* 2004 წლის 25 იანვარს, ღამის პირველ საათზე მამა იოანე (კრესტიანკინი) გულმხურვალედ გალობდა აღდგომის საგალობელს:
"აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ქვეყანასა ზედა ღირს გვყვენ წმინდითა გულითა დიდებად შენდა" და ცდილობდა, ყურადღება "წმინდითა გულითაზე" გაემახვილებინა. დაამთავრებდა საგალობელს და ხელახლა იწყებდა. მორჩილი დიდხანს უსმენდა და ელოდა, როდის დაასრულებდა, მაგრამ ღამის გალობა გრძელდებოდა. გადაწყვიტა, შეეჩერებინა მამა იოანე. მივიდა მოძღვართან და რას ხედავს: მას ღრმა ძილით ეძინა და აღფრთოვანებული ძილში აღავლენდა აღდგომის საგალობელს. მორჩილმა, რა თქმა უნდა, ღვთის დიდებისმეტყველება აცალა.
* წმინდა სერაფიმ ვირიცელის სულიერი შვილი მამა ალექსი კაბარდინი 1950 წელს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, 25 წელი მიუსაჯეს და ბაიკალს იქით, საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ პატიმრებს შედარებით შეუმსუბუქეს პირობები, მორწმუნეებს ლოცვის უფლება მისცეს. ზოგიერთ მღვდელს გარედან ოდიკი შემოუგზავნეს და ამის მერე სწირავდნენ კიდეც. და აი, მოახლოვდა 1955 წლის აღდგომის დღესასწაული. მამა ალექსიმ პატიმრები აკურთხა. დაიწყეს სააღდგომო ლიტურგიისთვის მზადება. მთელი ბანაკი ამოძრავდა, კერავდნენ სამღვდელო შესამოსლებს, ხისგან ორი დიდი ბარძიმიც გამოთალეს. ბანაკის უფროსმა პატიმრების აფორიაქების მიზეზი იკითხა. დაამშვიდეს, - ამაღამ აღდგომის დღესასწაული დგება და ხალხიც ემზადებაო. წირვის წინ ყველაფერი საოცრად შეიცვალა. გამოჩნდნენ უბრალო სამღვდელო სამოსლით შემოსილი მღვდლები და ლოცვაც დაიწყო. როცა შუაღამისას, თორმეტის ნახევარზე იგალობეს, სასწაული მოხდა: უზარმაზარი ზვირთი ნაპირს ხმაურით მოასკდა და ლიტურგიაზე ღია ცის ქვეშ შეკრებილი ხალხი გაწუწა - აინთო სანთლები და გარშემო ყველაფერი გაკაშკაშდა. ზუსტად თორმეტ საათზე მღვდლებმა გალობა დაიწყეს: "აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ..." უამრავმა ადამიანმა აიტაცა სააღდგომო საგალობელი, რომელსაც ტყემ ექო მისცა. ხალხი ცრემლს ვეღარ იკავებდა.
მამა ალექსიმ პირველმა დაიძახა: "ქრისტე აღსდგა!" "ჭეშმარიტად აღსდგა!" - უპასუხეს ერთხმად. ტყემ ბანი მისცა და უამრავი ჩიტიც აფრინდა ცაში. ისინი ხალხს თავს დასტრიალებდნენ და მათთან ერთად ხარობდნენ. დაიწყო ლიტურგია, ვისაც სურდა, ეზიარა. მამა ალექსიმ წაიკითხა წმინდა იოანე ოქროპირის ცნობილი ქადაგება და შემდეგ უკვე ჯვარს ეთაყვანნენ. პირველი ქრისტიანების გარდა, ალბათ იშვიათად თუ ყოფილა ასეთი წრფელი და სიხარულის მომგვრელი წირვა. ერთმა პატიმარმა, რომელიც რევოლუციამდე ჟურნალისტობდა და მრავალ ქვეყანაში იყო ნამყოფი, მამა ალექსის უთხრა: - აღდგომის დღესასწაულზე ვყოფილვარ იერუსალიმში, კონსტანტინოპოლში და სხვა კურთხეულ ადგილას, მაგრამ ისეთი მადლი, როგორიც დღეს ვიგრძენი, არსად და არასდროს მიგრძნიაო.
* ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებას ადასტურებს მრავალი მაგალითიც ქრისტიანთა მკვდრეთით აღდგომისა.
დიდი მამა იყო წმინდა სვიმონი, გარეჯის წინამძღვარი. მაგრამ ისიც კი, რა თქმა უნდა, არ იყო ბოლომდე სრულყოფილი. როდესაც გარდაიცვალა, ერთი საათის შემდეგ გაცოცხლდა და მაშინვე მთელი თავისი ქონება გარეჯის მონასტრებს გაუყო "საწირავად და სალოცავად სულისა თვისისა". ერთი კვირის შემდეგ, თავისი და მონასტრის საქმე კეთილად რომ განაგო, მიიცვალა მამა სვიმონი.
წმინდა სვიმონის თანამედროვე გახლდათ წმინდა სერაპიონ გარეჯელი. ერთხელ ეკლესიაში მლოცველ მამა სერაპიონთან მივიდა ბერი და აუწყა: - ავადმყოფი ძმა სიკვდილისა პირსაა, ყველა მამა მასთან არის და შენი ნახვა უნდაო. მამა სერაპიონი ზეცად იყო ამაღლებული გონებით და არაფერი მიუგო. ახლა სხვა ბერი მივიდა და თხოვნა გაუმეორა. "წადი, შვილო, და მეც მოვალო". კიდევ დაჰყო ლოცვაში ერთი საათი. ავადმყოფი ძმა მის უნახავად გარდაიცვალა. როცა ლოცვა დაამთავრა, აიღო კვერთხი და მოხუცებულის ნელი ნაბიჯით წავიდა ბერთან. გზად შემოყრილმა მონაზონმა უთხრა: - ტყუილად ნუ დაიღლები, მამაო, მოკვდა ის ძმაო. მამა სერაპიონს ძალზე ეტკინა გული, მიბრუნდა ეკლესიაში, დაემხო ტრაპეზის წინ, "შუბლსა ქვეყანად სცემდა" და მრავლითა გოდებითა იტყოდა, ვითომ თვითონ ყოფილიყო ბერის სიკვდილის მიზეზი. როცა ღვთისგან პასუხი მიიღო, დამშვიდდა და წავიდა მიცვალებულის სენაკში, რომელსაც, წესისამებრ, დასაკრძალავად ამზადებდნენ. შევიდა სერაპიონი "ადუღებულის გულით" და მიმართა სახელით გარდაცვლილ ბერს. გარდაცვლილმა პასუხი გასცა. მამა სერაპიონმა ჰკითხა: - როგორ ხარ, ძმაოო. დიდად ავად ვარ, მამაო წმინდაოო. მამა სერაპიონი ჩაეკითხა: - ქრისტეს მადლით რომ გამოჯანმრთელდე, უკეთესად იცხოვრებ? ბერი დათანხმდა. საოცარი იყო სახილველად. მკვდრეთით აღმდგარი ბერი სნეულებისგან განიკურნა. ერთი წელი კიდევ იცოცხლა, უკეთესად მოღვაწეობდა და წლის თავზე მშვიდობით მიიცვალა.
* ერთი მეძავი გზად უცნობ დედაკაცს გადაეყარა, რომელსაც ხელთ გარდაცვლილი ვაჟი ეპყრა. უბედურმა დედამ, მწუხარებისგან რომ არ იცოდა, რა ექნა, გარდაცვლილი შვილი ცოდვილის ფერხთით დააგდო და - გამიცოცხლეო, - შეღაღადა... გაოგნებულმა მეძავმა იქვე აღიარა თავისი ცოდვები და თქვა: - მე ასეთი სასწაულის მოხდენის ღირსი არა ვარ. არც იმისა, ზეცად აღვიხედო და ჩემი ცოდვილი ბაგეებით ღმერთს შევღაღადოო. მაგრამ საცოდავი დედა არ ცხრებოდა, ეგონა, ამას თავმდაბლობით ამბობსო და თხოვნა გააორმაგა. მაშინ ცოდვილი დედაკაცი მიწაზე დაემხო, ღვთის მოწყალებისთვის თავს უღირსად თვლიდა, ლოცულობდა, ღმერთს შეეწყალებინა დამწუხრებული დედა, ენუგეშებინა. ჰოი, საოცრება! მონანული და სულიერად მკვდრეთით აღმდგარი ცოდვილის ლოცვამ ზეცამდე ააღწია და დედას შვილი გაუცოცხლდა. ორივე დედაკაცმა ერთად ადიდა ღმერთი, რომელიც იწირავს ცოდვილის სინანულს.
* ამ ამბავს თავადი ნიკოლოზ ჟევახოვი (წარმოშობით ჯავახიშვილი, +1947) მოგვითხრობს. მღვდელ ალექსი გნეკუშზე (+1848) წმინდა სერაფიმ საროველი ამბობდა: აი მუშაკი, რომელსაც მონაზვნობის აღთქმა არა აქვს აღებული, მაგრამ ბევრ მოსაგრეზე წინა დგას და ვარსკვლავივით ბრწყინავს ქრისტიანულ ცის კაბადონზეო.
მის მრევლში ერთი თორმეტი წლის ბიჭი გარდაიცვალა. ბავშვს ყველა ანგელოზად თვლიდა. დაკვირვებულნი იყვნენ, როცა რომელიმე ქოხში ჩხუბი და ცემა-ტყეპა ატყდებოდა, ეს პატარა ბიჭი მივიდოდა იმ სახლში, დადგებოდა ზღურბლზე და თავისი მშვენიერი თვალებით ისეთ სიმშვიდეს მოჰგვრიდა მათ, რომ წამში ყველა ჩუმდებოდა. ამიტომაც დაარქვეს ანგელოზი. ის ყველას უყვარდა, ყველა შვილად თვლიდა.
ერთხელ ერთი დღესასწაული კაცების ჩხუბით დამთავრდა. ბიჭი ამ პერიოდში ავად გახდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამან შეძრა მთელი სოფელი, ყველა თავს დამნაშავედ თვლიდა. კაცებიც დედაკაცებივით ტიროდნენ. მთელი კვირა არ მარხავდნენ, სანამ გარდაცვლილს სხეულის გახრწნის ნიშნები არ გამოაჩნდა. მიასვენეს ეკლესიაში. მამა ალექსი ამ დროს საკურთხეველში იდგა, ხელებაპყრობილი მთელი ტაძრის გასაგონად ღმერთს შეღაღადებდა და ბავშვის გაცოცხლებას სთხოვდა: - ღმერთო, ყრმის უკანასკნელი ამბორისყოფა არ შემიძლია მწუხარებისგან, შეიწირე მონანული ხალხის ვედრება, მოხედე მშობლების ტანჯვასო... ასე გაგრძელდა ერთხანს, მერე უეცრად მამა ალექსი მუხლებზე დაეცა ტრაპეზის წინ, ხმამაღლა აქვითინებულმა წარმოთქვა: - ასე, უფალო, ასე, აღადგინე ეს ყრმა მკვდრეთით, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, ამას ხომ თავმდაბლობით გთხოვ და არა ამპარტავნული კადნიერებითო.
უეცრად წმინდა ტრაპეზის წინ მოქვითინე მოძღვრის პასუხად ელვა და საშინელი გრუხუნი გაისმა, ეკლესიიდან ხალხის ყვირილი შემოესმა, მოიხედა მამა ალექსიმ და კუბოში წამომჯდარი ბიჭი იხილა, აქეთ-იქით რომ იცქირებოდა. მამა ალექსიმ მუხლი მოიდრიკა და ღმერთს ტირილით მადლობა შესწირა. მერე კი დიაკონზე დაყრდნობილი კუბოსთან მივიდა, ბიჭს ხელი მოჰკიდა და საკურთხეველში შეიყვანა. დასვა პატარა სკამზე და რადგან თვითონ ფეხზე დგომა აღარ შეეძლო, მუხლებზე დამხობილმა აზიარა წმინდა საიდუმლოს. მერე კი მშობლებს გადასცა გაცოცხლებული შვილი. სამადლობელი პარაკლისის შემდეგ სკამზე ჩამომჯდარი მოძღვარი ასევე წაიყვანეს შინ, რადგან აღელვებულს სიარული არ შეეძლო. ამ ამბის შემდეგ მამა ალექსიმ სამი წელიღა იცოცხლა, ბიჭმა - ექვსი წელი და თვრამეტი წლისა გარდაიცვალა.
* ერთი ერეტიკოსი, სახელად იერაკიტე (ერთგან წერია, რომ ის ეპისკოპოსი გახლდათ), ქადაგებდა, მიცვალებულები არ აღდგებიანო. ამით ეგვიპტეში მრავალი ძმა აღაშფოთა. ერთხელ მრავალრიცხოვან ერთან ერთად მამა მაკარის ეწვია და სარწმუნოებაზე პაექრობა დაუწყო. დასცინოდა ღირსი მამის უბრალოდ ნათქვამ სიტყვებს. მამა მაკარმა შეამჩნია, რომ ძმებმა სარწმუნოებაში ყოყმანი დაიწყეს და ერეტიკოსს უთხრა: - რა სარგებელია კამათისგან, რომელიც უფრო აეჭვებს ძმებს, ვიდრე რწმენაში განამტკიცებს? წავიდეთ სასაფლაოზე და ვისი ლოცვითაც უფალი მკვდრეთით აღადგენს ერთ ჩვენს ძმათაგანს, მისი რწმენა იყოს მართალიო.
ძმები დათანხმდნენ და საფლავებთან მივიდნენ. იერაკიტემ უთხრა ღირს მამას: - პირველად შენ გააცოცხლე მკვდარი, რადგან შენ თვითონ მოინდომე ასეთი გამოცდაო. ღირსმა მამამ აღაპყრო ხელნი ზეცად და შეჰღაღადა: - უფალო, შენ თვითონ გამოაჩინე, ვისი სარწმუნოებაა მართალი. ისე ჰქენი, რომ ერთ-ერთი მიცვალებული გაცოცხლდესო.
ილოცა ამგვარად, მერე მივიდა და ერთ-ერთ, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ძმას დაუძახა. მიცვალებულმა მაშინვე უპასუხა. ბერები ეცნენ და გათხარეს საფლავი, გახსნეს სახვევები და გაცოცხლებული ძმა საფლავიდან ამოიყვანეს. იერაკიტეს თავზარი დაეცა და ეგვიპტე დატოვა.
* წმინდა პართენ ლამფსაკიელმა ეპისკოპოსმა (IVს.) მეფის თანხმობით ეკლესიაში წმინდა ტრაპეზის შეცვლა და ხის მაგივრად ქვისგან გაკეთება გადაწყვიტა. ერთ დანგრეულ საკერპოში ლამაზი და დიდი ქვა იდო. ამ ქვის დამუშავება დაავალა გამოცდილ ოსტატებს. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ქვა ეკლესიაში წაიღეს. გზაში საზიდარში შებმული ჯორები გაცოფდნენ, საზიდრის პატრონმა ევტიქიმ ვეღარ შეაჩერა ცხოველები. ჭიდილში გადმოვარდა, ურმის ბორბლებქვეშ ჩავარდა და მაშინვე მოკვდა. ეს რომ წმინდა პართენმა შეიტყო, უმალ უბედურების ადგილას მივიდა. გაჭყლეტილი ევტიქი შეეწყალა, დაემხო მუხლებზე და ღმერთს მეეტლის გაცოცხლება სთხოვა. ლოცვა დაასრულა თუ არა, მიცვალებულმა ხალხის გასაგონად წამოიწაძახა: "დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მიცვალებულის ცხოვრების დამბრუნებელო" და სრულიად განკურნებულმა ქვა მშვიდობიანად მიიტანა ეკლესიაში. ამის მერე ლამფსაკიელ ექიმებს საქმე გამოელიათ. თუ ვინმე ავად გახდებოდა, წმინდა პართენთან მიჰყავდათ და მისი ლოცვით ყველა იკურნებოდა.
* წმინდა დონატის ეპისკოპოსობის დროს ერთი ქალი დაქვრივდა. მის მწუხარებას მალე მეორეც მიემატა: ერთმა უკეთურმა მევახშემ ოდესღაც ქალის ქმარს ვალის დაბრუნების ხელწერილი უკან არ მისცა და მისი გარდაცვალების შემდეგ საცოდავ ქვრივს ხელმეორედ სთხოვდა ვალს - თუ ფულს არ მომცემ, მკვდარს არ დაგამარხვინებო. საცოდავმა ქალმა წმინდა მღვდელმთავარს შესჩივლა თავისი გასაჭირი. "დარწმუნებული ხარ, რომ ვალი გადახდილია?" - ჰკითხა ეპისკოპოსმა. "ნამდვილად ვიცი, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაუხადა, მაგრამ ხელწერილი უკან არ გამოურთმევია", - უპასუხა დაღონებულმა ქალმა. ეპისკოპოსმა მევახშე დაიბარა და მოსთხოვა, ქვრივს თავი დაანებეო. მევახშე ჯიუტად ითხოვდა "თავის" ფულს და მღვდელმთავარს შეურაცხყოფდა კიდეც. მაშინ მღვდელმთავარმა ის ქვრივის სახლში წაიყვანა. გარდაცვლილს ხელით შეეხო და უთხრა: "გესმის ჩემი, კაცო?" მიცვალებული იმ წამსვე გაცოცხლდა და თქვა: "მესმის, მეუფეო, რა გნებავთ?" "ადექი და მითხარი, რა ვუყოთ შენს მევალეს, შენი დაკრძლავის ნებას არ გვაძლევს. ამბობს, ვალი არ გადაუხდიაო და შენს ხელწერილს აფრიალებს". გაცოცხლებულმა კაცმა მკაცრად შეხედა მევახშეს, ამხილა სიცრუესა და უსამართლობაში. მიუთითა - სად და ვისთან ერთად გადაუხადა ვალი. მევახშე დამუნჯებული უცქერდა. კაცმა ხელწერილის დაბრუნება მოსთხოვა. დაბნეულმა მევახშემ გრაგნილი გაუწოდა. კაცმა დახია და მერე მღვდელმთავარს მიმართა: - კარგი ქენი, მეუფეო, რომ ამ ცოდვილის სამხილებლად გამაღვიძე; მიბრძანე ახლა, რომ საუკუნოდ დავიძინოო. "წარვედ, შვილო, და განისვენე!" - უთხრა წმინდა პართენმა და კაცმაც უკვე საუკუნოდ შეისვენა.
* თურმე წმინდა მაკარი ეგვიპტელთან ერთხელ ერთი ქვრივი დედაკაცი მივიდა და შესჩივლა, - ჩემმა ქმარმა გირაოდ რაღაც ნივთი აიღო და შეინახა. ისე უცაბედად გარდაიცვალა, რომ მისი ადგილსამყოფლის გამჟღავნება ვეღარ მოასწროო. წმინდა მაკარი გარდაცვლილის აკლდამასთან მივიდა, გაახსნევინა კუბო და გარდაცვლილს ჰკითხა, სად შეინახე ნივთიო. მიცვალებულმა ადგილი მიუთითა. წმინდა მაკარმა უთხრა, - კვლავ მიიძინე, შვილო, ახლა უკვე ვიდრე საყოველთაო აღდგომამდეო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი