ჩემი ძველი მტრები არათუ აღარ მებრძვიან, უკვე პატივისცემით და სიყვარულით მექცევიან
* რუსეთ-თურქეთის ომში დატყვევებული წმინდა იოანე ერთმა აღამ იყიდა.
პატრონი მას ქრისტეს უარყოფას აიძულებდა, მაგრამ რწმენა რომ ვერ შეუბღალა, საჯინიბოში გაამწესა. სათნო ხასიათით წმინდა იოანემ ბატონის სიყვარული დაიმსახურა. მისი ლოცვით აღას საქმე უკეთესად მიდიოდა. ერთხელ ის მექაში წავიდა მოსალოცად. ამ დროს მისმა ცოლმა ნადიმი გაუმართა ქმრის ნათესავებს. წმინდა იოანე სუფრას ემსახურებოდა. შემოიტანეს ლანგრით ფლავი. ქალბატონმა მიმართა წმინდანს: - ალბათ როგორ გაიხარებდა შენი აღა, ჩვენთან ერთად ფლავი რომ ეჭამაო. იოანემ სთხოვა ქალბატონს: - ეგ ლანგარი მომეცი და ჩემს ბატონს მექაში გავუგზავნიო. სტუმრებს გაეცინათ, ქალბატონმა კი ბრძანა, ფლავიანი ლანგარი მიეცათ მისთვის. ფიქრობდა, ვინმე გაჭირვებულ ოჯახს მისცემსო. წმინდა იოანემ ლანგარი საჯინიბოში წაიღო და დაჩოქილმა შესთხოვა ღმერთს, ფლავი მექაში გაეგზავნა. შეისმინა უფალმა ლოცვა - ლანგარი მის თვალწინ გაქრა. დაბრუნდა წმინდა იოანე შინ და თქვა, ფლავი მექაშია გაგზავნილიო, რამაც ძალზე გაამხიარულა სტუმრები. მაგრამ როგორ განცვიფრდნენ, როცა მექიდან დაბრუნებულმა აღამ თან თავისი ვერცხლის ლანგარი ჩამოიტანა. მან ასეთი რამ მოუყვა სახლეულებს: "ერთხელ (სწორედ ნადიმის დროს), ლოცვის შემდეგ, კარი გასაღებით გავაღე, შევედი ოთახში და მაგიდაზე ფლავიანი ლანგარი დამხვდა, რომელზეც ჩემი სახელი იყო ამოტვიფრული. ვერ მივხვდი, როგორ მოხვდა იქ. დიდი მღელვარებით შევჭამე ფლავი და ლანგარი შინ წამოვიღე - ის ხომ ნამდვილად ჩვენია". აღას უამბეს ნადიმის ამბავი. ამის შემდეგ უკვე შიშით და მოწიწებით ეპყრობოდნენ წმინდა იოანეს. აღამ საჯინიბოდან სახლში გადასვლა სთხოვა. წმინდანმა უარი უთხრა. აი, ამგვარი სასწაული მოახდინა მტერ-მოყვრის სიყვარულმა. ეს ლანგარი კი ახლა კუნძულ ევბეაზე, პროკოპიონში, წმინდა იოანე რუსის სახელობის ტაძარში ინახება.* "ლოცვა ადვილია, სიყვარული კი ყველაზე ძნელიო", - ამბობდა სქემმონაზონი ნიკოლოზ ბალაამელი (+1947). მტრის სიყვარულზე კი თქვა: არ შეიძლება მათზე, როგორც მტრებზე, ილოცო - ამით მათ თავზე ნაკვერჩხლებს დააყრი. როგორც მეგობრებზე, ისე ილოცეო.
* მამა გრიგოლ ათონელი (ბერძენი, 1873) ამბობდა: უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები, მაგინებელნი, ცილისმწამებელნი, ბოროტისმოქმედნი. უნდა დავითმინოთ მათგან ყველაფერი, რადგან მცნებად გვაქვს მოყვასის სიყვარულიო. ამის მაგალითად ჰყვებოდა: ერთი რისხვით შეპყრობილი ადამიანი მოვიდა ჩემთან - ბერად შედგომა მსურსო. ორი თვე დარჩა. ყოველწამს მრისხანებდა, რაც ენაზე მოადგებოდა, ყველაფერს მეძახდა - საქონელს, ჯორს, ვირს... ვპასუხობდი: - ასეა, ძმაო, სწორედ ამგვარი ვარ-მეთქი. ის კი უარესად ილანძღებოდა. მივხვდი, ვერ გამოსწორდა და ვუთხარი: ამ ორი თვის განმავლობაში ერთხელაც არ დაგითმენია-მეთქი. კაცი გაბრაზდა, მოხვეტა ჩემი ნივთები და წავიდა. რას დამიჯერებდა, მაგრამ მაინც ვუთხარი: - ესენი ხომ შენი მოტანილი არ არის, რატომ მიგაქვს, რატომ გსურს მაწყენინო-მეთქი. შემეძლო, ლავრაში განმეცხადებინა, დაიჭერდნენ, მაგრამ მთელი გულით ვაპატიე. მიმავალს მხოლოდ თვალი გავაყოლე. ან სადღა წავიდოდა საცოდავი, იქვე, შორიახლოს დაეცა და ეშმაკეული შეიქმნა. სამი თვე ტანჯავდა ეშმაკი. რომელიღაც მონასტერში სახარება წაუკითხეს და განიკურნა. მერე ჩემთან მოვიდა, ათ ლევს მაძლევდა და შენდობას მთხოვდა. უმაგისოდაც გპატიობ, მაგრამ ღვთის წინაშე როგორ განმართლდები-მეთქი.
* წმინდა ბარსანოფი ოპტელი ჰყვებოდა: - მაღალი სულიერებით გამორჩეულ პეტერბურგელ მოძღვარს ერთმა მინისტრმა შესჩივლა: - მამაო, ბევრი მტერი მყავს, რომლებიც უმიზეზოდ ცილს მწამებენ მეფესთან. მათ გამო შეიძლება სამსახური დავკარგო. სამსახურს კი დავანებებდი თავს, მაგრამ ხელმწიფე იფიქრებს, რომ ჩემი მტრები მართლები არიან და ლაქა მომეცხება. არ ვიცი, რა ვქნაო.
- ილოცე შენი მოწინააღმდეგეებისთვის, - უთხრა მოძღვარმა, - არა მარტო შინ, რაც მთავარია, ეკლესიაში მოიხსენიე წირვაზე, კვეთაში. მათ სახელზე წმინდა ნაწილები ამოიღონ.
- მერე ეს რა სიკეთეს მომიტანს? - იკითხა მინისტრმა.
- სეფისკვერიდან ამოკვეთილი თითოეული ნაწილი თითოეული კაცის სულს ნიშნავს. ნაწილები ეშვება ბარძიმში და აღივსება ქრისტეს სისხლით. ჩამოწერეთ მოსახსენებელზე თქვენი მტრების სახელები: ლეონიდე, იოანე, ვლადიმირი...
- დიახ, დიახ, ეგ ვლადიმირი ყველაზე მეტად მებრძვის...
- ჰოდა, მათთვის ყოველდღე გაეცი მოწყალებაც.
ერთი თვის შემდეგ მინისტრი კვლავ ეწვია მოძღვარს, მოიდრიკა მუხლი მის წინაშე და მადლობდა - მამაო, მართლაც სასწაული მოხდა. ჩემი ძველი მტრები არათუ აღარ მებრძვიან, უკვე პატივისცემით და სიყვარულით მექცევიან. ძველი ცილისწამების ნაცვლად, ახლა მეტისმეტადაც კი მაქებენ.
"და აი, რა ქნა ღმერთმა, - ბრძანებს წმინდა ბარსანოფი, - თქვენც გირჩევთ მტრებისთვის ილოცოთ და ისინი მეგობრებად გექცევიან. ლოცვით მათ სულს ეშმაკის საფრთხეთაგან დაიცავთ".
* დიდი სიყვარული ჰქონდა მოყვასისა სქემარქიმანდრიტ გაბრიელს (ზირინიანოვი). თუ ვინმე მორჩილი ან სტუმრად მოსული სულიერი შვილი ავად გახდებოდა - მოძღვარი უფრო მზრუნველი, ყურადღებიანი, ნაზი ხდებოდა. ხშირად შედიოდა ავადმყოფთან, გადაუსვამდა ხელს და ტკბილად ეტყოდა: - თავი ხომ არ გტკივა, მამიკო, ხომ არაფერი გინდა - დალევა, ჭამა, გადაბრუნება, თბილად დაფარება? თვითონვე მოჰქონდა წამლები. როცა ყველა საშუალება ამოიწურებოდა და ექიმის მოწვევის შესაძლებლობა არ იყო, მოძღვარი მთლიანად ღმერთს მიენდობოდა, გაამრავლებდა ლოცვას, ამასთან ერთად აღთქმას დებდა და ავადმყოფიც გამოჯანმრთელდებოდა. სამაგიეროდ, ამ აღთქმების ასრულებით მამა გაბრიელი ძლიერ იტანჯავდა თავს.
* 1944 წლის 14 მაისს ინგლისის წყალქვეშა ნავი შევიდა საბერძნეთში, ქალაქ ლივადის ყურეში. ჯარისკაცები გადავიდნენ ნაპირზე, დაატყვევეს 7 გერმანელი ჯარისკაცი, ორი მოკლეს, დაჭრეს აეროპორტის მმართველი და გადაჭრეს მავთულები. დილით გერმანელებმა აეროპორტში დააპატიმრეს ახალგაზრდა, რომელსაც ინგლისელებთან კავშირი დააბრალეს და თვალსაჩინო ადგილზე ჩამოახრჩვეს. გერმანული არმიის უფროსმა კი ბრძანა, დანიშნულ დროს 125 ახალგაზრდა მიეყვანათ პაროსიდან და დაეხვრიტათ. პაროსელმა მოძღვრებმა და ლონგოკარდის მონასტრის წინამძღვარმა, მამა ფილოთეოსმა (ზერვაკოსი) მოითათბირეს, მისულიყვნენ არმიის უფროსთან და გადაწყვეტილების შეცვლა ეთხოვათ. ჯერ გარნიზონის უფროსს ეახლნენ. მან უპასუხა: - არმიის უფროსს უდანაშაულოთა შეწყალება ვთხოვე, მაგრამ დამემუქრა, - ვინც მათ უშუამდგომლებს, სამაგალითოდ დავსჯიო. მხოლოდ ამას გირჩევთ, წინამძღვარმა მონასტერში მიიწვიოს უფროსი, კარგად მიიღოს და ამ დროს გამოსთხოვოს ახალგაზრდების სიცოცხლეო. ასეც მოიქცნენ. გერმანელი თავიდან უხეშად იქცეოდა, მაგრამ წინამძღვრის კეთილშობილებამ მოალბო და დამშვიდობებისას უთხრა, - მთხოვე, რაც გინდაო. მამა ფილოთეოსმა - მინდა სიცოცხლე შეუნარჩუნო უდანაშაულო პატიმრებს. ეს უსამართლობაა, დამნაშავეები გარეთ არიან, უდანაშაულოებს კი სიკვდილი ელითო. არმიის უფროსმა უთხრა: "სხვა რამ მთხოვეთ. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე ვემორჩილები უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანებას - მოკლული გერმანელის სანაცვლოდ 50 ბერძენი უნდა დავხვრიტოთ. თუ არ შევასრულებ, მე დამსჯიანო". მამა ფილოთეოსმა სთხოვა: - რადგან ასეა, ჩამაყენე დასახვრეტთა შორის. ეს სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივი იქნებაო. ღირსი მამის ამ სიტყვებმა იმდენად იმოქმედა გერმანელ ოფიცერზე, რომ მან მაშინვე გაუშვა პატიმრები. ასე იხსნა ერთი კაცის თავდადებამ მრევლის სიცოცხლე. ღირსი მამა ფილოთეოსი კი მშვიდად აღესრულა 1980 წელს.
* "თუ გინდა სძლიო მტერს და უბრძოლველად და უიარაღოდ დაიმორჩილო, იყავი მშვიდი, მომთმენი, ჩუმი, უბოროტო, ვითარცა კრავი", - ბრძანებდა მამა ვიტალი (სიდორენკო). ერთხელ მეზობელზე გაბრაზებულ მონაზვნებს მისწერა: "უნდა მოითმინოთ და ილოცოთ დედა
ზ-სთვის. შეუკვეთეთ მისთვის ჯანმრთელობის ლიტურგია, დაანთეთ სანთლები, შესწირეთ სეფისკვერი, გაეცით მოწყალება. ყოველდღიურად 12-ჯერ მოიდრიკეთ მუხლი და ილოცეთ: "აკურთხე, უფალო, მხევალი შენი ზ-ი და მისი წმინდა ლოცვებით შემიწყალე მე ცოდვილი". ასე მოიქეცით და მოვა სანატრელი მშვიდობა. ნუ იბუზღუნებთ, გიყვარდეთ, მოითმინეთ, ნუ განიკითხავთ და დაიდგამთ გადარჩენილთა კუთვნილ გვირგვინებს".
მამა ვიტალი აფხაზეთის მთებში მოღვაწეობას იხსენებდა. ერთხელ სოფელში სანოვაგისთვის გაუგზავნიათ. ერთ ბერს გაუფრთხილებია, - არ წახვიდე, თორემ მოგკლავენო. "უფალო, იყავნ ნება შენიო", - უთქვამს მამა ვიტალის, ჯვარი გამოუსახავს და ბილიკს დასდგომია. უეცრად გაუგონია, ბუჩქნარში ჩახმახმა ორჯერ როგორ გაიტკაცუნა. ვიტალი შეჩერებულა და ბუჩქნარიდან მეტყევეც გამოსულა. გაკვირვებული დაჰყურებდა თურმე თავის თოფს. მერე ლულა ზემოთ აღუმართავს, გამოუკრავს ჩახმახი და თოფსაც უგრიალია. თავი გადაუქნევია და ისევ ტყეში შევარდნილა. "შემდეგ მას სოფლის მაღაზიაში შევხვდი. კანფეტი ვუყიდე და ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდაო", - იგონებდა მამა ვიტალი. საგულისხმოა მისი ერთი ნათქვამიც: "მთელი მსოფლიო ჩემი დედები და მამები არიან. ჩემთვის უცხო არავინაა - ყველა შინაურია".
* ათონზე 1937 წელს გარდაიცვალა დიონისოს მონასტრის დიდსულიერი ბერი მამა ისააკი. მამა ლაზარე ჰყვებოდა: საღამოს ლოცვის შემდეგ ჩვენ-ჩვენს კელიებში განვმარტოვდებოდით ხოლმე. მამა ისააკი ლოცვისას ქვითინს იწყებდა. გადავწყვიტე, მიზეზი მეკითხა. მის კელიასთან მისულს მომესმა: "უფალო, შეიწყალე ღატაკი ხალხი, დამშეულები, შეიბრალე უბედურები. აკურთხე ისინი, უფალო, შეიწყალე".
ვერ მივხვდი, ასე ვიზე ლოცულობდა და შესაფერის დროს ვკითხე: - მამა ისააკ, ვისთვის ტირი და ევედრები უფალს, ვინ არიან ეს გლახაკები და უბედურები-მეთქი.
მიპასუხა: - შვილო, განა არ გინახავს ჩვენი მონასტრის მეტოქიონში მომუშავე გლეხები? ისეთი მძიმე სამუშაო აქვთ, რომ ძლივს ერევიან. როგორ უნდა არჩინონ ოჯახები? როგორ გაათხოვონ ქალიშვილები, წერა-კითხვა რით ასწავლონ შვილებს? მათზე ფიქრისას როგორ არ შევწუხდე, მით უმეტეს, რომ ასე ვუყვარვართ და პატივსა გვცემენო.
უსიტყვოდ გავშორდი მამა ისააკს, მაკვირვებდა მისი დიდი თანაგრძნობის უნარი.
* ერთ ალექსანდრიელ დიდებულს, მიუხედავად მღვდელმთავრის, წმინდა იოანე მოწყალის მრავალგზის შეგონებისა, მტერთან შერიგება არ უნდოდა. წმინდა იოანემ ერთხელ ის თავის კარის ეკლესიაში მიიწვია საღმრთო ლიტურგიაზე. ტაძარში იყვნენ პატრიარქი და ერთი მგალობელი, რომელსაც დიდებულმა ხმა შეუწყო. როცა "მამაო ჩვენოს" გალობა დაიწყეს, იგალობა მღვდელმთავარმაც. "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს" - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ წმინდა იოანე გაჩერდა, დადუმდა მგალობელიც. "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა", - მარტომ იგალობა დიდებულმა. აი, მაშინ კი უთხრა პატრიარქმა: "შვილო, ამ საშინელი საიდუმლოს აღსრულების ჟამს, თუ გესმის, რას ეუბნები ღმერთს? მომიტევე, როგორც მე მივუტევებო! მართალია ეს, მიუტევებ კი?" ამ სიტყვებმა ისე შეაძრწუნა დიდებული, რომ თვალცრემლიანი ჩაუვარდა პატრიარქს მუხლებში და შესძახა: - როგორც მიბრძანებთ, მეუფეო, ისე მოვიქცევიო. მართლაც, იმავე დღეს შეურიგდა მტერს და მთელი გულით აპატია წყენა.
* ერთმა ბერმა ჰკითხა წმინდა ბარსანოფი დიდს: "მამაო, ერთი მამა ყველაფერს ჩემს საწინააღმდეგოდ აკეთებს. ამას ვერ ვიტან და არ ვიცი, რა ვქნაო". "ძმაო ანდრია, - უპასუხა წმინდა მამამ, - მიკვირს შენი უგუნურება. ნუთუ დაგავიწყდა, რომ არსებობს ეშმაკი, რომელიც მხოლოდ იმაზე ზრუნავს, ვინ გამოსცადოს? გახსოვდეს, როგორც ჩვენ არ შეგვიძლია ცოდვით დაცემული კაცის განკითხვა, ასევე არ შეგვიძლია დავადანაშაულოთ ეშმაკისაგან აღძრული ადამიანები, მაბრალობელნი და წინააღმდგომნი ჩვენნი. მაგრამ იცოდე, არც შენ დაგიღწევია თავი ეშმაკის მზაკვრობისაგან, რადგან საკუთარ თავზე ცუდს არაფერს ამბობ და მკაცრად მხოლოდ მოყვასზე საუბრობ. ის, რაც ძმამ გაგიკეთა, მომიყევი, შენს ცოდვებზე კი დადუმდი. პირველ რიგში სიმდაბლეზე უნდა გეფიქრა, თავი დაგედანაშაულებინა და არ განგებჭო, თუ ვინ დგას შენზე მაღლა და ვინ - დაბლა. თუ თავს სრულყოფილ მონაზვნად მიიჩნევ და საუკეთესო ხარ მათ შორის, ვინც მედავითნედ მსახურობს, მაშინ გვერდით უნდა დაუდგე სუსტებს და აჩვენო თავმდაბლობა შენზე უარესს. ხშირად უნდა გაიხსენო ლაზარე, ღვთის ნებას მინდობილი რამდენს დაითმენდა უდრტვინველად".