მადლობა ღმერთს, რომ დამაცხრო მრისხანებისგან დედაჩემის სიტყვამ
*სამთავროს მონასტრის იღუმენიას, დედა ზოილეს ჰკითხეს:
- განრისხებული არ გვახსოვხართ, მაგრამ რას იზამდით, ორი მოჩხუბარი მონაზვნის ნახვისასო. მან მიუგო, - ვეტყოდი, თუ ჩხუბი გინდათ, ბალიშებით იჩხუბეთ-მეთქი.*რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება მათხოჯის მონასტრის იღუმენიას, ელენე წივწივაძეს, მაგრამ ყოველთვის ნაზი და რბილი ადამიანი იყო, მხოლოდ მაშინ გამკაცრდებოდა, როცა ვინმე მის თვალწინ ღვთის არსებობაში დაეჭვდებოდა და გამომწვევად იქცეოდა. ერთხელ ვიღაცას უთქვამს: იქნებ მართლა არ არსებობს ღმერთი, შენ და შენი მონაზვნები ამაოდ შრომობთო. გაბრაზებულ იღუმენიას იატაკის ჯოხით გაუგდია მონასტრიდან ის კაცი.
*ეკლესიის დევნის პერიოდში, პატრიარქ ქრისტეფორე ციცქიშვილის მსახურებისას, სიონის საკათედრო ტაძარში ვიღაც თავზე ხელაღებული სიგარეტით და ქუდით შესულა. მაშინ შენიშვნის მიცემას ვერავის გაუბედავდი. პატრიარქს მიუტოვებია მსახურება, ჩამოსულა ამბიონიდან, მოუკიდია ამ კაცისთვის ხელი და გარეთ გაუგდია.
*ერთხელ სვეტიცხოველში სოლიდურად ჩაცმული უცხოელები შესულან. მამა გაბრიელი (ურგებაძე) სვეტთან მდგარა. ერთხანს უყურებია, მერე კი აყვირებულა: - არ გესმით, სადა დგახართ? მაღალ ღმერთს დიდება შეშვენის, თქვენ კი ხელები უკან დაგიწყვიათო. თუმცა გიდი არ უთარგმნიდათ, მაგრამ ისინი ქვეცნობიერად ხვდებოდნენ, ბერი რასაც ამბობდა.
*ძმათამკვლელი ომის დროს სამთავროში ორმოცამდე შეიარაღებული კაცი შევიდა. მამა გაბრიელმა ისინი სიყვარულით დალოცა, იარაღი ააყრევინა, ტაძარში შეიყვანა, მუხლმოდრეკით "მამაო ჩვენო" ათქმევინა, ჯვრები აჩუქა და ამბიონიდან ერისა და ღვთის სიყვარულზე უქადაგა. შემდეგ შეეკითხა: - საით გაგიწევიათ, რა საქმეზე მიდიხართო. მათ ომახიანად უპასუხეს: - ზუგდიდში მივდივართ საომრადო. მერე ვის უნდა ებრძოლოთ, იქ ხომ ქართველები არიან? - მამა გაბრიელმა ხელები ასწია და დაიყვირა, - მესროლეთ, მე ვარ საქართველოო. შემდეგ აიღო კვერთხი და შეუძახა: - ამით დაგიხეთქავთ თავებს, თქვენ ქუდები კი არა, ლეჩაქები უნდა გეხუროთო. "რაინდები" ისე გაცვივდნენ, კინაღამ იარაღის წაღება დაავიწყდათ.
*კაცთა შორის მშვიდობის ჩამომგდები იყო გარეჯელი წმინდა მამა ქრისტეფორე. თუ გაიგებდა, სოფელში ძმებს, ცოლ-ქმარს ან მამა-შვილს ერთმანეთი სძულსო, წავიდოდა და ლმობიერი სიტყვით შეარიგებდა. ეტყოდა: "შვილებო, თუ ჩემსას არ ისმენთ, წავალ და გაიხარებს ეშმაკი, რომელიც აქ დგას და მიზეზია თქვენი მრისხანებისა, რომელსაც არა ნებავს კაცთა შორის მშვიდობა და უარეს საქმეს ჩაგადენინებთო". დიდად გაიხარებდა, თუ კაცნი შერიგდებოდნენ, ერთადერთი, ვის მიმართაც მამა ქრისტეფორე მრისხანებდა, ეშმაკი იყო, როგორც ჩიტს, ქვით დევნიდა. ერთხელ კახეთში მიმავალ ბერს გზაზე, სადაც დედაკაცს არასოდეს გაუვლია, თითქოს ხვრელიდან ამოძვრაო, ეშმაკი ქალის სახით დაუდგა წინ. ბერმა ქვების სროლა დაუწყო. ეშმაკი გაიქცა და გზის პირას თხრილში ჩახტა. მამა ქრისტეფორე მივიდა თხრილთან, იქ კი ვერც "დედაკაცი" ნახა და ვერც სამალავი. ამასობაში ეშმაკი გზის სხვა მხარეს ამომძვრალიყო, მამა ქრისტეფორე ქვის სროლით გაედევნა, ვიდრე ბოროტმა თავი არ ანება.
*გიორგი XII-ს გამეფებიდან მეოთხე თვეს აუჯანყდნენ ძმები: იულონი, ვახტანგი, მირიანი, ფარნაოზი, ალექსანდრე - ყველას მეფობა უნდოდა. მეფე გიორგიმ 3000 ნაქირავები ლეკი დაიყენა ავლაბარსა და მეტეხის ხიდს გარეთ მცველად. ერთხელ მივიდა მასთან ლეკთა ბელადი მურადა და მოახსენა: - ბატონო მეფევ, შენი ძმები ცდილობენ, მოგვისყიდონ მეც და ჯარიც, რომ გიღალატოთო. განრისხდა მეფე და იყვირა: - შეიპყარით დედოფალი დარეჯანი, რომელიც მოღალატეთა მოთავეაო. მეფის მქუხარე ხმამ მისი მხლებელნიც კი შეაძრწუნა. მაგრამ ღვთისმოშიშმა მეფემ მრისხანება მოთოკა, თავისი მსჯავრი იქვე შეაჩერა და ბრძანა: - კმარა! მოახსენეთ დედოფალს, დააწყნაროს ღელვა შფოთისა!.. წადი, ელეფთერ, თბილელ არსენს აუწყე ჩემი ნათქვამი და ერთად მოახსენეთ დედასა ჩემსა, - ნუ გამომიყვანს მოთმინებიდან, შეიბრალოს ქვეყანა, ქრისტიანობა და ვებრალებოდე მეც, ვითარცა მეფე და პატრონი ქვეყნისა, რომელსაც ვალი მაქვს ზრუნვისა და სამართლად მეფობისა.
მოახსენეს დედოფალს. შეშინებულმა ბოდიში მოიხადა და მხოლოდ ის ითხოვა, ჩემი შვილები (მეფე გიორგის ნახევარძმები და ნახევარდები) დააკმაყოფილოს სარჩოთი და ღირსეული პატივისცემითო.
მეფემ შვებით ამოისუნთქა: - მადლობა ღმერთს, რომ დამაცხრო მრისხანებისგან დედაჩემის სიტყვამ. ახლა კი ძმებისთვისაც ვიზრუნებო.
*წმინდა ექვთიმე მთაწმინდელი თესალონიკელ მღვდელმთავართან მეგობრობდა და ხშირად სტუმრობდა. თესალონიკში იყო ვინმე ურია რჯულის მეცნიერი, რომლის მოქცევაც მღვდელმთავარმა წმინდა ექვთიმეს სთხოვა. დაიწყეს საუბარი. ურია წინ ვეღარ აღუდგებოდა წმინდა ექვთიმეს მართალ სიტყვას და ქრისტიანთა სარწმუნოების ლანძღვა დაიწყო. შეწუხდა წმინდა ექვთიმე და ურია შერისხა: - დაიხშე პირი შენი, ბილწო ჰურიავ! იმავე წამს ურიას ბაგენი უტყვ იქმნა, პირი გვერდზე მოექცა და მხოლოდ მაშინ განიკურნა, როცა შეინანა.
წმინდა ექვთიმესთან მივიდა მეორე ურია, ფრიად სწავლული და კამათის მოყვარული. საუბარი დაუწყო, მაგრამ მისი სიტყვებისგან რომ იძლივა, ღვთის გმობას მოჰყვა. მაშინ წმინდა ექვთიმემ შერისხა: - საღმრთო წერილზე გვკითხე და განგიმარტეთ, შენ კი კვლავ უფალსა გმობ, დაიყავნ პირი შენი მგმობარიო. ურია, მეყსეულად დადუმდა და მეორე დღეს მოკვდა...
*უკეთური ადამიანის მრისხანებაც გავიხსენოთ: შაჰ-აბას პირველს ისეთი შემართებით შეეტაკნენ ქართლელები, რომ უმოკლეს ხანში ორი ათასი სპარსი მოსრეს. შაჰს მშველელად მოღალატე ქართველები გამოუჩნდნენ. ერთ მათგანს, გიორგი სააკაძის ახლობელთაგანს, მოუნდა შაჰის წყალობა. მის წინ დადგა ბრძოლაში ჯაჭვის პერანგით და ჩაჩქნით შემოსილი და ასე აპირებდა მტარვალის დაცვას. ღამემ მოუსწრო და ომი შეწყდა, ქართველები მოშორდნენ მტერს. მეორე დღეს შაჰმა მოითხოვა, ის კაცი მიეყვანათ, ბრძოლისას რომ ეფარებოდა. მიუყვანეს პატივის მომლოდინე ქართველი. გუშინ ბრძოლისას ჩემს წინ დადგომა როგორ გაბედეო, - ჰკითხა აბასმა. თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად, დიდო შაჰო, - მიუგო მან და მუხლზე დაეცა, - საკუთარ სიცოცხლესაც გავწირავ. "მაშ, შენ მშიშარა გგონივარ?" - მიახალა განრისხებულმა შაჰმა და - თავი მოჰკვეთეთო, ბრძანა.
ქართლში შაჰს სოფლები ცარიელი ხვდებოდა და ხალხი - გახიზნული. ირანის მბრძანებელი რისხვამ შეიპყრო. რენეგატ ქართველებს კი სხვადასხვა ულამაზესი მინდვრის ყვავილები მოჰქონდათ და მის წინ აფენდნენ. მე მინდვრის ყვავილები კი არა, ჩემს წინ ურჩი ხალხის დაფენა მინდაო, - განრისხდა. სამშობლოს მოღალატე ქართველებმა დაარწმუნეს შაჰი, რომ ამ სურვილსაც აუსრულებდნენ და ამით დააცხრეს მისი მრისხანება.
*დავით ბატონიშვილი მოგვითხრობს 1812 წელს საქართველოში დატრიალებულ უბედურებაზე. ალექსანდრე ბატონიშვილს რუსის ჯარით დაედევნა დიმიტრი ორბელიანი და მრავალი ქართველი გამოასალმა წუთისოფელს. მთელი კახეთი აიკლო და იქაურ თავადთა ქონება გაანადგურა. მას ეხმარებოდნენ ქიზიყის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი და ნინია ერასტიშვილი, რომელთაც უფრო აიკლეს კახეთი.
მაგრამ ერისკაცებს რას ვერჩით, როცა კარის წინამძღვარმა ელეფთერ ზუკაკიშვილმა შეიპყრო რამდენიმე მღვდელი და დიაკვანი, სრულიად უდანაშაულონი, "რომელთაცა ხელითა თვისითა ჰსცემდა და აგლეჯდა წვერთა", მიიყვანა ქალაქში ეგზარქოს ვარლამ ერისთავთან. საცოდავნი გაკრიჭეს და ციმბირის გზას გაუყენეს.
*1759 წელს იმერთა მეფემ სოლომონ I-მა "ტყვეთა სყიდვა" აკრძალა. მიუხედავად ამისა, ზოგი თავადი მაინც ბედავდა ყმა გლეხების ოსმალებისთვის მიყიდვას. ბევრი უღვაწია ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ მაქსიმე კათოლიკოსს, ბევრს მოგზაურობდა, ქადაგებდა, შთააგონებდა ხალხს ტყვის სყიდვის დამღუპველობაზე. სადაც ჭრიდა, ტყვის გაუყიდველობის პირობას ადებინებდა, სადაც არა - შეაჩვენებდა. 1776 წლის 26 დეკემბერს მან შეაჩვენა და ეკლესიიდან განკვეთა თავადი კაცია ჩიჩუა, რომელმაც ბიჭვინთის ეკლესიის ყმები უსჯულო ოტომანებს მიჰყიდა წარსაწყმედად და შესაგინებლად, წაართვა დედაეკლესიას ნათელღებული ქრისტიანენი. აი როგორ მრისხანებს ამაზე ღვთის მღვდელმთავარი: "აწ ვინაიდან არ შეეშინდა ღვთის დედისა და არც თავისი დედაეკლესიისა, მოშორდა მას ორთავე საფარველი, ამისთვის შევაჩვენებ წყეულსა მას კაცია ჩიჩუას, განვკვეთ ეკლესიიდან და განვაყენებ ქრისტიანობისგან. წყეულ იყავ და შეჩვენებულ სახელითა ყოვლადწმინდისა სამებისათა. კვალად წყეულ იყოს და შეჩვენებულ ქრისტეს სისხლითა, რომელიც უხვად დაითხია ქვეყანასა ზედა ჩვენს გამოსახსნელად. კვლავ წყეულ იყოს და შეჩვენებულ მარიამ ყოვლადუმწიკვლო დედისაგან და აეხადოს მფარველობა და მეოხება "თხემისაგან მისისა".
აწ ვინც ეს ჩვენი შეჩვენება შეურაცხყოთ, არ მოშორდეთ მას, კაციას, ვით განცოფებულ ძაღლს, თქვენზეც იყოს ეს წყევლა და თქვენ შვილთა ზედაც. ამინ".
ამას მაქსიმე კათოლიკოსთან ერთად ხელს აწერს გრიგოლ ჭყონდიდელიც.
*ბევრი უზნეობა დახვდა იმერეთის ეპარქიაში ახალნაკურთხ ეპისკოპოსს, წმინდა გაბრიელს (ქიქოძე). ისედაც ფიცხი (გურული გახლდათ!) იმ უზნეო წრეში, სადაც მოხვდა, ზოგჯერ "აუტანელიც" კი იყო. "პირველ წლებშივე გაისმოდა აქა-იქ ჩურჩული, ეპისკოპოსს "პოხონდრია სჭირსო", - წერს მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე, - ბევრი "ბრაზიანს" ეძახდა, თუმცა სიმართლე რომ თქვას კაცმა, შეიძლება ეს ბრაზიანობა ერთადერთი სადასტაქრო, რადიკალური წამალიც იყო ზოგიერთი დიდი და ფეხგამდგარი სენის აღმოსაფხვრელად". რაიმე დიდი უსიამოვნების შემდეგ დადიოდა წინ და უკან, დერეფანში ან ოთახში, ჩამარცვლიდა სკვნილს, იმტვრევდა ხელებს, აკეთებდა მჯიღს ზურგზე ან გვერდზე ხელ-ჩამოშვებული. ამ დროს, ვინც მისი ხასიათი იცოდა, ახლოს არ გაეკარებოდა. საკრებულო ტაძრის მნათე ამბობდა, როცა ეკლესიის კათედრაზე იდგა და საკურთხეველში მღვდელმოქმედებას თვალს ადევნებდა, ხშირად ისე მოუჭერდა მუშტებს, რომ თითებს ლაწანს დააწყებინებდა ხოლმეო. ამ დროს, დაკვირვებული ვიყავი, ვიღაცა რასმე ცუდს სჩადიოდა, ან ტიბიკონი ეშლებოდა, ან უჯეროდ იცინოდა, ან ლაპარაკობდა და მღვდელმთავარს ამით ბრაზს ჰგვრიდაო. სიტყვით ეკლესიაში არას ეტყოდა იმ კაცს, თავის ადგილზე კი სეირს უჩვენებდა.
ღვთისთვის ყველას ღირსეულად უნდა ემსახურა, ხოლო როცა პირადად მას შეეხებოდნენ, ამას მშვიდად იღებდა.