სამოთხეში უკეთესი სურნელებაა
(გაგრძელება)
ხშირად ერთ მონანულს რომ შენდობას მისცემდა და წამოაყენებდა, ოლარს მაშინვე მეორეს გადააფარებდა. სხვათა აღიარებულ ცოდვებს იქვე ივიწყებდა და ადამიანებში ყოველთვის კარგს ხედავდა, რადგან განწმენდილ გულსა და გონებაში მხოლოდ წმინდა გულისთქმა ჰქონდა. ერთხელ ერთმა იღუმენმა ჰკითხა, - რომელი კინოვიის ძმობაა უფრო წმინდაო. ყველა ძმა წმინდა არისო, - მიუგო ტიხონმა. მამა ტიხონი თითქმის არასოდეს იხსნიდა ოლარს.
ის ადამიანის გულს არასოდეს დაჰკოდდა, ხოლო კაცთა წყლულებს ქრისტეს სიყვარულის მალამოთი განკურნებდა. მწუხარეს ეტყოდა, - ჩემო შვილო, ქრისტეს უყვარხარ, მან მოგიტევა. ქრისტეს ყველაზე მეტად ის ცოდვილნი უყვარს, რომლებიც ინანიებენ და თავმდაბლად ცხოვრობენო. თავმდაბლობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა: - ერთ თავმდაბალს უფრო მეტი მადლი აქვს, ვიდრე ბევრ ადამიანს ერთად. ყოველ დილით ღმერთი სამყაროს ერთი ხელით აკურთხებს, ხოლო როცა თავმდაბალ ადამიანს ხედავს, მას ორივე ხელით დალოცავსო. ქალწულებზე ამბობდა: - თუ მათ თავმდაბლობა არა აქვთ, მხოლოდ ქალწულებით ვერ გადარჩებიან. თუ ვინმე თავს მოიწონებს ქალწულებით, ქრისტე ეტყვის მას: "რადგან თავმდაბლობა გაკლია, წადი ჯოჯოხეთშიო". ხოლო ცოდვილს, ვინც შეინანა და ახლა თავმდაბლად ცხოვრობს, შემუსვრილი გულით აღიარებს, რომ ცოდვილია, ქრისტე ეტყვის: "მოდი აქ, ჩემო შვილო, უტკბეს სამოთხეში".
სინანულისა და თავმდაბლობის გარდა მამა ტიხონი მნიშვნელოვნად თვლიდა საღმრთო საგნებზე ფიქრსაც, როცა გონება კაცისა მუდმივად ღმერთთან იმყოფება. ის ამბობდა, აუცილებელია შევისწავლოთ წმინდა წერილი და წმინდა მამათა შემოქმედება: "სათნოებისმოყვარეობა", "ევერგეტინოსი", იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებლის, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის, ამბა მაკარის, ამბა ისააკის სწავლებანი. "მათი შესწავლა სულს გაათბობს, გონებას განწმენდს და კაცი მოშურნედ იწყებს მოღვაწეობას, შეიძენს სათნოებებს. როცა ის მოღვაწეობს, მაშინ ვნებებს მოიმუშაკებს".
ერთხელ მითხა: "ჩემო შვილო, რა წიგნებს კითხულობ?" "ამბა ისააკს", - ვუპასუხე. "კარგია, ის უდიდესი წმინდანია! ბუზიც კი არ მოუკლავს ამბა ისააკს". ამ სიტყვებით ბერს სურდა წმინდანის დიდ სულიერ მგრძნობელობაზე მიეთითებინა.
მამა ტიხონი წმინდა ისააკის მიბაძვას ცდილობდა არა მარტო ისიქასტური სულით, გრძნობების სულიერი კეთილშობილებით, არამედ იმითაც, რომ ცდილობდა არავის დასწოლოდა ტვირთად. ბერებს ეუბნებოდა, ერისკაცივით არ ეჭამათ, რადგან ბერის საქმე მუხლთადრეკა, მარხვა და ლოცვაა არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ცოცხლებისა და გარდაცვლილებისთვის. "უნდა ვიმუშაოთ მხოლოდ იმდენი, რომ ყველაზე აუცილებელი რამ გვქონდეს და სხვებს არ დავაწვეთ ტვირთად. რადგან ზედმეტი შრომისა და საზრუნავისგან ადამიანი ღმერთს ივიწყებს". ბერი ამბობდა: "ფარაონი ისრაელის ერს, ღმერთი რომ დაევიწყებინა, ბევრ სამუშაოს და საჭმელს აძლევდა".
სულიერი საუბრის წინ ლოცულობდა, გონების განსანათლებლად სულიწმინდას მოიწვევდა. სხვებსაც ამას ურჩევდა. ამბობდა ხოლმე: "ღმერთმა სულიწმინდა დაგვიტოვა, რათა მან განგვანათლოს. ის არის მეუფე სამყაროსი, ამიტომაც ჩვენი ეკლესია ყოველ ღვთისმსახურებას ლოცვით იწყებს: "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო". როცა ის ამას სულიწმინდაზე ამბობდა, სახე შეეცვლებოდა ხოლმე.
ზოგიერთი მნახველი მას ჩუმად ფოტოს უღებდა, სხვები კი კურთხევას სთხოვდნენ და ისიც თავისი უბრალოებით ფოტოგრაფირების ნებას აძლევდა. ამისთვის კი ემზადებოდა: იმწამსვე წამოდგებოდა, შევიდოდა ტაძარში, ჩაიცვამდა სქემას. ცალი ხელით ჯვარს აიღებდა, მეორით - გრძელ წვერს ისწორებდა და პატრიარქ აბრაამივით გამოიყურებოდა. დადგებოდა ზეთისხილის ქვეშ, იმწუთას უკვე ბავშვს ჰგავდა. როცა მობერდა, ბერები ხშირად ნახულობდნენ ხოლმე და სთავაზობდნენ, - შეშას დაგიჭრითო. ის კი პასუხობდა: - მოითმინეთ, თუ ზაფხულში არ მოვკვდი, მაშინ დამიმზადეთ საზამთროდ შეშაო.
1968 წელს სიკვდილის მოახლოება იგრძნო და განუწყვეტლივ მასზე ლაპარაკობდა. უკანასკნელი ფიზიკური ძალებიც გამოეცალა. მარიამობის შემდეგ ლოგინად ჩავარდა. სვამდა მხოლოდ წყალს, რადგან შინაგან სიმხურვალეს გრძნობდა. თუმცა ასეთ მდგომარეობაში მყოფსაც არ უნდოდა მის გვერდით ვინმე ყოფილიყო და მოუკლებელ ლოცვაში ხელი შეეშალა.
მოახლოვდა მისი მიწიერი ცხოვრების ბოლო კვირა, ამიტომაც მთხოვა, მასთან დავრჩენილიყავი, მაგრამ იმ ათი დღის განმავლობაში თავის სიახლოვეს არ გამაჩერა. მცირეოდენი დახმარების შემდეგ მეზობელ კელიაში გამგზავნა სალოცავად.
ერთხელ ორი ლიმონი ვიყიდე, გამოვწურე და წვენი მივართვი. მამა ტიხონმა ცოტა მოსვა და ძალმოცემულმა გაკვირვებით მკითხა: "რა კარგი წყალია, სად იშოვე, შვილო? დაე, ქრისტემ ამისთვის ორმოცი გვირგვინი მოგცეს". მგონი, მას არასოდეს დაელია ლიმონათი ანდა ყრმობისას გაესინჯა, მაგრამ აღარ ახსოვდა მისი გემო.
სრულიად დაუძლურებული, უძრავად იწვა ლოგინში, წამოდგომა აღარ შეეძლო. მთხოვა, სანუგეშოდ წმინდა ტრაპეზიდან ჯვარი მიმეტანა. თვალები გაუბრწყინდა ჯვრის დანახვაზე. კეთილკრძალულებით ეამბორა მას და ჩაბღუჯა. ჯვარს ღიღილოს ღერო შემოვახვიე და ვკითხე: მამაო, სასიამოვნო სურნელი ასდის-მეთქი? სამოთხეში უკეთესი სურნელებააო.
მისი სიცოცხლის ერთ-ერთ ბოლო დღეს კელიიდან წყლის მოსატანად გამოვედი. უკან დაბრუნებულს გაკვირვებულმა მკითხა:
- შენ ხარ, წმინდა სერგი?
- არა, მამაო, მე პაისი ვარ.
- შვილო, ახლახან ჩემთან ღვთისმშობელი, წმინდა სერგი და წმინდა სერაფიმე იყვნენ. ნეტავ სად წავიდნენ?
მივხვდი, რომ რაღაც მოხდა და ვკითხე: - მამაო, რა გითხრა ღვთისმშობელმა? დღესასწაული ჩაივლის და წამიყვანსო, - მიპასუხა. 1968 წლის 10 სექტემბერს (ძვ.სტ.) ღირსმა მამამ ღმრთივ განისვენა.
გარდაცვალების წინა დღეს მითხრა, - ხვალ მოვკვდები და მინდა ფხიზლად იყო, რომ გაკურთხოო. იმ საღამოს სამი საათის განმავლობაში ხელი ედო ჩემს თავზე, მაკურთხებდა და მკოცნიდა. წყალი შემოვუტანე და სამადლობლად მითხრა: "ჩემო საყვარელო პაისი, შვილო, ერთმანეთი საუკუნოდ გვეყვარება. ძვირფასია ჩვენი სიყვარული, შენ აქ ილოცებ, მე კი ზეცაში. მწამს, რომ ღმერთი შემიწყალებს, რადგან სამოცი წელია ბერი ვარ და განუწყვეტლივ ვიმეორებ - "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". წამით შეჩერდა და განაგრძო: "ახლა სამოთხეში ვიმსახურებ. შენ აქ ილოცე, მე კი შენს მოსანახულებლად ყოველ წელს მოვალ. თუ ამ კელიაში დარჩები, ძალიან გამიხარდება, თუმცა - როგორც ღმერთს უნდა. აქ საკვების მარაგი დაგიტოვე - კონსერვები, სამ წელს გეყოფა", - და თან მაჩვენა ქაშაყის ექვსი პატარა ქილა და ოთხი ქილა კალმახი. ეს ქილები დიდი ხნის წინ მოეტანა მნახველს...
ბერი განაგრძობდა საუბარს და თვალთაგან ცრემლი სდიოდა. მართლაც, ის ბოლო ათი დღე, მოძღვრის გვერდით რომ ვიყავი, ჩემთვის ღვთის ყველაზე დიდი კურთხევა იყო. ამ დროს უდიდესი სარგებელი მივიღე, რადგან საშუალება მომეცა, ცოტა ხნით მეცხოვრა მამა ტიხონთან და უკეთესად გამეცნო ის. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან, თუ როგორ ზრუნავდა საკუთარი სულის გადარჩენისთვის. საწოლის გვერდით ედო გამზადებული წერილები, რომლებიც მამა ტიხონის სიკვდილის შემდეგ უნდა გამეგზავნა მისი ნაცნობი ეპისკოპოსებისათვის, რომ ლოცვისას მოეხსენებინათ. ანდერძად დამიბარა, მომეწვია ეპისკოპოსი, რომელიც მას განხსნის ლოცვას წაუკითხავდა. ასევე დამიბარა, მისი სამარე უფლის მეორედ მოსვლამდე გაუხსნელი დაეტოვებინათ.
მონასტერს შევატყობინე, რომ მოახლოვდა მამა ტიხონის გარდაცვალების ჟამი. იქიდან მამა ვასილი მოვიდა, რათა ერთად მოგვემზადებინა ღირსი მამა აღსასრულისთვის. ბერი ნელ-ნელა ილეოდა.
მამა ტიხონის განწმენდილი სული განგვშორდა. მღვდლებმა კეთილმოკრძალებით აუგეს წესი.
მითხრა, შენს სანახავად ყოველ წელს მოვალო, მაგრამ ისე გავიდა სამი წელი, არ გამომცხადებია. უკვე ფიქრი დავიწყე: ხომ არაფერი შევცოდე მის წინაშე-მეთქი. სამი წლის შემდეგ, 1971 წლის 10 სექტემბერს, ნაშუაღამევს იესოს ლოცვას ვკითხულობდი. ამ დროს დავინახე კელიაში შემოსული მამა ტიხონი. მუხლებზე მოვეხვიე და ვეამბორე, მაგრამ უცნაურად გამისხლტა ხელიდან. მოვკარი თვალი, როგორ შევიდა ტაძარში და გაქრა. მაშინვე სანთელი ავანთე, რომ ჩამენიშნა მამა ტიხონის გამოცხადების დღე. მისი გარდაცვალების დღე აღმოჩნდა. გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე დამავიწყდა. მწამს, რომ კეთილმა მამამ ეს გულმავიწყობა მაპატია, რადგან იმ დღეს განთიადიდან მიმწუხრამდე სტუმარი მყავდა და გადავიღალე. არ ვიცი, ჩემამდე თუ ვინმეს გამოსცხადებია.
ერთხელ ჩემთან დასახმარებლად მოვიდა კარაკალის მონასტრის ბერი, მამა ანდრია.
ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს. ის გარეთ, ზეთისხილის ხის ქვეშ მელოდებოდა. ეგონა, შინ არ ვიყავი. მე კი ამ დროს სახელოსნოში ხატებს ლაქით ვფარავდი და მისი ხმა არ გამიგონია. დავასრულე საქმე, ვიგალობე "წმიდაო ღმერთო" და გამოვედი. როცა მამა ანდრიამ დამინახა, განცვიფრებულმა მითხრა: შენს ლოდინში რული მომერია, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი. დავინახე, როზმარინის ბუჩქებიდან გამოვიდა მოხუცი ბერი. ვის ელოდებიო, - მკითხა. მამა პაისის-მეთქი. იქააო, - და კელიისკენ მიმითითა. იმ წუთს მომესმა შენი გალობა და გამოხვედი კიდეც. ეს ვინმე წმინდა ბერი უნდა იყოსო. მამა ტიხონზე მოვუყევი და ვუთხარი, რომ მის საფლავზე როზმარინის ბუჩქები დავრგე, რათა ის კაცთაგან დაეფარათ - ფეხით არ დაეთრგუნათ და მისი ანდერძის საწინააღმდეგოდ, საფლავი არ გაეთხარათ და ამოეღოთ მისი ძვლები-მეთქი.