"აქვე ვიყავი, ანტონი, მაგრამ შენი გმირობის ხილვა მსურდა"
წმინდა მღვდელმთავარი იოანე (მაქსიმოვიჩი) უმეტესად ფეხშიშველი დადიოდა.
ერთხელ, შანხაიში მოღვაწეობისას, ფეხი იტკინა და საშინლად გაუსივდა. ექიმთა კონსილიუმი მოიწვიეს - შიშობდნენ, განგრენა არ განუვითარდესო. სასწრაფოდ ჰოსპიტალში დაწოლა მოსთხოვეს, მაგრამ მღვდელმთავარი სასტიკ უარზე იყო. მაშინ რუსმა ექიმებმა სამრევლო საბჭოს შეატყობინეს, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეც კი იხსნიდნენ პასუხისმგებლობას.ჯვართამაღლების წინა დღეს, დილით, თითქმის ძალით გაგზავნეს ჰოსპიტალში. მაგრამ წმინდა იოანე ექვს საათზე კოჭლობით მივიდა ტაძარში და მსახურება დაიწყო (ის ხომ ყოველდღე წირავდა). საღამოს გასივებული ფეხი ჩაუცხრა და კვალიც აღარ დარჩა ძველი სნეულებისა.
აი ყველაზე სწორი დამოკიდებულება განსაცდელის მიმართ.
* განსაცდელს, მწუხარებასა და ავადმყოფობას მეუფე ზინობი (მაჟუგა) ყოველთვის უფლის ხელით მოვლენილად თვლიდა. სიტყვითაც და საკუთარი მაგალითითაც ასწავლიდა მრევლს, ყველაფერში ღვთის კეთილი განგებულება დაენახათ. იხსენებდა თავის ხიფათით აღსავსე ცხოვრებას და სახეგაბრწყინებული ამბობდა, განსაცდელის ჟამს არასოდეს ვმწუხარებდი, არამედ მიხაროდა და მოუკლებლად ვლოცულობდი, ვმადლობდი ჩემს ზეციურ მფარველს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოწყალებისთვის, უფრო კი იმისთვის, რომ ღირსმყო, თავის წილხვედრ ივერიაში მემსახურაო.
* გლინის უდაბნოს სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (რომანცევი, +1976) ამბობდა: ბავშვური მორჩილებით უნდა დავითმინოთ ყოველივე, სასიამოვნოც და უსიამოვნოც, მუდამ უნდა ვმადლობდეთ სახიერ ღმერთს. თუ მწუხარება ან ავადმყოფობა გვეწვევა, ვთქვათ: "დიდება შენდა, ღმერთო". განგვიმრავლდა სნეულება და ვაება? - კვლავ ვთქვათ: "დიდება შენდა, ღმერთო". თუ სამარის კარამდე მივყავართ მათ, ისევ და ისევ ვადიდოთ ღმერთი, რადგან სიკვდილის მერე გავიხარებთ წმინდანთა საუფლოში. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს თავს, მადლიერებით შევღაღადოთ უფალს: "დიდება შენდა, ღმერთო!" ის ხომ ავადმყოფობითა და მწუხარებით ცოდვისგან მიყენებულ იარებს კურნავს.
* ერთმა ბერმა, რომლის სულშიც ვნებისა და ათასგვარი განსაცდელის გამო შფოთს დაესდგურებინა, შვებისთვის მამა კალენიკე ისიქასტს (+1930) მიმართა. მოუყვა თავის გასაჭირს და ღირსმა მამამაც ბრძნულად დამოძღვრა: "მისმინე, შვილო, აიღე ეს სათლი და წყლით აავსე. შემდეგ ტალახი ჩაყარე და მოურიე". ბერი ასეც მოიქცა. "რამეს თუ ხედავ შიგ, შვილო?" - ჰკითხა ბერს. "არა, მამაო, წყალი ისე აიმღვრა, ვეღარაფერს ვარჩევ". მოძღვარი ესაუბრა გატანჯულს, განაძლიერებდა და სულს განუმხნევებდა. მერე კვლავ შეამოწმებინა წყალი. "ახლაღა დაიწყო დაწმენდა", - თქვა ბერმა. დამრიგებლური საუბარი გაგრძელდა. მერე მამა კალენიკემ წყალი შეახსენა. "სრულიად დაიწმინდა, მამაო, ახლა უკვე ნათლად ვხედავ კენჭებს". "შენც ასეთი რამ დაგემართა, შვილო, გონება ამ წყალივით გაქვს ამღვრეული. მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, მოთმინებით აღიჭურვე და ყველა განსაცდელი თუ შფოთი ჩაცხრება და შენც სწორად დაიწყებ ფიქრს". მართლაც, ორი-სამი დღის შემდეგ ბერმა შვება იგრძნო.
* ერთ ახალბედა ბერს დიდი გამძვინვარებით დაესხა თავს ეშმაკი. მოძღვარმა მამა ეგნატემ ის ასე დაარიგა: "შვილო ჩემო, ეს სოფელი ფუჭი და წარმავალია. ნურც ბრძოლის შეგეშინდება. მცირედი ღვაწლიც კი დიდ გვირგინს მოგიხვეჭს. იფიქრე, რა გელის ზეცაში, სადაც ენით გამოუთქმელი სიხარული და ნეტარება სუფევს! მოითმინე, ყურადღებით ადევნე თვალი საკუთარ თავს, მუდამ მზად იყავი, გული ქრისტეს მიუძღვნა. გიყვარდეს ის, რომელმაც ჯერ თვითონ შეგიყვარა".
დაითმინა ყველა განსაცდელი ბერმა და შემდგომში წმინდა მამა შეიქმნა. იგი დიონისეს მონასტრის არქიმანდრიტი გაბრიელი გახლდათ.
* უდიდესი ათონელი მამა დანიელ კატუნაკელი და წმინდა მღვდელმთავარი ნექტარიოს პენტაპოლელი მეგობრები იყვნენ. როცა კი მღვდელმთავარს განსაცდელი დაატყდებოდა თავს, მამა დანიელი მუდამ გვერდით ედგა: ურჩევდა, ანუგეშებდა...
ერთხელაც ერთმა აფერისტმა მამა დანიელს ფული ასესხებინა და მერე გამოართვა - დაჰპირდა, წმინდა იოანე ოქროპირის ტომებს გამოგიგზავნიო. როცა მისი მზაკვრობა გამოაშკარავდა, მამა დანიელმა წერილი მისწერა წმინდა ნექტარიოსს და თავს დატეხილი განსაცდელი ამცნო. მღვდელმთავრის პასუხმა სულიერი სიმშვიდე დაუბრუნა ღირს მამას. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წერილიდან:
"წავიკითხე თქვენი წერილი და შევწუხდი, რადგან ვხედავ, მწუხარებამ სიმშვიდე დაგირღვიათ. თქვენმა წმინდა სიყვარულმა იცის, რომ განსაცდელს კაცი სრულყოფილებისკენ მიჰყავს. ვინც საცდურს ვერ დაითმენს, არ არის ჯილდოს ღირსი; ვისაც არ უტანჯია, ვერავინ ასულა ზეცად აღმყვანებელ სათნოებათა კიბეზე. ღვთის მოყვარულისთვის განსაცდელი სულის საწვრთნელი ვარჯიშია სიბრძნეში.
იგია ასევე მასწავლებელი სიბრძნის დისა - მოთმინებისა. ამიტომ ბრძენი არასოდეს არის მოუთმენელი, ვერც სულმოკლე გახდება ბრძენი. განსაცდელი ჩვენს სათნოებათა სიმყარეს ამოწმებს. ამოწმებს მოთმინებასაც, რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ. მისი დახმარებით განძლიერებულ ქრისტიანს ბოროტება ვეღარ დათრგუნავს და ის ყოველივეს სიხარულით დაითმენს.
ჭეშმარიტი ფილოსოფიის მიმდევრებმა იციან, რომ განსაცდელი ღვთის განგებულებითა და ღვთისავე დაშვებით მოიწევა, რათა ჩვენმა გონებამ უფრო სრულყოფილად შეიცნოს ცხოვრების საიდუმლოებანი. ვისაც განსაცდელი არ უგემია, არც ჭეშმარიტება შეუცნია. განსაცდელი თვალხილული მოწმობაა ჩვენდამი ღვთის სიყვარულისა და თანაგრძნობისა. ამიტომაც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს. ბუნებით უძლურ ადამიანს განძლიერებისთვის განსაცდელი სჭირდება.
განსაცდელი სულიერ თვალს აუხელს მათ, ვისაც უყვარს ღმერთი, უყვარს ნათელი ჭეშმარიტებისა, და აიძულებს, შორსმჭვრეტელნი გახდნენ.
ქრისტესმიერო ძმაო ჩემო, განსაცდელი, რომელიც ღვთის განგებულებით შეგემთხვათ, თქვენს სულს დიდ სიკეთეს მოუტანს. გული მითქვამს ამას და გარწმუნებთ, დღეს უფრო სრულყოფილი ხართ, ვიდრე აქამდე იყავით. ამიტომაც გთხოვთ, შეწყვიტოთ წუხილი და ადიდოთ ღმერთი, რომელმაც თავისი მოწყალება გაგემათ.
გიგზავნით წმინდა იოანე ოქროპირის ტომს".
* მამა ექვთიმე ოპტელი ბრძანებდა: "განსაცდელი აღარ არის განსაცდელი, თუ მას თავმდაბლობითა და სურვილით ვითმენთ. შინაგანი სიმშვიდე გრძნობებში კი არა, ნებაშია. სიმშვიდე არასოდეს ირღვევა, თვით უდიდესი მწუხარებისასაც კი, თუ ნება მტკიცეა, მშვიდია და მორჩილი ღვთის განგებულებისა.
განსაცდელშემთხვეული ადამიანის დრტვინვას თუ მოისმენ, შესაძლოა იფიქრო, ეს კაცი ყველაზე უდანაშაულო ადამიანია ქვეყანაზე და უსამართლობა მას მიწიერ სამოთხეში ყოფნის ნებას არ აძლევსო. მაგრამ, დაე, გაიხსენოს თავისი ცოდვები, ღვთის წინაშე ჩადენილი, დაე, ღრმად დაფიქრდეს თავის უკეთურობაზე, უღირსობაზე... მაშინ კი უეჭველად დაგვეთანხმება, რომ ღვთის მართლმსაჯულებას ჰქონდა მიზეზი, უბედური შემთხვევით დაესაჯა. უძღები შვილის სიტყვებს წარმოთქვამს უდიდესი სიმდაბლით: "შევცოდე წინაშე ზეცისა და წინაშე შენსა. მომეცი ძალა, მოთმინებით დავითმინო შენი მაცხოვნებელი დარტყმები! ცოდვილმა მადლიერებით უნდა მიიღოს ის, რასაც მოუვლენ, ვითარცა საშუალება შენთანვე დაბრუნებისა".
სხვაგან კი მამა ექვთიმე ბრძანებს: "არ უნდა შევშფოთდეთ, როცა ერთი შეხედვით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვას ვნახავთ. ქრისტიანს უნდა უხაროდეს, როცა ასეთი სატანჯველი მოიწევა მასზე. სამართლიანად მაშინ უნდა შევშფოთდეთ, როცა თავს ათასგზის ცოდვილად ვთვლით, ღვთისგან კი არ ვისჯებით.
ეჰ! შეიძლება იმიტომაც ვცხოვრობთ მიწაზე ბედნიერად, რომ მარადისობისა და უმეტესი სიკეთის ღირსნი არა ვართ; შესაძლოა, ღვთის მართლმსაჯულება უღირსად გვთვლის მიწიერი განსაწმენდელი სასჯელისა, ანდა სულაც შეუძლებელია ჩვენი განწმენდა... იქნებ აღარც ვართ შვილნი უფლისა, დაუსჯელად თუ გვტოვებს? განსაცდელი ხომ მის ჭეშმარიტ შვილებს შეემთხვეოდათ. ვინც ამ სოფელში ოდენ სიკეთეს იღებს, იმქვეყნად ძალზე მძიმე ხვედრი ელის.
ყოვლადწმინდაო და ყოვლადსახიერო უფალო, ლმობიერება შენი წუთისოფელში ნუ დამაწვება ტვირთად მარადისობაში! არა, უფალო ჩემო! აქ დავითმენ, რაც შენს წმინდა ნებას სურს, რათა შემიწყალო შენს საშინელ სამსჯავროზე!"
* "კეთილი საქმისთვის ყოველთვის განსაცდელი მოიწევა! - ბრძანებს სქემიღუმენი საბა, - ბნელი ძალა ვერ დაითმენს სიკეთეს და ადამიანს თავს ესხმის!
თუ გინდა, სასო არ წარიკვეთო, მზად დახვდი განსაცდელს. უფალს წუწუნა ხალხი არ უნდა. გვიხაროდეს მწუხარების ჟამს, რამეთუ იგი კარია ზეცაში შემყვანებელი! როგორც დღე იცვლება ღამით, ასევე მონაცვლეობს ჩვენს ცხოვრებაში ჭირი და ლხინი. ყოველთვის გახარებულნი ხომ არ ვართ ანდა სულ ხომ არ ვწუხვართ? განისვენე სიხარულში, სანამ მწუხარება გწვევია, სიხარულის შემდგომ კი განსაცდელს ელოდე და დიდსულოვნად დაითმინე იგი. ისიც გახსოვდეს: რაც უფრო მეტია სატანჯველი, მეტია ცხონების შესაძლებლობაც".
* მამა დიონისე ათონელი (+1880) ამბობდა: "ახლა ბერები მხოლოდ განსაცდელთა (საცდურთა) დათმენით ცხონდებიან, რადგან დღეს აღარ არიან ძველებურად სათნოებათა მოქმედნი. საცდურთა დათმენით კი უწინდელ დიდად მოღვაწე მამებთან მოხვდებიან. ამისთვის ისიც კმარა, უდრტვინველად დავითმინოთ განსაცდელი. ეს ლოცვის ტოლფასია. ეშმაკი ისე კი არ გამოგვცდის, როგორც მას სურს, არამედ რამდენადაც უფალი დაუშვებს".
* ანტონი დიდი ეშმაკთან სასტიკი ბრძოლისას უჩვეულო ნათლის ხილვის ღირსი შეიქმნა, რომელმაც ბოროტი განაოტა. ღირსმა მამამ დაიჩივლა: "უფალო, აქამდე სად იყავიო?" ღვთის სიტყვა ესმა: "აქვე ვიყავი, ანტონი, მაგრამ შენი გმირობის ხილვა მსურდაო".
* არც წმინდა სვიმონ ახალ ღვთისმეტყველს აუარა გვერდი განსაცდელმა. ეშმაკმა წმინდა მამას სხეული დაუუძლურა და დაუმძიმა. ამასთანავე, გონებაზეც იმოქმედა. იმ ზომამდე მიიყვანა, სიმონმა იფიქრა: აღარც ფეხზე დგომა შემიძლია, აღარც ლოცვის ჟამს ბაგის გახსნა, აღარც საეკლესიო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა და გონების ზეაწევაო. მაგრამ ბოლოს მიხვდა, - ეს ფიზიკური სიძაბუნე კი არა, ეშმაკის განსაცდელი იყო და უხილავი მტრის წინააღმდეგ მოთმინებით აღიჭურვა. თავს აიძულებდა, არ დასუსტებულიყო. განსაცდელი ღვთის შეწევნითა და ღირსი მამის ლოცვით წარმატებით დაიძლია. ღმერთმა ხილვით ანუგეშა წმინდა სვიმონმა და მანაც ისე მხნედ და მსუბუქად იგრძნო თავი, რომ ამიერიდან ლოცვისას აღარასოდეს დამჯდარა, თუმცა ტიპიკონი ამის ნებას აძლევდა.
* მამა იერონიმე ეგინელი ბრძანებდა: "ვმადლობ ქრისტეს, როცა ავადმყოფობის საშუალებას მაძლევს. მაშინ მოწამეებს ვიხსენებ და ჩემს სნეულებას ვივიწყებ. მშვენიერი და სასარგებლო რამაა იგი. მას ღვთის საჩუქრად ვთვლი. მრავალმა შეიცნო ღმერთი ავადმყოფობის გადატანის შემდეგ".
* მამა იოსებ ათონელი სულიერ შვილებს ასწავლიდა: "ნუ შეგეშინდებათ უძლურებისა, თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდეთ. ღმერთი ხომ ყოველთვის თქვენთანაა, მაშ, რა გაღელვებთ? მასში ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ (მოციქ. 17,23). ღვთის მკლავებში მოქცეულნი, ღმერთით ვსუნთქავთ, ღმერთს ვეხებით, მის სისხლსა და ხორცს ვიღებთ ზიარებისას. საითაც უნდა მივბრუნდეთ, საითაც უნდა გავიხედოთ, ყველგანაა უფალი: ზეცაში, მიწაზე, უფსკრულში, ხესა თუ ქვაში, ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში. ასე რომ, განა ვერ ხედავს, როგორ იტანჯებით, როგორ დაითმენთ? უთხარით თქვენი საწუხარი და ნუგეშს, სხეულისა და სულის კურნებას პოვებთ".