მამა პაისი მთაწმინდელი განსაცდელებზე
განსაცდელის ჯვარი
- მამაო, მუდამ ვატარებ იმ ჯვარს, თქვენ რომ მიკურთხეთ. ის მეხმარება სირთულეთა დაძლევაში.
- იცი, ჩვენი შინაგანი ჯვრებიც იმ პატარა ჯვრებს ჰგვანან, კისერზე რომ გვკიდია და მთელი ცხოვრება გვიცავს. ხომ არ გგონია, დიდ ჯვარს ვატარებთ? მხოლოდ ქრისტეს ჯვარი იყო ძალზე მძიმე, რადგან იესომ კაცთა სიყვარულის გამო არ ინება თავისი ღვთაებრივი ძალის გამოყენება. ჯვარცმის შემდეგ კი თითოეული ადამიანის ჯვრის სიმძიმე იტვირთა და თავისი ღვთაებრივი შეწევნითა და ტკბილი ნუგეშისცემით გვიმსუბუქებს განსაცდელის ტკივილებს.
სახიერი ღმერთი ყველას მისი ძალისაებრ აძლევს ჯვარს. მაგრამ აძლევს სატანჯველად კი არა, არამედ იმისთვის, რომ ჯვრიდან კაცი ზეცად აღვიდეს. ის ხომ ზეცად აღმყვანებელი კიბეა. როცა ვხვდებით, განსაცდელის ტკივილთა დათმენით რარიგ საუნჯეს ვაგროვებთ ზეციურ საგანძურში, აღარ ვდრტვინავთ, არამედ ვადიდებთ უფალს, მაშინ ვიღებთ იმ პატარა ჯვარს, უფალმა რომ გვიბოძა. თუ ასე მოვიქცევით, ამ სოფელშივე ვიხარებთ, იმქვეყნად კი სულიერ "პენსიასაც" მივიღებთ და "ერთჯერად დახმარებასაც". იქ, ზეცაში, უფლის მიერ ჩვენთვის "მოზომილი საადგილმამულო ნაკვეთი" გველის. მაგრამ თუ ღმერთს განსაცდელის აცილებას ვთხოვთ, ნაკვეთს სხვას მისცემს, ჩვენ კი ხელცარიელნი დავრჩებით. ხოლო თუ დავითმენთ, სულიერ "პროცენტებსაც" გადაგვიხდის.
ნეტარია ადამიანი, რომელიც აქ, მიწაზე იტანჯება, რადგან რაც უფრო მეტს დაითმენს ამსოფლად, მით მეტ სიკეთეს მიიღებს იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ცოდვების გამო ანგარიშის გასწორება გვმართებს.
განსაცდელის ჯვარი აღმატებულია იმ ტალანტებსა და ნიჭებზე, რომელთაც ღმერთი გვიბოძებს. ნეტარია კაცი, რომელსაც ერთის ნაცვლად ხუთი ჯვარი აქვს. განსაცდელს ანდა მოწამებრივ სიკვდილს ხომ წმინდა მისაგებელი სდევს თან. ამიტომაც გასაჭირისას უნდა ვთქვათ: "გმადლობთ შენ, ღმერთო, რადგან ეს აუცილებელი იყო ჩემი გადარჩენისთვის".
განსაცდელი გვეხმარება
- მამაო, შევიტყვე, რომ ჩემი ახლობლების განსაცდელებს ბოლო არ უჩანს. ექნება თუ არა დასასრული მათ მწუხარებას? - მოითმინე, დაო, ღვთის იმედს ნუ დაკარგავ. ვუცქერ შენი ახლობლების თავს მოწეულ განსაცდელებს და ვხვდები, რომ ღმერთს უყვარხართ და ამიტომაც უშვებს მათ შენს ოჯახზე სულიერი განწმენდისთვის. თუ ამას მიწიერად შევხედავთ, ნამდვილი უბედურებაა, სულიერი თვალით კი ბედნიერები ხართ და იმქვეყნად შეშურდებათ თქვენი დღეს დალხენილად მცხოვრებთ.
დათმენა ღვაწლია შენი მშობლებისა. მათთვის ხომ უცნობი და გაუგებარია მოღვაწეობის სხვა სულიერი ხერხები. რაც უნდა თქვა, შენი თუ სხვა ოჯახების განსაცდელებში რაღაც საიდუმლო იმარხება. შენ ხომ ამდენს ლოცულობ ახლობლებისთვის. მაგრამ არავინ უწყის ღვთის სამართალი. დაე, უფალმა ზღვარი დაუდოს ამ განსაცდელს.
- მამაო, არ შეიძლება, ადამიანი გონს სხვაგვარად მოეგოს და არა მწუხარება-განსაცდელით?
- სანამ განსაცდელს დაუშვებს ადამიანზე, უფალი ყოველთვის ცდილობს, "ტკბილი სიტყვით" მოიყვანოს გონს, მაგრამ მისი არ ესმით, ამიტომაც უშვებს განსაცდელს. როცა ურჩი შვილი მამას არ უჯერებს, მშობელი ჯერ სიტყვით ცდილობს მის შეგონებას, მაგრამ თუ ბავშვმა ვერაფერი შეიგნო, მამის გულკეთილობა სიმკაცრით იცვლება - იქნებ ამით მაინც გამოასწოროს შვილი. ასეა ღმერთიც - როცა კაცს კარგი არ ესმის, გონს მოსაყვანად განსაცდელს მოაწევს ხოლმე. ადამიანები ავადმყოფობას, მცირეოდენ ტკივილს რომ არ განიცდიდნენ, მხეცებად იქცეოდნენ და სრულიად ვერ მიუახლოვდებოდნენ უფალს.
ეს ცხოვრება ცრუა და ხანმოკლე. კარგიცაა, რომ ხანმოკლეა, რადგან ტკივილი - ჩვენი სულის სამკურნალო მწარე წამალი - მალე გაივლის.
განსაცდელი ქრისტეს სტუმრობაა
ადამიანი, რომელსაც განსაცდელი არ გადაუტანია, არ სურს, რამე სტკიოდეს, შენიშვნა მისცენ ანდა გუნება გაუფუჭდეს და უდარდელ ცხოვრებას ესწრაფვის, - რეალობას ვერ ხედავს. თვით ყოვლადწმინდა დედოფალი ჩვენი ღვთისმშობელი მწუხარებდა. ჩვენი ეკლესიის წმინდანებიც განიცდიდნენ ტკივილს. ის ჩვენც უნდა გამოვცადოთ. ჩვენც ხომ იმავე გზით მივდივართ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამსოფლიური მცირეოდენი განსაცდელითა და მწუხარებით ჩვენი ცხოვრების საფასურს ვიხდით.
მაცხოვარიც კი ტკივილით მოვიდა დედამიწაზე. გარდამოხდა ზეცით, ხორცი შეისხა, ეწამა, ჯვარცმა დაითმინა.
ქრისტიანმა კი იცის, რომ მწუხარებისას ქრისტე მოიხილავს. როცა კაცს სნეულება ეწვევა - მას ქრისტე სტუმრობს; როცა არაფერი აწუხებს, გამოდის, ღმერთმა დაუტევა. ასეთი ადამიანი თავის ცოდვების საფასურს არ იხდის და ვერც სულიერ დანაზოგს აგროვებს. მას ხომ ქრისტეს სიყვარულისთვის წამება არ სურს. "მე ჯანმრთელი ვარ, - ამბობს ასეთი კაცი, - მშვენიერი მადა მაქვს, მშვიდად და უდარდელად ვცხოვრობ..." მადლობა მაინც თქვას: "დიდება შენდა ღმერთოო"... კარგი იქნებოდა ეთქვა: "ღირსი არა ვარ, მაგრამ ჩემი სისუსტის გამო უფალმა მოწყალება მოიღოო".
წმინდა ამბროსიზე მოგვითხრობენ: ერთხელ მღვდელმთავარი თანამგზავრებთან ერთად ღამის გასთევად მდიდარი კაცის სახლში შეიყვანეს. როცა აურაცხელი სიმდიდრე იხილა, წმინდანმა სახლის პატრონს ჰკითხა, ერთი მწუხარება მაინც თუ განეცადა როდისმე. "არასოდესო, - უპასუხა მდიდარმა, - ჩემი სიმდიდრე დღითიდღე იზრდება, მინდვრები უხვ მოსავალს მაძლევს, ტკივილი და მწუხარება რა არის, არც კი ვიციო". მღვდელმთავარი ატირდა და თანამგზავრებს მიმართა: "მოამზადეთ ეტლები და გავშორდეთ აქაურობას, ამ კაცს ღმერთი არასოდეს სტუმრებიაო!" როგორც კი გამოვიდნენ, მდიდრის სახლი დაინგრა! ამ კაცის უზრუნველი, უდარდელი ცხოვრება სინამდვილეში იმას ნიშნავდა, რომ ღმერთს მიეტოვებინა იგი.
ტკივილის დათმენა
- მამაო, ადამიანები დღეს ასე რატომ იტანჯებიან?- ღვთის სიყვარულის გამო. შენ მონაზონი ხარ. დილით ადგები, შენს სამონაზვნო კანონს შეასრულებ, სკვნილზე ჩამოილოცავ, მუხლს მოიდრეკ და სხვა ამგვარს აღასრულებ. ერისკაცის "კანონი" კი ცხოვრებისეული სიძნელეებია. განსაცდელების დახმარებით ადამიანი იწმინდება. ისინი უფრო მეტ სარგებელს აძლევენ, ვიდრე ერისკაცული უდარდელი ცხოვრება, რომელიც არც ღმერთთან მიახლებაში ეხმარება და არც სულიერი საუნჯის დაგროვებაში. ამიტომ კაცმა მწუხარება ღვთის საჩუქრად უნდა ჩათვალოს.
სახიერ ღმერთს სურს, შვილები კვლავ დაუბრუნდნენ და როგორც კეთილი მამა, მათ განსაცდელთა მეშვეობით გამოზრდის. ამას სიყვარულისა და ღვთაებრივი სითბოს გამო აკეთებს და არა ბოროტების ანდა მიწიერი სამართლიანობის გამო. ასე რომ, როცა სურს, იხსნას თავისი ქმნილებანი, რათა ისინი ზეციური სასუფევლის მემკვიდრენი გახდნენ, მათზე განსაცდელს უშვებს, რომ ადამიანმა იბრძოლოს, იღვაწოს, ჩააბაროს გამოცდა ტკივილის დათმენაში. მაშინ ვეღარ ეტყვის ეშმაკი შემოქმედს: რატომ აცხოვნებ, ხომ არ უშრომიაო. ღმერთი უპირველესად ჩვენს მომავალ, მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრობს, მასზე ზრუნავს, მერე კი მიწიერ ცხოვრებაშიც შეგვეწევა.
- მამაო, უფალი ზოგზე მრავალ განსაცდელს უშვებს, სხვებს კი თითქმის არ შეამთხვევს?
- გახსოვს, რას ამბობს წმინდა წერილი? - "უფალს ვინც უყვარს, იმას სჯისო". აი, მაგალითად, მამას ხუთი შვილი ჰყავს. სამი მათგანი სახლიდან მიდის და მშობელს ივიწყებს. თუ მასთან დარჩენილები გააბრაზებენ, მამა მათ ყურს აუწევს, წამოარტყამს ანდა კეთილგონივრულად მოეფერება, შოკოლადს მისცემს. მისგან წასული შვილები ამას მოკლებულნი არიან. ასევე იქცევა ღმერთიც, როცა კაცნი მასთან ცხოვრობენ და კეთილად იქცევიან, ხოლო თუ შესცოდავენ, ერთს "წამოარტყამს" და ისინიც თავიანთი ცოდვების გამო სამაგიეროს იხდიან. თუ სასჯელი მკაცრია, მის საფასურს უფალი ზეცაში მიაგებთ. მათ კი, ვინც მისგან შორს წასულა, სინანულისთვის ხანგრძლივ სიცოცხლეს აძლევს. ამიტომაც არის, რომ ადამიანები მძიმე ცოდვებს სჩადიან და მაინც უხვად აქვთ მატერიალური სიკეთე, დიდხანს და დალხენილად ცხოვრობენ. ეს ღვთის განგებულებით ხდება, რათა შეინანონ. თუ ასე არ მოიქცნენ, იმქვეყნად თავს ვერაფრით გაიმართლებენ.
ტკივილს ტანჯულთა გამო უფალი თავისთან იმარხავს
რა ტანჯვას აღარ განიცდიან ადამიანები! რამდენი პრობლემა აქვთ! ზოგიერთი მოდის, რომ ორიოდე წუთში მომითხროს თავის ტკივილზე, რათა მცირედით მაინც ინუგეშოს.ერთი გატანჯული დედა მოვიდა ჩემთან (მამა პაისი ამ დროს კონიცაში, თავის აშენებულ დედათა მონასტერში გახლდათ - კ.კ.) და მითხრა: "მამაო, წამიერად მოთმინება მეწურება და შევთხოვ უფალს: მცირე ხნით შემასვენე და მერე თუნდაც კვლავ მოვიდეს ეს სატანჯველი-მეთქი". როგორ სჭირდებათ ადამიანებს ლოცვა! იმის გარდა, რომ ღვთის წყალობაა, თითოეული განსაცდელი "დამატებითი ქულაცაა", საიქიო ცხოვრებაში რომ "მოვეწყოთ". მომავალ ცხოვრებაში მისაგებლის იმედი სიხარულს მანიჭებს, მანუგეშებს და ძალას მმატებს, რომ გავუძლო მწუხარებებს, მრავალს და მრავალს ასე რომ ტანჯავს.
ჩვენი ღმერთი სიყვარულის ღმერთია, მამაა, რომელიც შვილების ტანჯვას ხედავს, ათასი საცდურითა თუ განსაცდელით მოგვრილს. ის მოგვაგებს საზღაურს, ოღონდ დავითმინოთ ეს პატარა განსაცდელი, სატანჯველი, უკეთესი იქნებოდა, გვეთქვა, კურთხევა ღვთისა.
ტკივილს ტანჯულთა გამო უფალი თავისთან იმარხავს, ისევე როგორც სიხარულსა და ზეციურ საზღაურს, ჩვენ რომ განგვიმზადა. მან უწყის ზეციური ხვედრი განსაცდელგამოვლილი ადამიანისა და ამიტომაც აძლევს დათმენის ძალას.
ნუგეში ღვთისა
ღმერთი ჩვენს გვერდითაა და ხედავს თავისი შვილების ტანჯვას. როგორ ფიქრობ, სახიერ მამას შვილის ტანჯვის ხილვა სურს? - ღმერთი იმახსოვრებს მის ტკივილს, გოდებას და შემდგომში საზღაურს მიაგებს. მხოლოდ უფალს ძალუძს მწუხარების ჟამს ჭეშმარიტი ნუგეშისცემა. ამიტომაც ადამიანები, რომელთაც არ სწამთ საუკუნო ცხოვრება, არ სწამთ ღმერთი, არ ითხოვენ წყალობას განსაცდელებით დაქანცული სულისთვის, სასოწარკვეთილნი არიან. ასეთი კაცისთვის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს. ის მუდამ უნუგეშოდ დარჩება, დააუძლურებს და გასტანჯავს წუთისოფელი. მისი სული იმქვეყნადაც საუკუნოდ დაისჯება.სულიერი ადამიანისთვის კი არ არსებობს საკუთარი მწუხარება, ვინაიდან ყველა განსაცდელს დაითმენს, გადალახავს. ასეთნი სხვათა ტკივილებს, მწუხარების სიმწარეს აგროვებენ და ღვთის დიდ სიყვარულსაც მოიკრებენ.
სულიერი თვალსაზრისით, განსაცდელისას მწუხარება არ არსებობს, რადგან თუ ადამიანი მას სწორად, სულიერად მიუდგება, ყველაფერი შეიცვლება. თუ კაცი მწუხარებით ტკბილ იესომდე მიაღწევს, სატანჯველის სიმწარე გოლეულად გადაექცევა.