი ოპტელთან, ხშირად მიდიოდნენ სულიერი შვილები და ერთმანეთს უჩიოდნენ. ამ დროს მან გაიხსენა იღუმენ ანტონი ოპტელის სიტყვები: "ქრისტეს მოწაფეთა ნიშანია, რომ მათ შორის სიყვარულია, ჩემს სულიერ შვილებს შორის კი მტრობა და უთანხმოებააო". და დაუმატა: "აი, მოვიდნენ ჩემთან ჩემი ქალიშვილები (რა თქმა უნდა, სულიერნი), უდიდესი განსაცდელებით, მაგრამ მათი მწუხარება იმად ღირს, ძირს დააგდო, მიაფურთხო და გათელოო".
* მამა ზაქარიასთან მივიდა სულიერი შვილი, გოგონა, რომელიც მის ბიოგრაფიას წერდა. "აი, როგორც იქნა, ადამიანი მოვიდაო", - თქვა მამა ზაქარიამ. ამ სიტყვებმა მისი მორჩილი გრუშატკა გააბრაზა: "რას ამბობ, მამაო, განა სხვები ადამიანები არ არიან? მოგიყვები მაგის ნაქნარს და ვნახოთ, რას იტყვი. დანიელის მონასტერში, ზეიმზე რამდენიმე ეკვდერში სწირავდნენ. ეს კიდევ მოვიდა და ყველგან ეზიარაო". "გრუშატკა, ნუთუ ვერ გრძნობ, რა სისულელეს ამბობო", - უსაყვედურა ბრალდებულმა და მოძღვარს გახედა. ეგონა, მამა ზაქარია შენიშვნას მისცემდა ცილისმწამებელს. მოძღვარი დუმდა. გრუშატკა სამზარეულოში გავიდა და მამა ზაქარიამ უთხრა: "რანაირი სულიერი შვილი მყავხარ, ეს მცირე ცილისწამება ვერ დაითმინე და თავის მართლება დაიწყე? გრუშატკას მუხლებში ჩაუვარდი და შენდობა სთხოვეო". სულიერმა შვილმა შეასრულა მამის ნათქვამი და შეურიგდა სულიერ დას.
* წმინდა პაისიზე (ველიჩკოვსკი) ამბობენ, ძალზე ყურადღებით ადევნებდა თვალს თავის მრევლს და განსაკუთრებით ზრუნავდა, რომ ძმათა შორის მშვიდობა ყოფილიყო. ერთმანეთს წაკიდებულ ძმებს, ვიდრე არ შერიგდებოდნენ, ნებას არ რთავდა, ტაძრის ზღურბლზე გადაებიჯებინათ, ან საუფლო ლოცვა წარმოეთქვათ.
* "ტრაპეზობისას გამიელვა თავში ერთმა აზრმა, ჩემთან მცხოვრები ძმების ჩემგან დანახული და აღიარებული ცოდვები საკუთრად ჩავთვალო და შევინანო, რათა ისინი მკაცრად და რისხვით არ განვიკითხო. ძმათა შეცდომები და ცოდვები დაე, ჩემი იყოს", - ჩაუწერია დღიურში წმინდა მოსე ოპტელს.
ოპტის მონასტრის ერთმა ბერმა მრავალგზის მოატყუა მამა მოსე და მრავალგზის შენდობა სთხოვა მას. მონასტრის იკონომოსს მისი გაგდება უნდოდა, მაგრამ მამა მოსეს ეწყალებოდა.
- როდისღა გამოსწორდება, ეგ ხომ ცნობილი არამზადაა! - ამბობდა იკონომოსი.
- რას ამბობ? - უპასუხა წმინდა მოსემ, - კაცს გამოსწორება უნდა, შენ კი ამბობ, არამზადააო. თვითონ ხარ ასეთი და წადი აქედანო.
* ღირსი ნიკონ ოპტელი ამბობდა: "თუ ძმაზე ან დაზე რაიმე ცუდს იტყვი, თუნდაც სიმართლე იყოს, ამით საკუთარ სულს მოუშუშებელ იარას გაუჩენ. სხვის შეცოდებაზე მხოლოდ მაშინ შეგიძლია საუბარი, თუ გულში ერთადერთი სურვილი გაქვს - შემცოდე მოყვასის სიკეთისა.
თქვენი ხსნა და წარწყმედა თქვენსავე მოყვასშია. თქვენი ხსნა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ექცევით მოყვასს. ნუ დაივიწყებთ, მასში ღვთის ხატებას ხედავდეთ".
* ერთხელ კოსტამონიტის მონასტერში ორი სულიერი ძმა წაეკიდა ერთმანეთს. მათი ურთიერთსიძულვილი ლაქად აჩნდა მონასტერს. იღუმენმა და სხვებმაც სცადეს მათი შერიგება, მაგრამ ამაოდ. მაშინ იღუმენმა მამა დანიელს (კატუნაკელს) სთხოვა დახმარება. მამა დანიელმა ილოცა, დიდი შრომა გასწია, მოძულე ძმები ცალ-ცალკე გაჰყავდა და ერთმანეთზე ესაუბრებოდა, - შენი ძმა თავს უბედურად გრძნობს ამ ამბის მერე და შენთან შერიგებას ცდილობსო. განსაკუთრებით მამა მოდესტი იყო განრისხებული. მას ცალკე უთხრა: "მამა მოდესტ, ეს განსაცდელიც ჩაივლის. საწყალი მამა ათანასე ტირის და ინანიებს, რომ გაწყენინა. ახლა სასტუმრო ოთახი ზის, გელოდება, რომ შეგირიგდეს. შეიძლება მოსვლა მოერიდოს. ამიტომ მეც წამოვალ. შენ ძლიერი ხარ, ამიტომ პირველი ნაბიჯი შენ გადადგი და შენდობა სთხოვე".
იგივე უთხრა მანამდე მამა ათანასეს. როცა სასტუმრო ოთახში შევიდნენ, მამა დანიელმა პირველმა მოიდრიკა მუხლნი, სხვებმა მის მაგალითს მიბაძეს და უთანხმოების ეშმაკიც სირცხვილეული გაიქცა.
* მამა პორფირე ათენელმა სულიერ შვილს უთხრა: "ვხედავ, ერთ გამძვინვარებულ ძმას, რომელიც მზადაა, გაგგლიჯოს. შენ მას ნურაფერს ეტყვი. ვილოცოთ და ღმერთი დაამშვიდებს მას. ხომ გწამს ამისი?" "მწამს", - უპასუხა ბერმა. "მხოლოდ ღმერთს ძალუძს ადამიანთა გულების შეცვლა. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვუთხრათ, ვერაფერს გავაწყობთ". "ასე რატომ იქცევა, რამ განარისხა?" - ჰკითხა ბერმა. "ჩუ! ნურაფერს იტყვი, შენ მხოლოდ ილოცე", - გააჩუმა მოძღვარმა.
* ერთხელ ამბა იოანეს სხვა ძმებთან ერთად გზად შემოაღამდა. წინამძღოლი შეცდა და სხვა გზას დაადგა. ძმებმა ეს შეამჩნიეს და ამბა იოანეს უთხრეს: "მამაო, ძმას გზა შეეშალა და ამ უდაბნოში არ დავიკარგოთო". მამა იოანემ მათ უთხრა: "თუ ვეტყვით მას, დამწუხრდება და შერცხვება. ამიტომაც თავს დაღლილად მოგაჩვენებთ. ვიტყვი, სიარული აღარ შემიძლია და დილამდე აქ დავრჩებიო". ასეც მოიქცა, სხვებიც გვერდით მიუსხდნენ.
* სკიტელი მამა ცუდად გახდა და ახალგამომცხვარი პურის ჭამა მოუნდა. ერთმა ძმათაგანმა გაიგონა მისი ნატვრა, აიღო გამხმარი პურები, გაახვია ხალენში, სოფელში წავიდა, რომელიც საკმაოდ შორს იყო, ახალ პურში გადაცვალა და ღირს მამას მოუტანა. როცა ძმებმა ნახეს, რომ პური ჯერაც თბილი იყო, ძალზე გაუკვირდათ. ავადმყოფი კი პურს არ ეკარებოდა: "ჩემი ძმის სისხლი არისო". ბერებმა დაამშვიდეს, დაარწმუნეს: "შეჭამე, ღვთის გულისთვის, ტყუილად რომ არ ჩაიაროს ძმის მსხვერპლმაო".
* წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვება: - იყო გარეჯის მონასტერში ერთი ძმა, მშვიდი, ტკბილი, მორჩილი და ყველას მსახური. ყოველ ღამე წმინდა დავითის საფლავის ეკლესიაში ლოცულობდა. დღისით წამოკრებდა ძმათა სარწყულებს და მოიტანდა ცივ წყალს. როცა ძმები შუადღის ძილისგან გაიღვიძებდნენ, ყველას თავ-თავისი ჭურჭლით მიართმევდა წყალს. რამეთუ სასოება ჰქონდა უფლის ნათქვამისა: "რომელმან ჩემი სახელით ერთი ჭიქა გრილი წყალი დაალევინოს, მას სასყიდელი არ დაეკარგებაო".
* ერთ სენაკში ორი ბერი ცხოვრობდა. მათ არასოდეს უკამათიათ. ერთმა უთხრა მეორეს: "მოდი, სხვებივით ვიკამათოთო". "კი მაგრამ, რომ არ ვიცი, რას ნიშნავს შეკამათება?" "აი, მაგალითად, აგურს შუაში ჩავდებ და ვიტყვი, ჩემია-მეთქი, შენ კი შემეკამათები, არა ჩემიაო". ასეც მოიქცა. დადო აგური, თქვა, ჩემიაო, მეორემ - ჩემიაო. მაშინ პირველმა უთხრა: "კი, კი, შენია, აიღე და წადიო". ისე გაშორდნენ ერთმანეთს ძმები, რომ ვერ იკამათეს.
* ერთხელ სამი ძმა სამკალში წავიდა და საკმაოდ დიდი ყანები აიღეს. ერთი მათგანი პირველსავე დღეს ავად გახდა და თავის კელიაში დაბრუნდა. დარჩენილმა ერთმა ძმამ მეორეს უთხრა: "ხედავ, ცუდად გახდა და ვეღარ მუშაობს. მოდი, მის მაგივრად მოვმკათო". როცა საქმეს მორჩნენ და საფასური აიღეს, მოიხმეს ძმაც და უთხრეს, - აიღე შენი წილიო. მან იუარა - "მე არაფერი გამიკეთებიაო". ძმებმა უთხრეს: "სამაგიეროდ, შენი ლოცვებით შეგვეწიეო". ძმა ისევ უარობდა, მაშინ სამივენი რჩევისთვის ერთ ღირს მამასთან მივიდნენ. ავადმყოფმა ძმამ შესჩივლა მას, იმ საფასურის აღებას მაიძულებენ, რაც არ მიშრომიაო. დანარჩენებმა უთხრეს: ჩვენი ძმის ლოცვით იმდენი ყანა მოვმკეთ, სხვა დროს სამივეს რომ გაგვიჭირდებოდაო. მაშინ მოძღვარმა - ძელს შემოჰკარით, ყველას უხმეთო. ძმები მოვიდნენ და მან მომხდარი უამბო მათ. მერე კი ავადმყოფ ძმას უთხრა:L"აიღე საფასური და მშვიდობით წადიო". ავადმყოფი ბერი დამწუხრებული დაბრუნდა ეკლესიაში.
* ბოლოს კი ერთი ამბავი გავიხსენოთ, რომელიც გვიჩვენებს, თუ რაოდენ სასურველია ღვთისთვის კაცთა შორის ერთობა: გლინის უდაბნოში ერთ ბერს სულიერი ძმა შემოსწყრა. თავმდაბალმა და მოსიყვარულე ბერმა იცოდა, რომ ეს ეშმაკის მზაკვრობა იყო და ევედრებოდა უფალს, ძალა მიეცა, რომ ძმას შერიგებოდა. განსაკუთრებით ილოცა თავისი ანგელოზის ხსენების წინა ღამეს, ის იმ ძმის ანგელოზიც იყო. მეორე დღეს, წირვის შემდეგ კელიაში მიბრუნებულს კარზე მოძულე ძმამ მიუკაკუნა, ახალგამომცხვარი პური გადასცა და უთხრა: "ვხედავდი, მამაო, როგორ ლოცულობდი ჩემთვის, მიხსენიებდი, შემინდეო". ბერმა პური გამოართვა. გონს რომ მოვიდა, კარებს მივარდა. იქ აღარავინ იყო. გემო გაუსინჯა - უგემრიელესი აღმოჩნდა. "მარტო ხომ არ შევჭამ ამისთანა პურსო" და მივიდა ძმის კართან, მიუკაკუნა. ძმა ეჭვით მიაჩერდა. "გმადლობ პურისთვისო", - უთხრა. "რა პურისთვის, არც მიფიქრია შენთვის პურის მოტანაო". მაშინ კი მოუყვა ძმას, რაც მოხდა. მანაც, ღვთის სახიერებით სულშეძრულმა, შენდობა სთხოვა და შემდგომში უერთგულესი მეგობრები შეიქნენ.