განმაძლიერე მეც, შენი გულისთვის წამებული, რომ დავითმინო ყოველი
*ენვერ ხოჯას რეჟიმის დროს ალბანეთში მართლმადიდებელ ქრისტიანებს დევნიდნენ, აწამებდნენ.
ერთხელ იქაური მიტროპოლიტი სებასტიანე მამა ეფრემ კატუნაკელს ეწვია. ღირსმა მამამ გაამხნევა მღვდელმთავარი: "უფალმა გაგაძლიეროთ. ჩვენ თქვენ მოწამედ გთვლით და მართლაც მოწამე ხართ. თქვენი წამება არ მთავრდება... თქვენ თანაზიარნი ხდებით იესო ქრისტეს სისხლისა, ჯვარზე გაკვრისას რომ დასთხია. ქრისტეს სისხლზე უპირატესი რაღაა. ამიტომაც გეტყვით, არ არსებობს მოწამეობაზე დიდი ღირსება. გისურვებთ, რომ თქვენი ღვაწლი დაიბეჭდოს მოწამებრივი სისხლით". მიტროპოლიტმა ბრძანა, - ხანდახან საკუთარ თავს ვეუბნები: საღამოს შეიძლება უთავოდ გიპოვონ არხში ჩაგდებულიო. მამა ეფრემმა ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: "ამინ, ამინ. გისურვებთ მოწამეობას... ღვთისგან დიდი კურთხევაა მოწამეობა. ჩვენი ეკლესია აგებულია მოწამებრივი სისხლით. წმინდა ტრაპეზი დაფუძნებულია მოწამეთა ნაწილებზე და არა მამათა ძვლებზე. დიდია ღირსი ანტონი, დიდი იყო პახუმიც, მაგრამ არც ერთი წმინდა ტრაპეზი, არც ერთი სამსხვერპლო მათ სახელზე არ აუგიათ, - უცნობ მოწამეთა ნაწილს კი ამის პატივი აქვს. *მამა იოსებ ვათოპედელი ჰყვება არქიმანდრიტ იოაკიმეზე (+1947): ღრმა სიბერეს მიღწეულს, ავადმყოფობაც დაემატა და მამა იოაკიმეს ძალიან გაუჭირდა. ერთხელ მძიმედ გახდა ავად და შესაწევნელად, უვერცხლო მკურნალებთან ერთად, წმინდა ხარლამპესაც მოუხმო. წმინდა ხარლამპე გამოეცხადა სარეცელს მიჯაჭვულს და ღიმილით უთხრა: "მამა იოაკიმე, მე 108 წლისა ვიყავი, როცა მაწამებდნენ და დავითმინე. შენ კი პატარა სიცხის დათმენა არ შეგიძლია?" "ეს ასეა, მაგრამ შენ დიდი გვირგვინიც მიიღე". "ღმერთი შენც შეგიწყალებს", - ბრძანა წმინდანმა, გაუღიმა და უხილავი შეიქნა.
*ერთხელ ეკლესიაში რთული სიტუაცია შეიქმნა. მამა პაისი ათონელი გამოსავალს ეძებდა, განსაკუთრებით ევედრებოდა წმინდა დიდმოწამე ეფემიას. წმინდა ეფემია ცხადში გამოეცხადა მამა პაისის, პასუხი გასცა მის შეკითხვებს. მამა პაისიმ ჰკითხა წმინდანს, როგორ ეწამეო. მან კი ბრძანა: "მე რომ მცოდნოდა, რა მელოდებოდა მარადისობაში, რამხელა სიტკბოება სულისა, მაშინ მზად ვიქნებოდი, მთელი ცხოვრება სატანჯველნი დამეთმინაო".
*ახალგაზრდა ბერს, ჰაჯი-გიორგის მოწამეობის სურვილი გაუჩნდა, სამოცი დღე ილოცა, კვირაში ერთხელ იღებდა საზრდელს და მისი აზრით, მზად იყო ასეთი ღვაწლისთვის. კურთხევისთვის წმინდა ილარიონ ქართველთან მივიდა. მან უთხრა: მე ეკლესიიდან არ მიმიღია ნებართვა, ასეთი საკითხები გადავწყვიტო. წადი ბენედიქტე ქართველთან, მოუყევი ყველაფერი და რასაც გეტყვის, აღასრულე, რადგან ის იქნება ღვთისთვის სასურველი და შენთვის სასარგებლოო. როცა მოისმინა, მამა ბენედიქტემ საკუთარი თავის განქიქება დაიწყო: - აქ ამდენ ხანს ცხოვრობ და ამ ყმაწვილივით არც გილოცია და არც გიმარხულიაო. მიხვდა გიორგი, რომ ღირსი მამა მას ამხილებდა თავმაღლობაში. დაემხო მის წინ და შენდობა ითხოვა. მამა ბენედიქტემ უთხრა: "რაც არ უნდა გასწავლო, მაინც არ დამიჯერებ, შენი სურვილის შესრულებას შეეცდები. შეიძლება მოწამეობისთვის გაემზადო, მაგრამ სრულყოფილ მოწამეობას ვერ მიიღებ, დათმენით კი ბევრს დაითმენ, ნამდვილი მოწამეობა მომავალში გეწვევა ათონზე, ახალგაზრდა ძმათაგან, შენს გარშემო რომ შეიკრიბებიანო.
აცხადდა მამა ბენედიქტეს წინასწარმეტყველება. ჰაჯი-გიორგი ვერ ეწამა, ცემით კი გვარიანად სცემეს თურქებმა. აცხადდა მეორე ნათქვამიც: ჰაჯი-გიორგიმ სიბერეში ბევრი რამ დაითმინა თავისი საძმოს ახალგაზრდა ბერთაგან.
*საპრიკი მარხვებს იცავდა, ლოცულობდა, ბევრ სანთოებას აღასრულებდა და ყველას უყვარდა. მის დროს ცხოვრობდა ერთი ქურდი, ცრუ, მრუში და ბოროტმოქმედი, სახელად ნიკიფორე, მას საპრიკის მოკვლა ჰქონდა განზრახული. ერთხელ იმპერატორმა საპრიკი შეიპყრო, ქრისტეს უარყოფა
და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა. საპრიკმა უარი განაცხადა. წამებისას მტკიცედ იდგა. მაშინ იმპერატორმა მისი მოკვდინება ბრძანა. დასჯის ადგილას როცა მიჰყავდათ, გზად ნიკიფორე შეხვდა და უთხრა: - დამნაშავე ვარ. დავინახე, დასასჯელად როგორ გამოგიყვანეს და მოვედი, რათა შენდობა გთხოვოო. საპრიკი პირგამეხებული იდგა. ნიკიფორემ მუხლები დაუკოცნა და თხოვნა გაუმეორა, მაგრამ ის შენდობას არ აძლევდა.
- ძმაო, ახლა შენ თავს მოგკვეთენ, რატომ არ მპატიობ?
- არც ამ სიცოცხლეში და არც იმ ქვეყანაში არ გაპატიებ, - უთხრა საპრიკმა.
როგორც კი ჯალათმა იარაღს ხელი მოჰკიდა, ღმერთმა, ხედავდა რა საპრიკის გულბოროტებას, მისგან ღვთაებრივი მადლი აიღო. მაშინ კი შეშინდა საპრიკი: "რისთვის მკლავ? - შეეკითხა ჯალათს, - ქრისტესაც განვუდგები და თქვენს ღმერთებსაც თაყვანს ვცემო". რა თქმა უნდა, აღარ დაუსჯიათ. ეს რომ ნიკიფორემ დაინახა, იქვე იხილა უფლის ანგელოზი, რომელსაც ხელთ საპრიკისთვის გამზადებული ოქროს გვირგვინი ეპყრა და მისი საქციელით დამწუხრებული იდგა. ნიკიფორე მაშინვე მივიდა ჯალათთან და უთხრა,L- ქრისტიანი ვარ და მწამს ქრისტეო. მერე კი საპრიკს მიუბრუნდა: - შემინდე, ძმაო, და ღმერთიც შეგინდობსო. ჯალათმა თავი მოჰკვეთა ნიკიფორეს და მისი სული ანგელოზებმა სამოთხეში შეაბრძანეს.
*ამ ფრიად საგულისხმო ამბის შემდეგ ერთი საქართველოს და ქართველების დაუძინებელი მტრის ქრისტეს მოწამეობის ამბავი უნდა მოგითხროთ.
დეკანოზი იოანე ვოსტორგოვი - მისი სახელი ჩვენთვის ველიკორუსული შოვინიზმის სიმბოლოდ იქცა - უდავოდ ნიჭიერი ადამიანი გახლდათ, მქადაგებელი, მისიონერი, დაუნდობლად ამხილებდა სექტანტებს და სოციალისტებს. ის მათ მხილებას არც მაშინ მორიდებია, როცა რუსეთი ხელთ ბოლშევიკებმა ჩაიგდეს. ის მაშინ მოსკოვის ვასილი ნეტარის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. ყოველ კვირას კრემლის კედელთან პარაკლისებს იხდიდა და ამხილებდა ბოლშევიკებს. 1918 წელს დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. როცა თხრილის წინ დააყენეს, მამა იოანემ ლოცვის ნება ითხოვა. ნება დართეს. მასთან ერთად სხვა დასახვრეტად გამზადებულნიც დაემხნენ მიწაზე და ლოცვა დაიწყეს. მერე მამა იოანემ თანამოძმენი გაამხნევა, - გწამდეთ ღვთის გულმოწყალების, სამშობლოს აღორძინების, რომლის სიყვარულის გამოსასყიდად მსხვერპლად უნდა შევეწიროთო, და ჯალათს მიმართა, - მზად ვარო. იმავ წამს ტყვიით შუბლგანგმირულმა სული თვისი ჩააბარა უფალს.
წმინდა მღვდელმოწამე თეოდიტე (ხსენება 2 მარტს) ამბობდა: "მე რომ კაცზე დავიმედებულიყავი, ასეთ სატანჯველს ალბათ ვერ გადავიტანდი, მაგრამ ღმერთისა მწამს, თუმცა სხეული იტანჯება, მაგრამ გულისთქმა შეურყეველი რჩება; სატანჯველი უბრალოდ ეჩვენება მათ, ვისაც ღვთის ხელი იფარავს".
*განსაკუთრებულად და უჩვეულოდ ეწამნენ ხატმებრძოლთაგან ძმები - თეოდორე და თეოფანე. ისინი იერუსალიმის პატრიარქმა კონსტანტინოპოლში გაგზავნა მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად. მათ ღირსეულად შეასრულეს დავალება. სამჯერ დაიჭირეს და გაასახლეს, მაგრამ სამივეჯერ დაბრუნდნენ ახალი სატანჯველისთვის. ხატმებრძოლმა იმპერატორმა თეოფილემ ბრძანა, თეოდორესა და თეოფანეს სახეზე ნემსებით სამარცხვინო შინაარსის წარწერა ამოეჩიჩქნათ და იერუსალიმში გაეგზავნათ. რამდენიმე დღე მოუნდნენ სახის მწერალნი საქმეს, სისხლი წყაროსავით სდიოდათ. უთხრეს ჯალათებს: "იცოდეს ყველამ, ვინც ისმენს, რომ სამოთხის მცველნი ქერუბიმნი როცა დაინახავენ ჩვენს სახეზე ამოკვეთილ წარწერებს, გვერდზე გადგებიან და სამოთხეში თავისუფლად შესვლის საშუალებას მოგვცემენ. რამეთუ დღემდე ამგვარად არავინ უწამებიათ. ამ წარწერებს იხილავენ საშინელი სამსჯავროს ჟამს და თქვენ გიბრძანებენ მათ წაკითხვას, რამეთუ ნათქვამია: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე 25,40).
*ლათინთაგან ნაწამები მართლმადიდებლები გავიხსენოთ. მათ მიერ ათონზე მოწყვეტილი ბერების შესახებ ბევრისთვის ცნობილია. მაგრამ ცოტამ თუ იცის კათოლიკე ხორვატების მიერ მოწყვეტილი მართლმადიდებელი სერბი სამღვდელოების წამების ამბავი:
მამა ბარნაბა (ბუჩანი) 1942 წლის 2 იანვარს შეიპყრეს და "შტაბში გადაგზავნეს", გზაში კი მხეცურად მოკლეს. მის სხეულზე დანით მიყენებული 46 ჭრილობა აღმოაჩინეს. მამა პეტრე გუიოვიჩი 1942 წელს კუნოვო არისნიეს ხაროში ჩააგდეს. ხუთი დღე ისმოდა მისი ხმა ჯურღმულიდან - თავის მტანჯველებზე ლოცულობდა. 1941 წელს, როცა სარაევოსა და ბოსნიის სხვა ქალაქებში სერბთა მასობრივი დევნა დაიწყო, ბევრი არწმუნებდა მიტროპოლიტ პეტრეს, დაეტოვებინა კათედრა და სერბეთში გადასულიყო, მაგრამ ის სიტყვას აწყვეტინებდა და ამბობდა: მე მწყემსი ვარ და ჩემი ვალია, სიკეთეც და ბოროტებაც სამწყსოსთან ერთად გავიზიარო. ერთია ჩვენი ჯვარი, ერთია ჩვენი ბედი და მას ჩემს ხალხთან ერთად გავიზიარებო". მეუფე პეტრე უსტაშებმა (ხორვატული პარტია) ზაგრების ციხეში გამოამწყვდიეს, იქიდან საკონცენტრაციო ბანაკში გადააგზავნეს, სადაც წვერი მოჰპარსეს, ჩამოგლიჯეს მანტია და სასტიკად აწამეს. ეპარქიის დატოვება მოსთხოვეს უსტაშებმა ეპისკოპოს პლატონსაც და უარი მიიღეს. 1941 წლის 6 მაისს დააპატიმრეს მძიმე ავადმყოფი მეუფე, დეკანოზ დუშანთან (სუბოტიჩთან) ერთად მხეცურად აწამეს და მდინარეში ჩააგდეს. წყალმა მათი დასახიჩრებული გვამები გამორიყა. სახეზე დარჩენილიყო საზარელი წამების კვალი. ჯალათებმა მას ცხვირი და ყურები მოაჭრეს, დააგლიჯეს წვერი, ტანზე აჩნდა ამოჭრილი, მარილით ამოჭმული ჭრილობები, სამი ნატყვიარისგან დარჩენილი დამწვრობის კვალი. მეუფე საბა კი უსტაშმა ჯალათებმა გაიყვანეს ველზე და იქ განაგრძეს მისი აბუჩად აგდება. ცოცხლად ააგლიჯეს კანი, ჭრილობაზე მარილი დააყარეს. შემდეგ ჩამარხეს მიწაში ისე, რომ მიწის ზევით მხოლოდ თავი დაუტოვეს. მოიტანეს რკინის დაჟანგული ფარცხი და "ხნავდნენ" მის თავზე, სანამ მოწამე არ აღესრულა.
*წმინდა მოწამე ერმილე (ხსენება 13 იანვარს) წამებისას ასე ლოცულობდა: უფალო ღმერთო, პონტოელი პილატეს დროს ტკივილი და ცემა დაითმინე! განმაძლიერე მეც, შენი გულისთვის წამებული, რომ დავითმინო ყოველი, შენი ვნების თანაზიარი ვიყო და ღირსი შევიქმნა შენი საუკუნო დიდებისა. ამ დროს ზევიდან ხმა მოესმა: "ამინ! ამინ! სამი დღის შემდეგ განშორდები სატანჯველს და მათ გამო მრავალი სიკეთე მოგეგება". როცა ხეზე ჩამოკიდეს და დანებით სხეულს უსერავდნენ, ერმილე ლოცულობდა: "უფალო, მაცხოვარო ჩემო, იყავ შემწე ჩემი!" და კვლავ ხმა მოესმა: "ნუ გეშინინ, შენთან ვარ ღმერთი შენი..."
*მრავალი საშინელი სატანჯველის შემდეგ მოწამეებს - კლიმენტის და აღათანგელოზს უარესად ავნეს - ჯერ მხარზე ტყავი ააძვრეს, შემდეგ გავარვარებულ რკინის დაფებზე დააწვინეს და ადუღებული ფისი დაასხეს. მაგრამ ზეციდან გაძლიერებულმა მოწამეებმა დაფებზე, როგორც რბილ საწოლზე, ისე დაიძინეს და იხილეს იესო ქრისტე, ანგელოზებთან ერთად, რომელმაც უთხრა მათ: "ნუ გეშინინ, მე თქვენთან ვარ".
*წმინდა მოწამე პოტამიანა წარმართის მსახური იყო. ბატონის დაბეზღებით დაიჭირეს და ადუღებულ კუპრში ჩააგდეს. წამებისას ერთმა მხედარმა, სახელად ვასილიდმა, მისი დაცვა სცადა გამძვინვარებული ხალხის შეურაცხყოფისგან. სამადლობლად პოტამიანა დაჰპირდა: "სიკვდილის შემდგომ შენთვის ვილოცებ, რომ მოიქცე და ცხონების გზაზე დადგეო". სიკვდილიდან მესამე დღეს პოტამიანა ვასილიდს ძილში გამოეცხადა, თავზე გვირგვინი დაადგა და უთხრა: - მალე შენც ეწამები ქრისტესთვისო. ამ ხილვის შემდეგ ვასილიდმა განაცხადა, - მეც ციხეში ჩამაგდეთ ქრისტიანებთანო. ციხეში მოინათლა და მალე მოწამის გვირგვინით შეიმოსა.
*წმინდა მოწამე პანტელეიმონი ლოცვით უკურნებელ სნეულებებს კურნავდა, ავადმყოფთაგან მხოლოდ ერთს ითხოვდა - იესო ქრისტე ეწამებინათ. იმპერატორ მაქსიმიანეს დროს შეიპყრეს და აწამეს. სერავდნენ წვერწამახული რკინით და მერე ჭრილობას შანთით უდაღავდნენ, ჩააგდეს ადუღებულ ზეთში, შესაჭმელად მხეცებს მიუგდეს, ბორბალზე გააკრეს, ზღვაზე მისი დახრჩობა მოინდომეს, მაგრამ წმინდა მოწამე ყველგან უვნებელი რჩებოდა. ბოლოს, იმპერატორის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს.
*მკითხველი იკითხავს: - ქართველებზე რატომ არაფერს ამბობსო. რომელი ერთი ვახსენოთ: წმინდა რაჟდენ პირველმოწამიდან მოყოლებული ვიდრე მამა ანდრიამდე (ყურაშვილი), მათი მოწამეობა ცალკე ხსენებისა და ვრცლად მოთხრობის ღირსია.
წმინდა ვახტანგ გორგასალმა ანდერძად დაგვიბარა: "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსო". ასეც ვიქცეოდით. "ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზე, როგორც კლდეზე დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით" (წმინდა ილია მართალი).