თესე თესლი ღვთის სიტყვისა, თესე ქვაზე, ქვიშაზე, გზაზეც და ბარაქიან მიწაზეც
დიდი მადლია ღვთის სიტყვის გავრცელება. XVIII საუკუნეში მშობლებმა გარეჯის მონასტერს შესწირეს ათი წლის ვაჟი.
ის 27 წლისა ბერდიაკონი იყო და მღვდლად კურთხევას უპირებდნენ. პორფირეს (ასე ერქვა მას) ერთი დიდი სათნოება ჰქონდა - უყვარდა წმინდა წერილის, მამათა ცხოვრებისა თუ სწავლათა გადაწერა. წიგნების ნაწილს ჩუქნიდა, ნაწილს ყიდდა და გლახაკებს ურიგებდა. მოულოდნელად რაღაც სნეულება შეეყარა და ოთხი თვის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გარეჯელმა მამებმა მისი სულის საოხად გულმოდგინედ იწყეს წირვის დაყენება. ერთმა მღვდელმონაზონმა ცხრაჯერ სწირა და მეათისთვის ემზადებოდა, რომ ჩვენებით იხილა, თითქოს ეკლესიაში იდგა და იქვე იყო სამღვდელოდ შემოსილი პორფირე. ხელთ მშვენიერი წიგნები ეპყრა. პორფირემ უთხრა მღვდელმონაზონს: "აჰა, მამაო პატიოსანო, ესე წიგნები არიან დიდებად ჩემდა, სიხარული, სასოება და გვირგვინი სულისა ჩემისაო".
* ცნობილი საეკლესიო მწერლის სერგი ნილუსის წიგნები მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების თანამგზავრად იქცა. იშვიათია ერისკაცი, ღვთის სასუფეველზე ასე დახვეწილად, მაღალსულიერად და, რაც მთავარია, უბრალოდ საუბრობდეს. ერთხელ ის დივეევოს მონასტრის სალოს დედასთან, პარასკევა ივანოვნასთან სტუმრობდა. გულთამხილველმა დედამ მას ერთი დავიწყებული, სინანულის ცრემლით განუბანელი ცოდვა შეახსენა, მერე კი შეშინებულ და შერცხვენილ სერგის სანუგეშოდ უთხრა: ზოგიერთს ერთი გვირგვინი აქვს, შენ კიდევ - რვა, რადგან მზარეული ხარ. ხომ მზარეული ხარ? ასე რომ, გამოკვებე ადამიანები, რახან მზარეული ხარო.
მართლაც, სერგი ნილუსის "მომზადებული კერძი" დღესაც ისეთივე "გემრიელია", როგორიც ასი წლის წინ.
* წმინდა სერაფიმ საროველმა ნადეევის უდაბნოს მღვდელმონაზონს უთხრა: თესე თესლი ღვთის სიტყვისა, მამაო ტიმონე, თესე ქვაზე, ქვიშაზე, გზაზეც და ბარაქიან მიწაზეც. ეს თესლი, ღვთის სადიდებლად, სადმე მაინც აღორძინდება.
* იმ დიდი ტრაგედიის ჟამს, როცა კომუნისტურმა ტერორმა მღვდლების უმეტესი ნაწილი ამოხოცა, წმინდა სერაფიმე ვირიცელი ასწავლიდა: ღმერთს შეუძლია აღგვიდგინოს მუშაკნი, თუკი ამას ვთხოვთ. მოდით, ვილოცოთ და შევთხოვოთ, და უფალიც ქვათაგან აღგვიდგენს თავის რჩეულებს.
* უფლის მიერ ნათქვამ სიტყვებს: "თქვენ ხართ მარილნი ქვეყნისანი", "თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი" - გლინელი მამა ასე განმარტავდა: "არ გეგონოთ, თითქოს ეს იმას ნიშნავდეს, რომ ლამაზი სიტყვებით უნდა იბრწყინოთ. არა! ცხოვრებით, მოქმედებით უნდა ილაპარაკოთ საკუთარ რწმენაზე. თითოეულმა ჩვენგანმა საქმით უნდა გამოვასწოროთ საკუთარი თავი. უნდა შევიცნოთ, თუ რა ტალანტს ვფლობთ და სრულვყოთ ის... იცხოვრე ქრისტიანულად. აი, ხარება ქრისტესი".
* ერთი ეპისკოპოსი ჩიოდა, რომ მისმა მგზნებარე ქადაგებებმა ნაყოფი ვერ გამოიღო, რაზეც მამა იერონიმე ეგინელმა მიუგო: "მონადირე მარტო კარგი მსროლელი არ უნდა იყოს. თავისი იარაღი დენთითა და საფანტით უნდა გატენოს. თავდაპირველად საკუთარი მაგალითით ასწავლე და მერე ნახავ, რაოდენ ნაყოფიერი იქნება შენი ქადაგება". სხვა დროს კი უთქვამს: "თუ მქადაგებელს თვითონ არ უსწავლია, თვითონ არ გამოცდილა, სხვას როგორ ასწავლის? ადამიანები უმეტესად მაგალითის მიხედვით სწავლობენ, ვიდრე ქადაგებით".
* მამა ამფილოქე პატმოსელი (+1970) ამბობდა: "დღეს მქადაგებლები თავიანთი სიტყვებით ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ღარიბი და უსწავლელი ხალხი მიტოვებულია და ქადაგება არ ესმის. მათ მაგალითად ქრისტიანული სიყვარულის საქმეები უნდათ. სურთ, როგორც ძმებს, ისე თანაუგრძნონ. მხოლოდ მათი სიყვარულით და კაცთმოყვარეობის საქმეთა აღსრულებით მივიყვანთ კვლავ ჩვენს ძმებს ქრისტესთან".
* ერთხელ, როცა ივერონელი ბერი, ღირსმოწამე იაკობი (+1519) მოწაფეებს საღვთო საიდუმლოებებზე ელაპარაკებოდა, მათ გული სიხარულით აღევსოთ და ჰკითხეს მოძღვარს: "მამაო, როცა შენ საღვთო საგნებზე მოგვითხრობ, თავს ხალისიანად და ბედნიერად ვგრძნობთ. რატომ ხდება ასე?" ღირსმა მამამ უპასუხა: "ჰოი, შვილნო ჩემნო! კაცი, რომელიც ღირსი შეიქმნა სულიწმინდის მადლით განბრწყინვებისა და რომელსაც განეღება სულიერი თვალნი, როცა საღმრთო საიდუმლოებებზე დაიწყებს საუბარს, მის ბაგეთაგან თითქოს ნათელი ღრუბელი გამოდის, როგორც მოციქულთა საქმეში წერია: "და ვიდრე იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყვათა ამათ, მოვიდა სული წმიდაი და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყვაი იგი" (საქმე 10,44).
* ღირსი მამა პორფირე ახალგაზრდა იყო, ღვთის განგებულებით ათონის მთა რომ დატოვა. მთაწმინდის უდაბნოს ნაცვლად, ლამის 33 წელი ათენის ცენტრში, "თანხმობის მოედანზე" მდებარე პოლიკლინიკაში არსებულ წმინდა გერასიმეს ეკვდერში მოღვაწეობდა. ღირსი მამა ყველგან თესავდა ღვთის სიტყვას, თვით იქაც კი, სადაც სხვები არ იკადრებდნენ მისვლას. ის ერთხელ სამეძავო სახლში შევიდა, რათა ცოდვილი დედაკაცებისთვის ნათლისღების დღესასწაული მიელოცა. მოვიდა სახლის უფროსი და განუცხადა, - ქალებს ჯვარზე მთხვევა არ უნდათო. ვნახოთ ერთი, მათ არ უნდათ თუ შენ, - უთხრა მამა პორფირემ და მეძავებს მიმართა, - მოდით, ჯვარს ეამბორეთო. როცა ყველა ემთხვია ჯვარს, ღირსმა მამამ უთხრა, - მიხარია, შვილებო, რომ დღეს აქ ქრისტე და მისი ჯვარი შემობრძანდა. ვხედავ, რომ თქვენ კარგი სული გაქვთ, ჩემზე უკეთესი. თქვენ შეგიძლიათ ძალიან შეიყვაროთ ქრისტე, უფრო მეტად, ვიდრე მე მიყვარს. აბა, გისურვებთ მრავალ წელს სიცოცხლეს, რომ შეიცნოთ ქრისტე და შეიყვაროთ იგი.
* ოპტის უდაბნოს სასტუმრო სახლში ცხოვრობდა 80 წლის პავლე, უბრალო და ღრმად მორწმუნე ქრისტიანი. ერთხელ თავისი სიზმარი მოუყვა სერგი ნილუსს: ვითომ ჩემი ქოხიდან გამოვედი. უეცრად იქვე, მინდორზე, საიდანღაც აკლდამა გაჩნდა, მასში მონაზონი იწვა. მკვდარი უეცრად წამოდგა. შემეშინდა და გავიქეცი. მაგრამ შემაჩერა და მითხრა: "წადი და უთხარი ადამიანებს, ცხოვრების წესი შეიცვალონ და ახლანდელივით ნუ იცხოვრებენ, თორემ მათზე ისეთი რამ მოიწევა, საერთოდ რომ არ ყოფილა" (ეს ამბავი 1909 წელს ხდება, - კ.კ.). შეშინებული მოძღვართან (წმინდა იოსებ ოპტელთან) მივედი და სიზმარს მოვუყევი.
- ასეც იქნება, ჩემო პავლე, - მითხრა მან.
- მე რაღა ვქნა, მამაო, ძილში ხომ მიბრძანეს, ადამიანებს ცხოვრების შეცვლა მოუწოდეო? მე ვინ მომისმენს?
- შენც მხოლოდ კარგ ადამიანებს უთხარი, - მომიგო მამა იოსებმა, - სხვები კი, მკვდარიც რომ აღდგეს მათ თვალწინ და სინანულისკენ მოუწოდოს, მაინც არ დაუჯერებენო.
* ღვთის სიტყვის ქადაგება მამა ვიტალის (სიდორენკო) სიყრმიდანვე დაუწყია. როგორც კი წერა-კითხვა უსწავლია, სახარება გამხდარა მისი საყვარელი წიგნი. ღვთის სიტყვამ ისე იმოქმედა მის უმანკო სულზე, რომ არ შეეძლო, თავისი ცოდნა სხვისთვის არ გაეზიარებინა. მას მუდამ თან დაჰქონდა სახარება და უკითხავდა - სკოლაში ბავშვებს, საფიხვნოზე სოფლის მოხუცებს, შინ კი გვიან ბრუნდებოდა. დედა ტუქსავდა, სჯიდა ამ "ქადაგებებისთვის" - იმ უღმერთო დროში ყოველგვარი "პროპაგანდა რელიგიისა" საშიში იყო და უთვალთვალებდნენ, რომ არავის ექადაგა. რამდენჯერ დაუმალა დედამ სახარება, მაგრამ ვიტალი მაინც პოულობდა. საერთოდ, საოჯახო საქმეებში ვიტალი მორჩილი ბავშვი იყო, მაგრამ "ქადაგებების" შეწყვეტას რომ უბრძანებდნენ, ურჩობდა.
* მამა ზაქარია (დიდ სქემაში ზოსიმე მინაევი, +1936) ამბობდა: "მე ვთხოვე უფალს, შემოსულიყო ჩემში, რომ არაფრის თქმა არ გამებედა, გარდა იმისა, რასაც ჩემი ღმერთი მიბრძანებდა. კეთილმოკრძალებული შიში მაქვს, როცა შიგნიდან ღვთის ხმასა და ძალას ვგრძნობ. ვიცი, ზოგჯერ მტკივნეულია ჩემი სიტყვა ადამიანებისთვის, ზოგჯერ კი ღმერთი ანუგეშებს ჩემი ნათქვამით. მაგრამ მოვალე ვარ, ვუთხრა მათ ის, რისი თქმაც ღმერთმა შთამაგონა. საკუთარს უკვე აღარაფერს ვეუბნები და ყოველთვის ცხადდება სიტყვა ღვთისა, რადგან ის არის ჭეშმარიტება და ცხოვრება.
ზოგჯერ სრულიად მოულოდნელ რაღაცას ვამბობ, რომელიც მერე თვითონვე მიკვირს. მე, ჩემი ბაგე, გული და სული ჩვენს უფალსა და მაცხოვარს მივანდე და რასაც ის შთამაგონებს, იმას ვამბობ და იმას ვაკეთებ. მე არ ვამბობ ჩემს სიტყვებს და არც საკუთარი ნება მაქვს".
* მამა პაისი ათონელი ერთმა კომპანიამ მოინახულა. ღირსმა მამამ სათითაოდ მიაწოდა სტუმრებს წყალი და რაჰათ-ლუკუმი. ერთ მათგანთან როცა მივიდა, ლუკუმი მიწაზე დააგდო, გასრისა, მერე აიღო და სტუმარს მიაწოდა. კაცი დაიბნა - ამას როგორ შევჭამ, მამაო, ჭუჭყიანიაო. მამა პაისის პასუხი კი მეხივით დაატყდა თავს: "შენ კიდევ როგორ აწვდი ხალხს საკუთარ ბინძურ ნაწარმოებებს და ხრწნი მათ?"
ეს კაცი უწესო ფილმების სცენარებს წერდა.
"მამაო, გულისთქმა მაქვს, - უთხრა მასვე ერთმა მღვდელმონაზონმა, - მინდა მისიონერად წავიდე, ქრისტიანობის გავრცელებაში დავეხმარო მამებს. ამაზე თქვენი აზრის გაგება მსურს". მამა პაისიმ ღიმილით უთხრა: ყველამ თავდაპირველად საკუთარი ეზო მორწყოს და მერე იფიქროს, როგორ დაარწყულოს სხვისი მინდვრები. ამიტომაც ასეთ რამეს შემოგთავაზებ: აქ, ჩვენთან, საბერძნეთში, ბევრი მოუნათლავი კაცია: მუსლიმანი, ბოშა... შესაფერისი დრო ავირჩიოთ, ორივემ მთელი თრაკია და მაკედონია მოვიაროთ და მოვნათლოთ. მხოლოდ ფლორინაში აღარ წავალთ, რადგან იქ ყველა მონათლა მეუფე ავგუსტინემ.
* ბოლოს კი ჩვენი წმინდა ერისკაცი, მაქსიმე შარაძე, გავიხსენოთ. მან სიყრმიდანვე უფალს განუკუთვნა თავი. თუმცა სურვილი ვერ აისრულა და მონასტერში არ წასულა, მაგრამ ბერივით ცხოვრობდა - მარხვით, ლოცვით, თავშეკავებით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ამაო შფოთსა თუ მხიარულებას განრიდებული. "ივერიის" რედაქციის ექსპედიტორიც იყო და ასოთამწყობიც, კორექტორიც და უფროსი მოურავიც ილია ჭავჭავაძისა. მაგრამ მთავარი არ ავიწყდებოდა: ის, რაც ბალღობიდანვე შეჰყვარებოდა - ღვთის სიტყვის ქადაგება. ამისთვის დააარსა "უფასო საღმრთო წიგნთსაკითხავი", სადაც მრავალმა ახალგაზრდამ პოვა სულიერი ნუგეში. მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი, და მაქსიმემ თავის მეგობრებთან ერთად სტამბა შეიძინა, სადაც 25 წლის განმავლობაში ოთხი ათასამდე სასჯულო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა დასტამბეს. თვითონ მაქსიმემ ოთხმოცამდე სასულიერო შინაარსის წიგნი თარგმნა და გამოსცა. წიგნებს იაფად ყიდდა, დიდ ნაწილს კი მუქთად ავრცელებდა. ამ "საღმრთო წიგნთსაკითხავში" ქართულ გალობასაც სწავლობდნენ და ასწავლიდნენ. მაქსიმესა და წმინდა ექვთიმეს (კერესელიძე) თაოსნობით ფილიმონ ქორიძემ მრავალი ქართული საგალობელი ჩაიწერა გურიაში, რომელთა მცირე ნაწილი გამოსცეს კიდეც და ამ საგალობლებს უფასოდ ურიგებდნენ გალობის შესწავლის მსურველთ.
რა აძლევდა მაქსიმეს ამდენ ძალას? ღვთის დიდი სიყვარული და წმინდა ცხოვრება. ხალხში თვითონაც ისე ლმობიერად ქადაგებდა, რომ ცრემლს ვერ იმაგრებდა. იმის მხილველთ გულში ღვთის შიში და სიყვარული ენერგებოდათ. მაქსიმე კვირა-უქმე დღეს მღვდლის კურთხევით ეკლესიაშიც ქადაგებდა. ხალხმა იცოდა, რასაც მაქსიმე ამბობდა, საქმით აღასრულებდა. ამიტომაც ეტანებოდნენ მის სიტყვას. მისი მადლმოსილი ქადაგების ერთ მაგალითს გეტყვით: ერთხელ მაქსიმე ბილიარდის მოთამაშეებთან შევიდა და უთხრა: "აბა, ძმებო, გთხოვთ ყური მიგდოთ, ერთი რამ კაი ამბავი უნდა წაგიკითხოთ". ბილიარდის თამაში შეაჩერეს და მაქსიმემ დაიწყო წმინდა გიორგის ცხოვრების კითხვა... ისეთ ლმობიერებაში შევიდნენ მოთამაშენი, რომ ყველამ ტირილი დაიწყო, სათამაშო ჯოხები დაყარეს და მაქსიმეს აღარ მოშორდნენ...