ბევრ ხალხში ეროვნული ცოდვები და ზნეობრივი დაავადებანი შესატყვის სნეულებას წარმოაჩენდნენ...
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა,
ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.ჩვენი ვალია, ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ სნეულების ჟამს, რათა მისი სიმძაფრე შევამსუბუქოთ, სულისთვის სასარგებლოდ ვაქციოთ, უნდა ვიცოდეთ, რისი აღსრულება გვმართებს, რომ სიკვდილის უზომოდ არ გვეშინოდეს და მას ზედმეტი შფოთის გარეშე შევხვდეთ.
ეპისკოპოსი პეტრე
როდესაც დაუძლურდები, წარმოთქვი: ნეტარია, ვინც ღირსი გახდება, ღმერთმა გამოსცადოს იმით, რის გამოც ცხოვრებას დაიმკვიდრებს. სენს ღმერთი სულის განსაკურნებლად წარმოგვიგზავნის. ერთ-ერთი წმინდანის სიტყვებია: "შემინიშნავს, რომ იმ მონაზონზე, რომელიც უფალს ღმრთივსათნოდ არ ემსახურება, არ იღვწის მოშურნედ სულის ხსნისთვის და მცონარეა სათნოებების აღსრულებაში, ღმერთი უსათუოდ დაუშვებს განსაცდელს, რათა არ დარჩეს მცონარე და მის გამო უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.
ღმერთი იმიტომ უშვებს განსაცდელს ზარმაც ადამიანზე, რომ მან იფიქროს განსაცდელებზე და არა - ამაოზე. ღმერთი ამას მის მოყვარეებს მოუვლენს, რათა გულისხმისყოფაში ჩააგდოს, განაბრძნოს და განსწავლოს თვისი ნებისაებრ და როდესაც შეჰღაღადებენ, არ შეისმენს მათ ხმას იქამდე, ვიდრე სნეულებით დაუძლურებულნი უეჭველად შეიცნობენ, რომ ეს განსაცდელი დაუდევრობისა და სიზარმაცის გამო მოეწიათ.
წმინდა ისააკ ასური
სხეულის ჯანმრთელობაც და სნეულებაც ღმერთზეა დამოკიდებული, რომელიც ბრძანებს: "მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ხელსა ჩემსა" (2 რჯლ. 32,39). ამდენად, როდესაც ღმერთი ინებებს, გვანიჭებს ჯანმრთელობას მკურნალთა ხელით, ზოგჯერ კი - სიტყვით.
ტანჯვის გახანგრძლივება თუ შემოკლება ღმერთის განგებით ხდება. ამიტომ ისინი, ვინც სრულად მიენდვნენ ღმერთს, არ ზრუნავენ საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთი თავისი ნებით აღასრულებს მათთვის სასარგებლოს.
ავადმყოფობა გამოსაცდელად გვეძლევა, ხოლო გამოცდა გამოცდილებას გვძენს. "რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაიმე უწყინ" (ზირ. 34,10). "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინება - სასოებასა. ხოლო სასოებამან არა არცხვინის" (რომ. 5,3,4).
წმინდა ბარსანოფი დიდი
როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები, ბევრნი დაგიწყებენ შეგონებას - ჯადოქარ გრძნეულებთან ან მოგვებთან მიდი და გიშველიან, განგკურნავენო, შენ კი მარადის ოდენ ღმერთს სასოებდე და ყოველივე თავსდატეხილი მორჩილად დაითმინე! იცოდე, რომ ეს ტანჯვა გვირგვინს შეგძენს და თუკი ღმერთისადმი მადლიერებით მოითმენ შენს სნეულებას, მომავალ საუკუნო სატანჯველთ აგაცილებს თავიდან; თუკი ჩვენ ნადვილად ქრისტიანები ვართ, მაშინ მხოლოდ ქრისტეს დავემორჩილებით, მხოლოდ ჩვენი უფლისას შევისმენთ და არამც და არამც არ წავალთ ღმერთის მტრებთან - ჯადოქარ-გრძნეულებთან და მოგვებთან, რადგან ეს უკანასკნელნი ღმერთის მოწინააღმდეგენი და ეშმაკის მსახურნი არიან, ჩვენი დაღუპვის მოსურნენი. მაშ, სიკვდილი გვიჯობდეს ღმერთის მტრებთან მისვლას! აბა, რა სარგებლობა გვექნება სხეულის დროებითი, მოჩვენებითი განკურნებისგან, თუკი სამუდამოდ წარვიწყმედთ სულს?! რას მოვიგებთ, თუკი ამქვეყნიურ ცხოვრებაში წამიერ ნუგეშს მივიღებთ და ამით ეშაკებთან წარვიგზავნებით საუკუნო ცეცხლში სატანჯველად?.. გაიძახი, ძალზე მტანჯავს სასტიკი სნეულებაო. გაიხსენე იობი! ნუთუ მასზე მეტად იტანჯები? ნუთუ უფრო სასტიკი სნეულებანი გეკვეთა და მასზე მეტი დაკარგე?! ის შვიდი წელიწადი იწვა თავის საშინელ წყლულებაში და ერთხელაც არ უცდია მოგვობით განეკურნა თავი. ასევე, სახარების განრღვეულიც 38 წელიწადი იწვა უძლურებებით ვნებული და გრძნეულებს კი არ მიმართა დახმარებისთვის, არამედ სასოებით მოელოდა შეწევნას ღმერთისგან და აკი მიიღო კიდეც! ასევე გლახაკი ლაზარეც, მშიერი და სნეული, თავისი უძლურების განმავლობაში მდიდრის კარებთან იწვა, ყველასგან უგულებელყოფილი და შეურაცხყოფილი, მაგრამ ისე აღესრულა, რომ მოგვებისა და გრძნეულებისთვის არ მიუმართავს... ისინი ესოდენ დიდ სნეულებებს ითმენდნენ, ჩვენ კი ოდნავ თუ მოვუძლურდებით, უმალ მკურნალთ და მოგვებს ვეპატიჟებით!.. ჰოი, ძმებო, როგორც ოქრო გამოიწრთობა ცეცხლით, ასევე ადამიანიც ცოდვებისგან განიწმინდება სნეულებათა დათმენით. გავიხსენოთ მოციქულნი, წინასწარმეტყველნი და მოწამენი, რომელთაც უდიდესი სატანჯველნი დაითმინეს. ისინი კი ღმერთის უდიდესი სათნომყოფელნი იყვნენ. ასე რომ, თუკი ვინმე ქვეყნიურ ცხოვრებაში დაითმენს უბედურებებსა და სნეულებებს, იცოდეთ, რომ უდიდეს საზღაურს მიიღებს ამისთვის ცათა სასუფეველში.
***
თუკი ხედავ, რომ მართალს ბოროტი აღსასრული მოევლინა, ნუ დაეცემი სულიერად, რადგან უბედურება ბრწყინვალე გვირგვინს უმზადებს. ღმერთი ზოგიერთს მიწაზევე სჯის, რათა იმქვეყნიური სასჯელი შეუმსუბუქოს ან სრულიად გაათავისუფლოს მისგან. როდესაც ხედავ, რომ ვიღაც ხომალდთან ერთად დაინთქა ზღვაში, სახლის ნანგრევებში მოყვა, მდინარეში დაიხრჩო ან სხვაგვარი მძლავრებით აღესრულა, სხვები კი მასავით ან მასზე მეტად სცოდავენ და ცოცხლები და უვნებელნი არიან, ნუ შეშფოთდები და ნუ იტყვი - ერთნაირად შემცოდენი რატომ ერთნაირადვე არ დაიხოცნენ? ღმერთი ზოგიერთს სხვისი ხელით სიკვდილს მოუვლენს, რათა იმქვეყნიური სასჯელი შეუმსუბუქოს, ან მის ცოდვილ ცხოვრებას წყვეტს, რათა უსჯულოების გამრავლებით უფრო დიდი სასჯელი არ დაიმსახუროს. სხვას კი ამგვარ სიკვდილს არ უგზავნის, რათა პირველის მაგალითით განსწავლული, გამოსწორდეს. თუკი ისინი არ სწორდებიან, დამნაშავეა არა ღმერთი, არამედ მათი უზრუნველობა.***
წმინდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისთვის და ცხოვნებისთვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვიტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?! ამისთვის ყოველი სატანჯველი მათ სიხარულად უქცია ღმერთმა.***
როგორც დათესილი მარცვალი საჭიროებს წვიმას, ასევე ჩვენთვისაც აუცილებელია ცრემლთა ღვრა. როგორც მიწას ესაჭიროება მოხვნა თუ დაბარვა, ასევე ჩვენი სულისთვისაც აუცილებელი ყოფილა სხვადასხვა განსაცდელნი, საცთურნი და მწუხარებანი, რათა მან ღვარძლი არ აღმოაცენოს, არ გაამპარტავნდეს და სასტიკი არ შეიქნას. საგულდაგულო დამუშავების გარეშე ხომ მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს!***
ამქვეყნიური ჩვენი დაშვრომა და ტანჯვა დროისმიერაა სამძიმო, მოსვენება კი მათ შემდგომ დაუსრულებელია, დროის გარეშეა სანეტარო. მაშ, დავშვრეთ მცირეოდენ, რათა სამარადისოდ მოვისვენოთ. აქ, ამქვეყნად ნუ ვეძიებთ მოსვენებას, რადგან ჭეშმარიტ მოსვენებას ვერ ვიპოვით, არამედ იმქვეყნად, ცათა შინა მოველოდეთ მას, სადაც საუკუნოდ დავიმკვიდრებთ ნეტარ სიმშვიდესა და მოსვენებას.წმინდა იოანე ოქროპირი
შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს, განაგდე ცდუნება, გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან... მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი. არის ჟამი, როცა მათ ხელშია წარმატება. რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, რომ შეეწიონ სნეულთათვის შვების მისაცემად და მათ სასიცოცხლოდ.
(ზირაქი 38.9,10,12-14)
სიძაბუნე, უძლურება და ტანჯვა ადამიანს განსაკუთრებულ ვითარებაში აყენებს. ეს ვითარება ან უნდა გავიგოთ, როგორც ღვთის მოწოდება, მისკენ მოქცევის შესაძლებლობა, სინანული, ან მოთმინება იმ ცოდვათაგან განსაწმენდელად, რომელთაგან თავის დაღწევას ჩვენით ვერ შევძლებდით, ან როგორც განსაცდელი, ღვაწლი, რომლითაც ადამიანი მოწამის "გვირგვინს მოიხვეჭს". სწორედ ამაში მდგომარეობს არსი ქრისტიანული შეხედულებებისა ავადმყოფობაზე, როგორც "ღვთის მოწოდებაზე".
***
ავადმყოფის სარეცელი კალოა. რაც მეტია დარტყმა, მით მეტი მარცვალი გადმოიბნევა და ხვავიც უფრო დიდია. ამის შემდეგ ხორბალი დოლაბის ქვეშ უნდა გატარდეს, შემდეგ ფქვილისგან ცომი მოიზილება, შემდეგ, როგორც პური, ღუმელში შეიდება და ბოლოს ღვთის ტრაპეზზე დაიდება.წმინდა თეოფანე დაყუდებული
არა მარტო ცალკეულ ცოდვას, არამედ ყოველ ცოდვილ მოქმედებას საკუთარი, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ავადმყოფობა უკავშირდება. ვნებები და ცოდვები საუკუნეების მანძილზე მთელ გვარეულობებში ნერგავდნენ სნეულებებს. ბევრ ხალხში ეროვნული ცოდვები და ზნეობრივი დაავადებანი შესატყვის სნეულებას წარმოაჩენდნენ... ზოგიერთ შემთხვევაში გაბატონებული ვნება სხეულის გარკვეულ ნაწილებზე საკუთარ თავსაც კი ააშკარავებდა.
მთავარეპისკოპოსი ინოკენტი ხერსონელი
ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა არის მკურნალობა, რომელიც მხოლოდ ვნებებს კი არა, მათ მოქმედებასაც კლავს. როგორც ექიმი (წესიერი) დაჭრილისთვის მკურნალობასა და სალბუნს ეძებს და ისინი ისე მოქმედებენ სნეულზე, რომ თვითონ არც კი იცის, თუ როგორ ხდება ეს, ზუსტად ასევეა ღვთის სახელი, ყოველგვარ ვნებას კლავს ისე, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით, ეს როგორ აღესრულება.
ხშირად წარმოვთქვათ ეს ლოცვა: "მეუფეო, იესო, დამიფარე მე და შეეწიე უძლურებასა ჩემსა". ან მოვუხმოთ ფსალმუნის მუხლებს: "მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად" (ფს. 6,2-3).
წმინდა ბარსანოფი დიდი