წმინდა გაბრიელ მცირის დროს გარეჯის მონასტერში ერთი ვინმე დიდებულის ვაჟი ცხოვრობდა, სახელად იოანე. ის სიყრმიდან ამ მონასტერში გაზრდილა, ღვთივსულიერ მამათა შორის, რომლებიც მას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, ასწავლიდნენ ლოცვას, მარხვას და მონაზონებისთვის ამზადებდნენ. 16 წლის შეიქმნა. რაც ასაკი მოემატა, უფრო წარემატა სათნოებებით. რამეთუ იყო ყველასთვის საყვარელი, მშვიდი, მდაბალი, მორჩილი, ტკბილი, წრფელი, უმანკო, ღმერთისმოყვარე, სათნოებათა მოსურნე, კარგად შეესწავლა წიგნის კითხვა და გალობა, ისე, როგორც შვენის "ეკლესიისა სავსებასა და მონაზონებასა". უფრო კი მადლი ჰქონდა "ბაგეთა მისთა საღმრთოთა სიტყვათა გამოღებისა", გახლდათ "ენამარჯვი" და ხმამშვენიერი. რამდენიც არ უნდა ეკითხა წიგნი, მისი სმენით ვერ ძღებოდნენ გარეჯელი ბერები. ფიქრობდნენ, მალევე აღკვეცდნენ იოანეს ბერად და დიაკვნადაც ხელს დაასხამდნენ.
უცრემლოდ არ ძალმიძს მისი გახსენებაო, - ბრძანებს წმინდა გაბრიელი. მას საშინელი სნეულება შეეყარა, "სასტიკი და ულხინებელი". სამი დღის ავადმყოფობის შემდეგ სააქაოს აღარ იყო. ეტყოდა ღირს მამებს მომაკვდავი: "მოვჰკვდები, მამანო პატიოსანნო, მოვჰკვდები".
შეშფოთებული ბერები შევიდნენ ეკლესიაში, მწუხარებისგან თავს მიწაზე სცემდნენ, ცრემლთა დენით შესტიროდნენ უფალს და მისთვის ტკივილის შემსუბუქებას ევედრებოდნენ: "ყოველთათვის უმჯობესისა განმგებელო ღმერთო, იყავნ ნება შენი, როგორც შენთვის სათნოა".
აზიარეს წმინდა საიდუმლოს.
მეოთხე დღეს, მიმწუხრისას, მოიწია იოანეს გარდაცვალების ჟამი. მამებმა სულთაბრძოლის ლოცვები წაუკითხეს. უზომოდ დამწუხრებულნი იოანეს სენაკში შეკრებილიყვნენ, შესცქეროდნენ მომაკვდავს, რომელსაც სიკვდილისწინა ბრძოლა ჰქონდა გამართული! ფრიად შეშინებული და ზარდაცემული აქეთ-იქით იცქირებოდა, ატრიალებდა თვალებს სწრაფად ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. თავსაც აქეთ-იქით ატრიალებდა საწყალობლად, თითქოს სცემენ და თავს არიდებსო. ძლიერ ბორგავდა და უზომოდ შფოთავდა. განცვიფრებულნი და შეძრწუნებულნი იყვნენ ამის მხილველი მამანი. წმინდა სახარება წაიკითხეს და კვლავ სულთაბრძოლის ლოცვით ევედრებოდნენ ღვთის კაცთმოყვარებას.
ამ საშინელ ტანჯვაში გავიდა სამი საათი. არც ძმები დასცხრებოდნენ მისთვის ლოცვად. მერე კი დაწყნარდა შფოთისგან. იწყო "სიმშვიდისა სახითა კვნესად და სულთქმად სიტკბოებით". შუბლი და სახე ოფლით დაეცვარა. ასე დამშვიდებულმა სული თვისი ღმერთს ჩააბარა.
ყველამ ცხადად იხილა საყვარელი ძმის სიკვდილი, ბრძოლა ეშმაკებთან, რომლებიც მოსულიყვნენ მასთან და სულს უშფოთებდნენ. მერე კი უფლის ანგელოზთა მოსვლით და თანადგომით დამშვიდებულმა ღვთის სასუფეველში შეაბიჯა. სათნო ადამიანის ასეთმა სიკვდილმა იმოქმედა მონასტრის ბერებზე, სინანული და ლმობიერება მოჰგვარა. ამის ხილვის შემდეგ რამდენიმე ძმამ თქვა აღსარება და სული განიწმინდა. ამ ხილვას ისინი შემდგომშიც ხშირად იხსენებდნენ. ხშირად იტყოდნენ: - თუ მართლისა და უმანკოსი ესევითარი მწარე იყო აღსასრული, მაშინ ჩვენი, უმადლოთა და ცოდვათა შინა დაბერებულთა, როგორღა იქნებაო.
დიდად იგლოვეს ბერებმა იოანე. აუგეს წესი. ჩაასვენეს საფლავში და ყველამ თავ-თავის სენაკს მიაშურა. ახლა იქ განაგრძობდნენ ლოცვას და ტირილს. არა მარტო მას იგლოვდნენ, არამედ საკუთარ თავსაც.
***
1920 წელს სოხუმში მიტროპოლიტ ამბროსის (წმინდა ამბროსი ხელაია) კარის მეზობელს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე გრიგოლიას 8 წლის ვაჟი, ვახტანგი, გარდაეცვალა. ვახტანგის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოხუმში, სრულიად საქართველოში. როგორც საყმაწვილო ჟურნალი "ნაკადული" (1920წ., #5) იუწყებოდა, გასვენებაზე დიდებული ხალხი მისულა. "აქ იყვნენ ქართველები, აფხაზები, რუსები, სომხები, ებრაელები და მუსლიმანები. ყველა გლოვობდა ერთადერთ შვილს სოხუმში ცნობილი ექიმისა და ყველასგან პატივცემული საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლიასი". ჟურნალი იმასაც აღნიშნავდა, რომ პატარა ვახტანგი საკმაოდ სახელგანთქმული ყოფილა ქალაქში - "ის ტოლთან ტოლი იყო, პატარასთან - პატარა, დიდთან - დიდი". დაუკრძალავთ სოხუმის საკათედრო ტაძრის ეზოში. საქალაქო საბჭოს დაუდგენია, სოხუმში დაარსებულიყო ვახტანგ გრიგოლიას სახელობის სანატორიუმი სუსტი და ავადმყოფი ბავშვებისთვის. დაკრძალვაზე სიტყვა წარმოუთქვამს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ამბროსის. გთავაზობთ ამონარიდს ამ ქადაგებიდან: "მოკლეა, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება, იშვიათია და მოკლეა დღენი ჩვენი ამქვეყნიური ბედნიერებისა. უფრო ხშირია ჩვენთვის მწუხარება და ვაება. ამას გვიდასტურებს საღმრთო წერილიც. მოიგონეთ ებრაელთა მეფე დავითი, რომელიც მეტად ცხოველად და პოეტურად გამოთქვამს და ხატავს თავის სულიერ ტანჯვას, მოიგონეთ იერემია და მისი გოდება, იობი და მისი ტანჯვა. ეს არის ოხვრა მთელის კაცობრიობისა.
არ არის კაცი, არ არის ოჯახი, რომელიც იყოს იმდენათ ბედნიერი, რომ არ გამოსცადოს ტანჯვა და მწუხარება. მრავალნაირი ავადმყოფობა, სიღარიბე, ბედნიერების უცბათ დაკარგვა, უკმაყოფილება, მტრობა და მრავალი სხვა სამწუხარო მოვლენანი და შემთხვევანი ძალიან ხშირად არღვევენ ოჯახური ცხოვრების ნორმალურ მიმდინარეობას. მაგრამ ყველა ამ სამწუხარო მოვლენათა უფრო აუტანელი ტანჯვის მომგვრელი უბედურებაა სიკვდილი საყვარელი არსებისა. არავითარ მწუხარებას არ შეუძლია შეედაროს იმ მწუხარებას, რომელსაც იწვევს ოჯახის წევრის დაკარგვა. ვის არ გამოუცდია ამნაირი მწუხარება და ან თუ არ გამოუცდია, არ მოელის მომავალში გამოსცადოს? სიკვდილი ჩვენთვის რაღაც საიდუმლოებაა.
აი, ახლაც გაზაფხულის ნიავმა შემოგვბერა. ბუნება იღვიძებს, მკვდრეთით დგება, სიცოცხლის ნიშნებს უკვე იჩენს, აჰყვავდება გარემო, ფრინველნი და ყოველნი ცხოველნი ხარობენ, სიცოცხლის, ახალი სიცოცხლის წარმოშობა-გაგრძელებისთვის ემზადებიან, წმინდა ეკლესია მოახლოებული უდიდესი დღესასწაულით გვეუბნება ქრისტეს აღდგომასთან ჩვენს აღდგომაზედაც მომავალი დაუსრულებელი ცხოვრებისთვის, - აქ კი ჩვენს წინ კუბო და სიკვდილია თავისი შეუბრალებლობით, აქ კი ნორჩ სიცოცხლეს, რომლისგან მოველოდით გაფურჩქვნას და მომავალში საზოგადოებისთვის მოღვაწეობას, ბოლო მოღებია შეუბრალებელი სიკვდილისაგან! აქ რაღაც ჩვენთვის გაუგებარი ერთმანეთის წინააღმდეგობათა შეხამებაა; გაუგებარი და მწუხარება-უიმედობის მომგვრელია ჩვენთვის საზოგადოდ ადამიანის და, კერძოდ და მით უმეტეს, ახლობელი მოსიყვარულე და სასიყვარულო ადამიანის სიკვდილი. მაგრამ ეს ასეა მხოლოდ პირველი შეხედვით, ხოლო როდესაც ჩავუკვირდებით მას, სულ სხვაში დავრწმუნდებით. იმ წინააღმდეგ მოვლენათა შეხამება ამ ცხედართან რაღაც სიმბოლურია და გვასწავლის იმას, რომ სიკვდილი არ არის ჩვენი არსების მოსპობა, არამედ ადგილის და მდგომარეობის გამოცვლაა. ის არის მხოლოდ გარდაცვალება.
რასაკვირველია, საჭიროა ნუგეში, მაგრამ ჩემი ენა, ჩემი სიტყვა უძლურია ამისთვის. რაგინდ დიდგავლენიანი და მჭევრმეტყველი არ უნდა იყოს კაცი, ამ მწუხარების დღეებში მას მაინც არ შეუძლია სრულიად გააქარვოს მწუხარების სიმწვავე. რამდენად აუტანელია ის წამი, როდესაც სამუდამოდ სდუმდებიან ის ბაგენი, რომელთაგან ჩვენ გვესმოდა მუდამ ალერსი და სიყვარული, როდესაც ვშორდებით ამ მოსიყვარულე არსებას, ოჯახის იმედს?! რა ძნელი ასატანია, როცა ძვირფას არსებას მივასვენებთ საუკუნო განსასვენებელი ადგილისაკენ, როდესაც ვაბარებთ მას სამარეს?! დიდია ამისგან გამოწვეული მწუხარება და ბედნიერია ის, ვინც დაძლევს ამ მწუხარებას, რადგან ამაში გამოიხატება დიდი სარწმუნოებრივი ძალა და ღვთისადმი მორჩილება"...
***
ამ მოსასმენადაც მძიმე ამბების შემდეგ ერთი პატიოსანი მოძღვრის აღსასრულიც გავიხსენოთ, მოძღვრისა, რომელმაც წუთისოფელს სძლია და მარადისობაში, ღვთის სასუფეველში გადასახლდა.მე-18 საუკუნეში იკორთის მონასტერში მსახურობდა დეკანოზი ანტონი. დაქვრივების შემდეგ წმინდა დავითის მონასტერში ბერად აღიკვეცა. იყო კაცი მშვიდი, მდაბალი, წრფელი, მდუმარე, გულისხმისმყოფელი.
მოიწია მისი აღსასრულის ჟამი. დიდმარხვის პირველ კვირაში, შაბათს, ეზიარა. მეორე დღეს ვეღარ წამოდგა. დაიბარა მოძღვარი, წმინდა გაბრიელი, და ისიც მაშინვე გაეშურა მასთან. როცა მოძღვარი დაინახა, მამა ანტონმა უთხრა ლმობიერად: "სული ჩემი შენ გელოდა, მამაო". თურმე გარდაცვალების ჟამი ღვთისგან ეცნო. მამა გაბრიელმა ანუგეშა მომაკვდავი და სთხოვა, დაელოცა ყველა მართლმადიდებელი, მეფე, პატრიარქი, მიტროპოლიტნი, არქიმანდრიტნი და მონასტრის ძმები. ისიც ლოცავდა თავისი მადლიანი სიტყვით.
მასთან იყო მისი შვილი დიმიტრი, რომელიც ემსახურებოდა და ლოცულობდა. ულოცა ცისკრის ლოცვა. ოთხშაბათი თენდებოდა. მამა ანტონმა უთხრა, შუადღის ლოცვაც წაიკითხე, ვაითუ ვერ მივატანო იმ დრომდეო. მერე კი შეიმოსა "სამკვდრო იგი სამოსელი", წმინდა გაბრიელის მიერ გამზადებული.
ცისკრის შემდეგ გაბრიელი შევიდა მის სენაკში და როცა მამა ანტონი იხილა, იგრძნო, რომ რაღაც საღმრთო ხილვას ხედავდა. აუწყა მამებს, დარეკეს ზარი, შეიკრიბა ყველა და სულთაბრძოლის ლოცვა წაუკითხეს.
მერე ყველამ ამბორუყო მომაკვდავს, შენდობა და ლოცვა მიიღეს მისგან და გავიდნენ. სენაკში მამა გაბრიელი და მისი ვაჟი დიმიტრი დარჩნენ. მამა ანტონი "განკვირვებით ზემხედველი" იყო. ჰკითხა მამა გაბრიელმა: "ხედავ რასმე, მამაო?" ჯერ ვერაფერსო, - მიუგო.
ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს ლოცულობსო, ბაგეები შეარხია. გაბრიელმა ყური დაუგდო და მხოლოდ ეს სიტყვები გაარჩია: "იმ ქალაქის შუაში გვირგვინოსანი". გაბრიელი კიდევ შეეკითხა: "რას ხედავ, მამაო?" ეშმაკთაო, - უპასუხა. გაბრიელმა უთხრა: - ღვთისმშობელს შეევედრე, რამეთუ ის აოტებს არაწმინდა სულებსო. მერე კი დამშვიდდა, დადუმდა, გამხიარულდა და განცვიფრებული რაღაცას შესცქეროდა.
- ახლა ხედავ რასმე, მამაო?
- კი, ვხედავ.
- ვის ხედავ, მამაო პატიოსანო?
- ღირს წმინდანებს.
- ვინ არიან ეგ წმინდანები?
- ანტონი, არსენი...
მესამის სახელი ვერ გაარჩიეს მსმენელთ.
- დავით გარეჯელს თუ ჭვრეტ?
- კი.
- იოანე ნათლისმცემელს ხედავ?
- კი.
- წმინდა ანგელოზებს თუ ხედავ?
- აქ არიან.
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თუ ხედავ? როგორ არის მოსილი?
ბრწყინვალედო.
მერე დადუმდა. გაბრიელმა შესთხოვა: - მის წინაშე ჩემთვის ილოცე, მამაო წმინდაოო.
- ვილოცებო, - ამ სიტყვების შემდეგ ლოცვისგანაც დასცხრა, სახე გაუსპეტაკდა და სული თვისი ჩააბარა უფალს.
ასე დატოვა წუთისოფელი ერთმა, ქართველთათვის ჯერაც უცნობმა წმინდა მამამ.