მიკვირს, სად გაქრა ჩემი სნეულება
"კარიბჭის" ამავე ნომერში წმინდა ერისკაცი მაქსიმე შარაძე თავის სულიერ ფერისცვალებაზე მოგვითხრობს.
მაგრამ თვით მაქსიმეს ღვთივსათნო ცხოვრებას, მადლიან სიტყვას მრავლისთვის შეუცვლია ფერი.ერთხელ თავის ოთახში ქურდს წაასწრო და კარი ჩაუკეტა. მძარცველს ეგონა, შავ დღეს დამაყრისო, აცახცახებული მუხლებზე მოეხვია და შეწყალებას სთხოვდა, - შენი ღვთის გულისთვის მაპატიეო. მაქსიმემ დაამშვიდა: გაპატიებ, გაპატიებ, დაწყნარდი, ოღონდ ეს მითხარი, ეგრე როგორ გაგიჭირდა, რომ ასეთ საქმეს კისრულობო. ქურდმა უთხრა: დიდი ხანია, რაც მებადა, ყველაფერი შემომეხარჯა, აღარც საჭმელი მაქვს, აღარც სასმელი და აღარც ტანისამოსიო. მაქსიმემ ჰკითხა: რატომ არსად დადგები სამუშაოდო.
- უწინ დიდი ჯამაგირი მქონდა, მაგრამ მას შემდეგ იმისთანა ადგილს ვეღარ შევხვდი, მცირე ფასად დადგომისა კი მრცხვენია.
- კი მაგრამ, ქურდობა უფრო სირცხვილი არ არის? მითხარი, ღმერთი ხომ გწამს?
- მწამს, რასაკვირველია.
- მერედა ღმერთმა ის კი არა თქვა, თუ ბევრს არ აიღებ, საქმეს თავი დაანებეო, არა, "ოფლითა შენითა სჭამდე პურსაო". პატიოსნად იმსახურე და ღმერთი გწამდეს, ჯამაგირი კი დიდი გექნება თუ პატარა, სულერთია. უფალმა მას, ვინც ცოტას დასჯერდა, უთხრა: "რომელი მცირესა ზედა სარწმუნო იყავ, მრავალსა ზედა დაგადგინოო". ასე რომ, თუკი ღვთისნიერად იცხოვრებ, შენი პატარა ჯამაგირი დიდად გადაგექცევა და როცა ასე დაიმდაბლებ თავს, ღმერთი აღგამაღლებს. წადი მშვიდობით, ეცადე, ჩემო ძმაო, ადგილი იშოვო და სინდისიერად იცხოვრო.
დასაჩუქრებული გაისტუმრა და ისიც გახარებული წავიდა.
იმავე კვირას შეხვდა მაქსიმე ბიჭს, მაღაზიის კარში იდგა. ჰკითხა, რა ქენიო.
- დიდი მადლობელი ვარ შენი. შენგან რომ წამოვედი, მაშინვე შევეცადე და აგერ აქ ნოქრად დავდექი. ღმერთმა სიკეთე მოგცეს ჩემი სიკეთისთვისო.
***
XIX საუკუნეში კრეტაზე ერთი ყაჩაღი ცხოვრობდა, სახელად მანუელი. ოცი წლისას აერჩია ეს "ხელობა" და მარტო "ნადირობდა". რამდენჯერაც დაიჭირეს, იმდენჯერ გაიქცა. კაცთა ძარცვით მეტისმეტად შეაწუხა ხელისუფლება და მისი თავისთვის საკმაოდ დიდი თანხა დააწესეს. ასე განვლო მანუელმა თხუთმეტი წელი. მაგრამ მოხედა მის ცოდვილ, თუმცა უბოროტო გულს უფალმა და სინანულის გზა უჩვენა.ერთხელაც მისი მრავალშვილიანი ძმა დაიჭირეს. შეეწყალა მისი წვრილშვილი მანუელს და გადაწყვიტა, მთავრობას ძმის სანაცვლოდ ჩაჰბარებოდა. ფაშასთან შუამავალიც გამოძებნა. სულის სიღრმემდე შეძრა ფაშა მანუელის საქციელმა, არა მარტო მისი ძმა გაუშვა, მასაც შესთავაზა თავისთან სამსახური.
ოთხი წლის შემდეგ ფაშა თესალონიკში დანიშნეს, ერთი წლის შემდეგ კი ათონზე წავიდა. თან მანუელიც გაიყოლა. ათონზე მანუელი სარდლად (მცველად) დაადგინეს. როცა დაბრუნების დრო მოვიდა, ბატონს ათონზე დარჩენა სთხოვა. ხუთი წელი მთაწმინდაზე დიდ სულიერ ბრძოლაში გაატარა, თუმცა რამდენჯერაც ერში წასვლა დააპირა, იმდენჯერ იგრძნო, რომ ათონს იყო მიჯაჭვული.
მანუელმა წმინდა ანას სკიტის მამებს დარჩენა სთხოვა და სკიტის ჩრდილოეთით ერთ ნესტიან მღვიმეში დასახლდა. მალე ბერად აღკვეცეს. მადლიერების გრძნობით აღვსილს ანას დარქმევა სურდა, მაგრამ მამებმა განუმარტეს, ეს ქალის სახელია, იოაკიმეს გიწოდებთო.
მრავალი ღვაწლი გასწია მამა იოაკიმემ მარხვით, ლოცვითა და გარდამეტებული თავმდაბლობით. სულშემუსვრილს ცრემლთა დენის მადლი მიენიჭა. "მამაო, შენ იყავი ის ცნობილი ყაჩაღი მანუელი?" - ეკითხებოდნენ და ისიც თავმდაბლად პასუხობდა: "დიახ, მე ვიყავი. ბერად შედგომას არც კი ვიფიქრებდი, მაგრამ ნახეთ, რა ჰქმნა უფალმა! თურქმა, თურქმა მომიყვანა აქ! მართლაც უდიდესი სასწაულია ღვთის გულმოწყალებისა".
ერთხელაც, ანტონი დიდივით, მასაც უამრავი ეშმაკი დაესხა თავს, ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს. მამა იოაკიმე ბერებმა სკიტში წაიყვანეს. იგი ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს გარდაიცვალა. მზე ჩადიოდა. უეცრად მამა იოაკიმემ შესძახა: "დედოფალო ჩემო, დედოფალო ჩემო!" ამ სიტყვებით შეჰვედრა სული თავისი უფალს და დედოფალს თვისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ფერნაცვალი ბერი მაშინ 80 წლის იყო. აქედან 25 წელზე მეტი ათონზე გაატარა.
***
ერთხელ ერთმა რუსმა გენერალმა თურქებზე ლაშქრობიდან ტყვე თურქი ბიჭი ჩამოიყვანა და თავის მეგობარ დურნოვს აჩუქა. ბავშვი ძალზე ცოცხალი და გონიერი გამოდგა. მამობილი მის მონათვლას არ ჩქარობდა, სურდა, თვითონვე მიმხვდარიყო ეკლესიის როლს, ქრისტიანობის მნიშვნელობას. ბიჭიც ამასვე ეუბნებოდა: დავიცადოთ, მამიკო, ამის დრო რომ დადგება, მე თვითონ გეტყვიო.თექვსმეტი წლისა რომ შესრულდა, საოცარი ფერისცვალება მოხდა ყმაწვილის სულში: სადღაც გაქრა მისი მხიარულება, თვალები სევდით აევსო. მამიკო, მალე მოგთხოვ მონათვლას, მაგრამ მანამდე ერთი სათხოვარი მაქვს: საღებავები, ფუნჯები, პალიტრა და კიბე მიყიდე და ნება მომეცი, ჩემს ოთახში არავინ შემოვუშვაო. დურნოვმა სიამოვნებით შეუსრულა თხოვნა.
თურქი ახალგაზრდა დღისით თავის ოთახში განმარტოვდებოდა ხოლმე, საღამოობით კი მამობილთან მიდიოდა სასაუბროდ. დღითიდღე ფერმკრთალდებოდა, შავ თვალებში არაამქვეყნიური ცეცხლი უკრთოდა. თვის ბოლოს დურნოვს სთხოვა, ყველაფერი მოემზადებინა ნათლობისთვის და მამობილი თავის ოთახში შეიყვანა. ჩამოხსნა საფარველი და კედელზე მაცხოვრის უზარმაზარი ხელთუქმნელი ხატი გამოჩნდა, ტილოზე გამოსახული, რომელსაც უფლის ანგელოზები აღამაღლებდნენ. აი, ეს არის მიზანი, რომლის აღსრულებაც მსურდა, ახლა კი მონათვლა და ქრისტეს სარწმუნოებასთან ზიარება მინდაო.
ვაჟი მეორე დღესვე მონათლეს. როცა ეზიარა, ყველა განაცვიფრა არაამქვეყნიურმა სილამაზემ, თურქი ქრისტიანი რომ შემოსა. შინაგანი ფერისცვალება გარეგნობაზეც აესახა. ვაჟი მადლობდა მამობილს ყველაფრისთვის. "მშობელ მამაზე უკეთესი ხარ, შენ ხომ საუკუნო სიცოცხლე მაჩუქეო", - ეუბნებოდა. მერე კი დიდხანს ლოცულობდა ხელთუქმნელი ხატის წინ და იქვე მიიძინა საუკუნო ძილით.
მეორე დღეს ბიჭი თავის საწოლში გარდაცვლილი ნახეს. ხელები გულზე ჯვრის სახით დაეკრიფა, პირზე კი ღიმილი დასთამაშებდა.
***
XIX საუკუნის ორმოციან წლებში, მამა ფილარეტის იღუმენობისას, გლინის უდაბნოში გვარდიის გადამდგარი პოლკოვნიკი მილონოვი ცხოვრობდა და მკაცრად მოღვაწეობდა. ახალგაზრდობაში სრულიად ურწმუნო ყოფილა. პეტერბურგში, იმ წრეში, რომელშიც ტრიალებდა, ანტიქრისტიანული სული სუფევდა. ახალგაზრდები უწესოდ ხომ ცხოვრობდნენ და თან ღმერთსაც გმობდნენ. მოხუცებული დედა გონზე მოსვლას სთხოვდა, მაგრამ შვილი ყურს არ უგდებდა. ეტყობა, ამ ღრმადმორწმუნე ქალის ლოცვა ზეცად აღვიდა და უფალიც თავისი საღმრთო განგებულებით შეეხო მისგან განდგომილის გულს.ერთხელ მილონოვი შინ ნასვამი დაბრუნდა. დასასვენებლად მიწვა. უეცრად ბუხრიდან ხმა შემოესმა: "მილონოვ, აიღე პისტოლეტი და თავი მოიკალი". ჯერ ჩათვალა, ვიღაც მეხუმრებაო. ოთახი დაათვალიერა, მაგრამ იქ არავინ იყო. იგივე ხმა ისევ თავის მოკვლას უბრძანებდა. აღელვებულმა ლაქიას უხმო. ლაქია მორწმუნე კაცი იყო და ბატონს ლოცვა და პირჯვრის გამოსახვა ურჩია. "არც ღმერთი არსებობს და არც ეშმაკი!" - თქვა გაღიზიანებით მილონოვმა. ლაქიას მოსმენაც აღარ უნდოდა. უხილავი ხმა კვლავ თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდა. ბოლოს პირჯვარი გამოისახა და ხმა იმწამსვე დადუმდა.
ამ მისთვის უცნაურმა ამბავმა ჩააფიქრა პოლკოვნიკი. თავისი წარსული ცხოვრება თვალწინ დაუდგა და შეძრწუნდა. იმწამსვე მონასტერში წასვლა და თავისი ცოდვილი წარსულის გამოტირება გადაწყვიტა. აღარც უყოყმანია, გადადგა სამსახურიდან, გაიძრო ბრწყინვალე მუნდირი, გადაიცვა უბრალო სამოსი და კიევის მღვიმევის მონასტერს მიადგა. წინამძღვარს გაუძნელდა ასეთი ცნობილი კაცის მონასტერში დატოვება. ახლა ყოფილი პოლკოვნიკი სათხოვრით კიევის მიტროპოლიტს ეწვია და მღვდელმთავარს თავისი წარსული ცხოვრებაც უამბო. მისი უეცარი ფერისცვალებით გაოცებულმა მღვდელმთავარმა მონანულ ცოდვილს გლინის უდაბნოში წასვლა ურჩია - იქ მეტი სიმყუდროვეაო. მილონოვი გლინის უდაბნოში დასახლდა და დიდ ღვაწლს შეუდგა, თუმცა ბერად არ აღკვეცილა, რათა მის მოხუცებულ დედას შვილის სამხედრო პენსია არ მოჰკლებოდა.
***
მამა სამსონი (სივერსი) გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მორდოვიაში მსახურობდა მღვდლად. სწორედ მის თვალწინ მოხდა ფერისცვალება ადამიანისა, რომელიც 1905 წლიდან კომუნისტი გახლდათ.გარდაცვალებამდე წელიწად-ნახევრით ადრე ანდრიას საშინელი სნეულება შეეყარა. სიმყრალის გამო მის საწოლს ვერავინ ეკარებოდა. საბრალოს ეშმაკებიც აწვალებდნენ, თხების, მაიმუნების, კატების სახით ეცხადებოდნენ და აწუხებდნენ. სნეულს სამგზის გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი და მოუწოდა: "დამიჯერე, ანდრია, მღვდელს უხმე, აღიარე და შეინანე ცოდვები, თორემ დაიღუპებიო". ანდრიამ ცოლს მოძღვრის მოყვანა სთხოვა. მღვდელი კი მამა სამსონი გახლდათ. ავადმყოფთან შესულმა კარის მიხურვაც ვერ მოასწრო, რომ ანდრიამ ყვირილით იწყო თავისი ცოდვების ჩამოთვლა. ორ საათს ისმენდა მოძღვარი მის აღსარებას, მაგრამ ზიარების უფლებას მაინც არ აძლევდა - სურდა, მისი სარწმუნოების სიმტკიცეში დარწმუნებულიყო, თანაც აინტერესებდა, როგორ შეხვდებოდა ამას ანდრია.
მეორე დღეს სნეული საწოლიდან წამომდგარი დახვდა, თეთრ სამოსში გამოწყობილიყო. "მიკვირს, სად გაქრა ჩემი სნეულება, საოცრად დავმშვიდდი", - წარმოთქვა კაცმა. მყრალი სამოსი დაწვა და სპეტაკი სამოსით წარმოაჩენდა თავის შინაგან ფერისცვალებას. "ახლა კი წამოვისვენებ", - თქვა ზიარების შემდეგ და მართლაც განისვენა საუკუნოდ.
***
ბოლოს კი ჩვენი წმინდა მამის, ნეოფიტე ურბნელის საოცარი სულიერი ფერისცვალების ამბავი გავიხსენოთ.მრავალგზის დალაშქრეს საქართველო არაბებმა. მეექვსე საუკუნეში ამირა მუმნის ბრძანებით შემოესივნენ ჩვენს ქვეყანას. დაიპყრეს ქართლი და არგვეთის მთამდე მივიდნენ. მათ ამირას ნათესავი ვინმე აჰმადი წინამძღვრობდა, კაცი ანგარი და გულფიცხელი. ქვეყნის დაპყრობის შემდეგ მის დასარბევად რაზმები დაგზავნა. სპასპეტები ომარი და ბურული ციხედიდთან მივიდნენ, იქიდან კი მტკვარგაღმა სარკინეთის მთებში გამოკვეთილი მღვიმეები დაინახეს და მათი დალაშქვრა განიზრახეს. მოძებნეს ფონი და წყალში შევიდნენ. ბევრს ეცადნენ, მაგრამ წინ ვერ წავიდნენ. საღამოსღა მოეგნენ გონს და ერთ ტყვე ქართველს ჰკითხეს, იმ გამოქვაბულებში ვინ ცხოვრობსო. იქ ღვთის მონანი სახლობენ, ფრიად სასწაულთმოქმედი კაცის შიოს მიერ შეკრებილნიო.
ომარი და ბურული აჰმადთან გამოცხადდნენ, რომელიც მტკვრისა და ლიახვის შესართავთან დაბანაკებულიყო, და თავიანთი ამბავი მოუთხრეს. რატომ აქამდე არ მითხარით, მეც ვნახავდი იმ გამოქვაბულებსო, უსაყვედურათ მთავარსარდალმა. მერე კი ომარს დიდძალი ოქრო, ალვა და საკმეველი გაატანა მამა შიოს მონასტრისთვის შესაწირად.
როცა შიომღვიმის მონასტერთან მივიდა, ომარმა გალავნის კარიბჭის თავზე, ჰაერში ზეციური მხედრობა იხილა, რომელთა შორის ერთი ფრიად მშვენიერი მოხუცებული მონაზონი მიმოდიოდა, განამხნევებდა მათ და მონასტრის გალავანს გაამაგრებდა. ომარმა შიომღვიმის მამებს სულთნისმიერი მშვიდობა ამცნო, შევიდა მონასტერში და ყოველივე შესწირა. თაყვანისცა წმინდა შიოს საფლავს და თავის ამბავსაც მოჰყვა: როგორ ვერ გადალახეს მდინარე და როგორ იხილეს დიდებული ზეციური მხედრობა. ის მონაზონი უცილობლად თქვენი მოძღვარი იქნებოდა. ამიტომ ნურაფრის გეშინიათო, - გაამხნევა ბერები და პირობაც დადო, რომ კვლავ მოვიდოდა მონასტერში, ნათელს იღებდა და ბერად შედგებოდა.
მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ გამოეპარა აჰმედს და ორ მონასთან ერთად მონასტერში დასახლდა. ომარს ნეოფიტე უწოდეს, რაც ქრისტეს სარწმუნოების ახალნერგს ნიშნავს, მონებს კი ქრისტოდულე და ქრისტეფორე. მამა ნეოფიტე სულიერი ღვაწლით ყველას წარემატა და სამუელ კათალიკოსმა ურბნისის ეპისკოპოსად დაადგინა. მწყემსმთავარმა დიდი შრომა გასწია თავისი სამწყსოს სულიერი ძლიერებისთვის. დიდი კადნიერებით ებრძოდა ცეცხლის მსახურებს. მათვე შეიპყრეს ღამით და ჩაქოლეს.