წინ დაგიდგები და მლანძღე, ხმამაღლა, დიდხანს, სანამ არ დაიღლები, სანამ სათქმელი აღარაფერი დაგრჩება
* იმპერატორ არკადის კარის ერთი გავლენიანი დიდებული, სახელად ევტროპი, ცდილობდა, მეფე დაეყოლიებინა
წმინდა კონსტანტინე დიდისეული ბრძანების გაუქმებაზე. ამ ბრძანების მიხედვით, რაიმე დანაშაულში მხილებულს შეეძლო, თავი ეკლესიისთვის შეეფარებინა. ამის შემდეგ მას ვერ დასჯიდნენ, თავად კი ეკლესიაში სინანულით ჩამოიბანდა ცოდვებს და ღვთისმოშიშად გააგრძელებდა ცხოვრებას. წმინდა იოანე ოქროპირი წინ აღუდგა საეკლესიო საქმეებში ევტროპის ჩარევას და ბევრი წყენაც შეხვდა. მაგრამ მალე ევტროპის რაღაც მძიმე დანაშაული დააბრალეს და სიკვდილით დასჯა განუჩინეს. სასოწარკვეთილმა თავშესაფრის კანონით ისარგებლა. მღვდელმთავარმა ხელი კი არ ჰკრა საეკლესიო წესთა დამრღვევს, არამედ ისეთი ქადაგება წარმოთქვა ადამიანთა ცხოვრების ამაოებაზე, რომ ყველას სინანული აღუძრა ევტროპის მიმართ.* ორი ვაჭარი დიდხანს მტრობდა ერთმანეთს. ერთხელ ერთი მათგანი დაემორჩილა ღვთის ხმას, სინდისს და მტრების დამეგობრება გადაწყვიტა. მყიდველებს მტერთან უშვებდა - ეგ საქონელი არ მაქვს, იმას უფრო იაფად აქვსო... ამ საქციელმა ისე შეძრა მოწინააღმდეგის გული, რომ მშვიდობის მოსურნეს მთელი გულით მიუტევა.
* წმინდა მოსე ოპტელი ძმათა სიყვარულით და სულგრძელობით ბაძავდა წმინდა მოსე შავს, რამდენიმე ათეული წელი ზრუნავდა ოპტელი ბერების სულისთვის და მრავალიც მოაქცია სინანულად.
ერთხელ ოპტაში ერთი მსახურებიდან დაყენებული არქიმანდრიტი გამოგზავნეს. მამა მოსემ, როგორც წინამძღვარმა, სიყვარულით მიიღო ის და ჰკითხა: რა ბრძანებითაც გამოგგზავნეს, თუ იციო. რა თქმა უნდაო და დასძინა, - მიჭირს საქვეყნოდ გამჟღავნება, რომ წირვა აკრძალული მაქვსო. წმინდა მოსემ დაამშვიდა: - მოდი ასე მოვიქცეთ: როცა შენი წირვის კვირა დადგება, უარი თქვი, ავადმყოფობა მოიმიზეზეო.
მართლაც, მეორე კვირას მნათემ მამა მოსეს ჰკითხა: - რას გვაკურთხებ, ვინ სწიროსო.
რახან ჩვენთან არქიმანდრიტი გამოუშვეს, არსობის პურიც უნდა გამოიმუშაოს. სთხოვე, სწიროსო.
დიდი სიამოვნებითო, - შეუთვალა მნათეს პირით არქიმანდრიტმა, - უარის თქმას როგორ გავბედავ, მაგრამ გულის ავადმყოფობა მჭირს, ვმკურნალობ და ვერ შევძლებ მსახურებასო.
ამგვარად, საიდუმლოც დაფარა და მოყვასის თავმოყვარეობაც არ შეილახა. მხოლოდ მამა მოსეს გარდაცვალების შემდეგ შეიტყვეს ოპტელებმა ეს ამბავი. როცა არქიმანდრიტს სასჯელი მოუხსნეს და მან მამა მოსეს სიკვდილი შეიტყო, ჩავიდა ოპტაში პანაშვიდის გადასახდელად. ღირს მამას ისე დასტიროდა, როგორც ღვიძლი შვილიო, - ამბობდნენ.
* ერთი მღვდელმონაზონი მამა მ. მძიმე ცოდვას მიეჩვია. გონს რომ მოვიდა, მოძღვართან მივიდა. მან უბრძანა, - მონასტერი დატოვეო. სასოწარკვეთილი მამა მ. უფრო მიეცა ცოდვას. მერე მთლად განადგურებული მამა მოსესთან მივიდა - წინამძღვარო, შენთან ცოდვილები თუ შემოდიანო. მოძღვარი გამოვიდა, შეხედა - კაცი ამ ქვეყანაზე აღარ იყო. უთხრა:
- კი, შემოდიან, თუ ცოდვილს სწამს და ინანიებს. შენ გწამს, ანდა ინანიებ?
- მწამს და ვინანიებ, - უპასუხა მღვდელმონაზონმა.
- რახან გწამს, მაშინ ერთად ვილოცოთ.
აცრემლებულმა მამა მოსემ მუხლი მოიდრიკა ხატების წინ, მამა მ-ც გვერდით დაიყენა და საოცარი, მხურვალე ლოცვა წარმოთქვა. ატირებული მამა მ. პირქვე დაემხო.
- ახლა კი წარვედ მშვიდობით, - უთხრა წინამძღვარმა.
- როგორღა ვიმსახურო? - ჰკითხა მღვდელმონაზონმა.
- ხომ გითხარი, წარვედ მშვიდობით და იმსახურე!
- ეს როგორ, ცოდვა?
- მე ვიღებ ჩემს თავზე შენს ცოდვას. წადი და იმსახურე!
მამა მოსე ქალწული იყო, მაგრამ დაცემული მოძმის უმძიმესი ცოდვა იტვირთა. მამა ამ ამბის მერე სრულიად გამოსწორდა.
ეს მამა მ., სანამ გამოსწორდებოდა, ერთხელ ქალაქში წავიდა. ცოდვის ქმნისთვის ფული არ ჰყოფნიდა და თავისი პარმანდი დააგირავა (პარმანდი - ოთხკუთხა ქსოვილია, რომელზეც ქრისტეს ჯვარცმაა გამოსახული და აწერია მოციქულის სიტყვები: "სხეულით მიტვირთავს ჩემი უფლის წყლულები". პარმანდი ბერის სამოსის ნაწილი იყო). პარმანდის მოხსნა კი იგივეა, თითქოს ჯვარი მოგიხსნია კისრიდან. გლახაკებმა ეს შეიტყვეს და მამა მოსეს უთხრეს. მან პარმანდი გამოისყიდა ისე, რომ არაფერი უთქვამს მამა მ-ისთვის. დიდხანს ჰქონდა მამა მოსეს პარმანდი და დუმდა. ერთხელ მამა მოსეს ღირსეული მღვდელმონაზვნებისთვის დასარიგებლად ბრინჯაოს ჯვრები გამოუგზავნეს. მან ყველას მისცა ჯვარი მამა მ-ის გარდა. ის კი აბუზღუნდა - ჯვრის გარეშე რატომ დამტოვეო.
ახლავე ჯვარს გამოგიტანო, - უთხრა მამა მოსემ და პარმანდი გამოუტანა, - შენია? ჩემიაო. ამის მეტი არაფერი უთქვამთ. მამა მ-მ გამოართვა თავისი პარმანდი და დამშვიდებული წავიდა.
* პატრიარქი თეოფილე ძალზე მოწყალე და მიმტევებელი იყო ცოდვილთა მიმართ. ერთმა ნოტარიუსმა მას ოქრო მოჰპარა და ეგვიპტის თებაიდაში გაიქცა. გზა აებნა და ბარბაროსებს გადაეყარა, რომელთაც თავიანთ შორეულ ქვეყანაში წაიყვანეს. როცა მთავარეპისკოპოსმა შეიტყო, ის 85 მონეტად გამოასყიდვინა. ტყვე შინ დაბრუნდა. პატრიარქი იმდენად მოწყალე იყო მის მიმართ, რომ ქალაქში ამბობდნენ, - პატრიარქ თეოფილეს წინაშე შეცოდებაზე სასარგებლო არა არის რა კაცისთვისო.
* ერთ ბერს თავს ყაჩაღები დაადგნენ - სენაკში რაცა გაქვს, ყველაფერი უნდა წავიღოთო. ბერმა მშვიდად უპასუხა: - რაც გინდათ, ის წაიღეთ, შვილებოო. მართლაც, წაიღეს ყველაფერი, მაგრამ ერთი ფულიანი ქისის წაღება დაავიწყდათ. ბერმა ქისა გზაში დააწია - დაგრჩათო. განცვიფრდნენ ყაჩაღები, ბერის სულგრძელობამ სინანულში ჩააგდო ისინი - აი, მართლა ღვთის კაციო.
* მამა გელასის პერგამენტზე დაწერილი ბიბლია ჰქონდა, რომელიც 18 მონეტა ღირდა. წიგნი ეკლესიაში იდო, რომ ძმებსაც წაეკითხათ. ერთმა მომლოცველმა წიგნი მოიპარა, ქალაქში წაიღო და 16 მონეტად დაუპირა გაყიდვა. მყიდველმა - ჯერ შევამოწმებ, თუ ღირს ამდენიო. ბიბლია მამა გელასის აჩვენა. ღირსი მამა ყველაფერს მიხვდა, თუმცა არაფერი უთქვამს, წიგნი კი მოიწონა - იყიდეო. მყიდველმა ქურდს უთხრა, მამა გელასიმ - მაგდენი არ ღირსო. მეტი არაფერი გითხრაო? - გაოცდა ქურდი. არაო, - უპასუხა კაცმა. აღარ ვყიდი ამ წიგნსო, - თქვა ქურდმა და სინდისისგან მხილებული მამა გელასის მიადგა, შეინანა და წიგნიც მიუტანა. მამა გელასის წიგნის დაბრუნება არ უნდოდა. მამაო, წიგნს თუ არ აიღებ, მშვიდად ვერ ვიქნებიო, - შესტირა დამწუხრებულმა კაცმა. თუ ეს დაგამშვიდებს, მაშინ ავიღებო, - მიუგო ბერმა. კაცი ისე შეძრა ბერის საქციელმა, რომ სიცოცხლის ბოლომდე მასთან დარჩა.
* მამა ფილოთეოსს (ზერვაკოსი) მთელი კაცობრიობა უყვარდა. თუ რაიმე უბედურებას შეიტყობდა, საბერძნეთში თუ საზღვარგარეთ მომხდარს, ტაძარში გამოვიდოდა სამეუფეო კარიდან, მოიდრეკდა მუხლს ქრისტეს ხატის წინ და მტკივნეული გულით ლოცულობდა ამ ამბის შესაბამის ლოცვებს. მღელვარებისგან თრთოდა და ლოცვას აწყვეტინებდა გულამომჯდარი ქვითინი და ცრემლი.
* მამა ვიტალი (სიდორენკო) ღამით როდის იძინებდა, არავინ იცოდა. მრავალგზის მუხლს იყრიდა და თაყვანს სცემდა უფალს მიწაზე ჯვრის სახით გაწოლილი. ასეთ მეტანიას ყოველდღე ასრულებდა და სხვათა გამო ჯვარს ევნებოდა. ლოცულობდა მათთვის, იმ მომენტში რომ იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ: ვიეტნამში, კამბოჯაში, ლაოსსა და ჩილეში...
როცა რაიმე კატასტროფის ან უბედური შემთხვევის შესახებ შეიტყობდა, იწერდა დაღუპულთა რიცხვს, ანთებდა სანთელს სრულიად უცხო ხალხისთვის და ყოველი მათგანისთვის მუხლს იყრიდა. დაღუპულთა შორის სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხი იყო, მაგრამ მამა ვიტალის სიყვარული ყოვლისმომცველი იყო.
* ღირსი ეფრემ ედესელი განმარტოებით ცხოვრობდა და საერთო ტრაპეზზე არ დადიოდა, მის მოწაფეს გარკვეულ ჟამს მიჰქონდა ხოლმე მასთან საჭმელი. ერთხელ კერძიანი ქოთანი გაუტყდა. სულიერი მამის განრისხებისა შეეშინდა, მაგრამ სულგრძელმა მამამ თავმდაბლად უთხრა: - ნუ წუხხარ, შვილო! თუ კერძმა აქ მოსვლა არ ინება, ჩვენ თვითონ მივიდეთ მასთანო. მივიდა გატეხილ ქოთანთან და საჭმლის შეგროვება დაიწყო.
* წმინდა მოსეს (ოპტელი) ერთხელ დღიურში ჩაუწერია: დღეს, ტრაპეზობისას, ბრწყინვალე აზრმა გამიელვა, თუ როგორ მოვიქცე თანამცხოვრებ ძმებთან. მათი ცოდვები საკუთარ ცოდვებად უნდა ჩავთვალო და შევინანო, რომ ისინი მკაცრად არ განვსაჯო და არ განვრისხდეო.
* მღვდელმთავარო უფლისაო, - შესძახა ერთხელ წმინდა ბასილი დიდს გზად შემოყრილმა ერთმა ქვრივმა დედაკაცმა, - დამიცავ მე ქალაქისთავის ბოროტებისგან, შენ მასზე დიდი გავლენა გაქვს, მე კი, საცოდავ ქვრივს, მეტის დათმენა აღარ შემიძლიაო. წმინდა ბასილიმ მაშინვე მისწერა წერილი ქალაქისთავს და ქალის დახმარება სთხოვა, მან კი არაფრად ჩააგდო თხოვნა: - კანონი გვავალებს, ბეგარა გადავახდევინოთო. წმინდა ბასილიმ უწინასწარმეტყველა: - რომ გინდოდეს დახმარება და არ შეგეძლოს ამის ქმნა, სათნოებად ჩაგეთვლებოდა, მაგრამ ზეციური მსაჯული ერთხელაც მთხოვნელად გაქცევს, მაშინ კი მოგინდება დახმარება და ვერ შეძლებო. მართლაც, მეფემ შეიტყო ქალაქისთავის ანგარების ამბავი და მას სიკვდილი მიუსაჯა. ქალაქისთავი მიხვდა წმინდა ბასილის ნათქვამს და სასოწარკვეთილმა მისწერა: - კაცო ღვთისაო, წმინდა არის შენი სიტყვები, ღმერთმა მოტირალ მთხოვნელად მაქცია. გევედრები, მოდრიკე ჩემდა მოწყალებად მეფე ჩვენი ერისა. სათნოო ღვთისაო! შენ ყოველთვის შეგიძლია დახმარება, როცა ინებებო.
წმინდა ბასილიმ სულგრძელად უშუამდგომლა ცოდვილს მეფესთან. განთავისუფლებულმა კაცმა კი ქვრივ დედაკაცს ასმაგად მიუზღო, რაც აწყენინა.
* ერთი წმინდა ბერი, სულგრძელი და გულწრფელი, ეკლესიაში წავიდა. მეზობელი მის კელიაში შევიდა და წიგნები მოიპარა. ეკლესიიდან დაბრუნებულმა ნახა, რომ ვიღაცას გაუძარცვავს. შევიდა მეზობელთან, რომ ეს ამბავი შეეჩივლა. იქ კი თავისი წიგნები დახვდა, თურმე ქურდს გადამალვა ვერ მოესწრო. გულმოწყალე ბერმა არ ამხილა, საქმე მოიმიზეზა და გარეთ გამოვიდა, ქურდს ნაპარავი რომ გადაემალა. მერე კი შევიდა და სხვა რამეზე დაუწყო საუბარი. შემდგომში ამ კაცს ქურდობა შეამჩნიეს და დაატუსაღეს. შეიტყო ბერმა მისი ამბავი, სთხოვა წინამძღვარს სეფისკვერი და კვერცხი და პატიმრის სანახავად წავიდა. ქურდმა მის დანახვაზე ტირილი და ცოდვების აღსარება დაიწყო: - მამაო პატიოსანო, მე მოვიპარე შენი წიგნები და იმიტომ ვარ აქ ჩამწყვდეულიო. სანატრელმა ბერმა კი მიუგო: - გწამდეს ჩემი, ძმაო საყვარელო, ეს არ ვიცოდი. წავალ და ღვთის მადლით, დაგიხსნი. წიგნებს იმიტომ ვიძენთ, რომ მათგან ვისწავლოთ სიმშვიდე, სიმდაბლე, ძვირუხსენებლობა, მოწყალება და კეთილის ქმნა ყოველთა მიმართო. წმინდა ბერი ევედრა დიდებულებს და გაათავისუფლებინა ქურდი.
* კუნძულ კრეტაზე ყველა იცნობდა მარტოხელა ყაჩაღ მანოლეს, ის 20 წლისა შეუდგა ამ საქმეს და 15 წელი სისხლს უშრობდა ყველას. მთავრობამ მის დასაჭერად დიდი ჯილდო დააწესა, მაგრამ ღმერთი ხედავდა მის კეთილ გულს და ინება მანოლეს მოქცევა. ერთხელ ყაჩაღის ძმა რაღაც მიზეზის გამო ციხეში მოხვდა. მანოლეს შეეცოდა ძმა, მისი წვრილშვილი და გადაწყვიტა, მთავრობას მის ნაცვლად ჩაბარებოდა. ყაჩაღის სულგრძელობამ ისე იმოქმედა ფაშაზე, რომ მანოლეს ძმა გაათავისუფლა, თვითონ ყაჩაღი კი თავის სამსახურში ჩააყენა. ღვთის განგებულებით, მანოლე ათონზე მოხვდა, ბერად აღიკვეცა იოაკიმეს სახელით და თავისი წმინდა ცხოვრებით სათნო ეყო უფალს.
* მამა იერონიმე (ეგინელი) ერთხელ სანაპიროს მიუყვებოდა და საშინელი ღვთის გმობა მოესმა. ვინმე ელექტრიკოსი ბავშვობიდან მისჩვეოდა ბილწსიტყვაობას. მამა იერონიმემ მოიხმო: - მაპატიე, ძმაო. ვიცი, დაუფიქრებლად ამბობ ასეთ სიტყვებს, სულის სიღრმეში კი კარგი ადამიანი ხარ. გევედრები, წინ დაგიდგები და მლანძღე, ხმამაღლა, დიდხანს, სანამ არ დაიღლები, სანამ სათქმელი აღარაფერი დაგრჩება. რატომ უნდა ვლანძღოთ უფალი? მან ხომ ყველაფერი მოგვცა - თვალები, ყურები და ნუთუ ამისთვის უნდა დავგმოთო.
მართალი ხარ, მამაო. პატიებას გთხოვ, მეტად აღარ ვიტყვიო, - თქვა კაცმა და თავდახრილი გაშორდა.
* ვირიცის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი საბჭოთა ხელისუფლებამ 1938 წელს დახურა. 1941 წელს გერმანელები მიუახლოვდნენ ვირიცას. საბჭოთა ჯარები უკან იხევდნენ. ნაბრძანები იყო ამ დაბის დატოვება. რომელიღაც საბჭოთა მეთაურთაგანმა, სტრატეგიული მოსაზრებით, ტაძრის აფეთქება ბრძანა. გაგზავნეს კიდეც წითელარმიელები ასაფეთქებელი მოწყობილობითურთ. ლეიტენანტი მორწმუნე გამოდგა, მაგრამ ბრძანების შეუსრულებლობაც არ შეეძლო. ამიტომაც გადაწყვიტა, თავი გაეწირა ტაძრის გადასარჩენად და ტყვია დაიხალა. წითელარმიელებმა გარდაცვლილი საზიდარზე დაასვენეს და რკინიგზის სადგურთან წავიდნენ. ირგვლივ ისეთი ქაოსი სუფევდა, ტაძრის აფეთქება აღარავის გახსენებია. ვირიცაში კი მალე გერმანელები შემოვიდნენ.