აღთქმა და კანონი არ დაიდოთ სულიერი მამის უნებართვოდ. მისი რჩევით შესრულებული ერთი მეტანია უფრო მეტ სარგებელს მოგიტანს, ვიდრე თვითნებურად ათასჯერ მუხლმოდრეკა
* არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს: ვანია უსუსური დაიბადა. მის ღვთისმოშიშ დედას, ელისაბედს ეშინოდა, შვილი მოუნათლავი არ მომიკვდესო, და მისი მონათვლა ითხოვა. ის ღმერთს ბავშვის განკურნებას ევედრებოდა, აღთქმაც კი დადო - თუ ბიჭი ცოცხალი დარჩა, ღმერთს მივუძღვნიო. ნათლობის შემდეგ ვანია გამოჯანმრთელდა. ექვსი წლისამ ცხოვრების გზა თვითონვე აირჩია, ამას დედის სათხოვარიც დაემატა: "ღმერთს აღთქმა მივეცი, რომ მას ემსახურები. შეგიძლია ამის შესრულება?" "შემიძლია", - მიუგო მან. ბიჭს უფლის ბრწყინვალე ანგელოზიც გამოეცხადა და კისერზე ეამბორა, რითაც მომავალში მღვდლობა უწინასწარმეტყველა. მამა იოანემ ღირსეულად აღასრულა დედის აღთქმა და ორიოდე წლის წინათ უფლის მიმართ შეისვენა.
* წმინდა იოანე ქოზიბელ ახალს (+1960) მშობლები ბავშვობაში გარდაეცვალა და ბებია ზრდიდა, დიდად მორწმუნე და ღვთისმოშიში ქალი. როცა ილია (ერში ასე ეძახდნენ) წამოიზარდა და წერა-კითხვა ისწავლა, ბებია რელიგიურ წიგნებს აკითხებდა. ერთხელ, როცა შვილიშვილი ქრისტეს ვნებაზე კითხულობდა, ქალმა ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა აქვითინდა. ბავშვს გული მოუკვდა და თვალცრემლიანმა - რატომ ტირიო, ჰკითხა. ქალი ცოტათი დამშვიდდა და უთხრა: - მამაშენის სიცოცხლეში უფალს პირობა მივეცი, მონასტერში წავალ-მეთქი, მაგრამ შენი მშობლების დაღუპვის შემდეგ შენი გაზრდა ვიკისრე. აღთქმის შესრულების იმედი დავკარგე. ახლა უფალს იმას ვევედრები, შენ აასრულო ჩემი წმინდა სურვილიო. მოხედა უფალმა ქალის ცრემლებს და ყრმის სულში მონასტრული ცხოვრების სიყვარული ჩათესა. ის შემდგომში მღვდელმონაზონი შეიქმნა.
* ნეტარი ავგუსტინე ჰყვებოდა: ვინმე დიოსკურეს ქალიშვილი სიკვდილის პირას მივიდა. დიოსკურე ადრე ქრისტიანობას დასცინოდა, ახლა კი აღთქმა დადო, ოღონდ შვილი გამომიჯანმრთელდეს და გავქრისტიანდებიო. ქალიშვილი განიკურნა, მაგრამ დიოსკურე აღთქმის შესრულებას აყოვნებდა. ღმერთმა დასაჯა - დაბრმავდა. მიხვდა, ღვთის ურჩობის გამო დაემართა ეს და პირობა დადო, ოღონდ თვალისჩინი დამიბრუნდეს და სიტყვას არ გავტეხო. თვალი აეხილა, მაგრამ გული კვლავ გაუსასტიკდა. კათაკმევლად დააყენეს, მაგრამ მრწამსის შესწავლაზე უარს ამბობდა, ვერ დავიმახსოვრებო. ლოგინად ჩავარდა. ძილში უთხრეს, ეს ცოდვების გამო დაგემართა, ამიტომაც აღსარება დაწერეო. ცოდვების ჩამოწერის შემდეგ სხეულის ყველა ასო აამოძრავა, ენის გარდა - ვერ მეტყველებდა. ცოდვებს ისიც მიაწერა: - მრწამსი ზეპირად ვიცოდი, ახლაც კი მახსოვს, მაგრამ არ ვაღიარებდიო. ასეთი სრულყოფილი აღსარების შემდეგ დიოსკურე სრულიად გამოჯანმრთელდა.
* ბულგარეთის ოკუპაციის დროს (გასული საუკუნის 40-იან წლებში) მამა ხარლამპე, მისი ძმა და ბიძაშვილი მტერს ტყვედ ჩაუვარდნენ. სასიკვდილოდ განწირულებმა წმინდა გიორგის სხვადასხვა რამ აღუთქვეს და მანაც სასწაულებრივად დაიხსნა. ხარლამპემ აღთქმა შეასრულა და შემდგომში ბერად შედგა. მის ძმასაც, აღთქმისაებრ, წმინდანის ხატის წინ კანდელი მუდმივად ენთო. ბიძაშვილი ბასილი კი წმინდა გიორგის ეკლესიაში ცხენის მიყვანას არ ჩქარობდა - აღთქმაზე უარს არ ვამბობ, მაგრამ მოგვიანებით აღვასრულებ, როცა ცხენი ასე ძალიან აღარ დამჭირდებაო. გავიდა ექვსი თვე. ერთხელ, ღამით, ძილში წმინდა გიორგი გამოეცხადა ბასილს - ცხენი ჩემია და აქამდე რატომ არ მოგყავსო. მოგიყვან, წმინდაო გიორგი, ოღონდ მოგვიანებითო, - უთხრა ბასილმა. აღთქმის დღიდან ცხენი ჩემია, შენ კი ცუდად იქცევიო. მეორე დილით, ინათა თუ არა, ბასილმა ცხენი წმინდა გიორგის ეკლესიის ღობეზე მიაბა.
* მიტროპოლიტ ტრიფონის (თურქესტანოვი, წარმოშობით ქართველი იყო, თურქესტანიშვილი) დედა, ბარბარე ჰყვებოდა: - "ჩემი ვაჟი ბორისი (ასე ერქვა ერისკაცობაში) ხშირად ავადმყოფობდა. ერთხელ ისე ცუდად გახდა, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს, მაშინ უკვე ზეციურ მკურნალს მივმართე. მე განსაკუთრებით მიყვარდა ლოცვა წმინდა ტრიფონის სახელობის მყუდრო ეკლესიაში. ვევედრებოდი წმინდანს, ვპირდებოდი: თუ შვილი გადამირჩება, ღვთის სამსახურში ჩავაყენებ. თუ ბერობას მოინდომებს, აღკვეცისას ტრიფონს დავარქმევ-მეთქი. ამის შემდეგ ბორისი სწრაფად გამოჯანმრთელდა". როცა ბორისმა დედას ბერობის სურვილი განუცხადა, ქალმა გაიხსენა აღთქმა და შვილი ამ დიდი ღვაწლისთვის აკურთხა. ასრულდა დედის მეორე დაპირებაც - ბერობაში ბორისს ტრიფონი უწოდეს.
* მიტროპოლიტი ბენიამინი (ფედჩენკო) ჰყვებოდა: - "დედაჩემი ჯერ კიდევ ყრმობისას მეუბნებოდა, რომ ცოცხალი მხოლოდ ღვთის წყალობით გადავრჩი. დაახლოებით წლისას ფილტვების ანთება დამემართა. გადარჩენის იმედი გადაიწურა. მაშინ დედამ აღთქმა დადო, წმინდა მღვდელმთავრის მიტროფანე ვორონეჟელის საფლავზე ფეხით წავალ და ვეთაყვანებიო. გამოვკეთდი, დედამ აღთქმა შეასრულა.
მახსოვს, ოთხშაბათ-პარასკევის გარდა, ორშაბათობითაც მარხულობდა, მაგრამ ოჯახის წევრებსაც კი უმალავდა. მხოლოდ შემდეგ გავიგე, რომ ასეთი ღვაწლის აღთქმა შვილების სიკეთისთვის დაედო. მაშინ ჩემი ქარაფშუტობით ამისი მიზეზი არ მიკითხავს, ახლა ეს უკვე შეუძლებელია... დედა გარდაიცვალა... ღმერთმა აცხოვნოს! ნატალია ერქვა, მამას - ათანასე... მოიხსენიეთ ისინი, ვინც ამ სტრიქონებს წაიკითხავს. უფალმა, დაე, თქვენი მშობლები მოიხსენიოს".
* ერთი ალექსანდრიელი ვინმე ევტროპი წმინდა დიდმოწამე მინას ტაძრისთვის ვერცხლის ლანგრის შეწირვას დაჰპირდა. ხელოსანს ორი ლანგარი გააკეთებინა, ერთი - სახლისთვის, მეორე - ტაძრისთვის, რომელზეც წარწერაც იყო. ევტროპის განსაკუთრებით ტაძრისთვის განკუთვნილი ლანგარი მოეწონა, დაივიწყა აღთქმა და მას ტრაპეზობისას იყენებდა.
ერთხელ, გემით მგზავრობისას, მსახურმა ლანგრის ზღვის წყლით რეცხვა დაიწყო. ამ დროს ზღვიდან ვიღაც კაცმა თავი ამოჰყო, ხელი მოჰკიდა ლანგარს და გაუჩინარდა. მსახურიც თან გადაჰყვა და ისიც ზღვის ტალღებმა შთანთქა. ეს რომ ევტროპიმ დაინახა, შეშინდა, დიდ სინანულში ჩავარდა, ღმერთს მსახურის გადარჩენას სთხოვდა, თან ჰპირდებოდა, სხვა ამნაირ ლანგარს შევწირავ ტაძარსო. ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა. როცა გემი ნავსადგურში შევიდა, ევტროპიმ ნაპირზე გარიყული მსახურის გვამის ძებნა დაიწყო, მაგრამ მისდა გასაკვარად, ის ზღვიდან უვნებელი გამოვიდა, ხელთ ის ცნობილი ლანგარი ეჭირა. ამ სასწაულის მხილველნი კი ერთხმად ადიდებდნენ ღმერთსა და წმინდანებს.
ევტროპიმ ზედმიწევნით აღასრულა აღთქმა.
* ნეტარი თეოდორიტე კვირელი მოგვითხრობს: ერთმა ცნობილმა მუსლიმანმა ქრისტიანობა მიიღო და აღთქმა დადო ღვთის წინაშე, ყოველგვარი ხორცის ჭამას აღვიკვეთო. გავიდა ხანი და რატომღაც აღთქმა დაარღვია, გადაწყვიტა, ფრინველის ხორცი ეჭამა. მაგრამ ღმერთმა ამხილა მისი უკრძალველობა, ფრინველის ხორცი ქვად იქცა და როგორღა შეჭამდა? გაოგნებულმა კაცმა წმინდა სიმონს მოუთხრო ეს ამბავი და ცოდვის მიტევება სთხოვა.
* თეოდორე მღვიმელის იღუმენობისას ბოიარი სუდისლავი დიდ თავადთან ერთად საბრძოლველად გაემართა. გზაში ღმერთს აღუთქვა, თუ შინ უვნებელი დავბრუნდები, მღვიმის ლავრას ორ გრივნა ოქროს შევწირავ და ღვთისმშობლის ხატისთვის გვირგვინს გავაკეთებო. მტერი დამარცხდა. კლიმენტი (ასე ერქვა ქრისტიანულად სუდისლავს) კიევში უვნებელი დაბრუნდა, აღთქმა კი დაივიწყა. რამდენიმე დღის შემდეგ, ნასადილევს დასასვენებლად წამოწვა და მიეძინა. უეცრად წინ ღვთისმშობლის ხატი აღემართა და კლიმენტის მქუხარე ხმით მიმართა: - სიტყვა რატომ გატეხე, ზუსტად აღასრულე დანაპირებიო. წმინდა ხატი უხილავი შეიქნა, ბოიარმა კი მაშინვე აიღო ორი გრივნა ოქრო და მღვიმევის ლავრისკენ გაეშურა.
* მამა იაკობ ევბეელმა განდეგილი ცხოვრების დაწყებამდე გადაწყვიტა, წმინდა დავითის ლავრა მოელოცა. გაიარა მონასტრისკენ მიმავალი ბილიკი და წმინდა სავანის ადრე ნანახი დანგრეული შენობების ნაცვლად სხვა ეპოქის მონასტერი დაინახა, უფრო სწორად, ბერული ქალაქი. მონასტერში პატივცემული თეთრწვერა ბერი ელოდა. იაკობი მიუახლოვდა, მიესალმა და ჰკითხა:
- მამაო, რა ლამაზია აქაურობა, რა მშვენიერი სახლებია... ადრე ისინი არ მინახავს!
- ეს, შვილო ჩემო, ასკეტთა ქალაქია, თითოეულ მათგანს თავისი სახლი აქვს.
ამ სილამაზით დატყვევებულმა იაკობმა სთხოვა ბერს:
- მამაო, შეგიძლიათ მომცეთ ასეთი სახლი?
- შვილო ჩემო, თუ დარჩები, მოგცემთ, მაგრამ შენ ხომ მოსალოცად მოხვედი და წასვლას აპირებ?
- მამაო, დავრჩები, - წარმოთქვა იაკობმა უნებურად.
პირობა აღმოთქვა თუ არა, მოეჩვენა, რომ მონასტრის კედელი გაიხსნა, ბერი შიგნით შევიდა, კედელი დაიხურა. ბერთან ერთად გაქრა მონასტრის ძველი დიდებაც და ასკეტთა ქალაქის ნაცვლად შერჩა ნანგრევებად ქცეული სავანე, სანახევროდ სახურავახდილი პატარა ეკლესია, გაბარდული ეზო. ვინ იყო ის წმინდა მამა? ღირსი დავითი. იაკობმა კვლავ მუხლი მოიდრიკა და წმინდანს აღუთქვა, მთელი გულით გემსახურებიო. მართლაც ბერად წმინდა დავითის მონასტერში შედგა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.
* როცა კაცი ბერად შედგება, უქორწინებლობის აღთქმასაც დებს. ზოგი ვერ უძლებს ბრძოლას და აღთქმას არღვევს, უფალი კი სხვადასხვა ხერხს ხმარობს მათ სინანულში ჩასაგდებად.
ღვთისმოშიში ერისკაცი ათონზე ბერად შედგა, მაგრამ ეშმაკის ბრძოლებით დამარცხებული კვლავ ერში დაბრუნდა. გაიხადა ანაფორა. დაქორწინდა, ეყოლა შვილი. ერთხელ თავის ანაფორას და სქემას ხელი მოჰკიდა და დასაწვავად წაიღო. ჩაუარა სამი თვის ჩვილის აკვანს. უეცრად ყრმის ბაგეთაგან საშინელი სიტყვები მოესმა: - ეგ ანაფორა თუნდ დაწვა, ღვთის წინაშე, როგორც ბერი, ისე გასამართლდებიო. შეშინებულმა კაცმა ცოლს უამბო ყველაფერი. ბერი თუ იყავი, არ ვიცოდი. მაშ, წადი იქ, სადაც შენი ადგილიაო, - უთხრა ქალმა. კაცმა ჩაიცვა ანაფორა და ათონის მთას მიაშურა.
* თანამედროვე ათონელი ბერი ვლასი ჰყვებოდა: - დიდი ლავრის სასტუროში შევხვდი ბერს, რომელიც ადრე დიონისეს მონასტრის ბერი იყო, მაგრამ ერში დაბრუნდა და დაქორწინდა. ამ "უკანონო" ქორწინებიდან ქალიშვილი შეეძინა. ერთხელ მამამ თავისი უკვე 9 წლის შვილი მუხლებზე დაისვა და ეფერებოდა. გოგონა მისი მკერდისკენ დაიხარა და უთხრა: - მამა, გულზე ჯვარი გახატიაო. მამა მიხვდა, რომ შვილმა მისი ანგელოზებრივი ცხოვრების ჯვარი დაინახა. დატოვა სოფელი, ღვთის წყალობას მიანდო ოჯახი და ათონის ბერულ ცხოვრებას დაუბრუნდა.
* ერთი ათონელი ბერი მამა მაკარი ერში დაბრუნდა, დაქორწინდა. ერთხელ შვილმა უთხრა: - მამიკო, მკერდზე წითელი ჯვარი გახატია და ზედ რაღაც წარწერები აქვსო. ბავშვს ბერული სქემა ნანახი არ ჰქონდა. მამა მიხვდა თავის დანაშაულს. დაბრუნდა ათონზე და დიდი ღვაწლის შემდეგ 1975 წელს გარდაიცვალა. როგორც მამა არსენ მღვიმელი ბრძანებს, გარდაცვლილის სხეულიდან მირონი წარმოდინდა.
* წმინდა იოანე დამასკელი ერისკაცობაში ბაღდადის ხალიფის პირველი მინისტრი იყო. მაშინ ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობა მძლავრობდა. წმინდა იოანე კი თავისი ხატთაყვანისცემის დამადასტურებელი ეპისტოლეებით აძლიერებდა ქრისტიანებს. ბიზანტიის იმპერატორმა ლევ ისავრიელმა კალიგრაფებს იოანეს ავტოგრაფს მიმსგავსებული ხელით ხალიფის საწინააღმდეგო წერილი დააწერინა და ხალიფას გაუგზავნა - ვეზირი გღალატობსო. ხალიფის ბრძანებით, იოანეს მკლავი მოჰკვეთეს და მოედანზე გამოკიდეს. იოანეს თხოვნით, მეგობრებმა უშუამდგომლეს ხალიფასთან და საღამოს ხელი დაუბრუნეს.
კელიაში ჩაკეტილმა იოანემ მოჭრილი ხელი ძველ ადგილას მიიდო და მუხლმოდრეკილი ღვთისმშობლის ხატის წინ დამხობილი განკურნებას სთხოვდა, აღუთქვამდა, რომ ამ ხელით განადიდებდა მართლმადიდებლობას. ლოცვისას ჩათვლიმა. ღვთისმშობელი გამოეცხადა: - გაგიმრთელდა მარჯვენა და ნუღარ იმწუხარებო. გამოეღვიძა იოანეს. მკლავის მონაკვეთ ადგილას წითელი ხაზი გასდევდა. ამ დიდმა სასწაულმა გადააწყვეტინა ამ სოფლის დატოვება. ღირსმა მამამ დარჩენილი სიცოცხლით განადიდა უფლის სახელი - აღთქმა აღასრულა.
* დასასრულს კი ოპტელი მამის, წმინდა ანატოლის (პუტილევი) დარიგებას შემოგთავაზებთ: "აღთქმა და კანონი არ დაიდოთ სულიერი მამის უნებართვოდ. მისი რჩევით შესრულებული ერთი მეტანია უფრო მეტ სარგებელს მოგიტანს, ვიდრე თვითნებურად ათასჯერ მუხლმოდრეკა".