* დაძმობის ლამაზ ამბავს მოგვითხრობს "ქართლის ცხოვრება". წმინდა ვახტანგ გორგასალი ათი წლის იყო, როცა ოსნი გადმოვიდნენ, მოაოხრეს ქართლი და სხვებთან ერთად ვახტანგის და, 3 წლის მირანდუხტიც წაიყვანეს ტყვედ.
გავიდა 6 წელი. ვახტანგი დავაჟკაცდა. გადაწყვიტა ოსეთზე გალაშქრება და დის გამოხსნა. ლაშქრობის წინ ჩუმად ანდერძი დატოვა: - თუ ცოცხალი ვერ დავბრუნდი, ჩემი და ხვარანძე მირიანმა შეირთოს ცოლად და ის გამეფდესო. სძლია ვახტანგმა მტერს. მირანდუხტთან ერთად სხვა ქართველებიც გამოიხსნა ტყვეობიდან.
* ოტია დადიანმა თავისი შვილი, ნიკოლოზი, ბერად შეაყენა და ჭყონდიდელად დასმას უპირებდა, მაგრამ ნიკოლოზი ღირსეული ბერი ვერ გამოდგა. მთელ დროს ნადირობაში ატარებდა. ერთხელ, ნადირობისას, წვიმაში მოჰყვა და გაიწუწა. საღამოჟამს გამოიდარა, ნიკოლოზმა სველი ქუდი ლობიოს მარგილზე ჩამოკიდა გასაშრობად. ქუდი კი გაშრა, მაგრამ სახე შეეცვალა. ბევრს ცდილობდა გაესწორებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ამ დროს დადიანების სტუმართა შორის ატყდა სიცილ-ჩურჩული ბერის ცოდვილობაზე. წამოდგა ნიკოლოზის ძმა, ახალგაზრდა ანტონი, და მოახსენა ნიკოლოზს: - ძმაო, გეტყობა, საერო საქმეებისკენ გაქვს გული და გიჭირს მონაზვნობის მძიმე უღლის ტვირთვა. ცოდვაში აგდებ ნათესავებს. გევედრები, დააგდე ბერობა და შენს მაგიერ მე ვიტვირთავო. მართლაც, ნიკოლოზმა ბერობა დაუტევა. მის მაგივრად ბერად ანტონი შედგა - შემდგომში წმინდა ანტონ ჭყონდიდელი.
* როცა საბერძნეთის იმპერატორს თეოდოსი II-ს 20 წელი შეუსრულდა, მისმა დამ და თანამმართველმა, წმინდა პულხერიამ, საჭიროდ ჩათვალა მისთვის სამეფო ხარისხის შესაფერისი სასძლო აერჩია, მაგრამ რადგან პულხერიასთვის ამქვეყნიური სიკეთეები არაფერს ნიშნავდა, შესაფერისი ვერ გამოძებნა. ამიტომ კარგა ხანს ვერ დააქორწინა ძმა. ერთხელ კონსტანტინოპოლში ერთი ქალწული ჩამოვიდა საჩივლელად. მამამისმა სიკვდილის წინ ქონება ვაჟებს გაუნაწილა. ქალიშვილზე კი თქვა, - მაგას თავისი სილამაზე და სიბრძნეც ეყოფაო. გულქვა ვაჟებმა მამის ანდერძი "ვერ დაარღვიეს". საწყალი ათინაიდა (ასე ერქვა იმ ქალიშვილს) პატივს კი სცემდა მშობლების ხსოვნას, მაგრამ ძმების სისასტიკემ გააოგნა. გადაწყვიტა, სამართალი მეფესთან ეძია და წმინდა პულხერიას მიადგა. მეფის ასული მოხიბლა ათინაიდას სილამაზემ, სიბრძნემ და უმანკოებამ; ამ ობოლი გოგონას რძლობა მოისურვა. ათინაიდა წარმართი იყო. პულხერიამ მონათლა და მალევე შერთო ძმას ცოლად.
* მეფე თეოდოსი ღვთისმოშიში იყო, მაგრამ ძალზე უდარდელი. ისე აწერდა საბუთებზე ხელს, შიგ არც იხედებოდა. ამიტომაც კარისკაცნი, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ, ძარცვავდნენ ხაზინას, იჭერდნენ უსამართლოდ, აწამებდნენ უბრალო ხალხს. ეს კი დიდ ზიანს აყენებდა ქვეყანას და არცხვენდა მეფეს.
წმინდა პულხერიას გული ემუსრებოდა ძმის საქციელზე. შეაგონებდა, მაგრამ ამაოდ, ამიტომაც გადაწყვიტა, ჭკუა ესწავლებინა. მეფეს ხელმოსაწერად ისეთი სიგელი შეუტანა, რომელზეც სიტყვასიტყვით ეწერა: "მეფე თავის ცოლს, ევდოკიას მონად ჩუქნის თავის დას, პულხერიასო". მეფემ წაუკითხავად მოაწერა ხელი. პულხერიამ რძალი თავისთან მიიხმო. ისინი ათას რამეზე მსჯელობდნენ. საღამოს მეფემ რამდენჯერმე მოიკითხა ცოლი. მაგრამ პულხერიამ ღიმილით უთხრა: "მეფემ ცოლი მე მომცა მონად და არანაირი უფლება არა აქვს მასზეო". გაოგნდა თეოდოსი. დილით წმინდა პულხერია მივიდა ძმასთან, ხელმოწერილი ეტრატი აჩვენა და უთხრა: - ხედავ, ძმაო, რამდენად დამღუპველია, რომ საბუთებს წაუკითხავად აწერ ხელს? გგონია, შენი მოტყუება არ შეუძლიათ. გონს მოდი, მეფევ, რადგან შენ მამა ხარ ჩვენი სამშობლოსიო.
თეოდოსიზე იმოქმედა ამ გაკვეთილმა და შემდგომში ყოველთვის კითხულობდა საბუთებს.
* დაუსრულებლად შეიძლება საუბარი ბასილისა და წმინდა ემილიას ოჯახზე, მათ შვილებზე: წმინდა ბასილი დიდზე, წმინდა გრიგოლ ნოსელსა და წმინდა პეტრე სებასტიელზე, წმინდა მაკრინეზე. მაკრინეს საქმრო მოუკვდა და აღარ გათხოვდა. მან სიქალწულე ქრისტე ღმერთს მიუძღვნა და ცხოვრება და-ძმებზე ზრუნვას შეალია - სამ ძმასა და ექვს დას უნაწილებდა სიყვარულს. განსაკუთრებით კი თავის ნაბოლარა ძმას, წმინდა პეტრეს. მამამისი ბასილი მაშინ აღესრულა, როცა პეტრე მოევლინა ამ ქვეყანას. მაკრინემ ასწავლა მას წერა-კითხვა, საღვთო წერილი, უფლის შიში და კეთილკრძალული ცხოვრება. პეტრე შემდგომში მღვდელმთავარი გახდა და მადლიერი იყო დისა.
სწავლის დასრულების შემდეგ შინ დაბრუნებულ უფროს ძმას, ბასილის, თავის განათლებაზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა. "უგულებელყოფდა ყველა მიღებულ კანონს" (წმინდა გრიგოლ ნოსელი) და ფიქრობდა, რომ პროვინციაში ყველაზე აღმატებული იყო თავისი ცოდნით. წმინდა მაკრინემ თავისი თავმდაბლობით, სიყვარულით, დამოძღვრით ისე შეცვალა ბასილი, რომ მან უარყო ყოველივე ამქვეყნიური და ბერად აღიკვეცა. წმინდა მაკრინეს სულისმარგებელმა საუბრებმა იმოქმედა მეორე ძმაზეც, ნევკრატიზე, რომელიც უდაბნოში წავიდა და იქ მცხოვრებ მოხუცებულ მონაზვნებს უვლიდა. წმინდა მაკრინე სულიერად აძლიერებდა დედასა და და-ძმებს, როცა სრულიად ახალგაზრდა ნევკრატი გარდაიცვალა, ასევე იყო წმინდა ბასილი დიდის გარდაცვალებისასაც. წმინდა ემილიამ სიკვდილის წინ დალოცა შვილები, მერე იხმო მაკრინე და პეტრე და ღმერთს შეჰღაღადა: "აჰა, უფალო, პირველნაყოფი (მაკრინე) ჩემი და მეათედი (პეტრე) ჩემი ნაყოფისა. ჩემი პირველშობილი ქალიშვილი და ნაბოლარა ვაჟი! შენ ძველ აღთქმაში პირველნაყოფისა და მეათედის შეწირვა გვიბრძანე. დაე, იყვნენ ისინი შენთვის კეთილსასურველ მსხვერპლად და დაე, გარდამოვიდეს მათზე სული შენი წმინდა". სიკვდილის წინ წმინდა მაკრინეს თავისი ძმა, წმინდა გრიგოლ ნოსელი ეწვია. დის ბოლო საუბარი იმგვარად ჩარჩა მეხსიერებაში წმინდა გრიგოლს, რომ შემდგომში ამის მიხედვით წიგნიც კი დაწერა.
* 1925 წლის 25 იანვარს კომუნისტების მიერ მოსყიდულმა ადამიანებმა მოკლეს დიაკვანი მიხა ხელაშვილი. მიხას ცხედარი დუშეთში, მილიციის ეზოში დააგდეს. იქ იმდენ ხანს ეგდო, ვიდრე ტანსაცმელმა ფერი არ იცვალა, ცხედარიც გაიხრწნა და ნახევრად შეჭმულს მილიციამ სხვაგან გადაგდება დაუპირა. ძმაზე მლოცველმა აფხუშოელმა დამ, სალომემ, გასაოცარი სიმტკიცით ცნობილმა ქალმა, საბძელში (სადაც მოკლეს მიხა) განბნეული ტვინი და სისხლი მოკრიფა და დედის საფლავთან დაფლა. საიდუმლოდ ჩავიდა დუშეთში, ღამე მიხას ბარისახოელი მეგობრის, მილიციაში ჩამდგარი ხევსურის დახმარებით მოიპარა ძმის ცხედარი, ხურჯინით აჰკიდა ცხენს და დღე მალვითა და ღამე მოგზაურობით აიტანა ჩარგალში. იქ, წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანში, დედის საფლავის გვერდით დამარხა.
* ორივე ძმა წმინდანად არის შერაცხული, ორივე ოპტის უდაბნოში მოღვაწეობდა. ღირსი ანტონი (პუტილოვი) ძმაზე, წმინდა მოსეზე 13 წლით უმცროსი იყო. ძმის მაგალითმა მისი ცხოვრების გზაც განსაზღვრა. მასთან ერთად ცხოვრობდა როსლავლის ტყეში და მოღვაწეობდა, მერე კი ოპტის მონასტერში. ანტონი მცირე საქმესაც კი არ ასრულებდა ძმისა და მოძღვრის კურთხევის გარეშე. მის მოსახსენებელში ეწერა: "მოიხსენე, უფალო, ბატონი ჩემი, სულიერი მამა და კეთილისმყოფელი ყოვლადპატიოსანი სქემარქიმანდრიტი მოსე". მწარედ განიცადა ანტონმა მოსეს სიკვდილი. ორი თვე განმარტოვდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა გარდაცვლილის სულის განსვენებისთვის. მერეც უცრემლოდ არ შეეძლო ძმაზე საუბარი. ანტონი მოსეს შინაგან ცხოვრებაზე არ ლაპარაკობდა. სიკვდილის შემდეგაც კი უფრთხილდებოდა მამა მოსეს სულს.
* სქემიღუმენი თამარ მარჯანიშვილი ბოლშევიკებმა 1931 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გაასახლეს. მისი ძმა, კოტე ამ დროს სახელგანთქმული რეჟისორი იყო. სცადა დის განთავისუფლება. შეხვდა სკკპ ცეკას მდივანს აბელ ენუქიძეს, განათლების კომისარს ანატოლი ლუნაჩარსკის. არაფერი გამოვიდა. 16 აპრილს, საღამოს ლუნაჩარსკის ეწვია შინ, საუბარი გათენებამდე გაუგრძელდათ. განთიადისას კომისარმა სტუმარი მანქანით გაისტუმრა. სასტუმრომდე ვეღარც მიაღწია კოტემ - ავტომანქანაში გარდაიცვალა. ეტყობა, მისმა სიკვდილმა შეაწუხა ენუქიძე და დედა თამარი გაათავისუფლა. იგლოვა დედა თამარმა საყვარელი ძმა, წუხდა მის სიკვდილისშემდგომ ხვედრზე და ამავე დროს ანუგეშებდა ის, რომ კოტე აღდგომის მეორე დღე აღესრულა. "ეს რაღაცნაირ სიხარულს მიღვრის გულშიო," - ამბობდა. დედა თამარს ძმისთვის ლექსიც უძღვნია (რუსულ ენაზე), რომელიც ამგვარი შინაარსისაა:
"სული შენი ხშირად მოფრინდება ჩემთან, ჩემო დაუვიწყარო საყვარელო ძმაო, გულიც მიხარის, რადგან შენ წმინდა სავანეში დაიმკვიდრე. შენში ორი კაცი ცხოვრობდა. ერთი ადამიანებს შორის ეხეთქებოდა, ეძიებდა და ვერ პოულობდა პასუხს თავისი სულის ყველა სატანჯველზე! მეორე კი ღრუბლებიდან დაჰფარფატებდა ადამიანებს, რამეთუ ვერ პოვებდა ცისქვეშეთში იმას, რისკენაც სიყრმიდანვე ისწრაფოდა. "მე არ შემიძლია თქვენთან დარჩენა", დამშვიდობებისას უთხარი იმათ, ვისთანაც მხოლოდ ხორცი გაერთებდა, სულით კი შორს იყავი მათგან. მართლაც, შენ არ დარჩი მათთან და სხვა სიმაღლისკენ აფრინდი, საბოლოოდ დაშორდი მიწიერ კაცთა, და მხოლოდ ერთი რამ მოგესმა: "ქრისტე აღსდგა!" ახლა შენ უკვე ნათლად ხედავ, რომ ყოველივე მიწიერი ამაოებაა. რომ ზეცა მიწისგან შორსაა და იქ სხვანაირი სილამაზეა".
* მამის სიკვდილის შემდეგ სვიატიპოლკი კიევში დაჯდა და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ამაში კი ღვიძლი ძმები, ბორისი და გლები "უშლიდნენ" ხელს. ეტყობა, ეს შენიშნა ბორისის ერთგულმა ხალხმა და უთხრა: "მამისეული ლაშქარი თან გახლავს (პაჭანიკებზე ლაშქრობიდან იყო მობრუნებული), მიდი კიევს და ტახტი დაიკავეო". ბორისმა იუარა: "ხელს ვერ აღვმართავ უფროს ძმაზე, რადგან მამა მიიცვალა, იგი უნდა მყავდეს მამის მაგიერო". სვიატიპოლკმა ბორისის მოკვლა ვიშგოროდელებს დაავალა. ბორისს შეატყობინეს, მოკვლას გიპირებენო. ჯარისგან მიტოვებული ბორისი ფსალმუნებს გალობდა კარავში. ცისკრის ლოცვის დასრულების შემდეგ ღმერთს შეჰღაღადა: "ღმერთო, მტერთაგან კი არ ავიღებ ტანჯვას, არამედ ძმისგან და ამას ნუ ჩაუთვლი ცოდვადო". მერე კი ლოგინზე დაწვა. ამ დროს მხეცებივით შემოიჭრნენ კარავში და შუბი აძგერეს. თურმე ვერ მოკლეს. მაშინ სვიატიპოლკმა ორი ვარიაგი შეგზავნა - გული ჯერ კიდევ უცემდა. იძრეს მახვილი და განგმირეს. სვიატიპოლკმა გლები იხმო. კეთილმა ხალხმა მასაც უთხრა: სვიატიპოლკს ბორისი მოუკლავს და ნუ წახვალო. მან კი: ვაი ჩემდა, უფალო. უმჯობესი იყო, ძმასთან ერთად მოვმკვდარიყავი, ვიდრე მის გარეშე მეცოცხლაო. მერე ბორისს სთხოვა: "ევედრე უფალს და ჩემთვის მოწამეობა გამოითხოვეო". ამ ლოცვაში იყო, რომ თავს დაესხნენ და კრავივით დაკლეს. წმინდა ბორისის კარზე სამი უნგრელი დიდებული ძმა: გიორგი, ეფრემი და მოსე - ცხოვრობდა. როცა ბორისის მოკვლა მოინდომეს, გიორგი ტანით გადაეფარა და მის გადარჩენას ლამობდა. გიორგის თავი მოჰკვეთეს სვიატიპოლკის მომხრეებმა. ეფრემს მკვლელობის ადგილზე ძმის პატიოსანი თავიღა დახვდა. თან წაასვენა. დაუტევა დიდებულის ხარისხი, ამქვეყნიური სუფევა, იქვე, მდინარის პირას დააფუძნა მონასტერი, ბორისისა და გლების სახელზე ეკლესია ააგო. მონასტერში წავიდა მესამე ძმა მოსეც.
* წმინდა სერაპიონ ზარზმელსა და მის უმცროს ძმას პატარაობისას დაეხოცათ მშობლები. მათ უფროსი ძმაც ჰყავდათ, რომელიც ოჯახში დარჩა და გვარი გაამრავლა. წმინდა სერაპიონმა კი მოჰკიდა ხელი უმცროს ძმას და წმინდა მიქაელ პარეხელს მიებარა. იოანე ტანთ ჯუჯა დარჩა და ენაბრგვილი. გამოხდა ხანი. საღმრთო გამოცხადების მერე წმინდა მიქაელმა ძმები სამცხეში გამოგზავნა მონასტრის ასაგებად. აშენდა ზარზმის მონასტერი. ერთხელ ძმები არსიანის მთის იქით, ყველის ხევში მოხვდნენ. იქაური ბერები მივიდნენ მათთან და უთხრეს, საღმრთო გამოცხადებით, თქვენ უნდა ააშენოთ აქ მონასტერიო. წმინდა სერაპიონმა უბრძანა ძმას მონასტრის აშენება. "ფრიად შეუძნდა" იოანეს, მაგრამ უფროსი ძმის ბრძანებას ვერ შეეწინააღმდეგა, მხოლოდ ერთი სთხოვა: ნება მომეცი, დროდადრო გინახულოო. ასე აიგო მონასტერი, რომელსაც იოანეწმინდა უწოდეს. წმინდა სერაპიონი მიდიოდა ხოლმე ძმასთან და სულიერად აძლიერებდა. იოანეც სტუმრობდა სერაპიონს და მისგან სწავლობდა. წესი ჰქონდათ ძმებს, როცა ერთად შეიყრებოდნენ, შუაღამის ლოცვაზე სხვებთან ერთად იდგნენ ტაძარში. ხოლო როცა ცისკარი მოახლოვდებოდა, განეშორებოდნენ ქვის სატყორცნელ მანძილზე და მყუდროებით და ცრემლით შესწირავდნენ ღმერთს დიდებას. ასე განსრულდნენ და წარდგნენ ღვთის წინაშე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი