არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო
* როცა "სიბოროტისა სულთა მდევნელი დავითიანი სული" წმინდა მეფე დავითისა აღიძრა
საქართველოს აღშენებისათვის, პირველ რიგში საკუთარი თავი განიქიქა, დაიმდაბლა ღვთის წინაშე და მერე იწყო ეკლესიის საქმის გამართვა. მაშინ ბევრი სამღვდელო პირი, ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა, უსჯულოებას ასწავლიდა ხალხს. სხვაა ცოდვა მღვდლისა და სხვა - ერისკაცისა, ორივეს ღვთის რისხვა მოეწევა, თუ არ შეინანეს. დაწყლულებული ერისა და ეკლესიის განსაკურნებლად 1102 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება შედგა. დაწვრილებით შეისწავლეს ყველა საქმე. ყოველი შეცდომა გაასწორეს. ღვთის სათნო წესნი დაამტკიცეს. უღირსნი მღვდელნი განკვეთეს და მათ მაგივრად ჭეშმარიტი მწყემსნი დაადგინეს. ბოლოს "ძეგლი მშვენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს" და შეჰფიცეს: "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო. არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო". ეკლესიის წევრი იყო და როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილმა, საკუთარი თავის განწმენდით დაიწყო წმინდა დავითმა ეკლესიის განწმენდა. მართლაც მისაბაძი მაგალითია: ვისაც დღეს "რუის-ურბნისის კრება" და "ეკლესიის განწმენდა" გვინდა, პირველ რიგში საკუთარი სული უნდა განვიწმინდოთ და ეს ავგიასის თავლა ღვთის ტაძრად, ღვთის სულის სამკვიდრებლად ვაქციოთ. მხოლოდ მაშინ შეგვეძლება თქმა იმისა, რომ სიქადული ჩვენი მართლმადიდებლობაა. დიდმარხვის პირველ კვირა დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია - ეკლესია ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველებს განადიდებს და მწვალებლებს შეაჩვენებს. ჩვენდაწილად კი გავიხსენოთ მართლმადიდებელი სარწმუნოებით მოქადული ქართველნი.
* როცა წმინდა ანტონ ჭყონდიდელი ბერად შედგა, მან უმეტესად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისადმი. მარტვილის რჩეული ბერების ზედამხედველობით წმინდა მამათა თხზულებებს სწავლობდა. "ფრანგთა" ბერების ანუ კათოლიკე სარწმუნოების მქადაგებელთა შემწეობით უნდა შეესწავლა სქოლასტიკური ფილოსოფია. მაგრამ ანტონს ფრანგების არც ქცევა მოეწონა და არც სწავლება - ფრანგის ბერები მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლობით მოძღვრებაში. ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა უთხრა კათოლიკე ბერს: - აბა, თუ შეგიძლია, ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხა ისე, რომ წყალს არ გაერიოსო. კათოლიკე მოძღვარმა - ეს შეუძლებელიაო. მაშინ ანტონმა უთხრა: - როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმება ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს, ეგრევე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლობით მოძღვრებებს ისე, რომ ერთი მეორეს არ გაერიოსო. იმ დღიდან დაითხოვა კათოლიკე მოძღვარი და ქართლში გადმოვიდა სასწავლებლად.
* ბულგართაგან შევიწროებულმა ბიზანტიის იმპერატორმა მიხეილ პალეოლოგოსმა სამხედრო დახმარება ლათინებს სთხოვა, სანაცვლოდ კი მართლმადიდებლურ მრწამსზე ამბობდა უარს: ჩვენ რომის ეკლესიის ერთგულნი ვართ და თუ არ გვიხსნით ველურ ბულგართაგან, ღვთის წინაშე აგებთ პასუხსო. მთელი კათოლიკური სამყარო დაირაზმა პალეოლოგოსის დასახმარებლად. "მოყვასის სიყვარულით გულანთებულნი" გზად მთაწმინდასთან შეჩერდნენ და იქ მოღვაწე მამების სულის "ხსნა" განიზრახეს. პირველად ათანასეს ლავრაში მივიდნენ და ბერებს სარწმუნოებრივი ერთობა შესთავაზეს. მამები შეშინდნენ და მათთან ერთად ერთობას დათანხმდნენ. ლათინებმა ამ მონასტერს ხელი არ ახლეს და ახლა ივერთა სავანეში გადაინაცვლეს. წარმოიდგინეთ იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა: ჯერ ხვარაზმელთა, მერე მონღოლების შემოსევით დაქცეულ ქვეყანაში ყრმების კალო ილეწებოდა. აბა, ამ დროს ვინ მოიცლიდა ივერონელთა დასახმარებლად. დიდი იყო ცდუნება: "უპირველესი ლავრის ბერები დათანხმდნენ ლათინებს და თავი გადაირჩინეს, ბიზანტიის იმპერატორი მათ მხარესაა, დაქცეული საქართველო კი ძალზე შორსაა". მაგრამ ქართველმა ბერებმა ფარად და მახვილად რჯულის კანონი და წმინდა სახარება აღაპყრეს, ამხილეს მომხვდურნი, ახალმოძღვრების ქადაგებისთვის ანათემას გადასცეს. ღვთისმშობლის ხატის გადამალვა მოასწრეს და გამძვინვარებული ლათინები ივერონს შეესივნენ. ამ ამბავს ძველი ათონური წყარო მოგვითხრობს: "საფრანგეთით მომავალნი ზემოთქმულ მონასტერსა ზედა დაესხნენ და მოაოხრეს... უმკვიდროდ და იავარყოფილად დაუტევეს და ყოველნივე სამღვდელონი და შეწირულობანი ანუ რაიცა სამსახურებელად მონაზონთა იყვეს, ნატყვევან ჰყვეს". ბერები უპატიოდ თრევით გამოიყვანეს მონასტრიდან, ცხვრებივით გადაარჩიეს, მოხუცებულნი და უძლურნი (ისინი ორასამდე ყოფილან) მონასტრისავე გემზე დასვეს და შუა ზღვაში ჩაძირეს, დანარჩენები კი განძარცვეს საბერო სამოსლისაგან და მონასტრის ქონებასთან ერთად რომში გაგზავნეს, სადაც ურიებს(!) მიჰყიდეს. ამის შემდეგ "ყოველივე მდგომარეობა მონასტრისაი უკუქცეულ იქნა". ივერიელთა მოწამებრივმა აღსასრულმა გაამხნევა ვათოპედისა და ზოგრაფის მონასტრის ბერები, რომლებიც ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას შეეწირნენ.
* 1439 წელს ფერარა-ფლორენციის კრებაზე წმინდა მარკოზ ეფესელთან ერთად ლათინებთან უნიას ხელი არ მოაწერეს საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა. ამ კრებაზე ქართველები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. იმდროინდელი ისტორიკოსი სიროპულოსი წერს: "იბერიის ხალხთა ორი ელჩი კონსტანტინოპოლიდან ჩვენს ამალაში მოვიდა. ერთი ეპისკოპოსია, მეორე კი თავადი - ერისკაცი. ეპისკოპოსმა სინოდის სესიები მიატოვა, რადგან კარგად გაიგო, რომ გაერთიანებას ცუდი ხერხით უწევდნენ პროპაგანდას. პირველად ეპისკოპოსები (ჩანს, რამდენიმე ქართველი ეპისკოპოსი იყო კრებაზე, - კ.კ.) ფარულად ჩვენი კაცების შეცდომას უჩვენებდნენ და წამოუყენეს მათ ანტიოქიის პატრიარქის სიგელი, რომელიც მათ უკრძალავდა ლათინებთან შეხებას. მერე კი, ვისაც ფლორინები ჰქონდა, ფარულად გაიქცა, რათა გადაემალა ისინი. [ეპისკოპოსმა] მხოლოდ ტანსაცმელი და სანიადაგო სახმარი რამ (დაიტოვა), (დანარჩენს) ღარიბებს ურიგებდა. თავად კი ხალხის თვალებს ემალებოდა... ზოგჯერ მაწანწალად (მოჰქონდა თავი). სოროს ეფარებოდა და მალულად გამოდიოდა ხოლმე. იგი იტალიაში უცნობად დაეხეტებოდა და სრული სამი თვის შემდეგ უკვალოდ გაქრა. ტორნოვოს ეპისკოპოსი მის ძებნას შეუდგა. კვალმა ვენეციაში ჩაიყვანა. ნახა ქართველი ეპისკოპოსი და კონსტანტინოპოლში წაიყვანა.
იბერიის მეორე ელჩი, თავადი ერისკაცი, იმავე დღეებში, როცა მოისმინა, გაერთიანება უკვე ბეჭედდასმულიაო, რომში ჩავიდა. ასე რომ, როცა იბერიის ნეიტრალურ ელჩს გაერთიანების ხმის მიმცემთა სია უჩვენეს, მანაც ჩუმად დატოვა იქაურობა.
სანამ მოლაპარაკების მსვლელობა უკანასკნელ სიტყვას მიაღწევდა, ქართველი თავადი პაპმა მიიწვია და უთხრა: გაგვიგია, რომ თქვენ ქრისტიანი ბრძანდებით, კაცი მეტად ნათელი გონებით დაჯილდოებული. ქრისტეს ეკლესია გვასწავლის განათლების მიმდევრობას. რომის ეკლესია ეკლესიათა დედაა და ვინც მასზე უფროსობს, პეტრეს მემკვიდრეა, დედამიწაზე ქრისტეს მოადგილე, ყველა ქრისტიანის მწყემსი და საყოველთაო მსწავლელი. თქვენ უნდა დაემორჩილოთ დედას. ყველა, ვინც ამას დაადასტურებს, თვით მღვდელმთავრებს დაიმორჩილებს, მათ ასწავლის და მწყემსავს...
იბერმა ელჩმა მიუგო: ჩვენც თანაბრად, რასაც ღვთის წყალობით ვიღებთ, უკვდავებით ვსარგებლობთ, ქრისტიანები ვართ. ჩვენი ეკლესია მოსაწონია და ჩვენს დოგმებს ვემორჩილებით. ჩვენი ეკლესია ძალიან მტკიცედ იცავს უფლის თითოეულ მცნებას, ასევე წმინდა მოციქულთა ტრადიციებს... ამათგან არასოდეს გადაგვიხვევია, არაფერი არ დაგვიმატებია, არაფერი მალულად არ წაგვიღია. რომის ეკლესიამ კი (მრავალი რამ) დაუმატა და საბოლოოდ წმინდა მამების (სწავლების) საზღვრები გადალახა. ამის გამო ჩამოვშორდით თქვენს ეკლესიას. შენი უწმინდესობის სამწყსო მზრუნველობა ეყრდნობა ერთადერთს, როცა შენი ბატკნები შესული არიან შენს საკუთარ ფარაში. მათ სწორედ ახლა ესაჭიროებათ ტკბილი სიმშვიდით ფარეხის წიაღში მშვიდად დაძინება. სიმშვიდეს გამოიტანდა დამატებითი სიმბოლოს ამოგდება, ამისთვის კი არც ერთ მოლაპარაკებაში არ მიგვიღწევია. თუკი ლათინთა მთელი გვარი შენს არბიტრობასა და ბატონობაზეა დამოკიდებული, რასაც დააკანონებ, იმაზე დაგიკრავენ ტაშს და თანამოაზრენი გაგიხდებიან. როცა ყველა პატრი პატივსა გცემს, როგორც მემკვიდრეს და შენს დისციპლინას თავდახრილნი თაყვანსა სცემენ, ამისთვის იმ ერთადერთ სიტყვას ობელისკზე ნუ დაგვანახებ (ანუ როგორც ლათინურ მრწამსშია, ისე ნუ იქნება - თითქოსდა სულიწმინდა ძისგან გამოდიოდეს, - კ.კ.), მაშინ მარტო იბერიის ხალხის გულს როდი მოიგებ, ყველა ქრისტიანი შენი პატივისმცემელი იქნება.
იბერმა პაპს ურჩია, ხელი არ ეხლო ბარბაროსულ ენებზე არსებული დოგმებისათვის, რომელთა ძალით წართმევა და მათ ნაცვლად თავისის დანერგვა სურდა. პაპმა პასუხი ფარული სიმწრით მოისმინა და განცვიფრებული გაჩუმდა".
სიროპულოსი მოგვითხრობს ასეთ ამბავსაც: სინოდის ყრილობაზე, უქმე დღეს, საზეიმო ლოცვა მოაწყვეს პაპისთვის. სანამ საეკლესიო მსახურების შემსრულებელი მღვდლები დაესწრებოდნენ, კათედრაზე ავიდა კეთილშობილი კაცი, პროტონოტარიუსი იოანე, ნათლად და ძალიან ფართოდ ლათინურ ენაზე განმარტავდა ყრილობის მნიშვნელობას. ჩვენ ელჩებთან ახლოს ვისხედით. იოანე ხშირად საილუსტრაციოდ არისტოტელეს იხსენიებდა. ორ-სამჯერ მოსმენის შემდეგ იბერმა მარცხენა ხელზე ხელი მომიჭირა. შევხედე და თავი დავუქნიე. მან თქვა: "მართლაც ის არისტოტელე! ოო, მეტად ნათელი არისტოტელე!" დაეჭვებულმა ვკითხე, ვის თვლიდა ის ავტორიტეტად. იბერმა მიპასუხა: "წმინდა პეტრე, წმინდა პავლე, წმინდა ბასილი, გრიგოლ თეოლოგი, ქრიზოსტომოსი. ჩვენთვის რაა არისტოტელე, ნე კალო არისტოტელე?!" მთელი სხეულით, გამომეტყველებით, ხმით გამოხატავდა გაჯავრებას და ეცოდებოდა ორატორი, ყრილობის წინაშე რომ თავს ისულელებდა - ამ სწავლული დისციპლინისა თუ არა, ჩვენი მაინც შერცხვესო.
ამ კრებაზე ცნობებს გვაწვდის სვიმონ სუზდალელი: კრებას 24 ბერძენი მიტროპოლი ესწრებოდა, მათგან ოთხმა უნიას ხელი არ მოაწერა. ესენი იყვნენ: წმინდა მარკოზ ეფესელი მიტროპოლიტი, გრიგოლ ივერიელი მიტროპოლიტი, სოფრონ ანკირიელი მიტროპოლიტი, ისაია ტრისტინელი მიტროპოლიტი. წმინდა მარკოზის მხილების შემდეგ მათაც მიმართეს სიტყვებით პაპს. პაპმა ვერ დაითმინა მართლმადიდებელ მიტროპოლიტთა სიტყვები, ადგა და გარეთ გავიდაო.
"XV საუკუნის სიგელ-გუჯრებში მანგლელ-თბილელ ეპისკოპოსებად მოსხენიებულნი არიან იოანე და გრიგოლი. იოანე მანგლელ-თბილელ ეპისკოპოსად მოხსენიებულია 1432-1440, 1441 წლებში, ხოლო გრიგოლი - 1442 წელს. ვფიქრობთ, სწორედ ეს ეპისკოპოსები ესწრებოდნენ ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებას", - ბრძანებს ისტორიკოსი ო. ჟუჟუნაძე ნაშრომში: "XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისთვის". იგივე ავტორი რუსული, ბერძნულ-ლათინური და ქართული წყაროების შეჯერებით ადგენს, რომ ფლორენცია-ფერარას კრებაზე საქართველომ გააგზავნა სამი წარმომადგენელი: თბილის-მანგლისის ეპისკოპოსები - გრიგოლი და იოანე და წარჩინებული თავადი, რომლის სახელი უცნობია. მისი მიზანი, როგორც ჩანს, იყო ევროპასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დადება თურქეთის წინააღმდეგ, მაგრამ კრებაზე გამოჩნდა, რომ რომის პაპი მუქარითა და იძულებით მოითხოვდა კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების თავისი ეგიდის ქვეშ გაერთიანებას. ამასთანავე, მუსულმანებისგან მართლმადიდებელი ქვეყნების დაცვის არავითარ გარანტიას არ იძლეოდა. ხანგრძლივი კამათისა და ფიზიკური ზეწოლის შედეგად უმრავლესობა იძულებული გახდა, ხელი მოეწერა გაერთიანების აქტისთვის, მხოლოდ უმცირესობამ, მათ შორის ქართველებმა, ხელი არ მოაწერეს სამარცხვინო შეერთებას. ერთ-ერთი პირველი წარგზავნილი, ეპისკოპოსი გრიგოლი განერიდა ძალადობას, გაიქცა კრებიდან და დაბრუნდა სამშობლოში. მეორე ეპისკოპოსმა - იოანემ გადაიცვა მათხოვრის სამოსი, აიღო საქართველოდან წაღებული ფული, მიმოდიოდა იტალიაში და ყველგან ქადაგებდა პაპ ევგენის დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ამხელდა მის ცოდვებს. თავადმა კი პაპის დაჟინებულ მოთხოვნებს ბრძნული პასუხი გასცა.
ამგვარი იყო მართლმადიდებელ ქართველთა აღმსარებლობა. სამწუხაროდ, ჩვენში სათანადო პატივით არ არიან დაფასებული ათონზე, ივერონში, ლათინთაგან მოწვეტილი ივერიელნი, ფერარა-ფლორენციის კრებაზე წმინდა მარკოზ ეფესელის თანამებრძოლი ქართველი მღვდელმთავარნი.