ქართული ამბები
ახლაც დიდი კრძალვით იხსენებენ მარტყოფელები არქიმანდრიტებს გერმანეს (იაშვილს) და ხარლამპეს (ხომასურიძეს).
როცა ისინი სოფლის ქუჩებში მოდიოდნენ, დედები შვილების სამოსს გამოიტანდნენ და დაფენდნენ, იქნებ მათი ჩრდილი მაინც მოხვდეს და იკურთხოსო. რამდენჯერ ჩამოუყვანიათ მამა ხარლამპე მარტყოფის მონასტრიდან სოფელში წესის ასაგებად ისე, რომ მის უკან დასაბრუნებლად არ უზრუნიათ. ღირსი მამა თავმდაბლად, სულგრძელად გაჰყოლია წელამდე თოვლში გზას. 1934 წელს კომუნისტებმა მონასტერი ხელახლა რომ დაარბიეს, ღირს მამა გერმანესთვის სამღვდელო სამოსი გაუხდიათ, ცალ მხარეს წვერი ჩამოუპარსავთ. ბერს ერთი სამდურავიც არ დასცდენია. როცა ეკლესიას ზარი ჩამოხსნეს, მამა გერმანეს არც ამაზე უთქვამს საყვედური, ეგღა უწინასწარმეტყველებია, - დრომ მოიტანა, ეკლესიებს რომ არბევენ, აბუჩად იგდებენ და ეს არავის შერჩებაო. ყოველგვარი შევიწროების მიუხედავად, ღირს მამას თავისი ადგილსამყოფელი არ მიუტოვებია და უწყვეტლივ აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
* * *
მრავალი ტანჯვა გამოიარა მართლაც წმინდა პატრიარქმა კალისტრატემ. დიდი ხნის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. სამღვდელოებას თავის ბინაში იღებდა, სადაც მისი კანცელარია იყო. ყოველგვარ უფლებას იყო მოკლებული, ბოლშევიკებმა ქალიშვილიც დაუპატიმრეს და გადაუსახლეს. მისი დახმარებაც ვერ შეძლო. დიაკვან ამბროსის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ პატრიარქისთვის უკითხავს, - როგორ შეგეძლოთ ჩუმად ყოფილიყავით, როცა იცოდით, სად ვიყავით და როგორ გვექცეოდნენო. მაშინ პატრიარქმა დაუჩოქა თურმე - შემინდეო. "წარმოდგენა არ მქონდა, - ამბობდა მამა ამბროსი, - რომ პატრიარქი ისეთივე უუფლებო ტუსაღი იყო, როგორიც ჩვენ, ოღონდ მავთულხლართის გარეთ... ის წამება, რომელიც ძიებისა და პატიმრობისას გადავიტანე, დამავიწყდა. ის კი, პატრიარქმა რომ დამიჩოქა, დღემდე გულს მითუთქავსო".
* * *
ვაჟკაცის სულგრძელობა იქ ჭრის, სადაც სხვები დაბეჩავებულნი არიან. 1755 წელი იდგა. ომარ-ხანი დიდი ლაშქრით გადმოვიდა კახეთს და ყვარლის ციხეს შემოადგა. შეწუხდნენ ციხეში გამოკეტილი კახელები, მტერმა წყალი მოუჭრათ, ტყვია-წამალიც შემოაკლდათ და თითქმის განწირულნი იყვნენ. ციხეში იყო ჭაბუკი დავით ლარაძე, რომელიც, რაც შეეძლო, ამხნევებდა ხალხს, მაგრამ ყველა ძალა რომ გამოელია, უთხრა: ნუ ჭმუნავთ, ძმანო ჩემნო, ჩემს სისხლს დავათხევ თქვენ, ქრისტიანებისთვის. ამაღამ წავალ და ღვთის მადლით, წყალს გიშოვითო. როცა წყვდიადი დაეშვა, დავითი ციხიდან გადმოძვრა და მივიდა იმ ადგილას, სადაც წყალი მოეჭრა მტერს. ავარიის ხანს აქ მცველად 12 კაცი დაედგინა. უშიშრად შევიდა მტრის ბანაკში, მცველნი ხანჯლით დახოცა და წყალი ციხეზე მიუშვა. გაიხარეს ციხოვნებმა, განმხნევდნენ და სიხარულით აღივსნენ. დავითი წავიდა მეფესთან და ყვარლელთა გასაჭირი ამცნო. გამოარჩიეს ორასი მხნე ვაჟკაცი, გაატანეს ტყვია-წამალი და გაგზავნეს ციხის მისახმარებლად... ერთი კაცის სულგრძელობამ მრავალი იხსნა დაღუპვისაგან.
* * *
ერთხელ ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ერეკლემ თავის ლაშქარს ნადიმი გაუმართა. სუფრასთან ჯარისკაცნი, ეტყობა, თემ-თემად ისხდნენ. მეფემ თეკლა-ბიჭს უბრძანა: - წადი, მერიქიფეს დოქი ჩამოართვი და ფშავლებს ღვინო სათითაოდ შენი ხელით დაალევინეო. თეკლა ბატონიშვილს ბიჭს სიმამაცის გამო ეძახდნენ. ვაჟკაცს არ ჩამოუვარდებოდა ჯირითსა და თოფის სროლაში. ადიდებულ არაგვში ისე შეაგდებდა ცხენს, ფონს ძებნას არ დაუწყებდა. ჰოდა, ასეთი მამაცი ქალიშვილი მეფემ ფშავლების "სამსახურში" ჩააყენა. ჯერ ერთი, ისინი ერეკლეს "უნჯი ყმანი" იყვნენ, მეორეც - ერეკლე ფშავში გაიზარდა და იქაურები განსაკუთრებით უყვარდა.
თეკლა-ბიჭმა იმწამსვე შეასრულა მამის ბრძანება. შეზარხოშებულ ჯარისკაცებს დაავიწყდათ თავიანთი თავიც და მასპინძელიც. დაიწყეს ფშაურად სიმღერა. მოაყოლეს კაფიები. სხვათა შორის, ერთმა მეორეს შეუმღერა:
"ღვინოს გვირიგებს ბოგუნი,
შამეჭინჭრება მე გული".
"ბოგუნს" თეკლას ეძახდნენ. ბატონიშვილმა ძალიან იწყინა და ერეკლეს უთხრა: შენმა საქებარმა ფშავლებმა შეურაცხმყვესო. ერეკლეს "პირმა შასცინა".
- ნუთუ ეგ გწყინს?! - ჰკითხა ღიმილით, - ჩემო თეკლავ, განა ეგ იმედი მაქვს შენი? ნუთუ ეგრე სულმოკლეცა ხარ? ფშავლები არიან, რა ვუყოთ, მაგათი წესი ეგ არის. დამშვიდდი.
თეკლა-ბიჭი დამშვიდდა, ხოლო მერიქიფობა აღარ გააგრძელა.
ვაჟა-ფშაველა ამბობს მეფე ერეკლეს სულგრძელობაზე: "ეხლანდელი იუნკერიც არ იკისრებს, თავის ტოლ-ამხანაგ იუნკრებს დაუყენოს თავისი ქალი მერიქიფედ, განაღამც თავის ქვეშევრდომ "სალდათებს" და თუ მსგავსად შეურაცხყვეს, მოითმინოს. ორის გოჯის სიმაღლეზე გაკეთებულ ქანდარითგან არ იკისრებს დაბლა ჩამოსვლას, განაღამც იალბუზის წვერიდგან პირდაპირ უფსკრულში გადმოხტეს. მაგრამ განა ყველა გმირია?!
დიახ, დიდებულმა გმირმა მეფემ იკისრა მწვერვალიდგან დაბლა ჩამოსვლა და ვინ იცის, სხვა რამდენს კისრულობდა (მოიგონეთ, ტოტლებენს რომ დაუჩოქა) მხოლოდ იმ განზრახვით - ერი გაეერთგულებინა და ამით საქვეყნო საქმე კეთილად წარემართა. შეიძლება ეს მაღლიდან დაბლა ჩამოსვლა ბევრჯელ ბევრში ვნებდა, მაგრამ რომ ბევრ შემთხვევაში გამოსადეგიც იქნებოდა, ეს უეჭველია".
მართლაც ცოტა თუ მოიძებნება ერეკლესავით სულგრძელი ადამიანი, მეფე, რომელსაც უბრალო გლეხი (იმედა რაზიკაშვილი) შეჰკადრებდა: ორი შენი თქვი, მეფეო, და ერთი ჩემი მოისმინეო.
* * *
ავაგ ათაბაგი ჩაღატა ნოინმა ბათო ყაენთან გაგზავნა. გაუდგნენ "ქართველთა ნათესავისგან უვალსა გზასა". ავაგს თან ახლდა თავისი ეჯიბი დავითი, ივანე ახალციხელის ძე. როცა ბათოს სამყოფელს მიუახლოვდნენ, დავითმა ბატონს უთხრა, - უცხო ადამიანებთან მოვედით და არ ვიცით, რა გველის. გირჩევ, მოდი, მე ბატონად გავასაღებ თავს და შენ ვითომ ჩემი მონა ხარო. თუ შენი მოკვლა ენდომებათ, მაშინ მე მომკლავენ, ბატონს თუ მოკლავენ, არა მგონია, მსახურიც ზედ მიაყოლონო. დიდი ვედრებით და იძულებით დაარწმუნეს ავაგი, რომ ასე მოქცეულიყო. ბატონივით წინ წავიდა დავითი და ყაენის წინაშე წარდგა. ყაენი მათ დიდი პატივით დახვდა. ეს რომ ნახეს, ერთხელაც ავაგი წინ გაუძღვა დავითს. გაუკვირდა ყაენს მისი საქციელი: - მაგდენი არ იცი, რომ ეგ შენი პატრონია, წინ რას დასდგომიხარო? დავითმა ღიმილით უთხრა: - დიდო და გამარჯვებულო ხელმწიფეო! ეგ არის პატრონი და მე ვარ მონა მაგისიო. ყაენი განცვიფრდა, ტყუილის მიზეზი ჰკითხა. ეს იმიტომ ვქენი, არ ვიცოდით, როგორ მოგვექცეოდი. თუ მოკვლა გენდომებოდა, მაშინ უპირველესად მე მოვკვდებოდი და არა ჩემი პატრონიო, - მიუგო დავითმა. მაშინ ყაენმა ბრძანა: - თუ ქართველთა ნათესავი ეგეთი არის, ვბრძანებ, ვინც მონღოლთა მორჩილებაში არიან, უმჯობესი და უწარჩინებულესნი იყვნენ. მონღოლ მხედართა თანაბრად შეირაცხონ, მიეცეთ მამული და საქონელი, და ყოველსა შინა მისანდოდ იყვნენო. დაწერეს ბრძანება და გაგზავნეს ყარაყორუმს და ხატაეთს. ეს ბრძანება "აქამდე იყავნო", - ბრძანებს ჟამთააღმწერელი. აი რამდენი ქნა ერთი კაცის სულგრძელობამ.
* * *
მამა გაბრიელი (ურგებაძე) თბილისში ერთ მონაზონთან ერთად მიდიოდა. მეტროს რომ მიუახლოვდნენ, რაც ფული ჰქონდა, ჯიბიდან ამოიღო და მონაზონს გადასცა. უამრავი ხალხი იყო და ვაგონში ძლივს შევიდნენ. როგორც სჩვეოდა, სიყვარულზე დაიწყო ქადაგება. ცოტა ხნის შემდეგ მონაზონი ხედავს, რომ ვიღაც კაცი მამა გაბრიელს ჯიბეში ხელს უყოფს. ქურდს ჩუმად უთხრა: - რას შვრები, არ გეშინიაო? ქურდმა თვალები დაუბრიალა. მონაზონმა უბნის ქურდი იცნო. უცებ მამა გაბრიელი ქურდს გადაეხვია, აკოცა და დალოცა. უნდა გენახათ, ამხელა კაცი როგორ იყო გახარებული, გაიძახოდა: "მამაომ დამლოცა, მამაომ დამლოცა". საწყალი ძლივს ჩაიყვანეს შემდეგ სადგურზე. ასეთი იყო მამა გაბრიელი, შემწყნარებელი და სულგრძელი თავისი საყვარელი უფალივით.