(ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან)
* როცა ვუერთდებით სიცოცხლის წყაროს - უფალს - მისი უკვდავი ხორცისა და სისხლის ზიარებით, ვხდებით ნაწილი მისი
მარადიული და უკვდავი სხეულისა, რომელიც შეაერთებს თავის არსში ცოცხალთა და მკვდართა და წარმოქმნის ერთს - ქრისტეს წმინდა ეკლესიას. * ქრისტიანის მიზანი მტკიცე რწმენასთან ერთად უნდა იყოს სიყვარული, კეთილმოქმედება, სულიერი სრულყოფა, რის შედეგადაც ადამიანი დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას აღწევს... ქრისტიანობა არის რელიგია სრულყოფილი სიყვარულისა, მარადიული სიხარულისა და უხვი ღვთაებრივი ენერგიისა. გისურვებთ, გქონდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული ღვთისა, მოყვასისა, დედასამშობლოსი, ჩვენი უკვდავი სულისა, მარადიული მომავალი სიცოცხლისა, სიკეთისა და ყოველივე იმისა, რაც კი ხელს შეუწყობს ჩვენს სულიერ თვალთა აღხილვასა და აღდგომას.
* მთავარია, არ დავკარგოთ კავშირი რწმენისა და ცოდნის წყაროსთან. როგორც ორიგენე წერს, "ღმერთი არის უმაღლესი გონება და ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა..." პირველი სიტყვა, რომლითაც აღდგომილმა მაცხოვარმა დამაშვრალ კაცობრიობას მიმართა, იყო "გიხაროდენ". სწორედ ეს სიხარული სწყურია თანამედროვე ადამიანს.
* არსებობს როგორც ღვთაებრივი, ისე ადამიანური ენერგია. როცა ისინი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ერთი მიმართულებით მიდიან, ადამიანი დგას კეთილ გზაზე, ცხოვნების გზაზე და მიდის ღმერთთან, უახლოვდება მას...
* ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისაგან მომადლებული ძვირფასი ნიჭია, ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ, ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით და აწმყო ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის.
* ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდება, თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს... მარადისობა ყოველდღიურად კარზე გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ მალე დადგება დრო მასთან ჩვენი შეხვედრისა.
* როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ეს მუდამ ასე იქნება. ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს. საწოლ ოთახში განგაცალკევებს, ავადმყოფის სარეცელს დაგიგებს... იცი რატომ? შენთან საუბარი სურს, სურს მიეახლოს შენს სულს და განკურნოს იგი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რომ მთელი გავლილი ცხოვრება შეცდომებითაა სავსე; და თუ, ღვთის მადლით, ამას შეიგნებ, უკვე სწორ გზაზე დგახარ... ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოებაა მარადიულობასთან. ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე.
* ვიცით კი ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით, ვინ ვართ, საითკენ მივდივართ, რა მოგველის? ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: ვჭამ იმისათვის, რომ ვიარსებო და არ ვარსებობ იმისათვის, რომ ვჭამო. მართლაც რისთვის ვარსებობთ: კარგი სმა-ჭამისთვის, ჩაცმა-დასვენებისთვის, თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაც სხვა, უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება?..
ეკლესია და რწმენა, როგორც ამას ზოგჯერ წერენ და ხმამაღლაც აცხადებენ, სრულიადაც არ კრძალავს ზრუნვას ეკონომიკურსა და მატერიალურზე, მაგრამ იგი გვასწავლის, რომ მთავარი სულია, რომელსაც სხეულისგან განსხვავებით მარადიული არსებობა აქვს და უკვდავია, ამიტომაც, პირველ რიგში, მასზე ფიქრი და ზრუნვა გვმართებს... მინდა მოგიყვანოთ ერთი ძალიან უბრალო, მაგრამ ფრიად შთამაგონებელი მაგალითი. ინგლისური ზღაპარი მოგვითხრობს: კატა დიდხანს ემზადებოდა ლონდონში წასასვლელად, რათა დედოფალი ენახა. როგორც იქნა, აისრულა წადილი, მაგრამ თაგვის გარდა იქ ვერაფერი ნახა, რადგან, როგორც კი თვალი მოჰკრა, მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. ყოველ ადამიანს ერთი უდიდესი მიზანი აქვს - მარადიულობისთვის მზადება, რათა უფლის წინაშე განწმენდილი წარდგეს და ცხონდეს, მაგრამ ხშირად მთავარ მიზანს იმ კატის მსგავსად ივიწყებს და მთელი გული და გონება პატარ-პატარა მიწიერი საზრუნავისკენ აქვს მიპყრობილი.
ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ გამოცდის ღირსეულად ატანისა და ჩვენი არსებობის უპირველესი მიზნის სამსახურისა.
* ადამიანის მიზანი და დანიშნულება ღმერთში ცხოვრება და ნეტარი მარადიულობის მოპოვებაა. კაცი შემოქმედის განსაკუთრებული ქმნილებაა, უკვდავებას ზიარებული. უკვდავება მხოლოდ მისი სულის თვისება არ არის, არამედ სხეულისაც, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის ჟამს უნდა აღდგეს.
ადამიანი უმშვენიერესი წმინდა სახეა შემოქმედისა, ხატებაა ღვთისა. ამიტომაა იგი გონიერი და უკვდავი.
* ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისა, ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანი ხშირად ვერ აფასებს ცოდვის სიმძიმეს და ანგარიშს არ უწევს მის შედეგებს. ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ცოდვა საერთოდ არ არსებობს, რომ ამ სახელს ადამიანის ბუნებრივ თვისებებს ვუწოდებთ. ამგვარად მოაზროვნენი ჭეშმარიტებისგან შორს დგანან და თავს მეორე სიკვდილისთვის ამზადებენ.
სიცოცხლის მანძილზე ადამიანი ჩვენთვის ხშირად აუხსნელ ციკლს გადის, რაც გულისხმობს დაცემასა და ამაღლებას, დამარცხებასა და გამარჯვებას, იმედის გაცრუებასა და სასოებას. ამ რთული პროცესის მიზანი სულის ხსნა და მეორე ცხოვრების მოპოვებაა. როცა მეორე სიცოცხლეზე საუბრობს უფალი, გვაფრთხილებს: "იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას" (მათე 7,14).
ყოველი განვლილი დღე მარადიულობის კარიბჭესთან, სიკვდილის იდუმალებასთან გვაახლოებს... გადის თვეები, წლები... დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში სხვა სამყაროში ხელახალი შობაა. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: "ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს, სულო, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მოგელის შენ" (კურთხევანი). მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა. გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, საფუძვლიანად გავეცნოთ წმინდანთა ცხოვრებას, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს. ახლა ბევრი მიიჩნევს თავს მორწმუნედ, აღიარებს სულის უკვდავებას, მაგრამ მაინც არ ძალუძს, გული მთლიანად მიუძღვნას უფალს.
მუდამ გახსოვდეთ: ყველაზე მეტად სულს სჭირდება გაფრთხილება; მასზე ძვირფასი არა არის რა კაცისთვის. იგი განსაზღვრავს ჩვენი მარადიული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, ამიტომაც ბრძანებს მარკოზ მახარებელი: "რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს" (მარკ. 8,36). ჭეშმარიტად, მთელი ქვეყნის სიმდიდრეც არ არის ერთი სულის ფასი...
* მონათვლით ადამიანი ეკლესიაში შედის, ქრისტეს ნაწილი ხდება, ხელახლა იბადება; თავისუფლდება როგორც ადამიანური პირველქმნილი შეცოდებისგან, ისე ყველა სხვა ცოდვისაგან; აღდგება მასში ხატება ღვთისა, მიენიჭება სულიწმიდის მადლი და ყველა მისი სიკეთე. ნათლობისას სრულდება ასევე მეორე დიდი საიდუმლო - მირონცხება. როცა მღვდელი მოსანათლს ჯვრის სახით მირონს სცხებს, ამბობს: "ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ". ზოგიერთი, სამწუხაროდ, ამ ორი უდიდესი საიდუმლოს მიღებით ამთავრებს ეკლესიაში ცხოვრებას. თუ ახალშობილს საზრდოს დროზე არ მივაწვდით, მოკვდება; ასეა სულიერ ცხოვრებაშიც. ისინი, რომელნიც არ აღავლენენ ლოცვებს, არ მარხულობენ და ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, სულიერად კვდებიან კიდეც; მოეკვეთებიან ხეს ცხოვრებისას - ეკლესიას, რომლისგანაც გამუდმებით უნდა მიეღოთ სულიერი საზრდო.
* ჩვენ ძალიან ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს სიხარულს, თუმცა იგი სხვადასხვაგვარად გვესმის. არსებობს სიხარული ხანმოკლე, მსწრაფლწარმავალი და არსებობს სიხარული სრული და წარუვალი. ამასთან დაკავშირებით მინდა მაცხოვრის სიტყვები შეგახსენოთ. იოანეს სახარების მე-16 თავის 24-ე მუხლში უფალი გვეუბნება: "ითხოვდით და მოიღოთ, რაითა სიხარული თქუენი სავსებით იყოს". ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს - სავსებით იყოს ანუ სრული იყოს. სრული სიხარული მის წარუვალობასა და დაუსრულებლობას გულისხმობს. ამგვარი სრული სიხარულის წყარო ანუ სათავე უფალია.
* სულიერი სრულყოფის კიბეზე ორ მადლს აჰყავს ადამიანი: უკვდავებასა და სიწმინდეს. ორ ძალას შთაჰყავს კაცი ჯოჯოხეთამდე: ცოდვასა და სიკვდილს.
სიკვდილი და უკვდავება! რა ხშირად არიან ისინი გვერდიგვერდ... ღმერთმა ადამიანს მიანიჭა უკვდავება და ამავე დროს - თავისუფალი ნება. არჩევანი ჩვენზეა, რას მივყვებით: სიმართლის საქმეთ - სიწმინდეს თუ ცოდვის გზას - სიკვდილს.
* ვინც ქრისტეს გზას დაადგება, არა მხოლოდ აუცილებლად გაიგებს, სად არის ჭეშმარიტება, არამედ მიუახლოვდება კიდევაც მას, ხოლო ჭეშმარიტებასთან სიახლოვე საუკუნო ცხოვრებას მიანიჭებს.
ასეთია ჭეშმარიტი რელიგიის მოძღვრება სულის გადარჩენის ანუ ცხონების შესახებ. რაც შეეხება სხვა რელიგიებს, მართალია, მათში ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა შეიმჩნევა, მაგრამ ის უშედეგოდ რჩება, რადგან ჭეშმარიტებასთან მისასვლელად მცდარ გზას ირჩევენ. მაგალითისთვის ბუდიზმი ავიღოთ. თუ მას ობიექტურად გავაანალიზებთ, დავრწმუნდებით, რომ არსით იგი ათეისტურია. ბუდისტები სიტყვა "ღმერთის" ხმარებას სამყაროს შემოქმედის გაგებით ერიდებიან, რადგან სამყაროს წარმოშობაზე მატერიალისტების მსგავსი შეხედულება აქვთ. მათი რელიგიურობა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ზებუნებრივ არსებად გარდასახვისა სჯერათ და ფიქრობენ, რომ ეს გარდასახვა მანამდე გრძელდება, ვიდრე ადამიანი სრულიად არ განიწმინდება და ნირვანაში არ ჩაიძირება.
* ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ მსხვერპლი მიღებული და შეწირულია, რომ გამარჯვება სიკვდილზე მოპოვებულია და ღმერთსა და კაცს შორის ზღუდე შემუსვრილია - კავშირი აღმდგარია!
* ნუ დაგავიწყდება, რომ ყოველი ადამიანი, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა იგი თუ ურწმუნო, ხატია ღვთისა და ამ ხატს ვერავინ წაშლის. მაშასადამე, თუ ხედავ, რომ ადამიანი იღუპება, დახმარების ხელი უნდა გაუწოდო, რათა მისი უკვდავი სული გადაარჩინო. ამიტომაცაა ქრისტიანული სიყვარული თავისი არსით ღვთაებრივი. სიყვარული მუსლიმანებმაც იციან, იუდეველებმაც და საერთოდ ურწმუნოებმაც, მაგრამ მათი სიყვარული ვიწროა, რადგან ამ პრინციპით უყვართ: მიყვარს ის, ვისაც მე ვუყვარვარ. ქრისტიანულმა სიყვარულმა კი საზღვრები არ იცის, ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს.
* უნდა გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან, რათა ვეზიაროთ ჭეშმარიტებას; თუ არ განვიძარცვეთ სხეული ძველი ადამისა და არ შევიმოსეთ ქრისტეს სამოსით, მარადიული სიკვდილისთვის გავწირავთ თავს.
მაგრამ იესომ ხომ შემუსრა საკვრელნი სიკვდილისა, - იკითხავს ზოგი. სიკვდილი სამი სახისაა: ფიზიკური, სულიერი და მარადიული. მაცხოვარმა ჩვენ სულიერი და მარადიული სიკვდილისაგან გვიხსნა. გვიხსნა სულიწმიდის განშორებისა და მარადიული სატანჯველისაგან. მან თავისი სისხლით და ხორცით გამოისყიდა პირველქმნილი ცოდვა და ამით მორწმუნეთათვის სასუფევლის კარი შეაღო. "მე ვარ აღდგომაი და ცხორებაი, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე. და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე" (იოანე 11, 25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის დასტური იმისა, რომ ჭეშმარიტება სძლევს სიცრუეს, სიკეთე - ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს, სიცოცხლე - სიკვდილს.
მაშ, დავფლათ ჩვენი ცოდვითი მიდრეკილებანი და შევუდგეთ ქრისტეს; მასთან ერთად მოვკვდეთ, რათა მასთან ერთად აღვდგეთ და მასთან ერთად ვიდიდებოდეთ.