ყოველი წამი მარადისობას გვაახლოებს
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) ბრძანებს: დროის სწრაფწარმავალი მდინარე ჩქარი ნაკადით მარადისობაში მიედინება.
მხოლოდ წმინდა წერილი და საღმრთო დღესასწაულები აისახება ჩვენს ცხოვრებაზე დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ეს წლიური ციკლი გვახსენებს და გვიხმობს: შეიცანი თავი და ჩაუღრმავდი საკუთარ სულს, ადამიანო. ვინა ხარ, როგორ ცხოვრობ, რა გელის? ამ დროის ნაკადთან ერთად შენც ხომ მიედინები იქ, სადაც დრო აღარ არსებობს - მარადისობაში. ასეა ყოველდღე, ყოველ წელს.* ცხოვრება - წუთისოფელია, მაგრამ მას გაფრთხილება უნდა. ერთხელ მამა პორფირე ათენელმა (+1991) თავის სულიერ შვილს უთხრა, დიდხანს იცოცხლებო და წელიც დაუსახელა. შემდგომში, თავისი დაუდევრობით, ამ კაცმა მცირე ხანი იავადმყოფა, რის გამოც მამა პორფირემ დატუქსა - შეიძლებოდა მომკვდარიყავიო. მამაო, თქვენ ხომ მითხარით, ამდენი წლისა მოკვდებიო? ამაზე წმინდა მამამ უთხრა: "რაც გითხარი, სინამდვილეა. შენი სიცოცხლის კანდელში იმდენი წლის საკმარისი ზეთი ასხია, ადრე რომ ვთქვი. მაგრამ თუ დაგივარდება, ზეთი დაიღვრება და კანდელი ჩაქრება! ასეა სიცოცხლეც! ღმერთი სიცოცხლის უძვირფასეს ნიჭს გვაძლევს; ჩვენ მას ვიღებთ და ვალდებულნი ვართ, გავუფრთხილდეთ, მით უმეტეს არ უნდა ჩავაგდოთ ის უაზრო განსაცდელში.
ღმერთმა სრული თავისუფლება მოგვცა, რათა ის გონივრულად გამოვიყენოთ. მაგრამ თუ ჩვენი მიზეზით უეცარი ან ძალადობრივი სიკვდილი გვეწვევა, პასუხისმგებლობის მთელ სიმძიმეს ჩვენ ვიღებთ. ეს პასუხისმგებლობა კი უზარმაზარია. ამიტომაც უნდა გავფრთხილდეთ!"
* მღვდელმონაზონი დანიელ ოპტელი (ბოლოტოვი) ამბობდა: "ჩვენი სიცოცხლე ღვთისგან ნაჩუქარი ქონებაა. ნებსით თუ უნებლიეთ ამ ქონებას დავხარჯავთ ანუ უცილობლივ მოვკვდებით! მაგრამ ეს ქონება მიწაზევე შეგვიძლია ლომბარდში ჩავდოთ და მისი პროცენტები გაიზრდება ჩვენი სიკვდილის შემდეგ. მეორედ მოსვლამდე ბევრი დრო გავა, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რას შევქმნით ანდა რას დავტოვებთ ამ ქვეყანაზე".
* წმინდა მაკარი ოპტელი ბრძანებს: "დრო მიედინება შეუმჩნევლად, წამებში, წუთებში, საათებში, დღეებში და სხვა საზომში აღრიცხული, მიფრინავს, ჩვენ კი ვერ ვხედავთ. ყოველი წამი მარადისობას გვაახლოებს. ეს ვიცით, მაგრამ მაინც ცუდად ვზრუნავთ პირუთვნელ მსაჯულთან შესახვედრად და ანგარიშის ჩასაბარებლად. მგრძნობიარობა გონებას გვიბნელებს. იმაზე ვფიქრობთ და ვზრუნავთ, ხორცს როგორ განვუსვენოთ, სულზე კი არ ვფიქრობთ, ვნებებს არ აღმოვფხვრით, არც კი ვეწინააღმდეგებით. ამიტომაც ვკარგავთ სულიერ სიმშვიდეს და ვშფოთავთ.
სხვა დროს ბრძანებს: "ვყოყმანობთ, ვშფოთავთ, ვირყევით, ყველაფერი კი მდინარესავით მიედინება და მიაქვს გარდასული დღეები, თითქოს არც ყოფილიყოს. მეხსიერებაში მხოლოდ რამდენიმე ამბავი თუ მონათხრობი შემოგვრჩება. დღეს მთავრდება ჩემი ცხოვრების 66 წელი, ხვალ კი 67 წელი იწყება. მაგრამ ეს მარადისობასთან შედარებით წვეთია ზღვაში, უფრო მცირეც. მაგრამ როგორი იქნება მარადისობა, ამაზე ახლა უნდა ვიფიქროთ და ვთხოვოთ ჩვენს მრავალმოწყალე ღმერთსა და შემოქმედს, შეგვიწყალოს საშინელ სამსჯავროზე და მარჯვენით დაგვიყენოს. ჩვენ კი ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ, თითქოს მარადისობა არ არსებობდეს, მცნებებს ვარღვევთ, არც ჭეშმარიტი სინანული გვაქვს. უფალო, შეგვიწყალე".
"რა გვინდა, რას ვეძებთ? რა თქმა უნდა, ცხონებას, ზეციურ სასუფეველს. მაგრამ როგორ მოვიპოვებთ ამას? განა ხანგრძლივია ჩვენი ცხოვრება? ვინ გითხრათ, რომ ხვალამდე ვიცოცხლებთ?..
* როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში? - წმინდა ამბროსი ოპტელი გვასწავლის: "ბორბალი რომ ბრუნავს, ისე უნდა ვიცხოვროთ დედამიწაზე, მხოლოდ მცირე ნაწილით შევეხოთ მიწას, ხოლო დანარჩენით მთლიანად ზევით მივისწრაფოთ. ჩვენ კი ჩავეფლობით მიწაში და წამოდგომაც არ შეგვიძლია".
* მამა დამიანე ათონელი (XIXს.): "დაე, სიკვდილის ხსოვნა განუყრელად თან გდევდეთ, რადგან როცა გახსოვს სიკვდილი, მაშინ გონება აღარ გაერთობა სხვადასხვა საგნით. როცა დაწვები დასაძინებლად, იფიქრე, რომ ხვალ დილით ვეღარ გაიღვიძებ. ხოლო დილით ადგომისას ილოცე იესოს ლოცვა და ღვთისმშობლისადმი სავედრებელი. როცა ასე იღვწის ადამიანი, მაშინ მოდის მასზე მადლი და განაბრწყინვებს".
* მღვდელმონაზონმა ევლოგი ბალაამელმა (+1969) როცა დაწყებითი სასწავლებელი დაამთავრა და შესაბამისი მოწმობაც მისცეს, გახარებულმა, წვიმაში რომ არ დასველებოდა, თურმე ქაღალდი ქუდში ჩაიდო. ამოვარდა ქარი, ქუდი წაგლიჯა და მდინარეში გადაუგდო. ამან ისე იმოქმედა, რომ ამსოფლიურმა სიკეთეებმა მისთვის ფასი დაკარგა. ამიტომაც მალევე მიაშურა ბალაამის მონასტერს - ამ წუთისოფელში ყველაზე მყუდრო ნავსაყუდელს.
* როგორ ტოვებენ წუთისოფელს ჭეშმარიტი ქრისტიანენი, ღირსი მამანი? უკვე დიდი ხანია, რაც ისინი არაამსოფლისაგანნი არიან. გონებით გადასახლებულან ღვთის სამყაროში, სადაც დრო არ არსებობს, სადაც მარადისობაა. საგულისხმოა სქემმონაზონ იეგუდიელ ბალაამელის გარდაცვალების ამბავი 1895 წელს. "ერთხელ ის მონასტრის საავადმყოფოში მოვიდა და ღიმილით მითხრა, - ჰყვება თვითმხილველი, - ძმაო პავლე, გაისარჯე ღვთის გულისთვის და მომიყვანე ჩემი მოძღვარი მამა მელქისედეკი, სულის გასვლის ლოცვა რომ წამიკითხოს... დროა მოვკვდე.
- ახლავე, მამაო, - ვუთხარი. მალე მოვიდა დაბარებული მოძღვარიც.
- რაო, მამა იეგუდიელ, სიკვდილი გადაწყვიტე? - ჰკითხა მან ბერს.
- უკვე დროა, სხვა ცხოვრებაში გადავიდე. ილოცე ჩემთვის, მამაო, წამიკითხე სულის გასვლის ლოცვები.
- თუ გინდა, წაგიკითხავ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ კურთხევანის წამოღება დამავიწყდა. წავალ და მოვიტან.
- ამის გამო ნუ შეწუხდები, მამაო. შენ მარტო მაკურთხე და თვითონვე წავიკითხავ.
- თუUზეპირად იცი სულის გასვლის ლოცვები, მაშინ წაიკითხე, - მშვიდად უთხრა მოძღვარმა. ოლარი ჩაიცვა და ასამაღლებელი წარმოთქვა: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი".
მომაკვდავმა მოხუცმა მკაფიო ხმით წარმოთქვა ლოცვა ზეპირად, მთელი კანონი ღვთისმშობლისადმი, ყველაფერი, ვიდრე განტევების ლოცვამდე. მამა მელქისედეკმა განტევების ლოცვა წარმოთქვა. მამა იეგუდიელი დიდი მოკრძალებით ეამბორა პატიოსან ჯვარს და კურთხევა აიღო. მოძღვარი დაემშვიდობა და კეთილი აღსასრული უსურვა. მერე კი მითხრა, წინ ტაბურეტი დამიდგიო. დავუდგი, როგორც უნდოდა, ზედ ბალიშიც დავდე. მშვიდი სახით დაიხარა და ბალიშზე გულდაღმა დაწვა. ხომ არაფერი გინდათ-მეთქი. მაგრამ მას უჩუმრად დაეტოვებინა წუთისოფელი და უკეთეს სოფელში გაფრენილიყო. როგორც წმინდად და მშვიდად იცხოვრა, ასევე მიიცვალა.
* - მამაო, კონკრეტულად რა არის ამ ცხოვრების აზრი? - ჰკითხეს მამა პაისი ათონელს.
- მზადება სამშობლოში დასაბრუნებლად, ზეცაში, სამოთხეში. ადამიანმა უნდა შეიცნოს ცხოვრების ღრმა აზრი, რამეთუ ამით ხდება სულის ხსნა. როცა სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, ადამიანი ხვდება, რომ ახლანდელი ყოფა ამაოა, წარმავალია და ამზადებს თავის "საზღვარგარეთის პასპორტს" სხვა ცხოვრებისთვის. ჩვენ ვივიწყებთ, რომ ყველას წასვლა მოგვიწევს. ფესვებს აქ ვერ გავიდგამთ. ეს ცხოვრება დროსტარებისთვის კი არ გვაქვს, არამედ იმისთვის, რომ ჩავაბაროთ გამოცდები და სხვა სიცოცხლეში გადავიდეთ. ამიტომაც ჩვენი მიზანია, ისე მოვემზადოთ, რომ როცა უფალი მიგვიხმობს, სუფთა სინდისით წავიდეთ. მივემთხვიოთ ქრისტეს და ვიყოთ მასთან საუკუნოდ.
* ერთ საღამოს ერთი იმპერატორი სასახლის კართან იჯდა. მახლობლად იდგნენ მისი მცველნი და მსახურნი. ამ დროს ერთმა ბერმა ჩაიარა. ზურგზე გუდა მოეგდო და სკვნილს მარცვლავდა. შეჩერდა და სასახლეში შესვლა მოინდომა. მცველებმა შეაჩერეს. ამ სასტუმროში ღამის გათევა მინდაო - ბერმა. ეს სასტუმრო კი არა, მეფის სასახლეაო. იმპერატორმა ყური მოჰკრა მათ საუბარს და იხმო ბერი. მამავ კეთილო, ეს სასტუმრო კი არა სასახლეა, და მე იმპერატორი ვარო, - უთხრა. ბერმა ნირშეუცვლელად მიმართა: - "ვის ეკუთვნოდა ეს სასახლე ორმოცდაათი წლის წინ?" "პაპაჩემს", - უპასუხა იმპერატორმა. "შემდეგ ვის ხელში გადავიდა?" "მამაჩემის". "მისი სიკვდილის მერე ვის ეკუთვნის?" "მე". "შენ შემდეგ ვის დარჩება?" - ჰკითხა ბერმა. "ჩემს ვაჟს", - უპასუხა მეფემ. "ამის მერე, ხელმწიფეო, სასტუმრო როგორ არ დავუძახო, როცა ამდენ ადამიანს უცხოვრია აქ?" იმპერატორი მიხვდა მისი ნათქვამის აზრს, ხელი მოჰკიდა, სასახლეში შეიყვანა და ბრძანა, დაებინავებინათ და კარგად გამასპინძლებოდნენ.
* მამა სერგიმ (ვესნინი) ათონის მთაზე XIX საუკუნის 80-იან წლებში იმოგზაურა. იქ ნახა რუსი ბერი პანკრატი, რომელსაც ფეხი დაწყლულებული ჰქონდა. თურმე ბიჭობაში მას ქალბატონი ფეხშიშველას აგდებდა ხოლმე ზამთარში. ვეღარ გაუძლო არაადამიანურ ჯაფას და საზღვარგარეთ გაიქცა, სადაც იქაურ რუსებს ემსახურებოდა. იქ ერთმა მისმა მეგობარმა თავი ჩამოიხრჩო. პანკრატის თავზარი დასცა ამ ამბავმა, წუთისოფელმა მისთვის ფასი დაკარგა და ათონის მთას მიაშურა. ძველმა იარებმაც იჩინა თავი...
"მიუხედავად იმისა, რომ ფეხი თითქმის შემოალპა, ის მშვიდი დამხვდა, - იგონებს მამა სერგი, - სხვათა შორის, როგორც არ უნდა აუტანელი იყოს მისი ტკივილები, მამა პანკრატი ხარობს და ხშირად მეტყვის კიდეც: დამიჯერე, მირჩევნია, სხეული დამილპეს, ოღონდ ღმერთმა მაშოროს გულის აუტანელი ტკივილი. თუ გული დაავადდება, საქმე ცუდად წავა! ეს ჯოჯოხეთური ტანჯვაა... მე ჩემს ავადმყოფობას შევხარი, რადგან ტკივილებისდა მიხედვით მანუგეშებს ღმერთი. რაც უფრო დიდია ფიზიკური ტანჯვა, უფრო მხიარულად ვარ. მამშვიდებს იმედი სამოთხის ნეტარებისა, ყოველთვის თან მდევს იმედი ზეცაში სუფევისა. ზეცაში ხომ ძალიან კარგია. დროდადრო საშინლად ვიტანჯები, მაგრამ მერე რაც ჩემს თავს ხდება, მხოლოდ ამან იცის, - ბერმა გულზე დაიდო ხელი, - მახსოვს, ერთხელ ტკივილი ვეღარ დავითმინე და დრტვინვის მაგვარი რამ აღმომხდა. მერე ტკივილი ჩაცხრა, თქვენც კელიებში გაიფანტეთ, მე კი ტკბილად ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ხილვა მქონდა, რომლის გახსენებაზე ახლაც გულში სამოთხის მხიარულებას ვგრძნობ. ვისურვებდი, სულ მეტანჯა, ოღონდ განმეორდეს ის დაუვიწყარი ხილვა: ძილში ჩემთან ერთი ულამაზესი ყმაწვილი მოვიდა და მკითხა:
- გტკივა, პანკრატი?
- დიდება ღმერთს, ახლა აღარ.
- მოითმინე, შენ მალე გათავისუფლდები, რადგან ბატონმა გამოგისყიდა, თანაც ძვირად. ახლა გიხმობს, - წამოდიო.
გავყევი. სახიფათო გზა გავიარეთ. ვეებერთელა ველური ძაღლები მეტანებოდნენ, მაგრამ იმ ყმაწვილის ერთი სიტყვაც კი აჩერებდა. ბოლოს გავედით ფართო, ნათელ, თვალუწვდენელ ველზე.
- ახლა უსაფრთხო ადგილას ხარ, - მითხრა ყმაწვილმა, - აგერ, ბატონიც. მიუახლოვდი.
გავხედე და ერთ მშვენიერ ადგილას სამი კაცი იჯდა გვერდიგვერდ. სიხარულით წავედი მათკენ. გზად უცნაურად ჩაცმული ხალხი მხვდებოდა და მეამბორებოდა. მივაღწიე იმ ადგილამდე. ორი ადგა და წავიდა. კრძალვით მივუახლოვდი უცნობს.
მოგწონს აქაურობა? - მკითხა მდაბლად. შევხედე, სახე უბრწყინავდა. მეფური დიდებულება გამოარჩევდა სხვათაგან. მდუმარედ დავემხე და ფეხის იარებზე ვეამბორე. ხელებიც დაიარებული ჰქონდა. ვეამბორე მის მარჯვენას. ჩემი ახალი ბატონი ძალზე თავმდაბლად გამოიყურებოდა. "მე გამოგისყიდე ქალბატონისგან, დამენანე სატანჯველად. შენმა ბავშვურმა ქვითინმა ჩემამდე მოაღწია. ამიტომაც ახლა მშვენიერ ბაღში დიდი სასახლე გაგიმზადე ამ ტანჯვის საფასურადო, - მითხრა და დამანახა, - ეს შენია, ოღონდ ჯერ მზად არ არის. როცა დაგიდგება ჟამი საუკუნო განსვენებისა, ჩემთან წაგიყვან. მანამდე კი დაითმინე ყოველი ტკივილიო". "უფალო, უფალო", - ამ სიტყვებით დავემხე მის წინაშე და უეცრად ყველაფერი გაქრა. თავს მსუბუქად და ბედნიერად ვგრძნობდი..."