საოცარი იყო ამ ყრმათა შემართება
განსაცდელების ჟამს ხშირად ვდრტვინავთ, სასოწარკვეთა მოგვიცავს, ანდა ვცოდავთ და მერე თავს უძლურებით ვიმართლებთ.
ამ დროს, საკუთარ სინდისთან ერთად, ჩვენს მამხილებლად გვევლინებიან ის პატარა მარტვილნი, რომელნიც, მიუხედავად სინორჩისა, უძლურებისა, სულით ჩვენზე ძლიერნი აღმოჩნდნენ. მათ თავიანთ შემოქმედს, მათთვის ჯვარცმულ იესო ქრისტეს არ უღალატეს.* VI საუკუნეში, მტკვრის სათავესთან, კოლას ხეობაში, უმრავლესობა კერპთმსახური იყო. წარმართთა შვილებმა - ცხრა ყრმამ - ქრისტიანობა მიიღეს და მშობლებს აღარ დაუბრუნდნენ. მშობლებმა ისინი შინ ცემა-ტყეპით მიიყვანეს. საოცარი იყო ამ ყრმათა შემართება, ერთი კვირა საზრდელი არ მიუღიათ - "ნაკერპავის ჭამა ქრისტიანს არ შეშვენისო". მშობლებმა ეს ამბავი მთავარს შესჩივლეს. მან - შვილები თქვენია და რაც გინდათ, ის უყავითო. "მაშინ, მოდი ჩვენთან და ქვით ჩავქოლავთ, რათა მათი მიბაძვით სხვებიც არ გაქრისტიანდნენო" - უთხრეს მშობლებმა. მოიყვანეს 7-9 წლის პატარები. გაიძახოდნენ: ჩვენ ქრისტიანად მოვკვდებითო. პირველად მშობლებმა ესროლეს, მალე ქვებმა დაფარეს ნაწამები ყრმების სხეულები.
* ნიკომიდიაში დიოკლეტიანეს დროს ქრისტესთვის აწამეს 9 წლის გოგონა ბასილისა. ის თამამად აღიარებდა ქრისტეს და ეკამათებოდა ჯალათებს სარწმუნოებაზე. ვერც მოფერებით გატეხეს და ვერც ცემით. გოგონა ღმერთს უფრო მეტად ადიდებდა. ამან გაამძვინვარა მმართველი და ისე აცემინა, რომ ქალიშვილს სხეული წყლულებით დაეფარა. "ღმერთო, გმადლობ შენ ყველაფრისთვის", - წამოიძახა ბასილისამ. ფეხებით დაკიდეს, ქვეშ ცეცხლი დაუნთეს, მაგრამ ვერ დაამარცხეს - ამ სატანჯველშიც ღმერთს ადიდებდა. მთავარმა ღუმელი გაახურებინა. ჯვარი გამოისახა წმინდა ქალწულმა და თვითონვე შევიდა შიგ, დიდხანს დარჩა და თმაც არ შეტრუსვია. მერე დასაგლეჯად ორ ლომს მიუგდეს. ისინი კი გოგონას ეალერსებოდნენ. შეეშინდა მმართველ ალექსანდრეს - ეს ღვთის განგებააო. გოგონას მუხლებში ჩაუვარდა და შესთხოვა, - მაპატიე ეს წამება და ილოცე ჩემთვის შენი უფლის წინაშე, რომ არ დამსაჯოს, რადგან უკვე მწამს იგიო. გოგონამ ღმერთი ადიდა და მისი თხოვნით მღვდელმთავარმა აუხსნა ალექსანდრეს ქრისტიანული რწმენის საფუძვლები. ახალმოქცეული ალექსანდრე მალე გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის შემდეგ ბასილისა გაშორდა ქალაქს. წყალი მოსწყურდა, წყარო ვერსად ნახა. ერთ ქვაზე დადგა და ღმერთს შესთხოვა წყალი. უფალმა მისი ლოცვით წყარო გადმოადინა იმ ქვიდან, რომელზეც გოგონა იდგა. მოიკლა წყურვილი გოგონამ, მოიდრიკა მუხლნი და სული ჩააბარა უფალს. მისი ხსენება 3 სექტემბერსაა.
* 17 სექტემბერს ეკლესია იხსენიებს ქრისტესთვის მოკლულ წმინდა სოფიოს და მის სამ ქალიშვილს, პისტის, ელპიტესა და აღაპის. ამ გოგონათა სახელები ქართულად რწმენას, იმედსა და სიყვარულს ნიშნავს, სოფიო კი სიბრძნეს.
სოფიოს ქრისტიანობა გამჟღავნდა. ის, თავის ქალიშვილებთან ერთად, იმპერატორ ანდრიანეს წარუდგინეს. ქალმა თამამად აღიარა ქრისტე. სოფიოს სიბრძნით და სილამაზით მოხიბლულმა იმპერატორმა სამი დღით გადადო მათი წამება. ამ ხანში დედა განამტკიცებდა ქალიშვილებს: - ბედნიერი ვიქნები, თუ მოწამეთა დედად ვიწოდებიო. მესამე დღეს ანდრიანეს მიუყვანეს 12 წლის პისტი, 10 წლის ელპიტე და 9 წლის აღაპი. ანდრიანემ გოგონებს უთხრა, თუ კერპებს ეთაყვანებით, ჩემს ქალიშვილებად გაღიარებთ, არადა, წამებით სიკვდილი გელითო. გოგონებმა ერთხმად შესძახეს: "ჩვენი მამა ღმერთია, რომელ არს ცათა შინა. ის ფიქრობს და ზრუნავს ჩვენზე. მას მხოლოსა ვცემთ თაყვანს, შენი მუქარის კი არ გვეშინია, რადგან ქრისტესთვის მოწამეობის სურვილი გვაქვსო". პირველად პისტი (რწმენა) გაიყვანეს საწამებლად. უღმერთოებმა მას პატარა ძუძუები მოჰკვეთეს, საიდანაც სისხლის მაგივრად რძე წარმოდინდა. ხალხი გააკვირვა ანდრიანეს უგუნურებამ. მერე გახურებულ რკინის ბადეზე დააწვინეს. ორი საათი იწვა ზედ და ღმერთმა დაიფარა. მერე ფისით და ზეთით მოთუხთუხე ქვაბში ჩააგდეს და უვნებელი დარჩა. ანდრიანემ ის მახვილით განაგმირინა.
დადგა ელპიტეს რიგიც. განა მეც იმავე დედამ არ გამზარდა, იგივე ძუძუ არ მიწოვია? პისტივით მოწამეობა მსურსო, - უთხრა ელპიტემ იმპერატორს. ელპიტეს იმდენ ხანს სცემდნენ ჯალათები, რომ დაიღალნენ. გოგონა კი დუმდა, თითქოს ტკივილს საერთოდ არ გრძნობდა. მერე კი რკინის კაუჭებით ააგლიჯეს ხორცი, სისხლი ღვარად სდიოდა, ჭრილობები კეთილსურნელებდა. გოგონას სახე სულიწმინდის მადლით ჰქოდა გაბრწყინებული და ღიმილი დასთამაშებდა. წმინდა ელპიტე არცხვენდა ჯალათებს, - ქრისტეა შეწევნა ჩემი და არათუ მეშინია ტანჯვის, არამედ სამოთხის ნეტარებასავით მსურს". ასე სასურველია ჩემთვის ქრისტესთვის წამება. შენ კი, ჯალათო, ჯოჯოხეთის ცეცხლში მოგიწევს ტანჯვა, იმ ეშმაკებთან ერთად, შენ რომ ღმერთებს ეძახიო. მასაც მახვილით წაჰკვეთეს თავი.
აღაპი, თავისი საყვარელი დების მოწამეობის შემყურე, არათუ შეშინდა, უფრო გამტკიცდა. გოგონა ბორბალზე გააკრეს და იმდენი ურტყეს ჯოხი, რომ მისი სისხლით მიწა მოირწყო. მერე კი ღუმელი გააცხელეს. აღაპი თვითონვე შევიდა ცეცხლში და ისე დადიოდა, თითქოს გრილი ყოფილიყოს. ამ დროს ღუმლიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა იქვე მდგომი ცნობისმოყვარენი ფერფლად აქცია. ცეცხლმა თვით ანდრიანემდეც კი მიაღწია და ჭკუის სასწავლებლად დაწვა. მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა. გოგონას სხეული დაუბურღეს და თავი მოჰკვეთეს.
შვილების სხეულები სოფიოს გადასცეს. დედამ ძვირფას კუბოში ჩაასვენა შვილები, განამშვენა მათი სხეულები და ქალაქგარეთ ერთ მაღალ გორაკზე დაკრძალა. სამი დღე ლოცულობდა შვილების საფლავთან, აღესრულა და იქვე დაასაფლავეს. ასე გამოიღო ზეციურმა სიბრძნემ ნაყოფად რწმენა, იმედი და სიყვარული.
* დიოკლეტიანეს დროს ფინიკიაში, ქალაქ ბიბლოსში ქვრივ დედასთან ერთად ცხოვრობდა პატარა აკვილინა. ათი წლის იყო, როცა მათ ქალაქში ქრისტიანების დევნა დაიწყეს. ნეტარი ყრმა არ შეუშინდა საშინელ ჟამს და თანატოლებს შეაგონებდა, უსულო კერპებს თაყვანს ნუ სცემთო და ქრისტე ღმერთზე უყვებოდა, მის ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე, გამომსყიდველ მსხვერპლზე. ამ საუბრების შინაარსი ოლქის მმართველ ვოლუსიანეს მოახსენეს. გოგონა (მაშინ უკვე 12 წლის გახდა) სამსჯავროზე წარადგინეს. ვოლუსიანემ მას ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გოგონამ ჯალათს უთხრა, რომ მზად იყო ყველანაირი სატანჯველისთვის. სახეში ურტყეს აკვილინას. აი, ტანჯვის დასაწყისი, გსიამოვნებსო? - ჰკითხა იქედნურად ვოლუსიანემ. მერე გოგონა გააშიშვლეს და ორ მეომარს აცემინეს. "სად არის შენი ღმერთი, აკვილინა, რომლის სამსჯავროთიც მაშინებდი, მოვიდეს და დაგიხსნასო", - დასძახოდა მტარვალი. მერე გოგონას "მოეფერა" - ვინმე ჯვარცმული ქრისტესთვის თავს რად მაკვლევინებო. მაგრამ ქალიშვილმა თამამად უთხრა: - ვოლუსიანე, ნუთუ ფიქრობ, რომ ტანჯვას ვგრძნობ? იცოდე, მე ჩემი ღმერთი მომცემს მოთმინებასა და სიმტკიცეს, უფრო მეტი ტანჯვა დავითმინოო.
მისი სიმამაცით გაოგნებულმა ვოლუსიანემ უთხრა: "მაინც დაფიქრდი რამდენიმე დღე. იქნებ უარყო ქრისტე და სიცოცხლე შეინარჩუნოო". "სიყრმიდანვე ერთი ღმერთის თაყვანისცემა მისწავლია და მოსაფიქრებელიც არაფერი მაქვსო".
გახურებული შამფური გაუყარეს ყურებში გოგონას, ნახვრეტებიდან სისხლს ტვინიც გამოჰყვა. აკვილინამ ღმერთს შეღაღადა და მცირე ლოცვის შემდეგ აუტანელი ტკივილით გონდაკარგული მიწაზე დაეცა. იფიქრეს, მოკვდაო და ქალაქგარეთ შესაჭმელად ძაღლებს მიუგდეს. აკვილინას შუაღამისას იესო ქრისტეს ანგელოზი გამოეცხადა: "ადექი და იყავ ჯანმრთელი. მიდი ვოლუსიანესთან და ამხილე, რამეთუ მისი ზრახვები არარაობაა ღვთის წინაშე". მაშინვე წამოდგა აკვილინა და ღმერთი ადიდა. შეევედრა უფალს, მოწამის გვირგვინით შემმოსე, რომ შენი სახელისთვის ვნებულთა დასში ვიდგეო. "წადი და აღესრულება, რასაც ითხოვ", - მოესმა ზეციდან ხმა.
გახარებული აკვილინა წავიდა ვოლუსიანეს სასახლეში და დაუბრკოლებლად შეაღწია ვოლუსიანეს საძინებლამდე. ვოლუსიანეს თავზარი დაეცა - ეს ვინ არისო. აკვილინააო, - უპასუხეს.
- განა შენ აკვილინა ხარ?
- ჰოი, უსჯულოვ, შენი მამისგან ეშმაკისგან სულიერი თვალით დაბრმავებული, ნუთუ ახლა ხორციელი თვალითაც ვეღარ ხედავ? დიახ, მე ვარ აკვილინა, - უთხრა გოგონამ.
ვოლუსიანემ თავის მოკვეთა განუჩინა მას. სიკვდილის წინ ილოცა გოგონამ, მადლობა შესწირა ღმერთს ყველაფრისთვის. მაშინ მას ზეციდან ხმა მოესმა: "მოვედ ჩემთან, რჩეულო ქალწულო, რომელმან დასთრგუნე ჯალათის მძვინვარება და შენი ღვაწლით წარხოცე საწერტელი ეშმაკისა, მოვედ, დაიმკვიდრე შენთვის გამზადებული ადგილიო".
წარკვეთეს თავი 12 წლის წმინდა ქალწულ აკვილინას და შეუერთდა ისიც ბრძენ ქალწულთა ზეციურ დას. მისი ხსენება 13 ივნისსაა.
* კესარიის ეკლესიის დიაკვანი გახლდათ წმინდა რომანი. როცა ეპარქმა, უღმერთო ასკლიპიადემ ეკლესიის დანგრევა გადაწყვიტა, იგი ამ განზრახვას წინ აღუდგა და ხალხს მოუწოდებდა, ღვთის სახლის დანგრევა არ დავანებოთო. რომანი დაიჭირეს და საქვეყნოდ დაუწყეს წამება. იქვე, ხალხში იდგა ერთი ქრისტიანი ყრმა ბარული, რომანმა შეხედა მას და ეპარქს უთხრა:
- ეს პატარა ბიჭი, თუმცა მცირეწლოვანია, შენზე გონიერია, რადგან იცის ჭეშმარიტი ღმერთი, შენ კი ხანდაზმულმა არ იცი იგი.
ეპარქმა მოიხმო ყრმა და ჰკითხა:
- რომელ ღმერთს სცემ თაყვანსო.
- ვეთაყვანები იესო ქრისტეს, - უპასუხა ბარულმა.
- რომელი სჯობს, - ერთი ღმერთი თუ მრავალი? - ჰკითხა ეპარქმა.
- სჯობს, პატივი მიაგო ერთადერთ ღმერთს, იესო ქრისტეს.
- რითი სჯობს ქრისტე სხვა ღმერთებს?
- ის ჭეშმარიტი ღმერთია, მან შეგვქმნა ყოველი ჩვენგანი. თქვენი ღმერთები კი ეშმაკები არიან და არავინ შეუქმნიათ.
და მრავალ ამგვარს იტყოდა ყრმა, თითქოს ბრძენი ღვთისმეტყველი ყოფილიყოს. სულიწმინდა ლაპარაკობდა ბარულის პირით და არცხვენდა ეპარქის უგუნურებას. როცა სიტყვით წინ ვერ აღუდგა, ეპარქმა ბარულის გაროზგვა ბრძანა. დაუძლურებულმა წყალი მოითხოვა. იქვე იდგა ბარულის დედა, რომელმაც შვილს დათმენისკენ მოუწოდა. ბარულს თავის მოკვეთა განუჩინეს. დედამ ხელში აიყვანა ბიჭი და დასჯის ადგილას წაიყვანა. ქალი თავის ვაჟს განამხნევებდა, სარწმუნოებაში დგომას მოუწოდებდა.
წმინდა ბარულს თავი მოჰკვეთეს. დედამ მისი წმინდა სისხლი შეაგროვა... ასე ეწამა ყრმა ბარული, რომლის ხსენებაც 18 ნოემბერსაა.