ეს საუკეთესო ჯილდოა, რომელიც ღმერთმა მიწყალობა და შევთხოვ უფალს, არ წამართვას
ერთმა პატრიარქმა მიატოვა სამწყსო და მალულად ათონის მთას მიაშურა.
იქ ერთ-ერთ მონასტერში უბრალო მუშასავით ცხოვრობდა. ერთხელ, ჩვეულებისამებრ, შეშის მოსატანად ჯორით ტყეში წავიდა. თავისი სენაკი ღია დატოვა, რადგან შიგ ერთი ხმელი საწოლის გარდა არაფერი ჰქონდა. შუადღის სიცხით შეწუხებულმა ერთმა ბერმა მის სენაკს შეაფარა თავი. საწოლზე წამოწვა და ჩასთვლიმა. უეცრად თავზე დაადგა ზეციური ანგელოზი ჭაბუკის სახით, მხარზე შეეხო და მდაბლად უთხრა: ადექი მაგ საწოლიდან. შენ ამის ღირსი არა ხარ, რადგან მასზე დიდი პატრიარქი ისვენებს ხოლმეო. ბერმა გაიღვიძა, გაუკვირდა მშვენიერი ჭაბუკის ნათქვამი და კვლავ მიიძინა. "ადგები თუ არა პატრიარქის საწოლიდან?! - მრისხანედ უთხრა ჭაბუკმა, რომელიც ელვისებრ ბრწყინავდა, - განა არ გითხარი, პატრიარქის საწოლზე ძილის ღირსი არა ხარ-მეთქი? ჩამოდი, თორემ დაგსჯი თავხედობისა და მღვდელმთავრის ხარისხის უპატივცემულობის გამო". ანგელოზმა მახვილი ისე წაჰკრა ბერს, რომ ის შეშინებული წამოხტა საწოლიდან. ანგელოზი გაქრა. ბერმა ყველაფერი მონასტრის მამებს მოუთხრო. მათ გაიხსენეს ცოტა ხნის წინ გავარდნილი ხმა - კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა კათედრა მიატოვა და გაიქცაო. მიხვდნენ, მათი მუშა სწორედ ის იყო. პატრიარქი მონასტერს რომ მოუახლოვდა, ძმები მას ანთებული სანთლებით, საკმევლის კმევითა და ზარის რეკვით შეხვდნენ. მღვდელმთავარმა ამაში ღვთის განგებულება დაინახა, დაემხო მათ წინაშე, აღიარა პატრიარქობა და ამის დაფარვისთვის შენდობა სთხოვა ძმობას. ***
მიტროპოლიტი ბენიამინი (ფედჩენკო) პეტროგრადის სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო, მეგობართან ერთად მამა ნიკიტა ბალაამელს რომ ეწვია. მოძღვარი ერთ პატარა კუნძულზე განმარტოებით ცხოვრობდა. ივანეს (ასე ერქვა მიტროპოლიტს ერში) გულში ჰქონდა ბერობის სურვილი. მამა ნიკიტამ შეხვედრისთანავე განაცვიფრა თავისი ნათქვამით: მეუფე იოანე, წამობრძანდით, გაგიმასპინძლდებითო. ნატრაპეზევს ღირსი მამის წინასწარმეტყველებით განცვიფრებულმა ივანემ შესჩივლა, - მამაო, მეშინია, ბერობა ერში ძალიან გამიჭირდებაო. მამა ნიკიტამ დაამშვიდა. ივანე კი თავისას ადგა: - ერთმა კაცმა მითხრა, ბერად არ უნდა შედგეო. უეცრად მამა ნიკიტა განრისხდა: - ვინ ბედავს ამის თქმას, ვინ არის ასეთი, ღვთის ნებას წინ რომ აღუდგებაო. ამ შემთხვევამ დიდად იმოქმედა ივანეზე, ბერად აღიკვეცა და მალე ღვთის ნებაც აღსრულდა - მღვდელმთავრად აკურთხეს.***
ნეოკესარიის ქალაქ კომანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა. კომანელებმა ნეოკესარიის მთავარეპისკოპოსს, წმინდა გრიგოლ სასწაულმოქმედს სთხოვეს, ახალი მღვდელმთავარი ეკურთხებინა. ბანაკებად დაყოფილი კომანელები თავიანთ კანდიდატებს სთავაზობდნენ წმინდა გრიგოლს, წმინდანი კი მათ იწუნებდა. ერთმა დაცინვით თქვა: - ეპისკოპოსად ალექსანდრე ხომ არ ავირჩიოთო. ყველას გაეცინა. ვინ არის ალექსანდრე? - იკითხა წმინდა გრიგოლმა. მენახშირეაო, უპასუხეს. მომიყვანეთო, - ბრძანა. ცხვირპირგამურული ალექსანდრეს დანახვაზე ბევრს სიცილი აუტყდა. წმინდა გრიგოლს კი სულიწმინდამ უკარნახა, რომ ალექსანდრე ეკურთხებინა მღვდელმთავრად და მენახშირეს უთხრა, - წადი, დაიბანე და ჩვეულებრივი სამოსით მოდიო. როცა ალექსანდრე დაბრუნდა, მღვდელმთავარმა ყველას თანდასწრებით გამოსცადა საღმრთო წერილის ცოდნაში. განაცვიფრა ხალხი ალექსანდრეს გონიერებამ და მჭევრმეტყველებამ. თურმე მათ წინ განწმენდილი, ღვთივგანბრძნობილი ადამიანი იდგა, რომელსაც სიმდაბლის გამო აერჩია ასეთი საქმე. წმინდა გრიგოლმა მას მღვდელმთავრად დაასხა ხელი. მისმა პირველმა ქადაგებამ ყველას გული აუჩუყა და მადლობას სწირავდნენ ღმერთს ასეთი წყალობისათვის. სულიწმინდის მადლი მოედინებოდა მის ბაგეთაგან და დედაეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. ***
თორმეტი წლის ელეფთერმა ჩიტბადე გაშალა და ფრთოსანთა ლოდინში ჩაეძინა. ხმა ჩაესმა: - რად დასდევ ჩიტებს, ალექსი? შენ ადამიანთა მებადური უნდა იყოო. ყრმას ღრმად ჩარჩა გულში ნათქვამი და გადაწყვიტა თავი უფლისთვის მიეძღვნა. მართლაც აღიკვეცა ბერად ალექსის სახელით და შემდეგ მოსკოვის მიტროპოლიტი გახდა. ***
როცა ამბა ამოსი იერუსალიმის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა, მის თაყვანსაცემად სხვადასხვა უდაბნოდან ბერები მოვიდნენ. "ილოცეთ, მამებო, ჩემთვის, ცოდვილისთვის, - ეუბნებოდა მათ პატრიარქი, - უდიდესი და მძიმე ტვირთი დამაწვა ზურგზე, შემაძრწუნებს ღვაწლი უფროსობისა. წამიკითხავს, რომის პაპმა ლევმა 40 დღე გაატარა ეკლესიაში, მარხვით და ლოცვით, ცრემლმორეული ღმერთს შესთხოვდა ცოდვათა მიტევებას. ბოლოს მოესმა ხმა, რომელიც ეტყოდა: ღმერთმა გაპატია ცოდვები, ხელდასხმით მიღებული ვალდებულების გარდა; მხოლოდ ამის გამო განიკითხებიო..."***
როცა წმინდა პოლიკარპე სმირნის ეპისკოპოსად აკურთხეს, გაბრწყინდა მთელი ტაძარი. ზოგიერთმა წმინდა მღვდელმთავრის ირგვლივ მოფარფატე თეთრი მტრედი იხილა, ზოგმა კი თვითონ წმინდა პოლიკარპე ნახა სამხედრო სამოსით, ქამარმორტყმული. სხვებმა სამეფო სამოსით შემოსილი ნახეს, ერთმა ქალიშვილმა კი დაინახა, რომ მღვდელმთავარი გაიზარდა და მისი სამოსი მარჯვენა მხართან წითელი ფერის გახდა. ***
მამა პორფირე ათენელი ამბობდა, როცა ეპისკოპოსს რაიმეში არ ვეთანხმები, ჩემი ლოცვა ღმერთამდე არ მიდისო. ამიტომ უფრთხილდებოდნენ ძველი ქრისტიანები ეპისკოპოსთან თანხმობას. მამა დანიელ კატუნაკელი (+1929) წუხდა ეპისკოპოსისა და მრევლის არასწორ ურთიერთობაზე: გულშემუსვრილი ვფიქრობ ახლანდელ თაობაზე, ჩვენი ცოდვების გამო დაუშვა უფალმა, რომ ორივე მხრიდან განგვცადოს ეშმაკმა. ერთ მხარეს არიან მღვდელმთავრები, რომლებიც მართავენ ჩვენს ეკლესიას. ტრადიციების დაცვის მაგიერ მათ სხვადასხვა სიახლე შემოაქვთ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ახალ სტილზე გადასვლა და ახალი მსოფლიო კრების მოწვევა, - კ.კ.). იმის მაგივრად, რომ მორწმუნეებმა წერილობითი ფორმით გამოხატონ თავიანთი შეხედულება, ერისკაცული მანერით უჯანყდებიან ეპისკოპოსს და მთელი სამყაროს წინაშე გამოაჭენებენ. ამ დროს ორივე მხარე დიდად ზარალდება. ***
ძალზე მკაცრი იყო მამა ვიტალი (სიდორენკო) სამღვდელო პირთა განმკითხავების მიმართ. ერთ მათგანს ზიარებაც კი აუკრძალა: - იცოდე, არა მარტო პატრიარქი და ეპისკოპოსი, არამედ უბრალო მღვდელიც არ განიკითხო. ამის გამო მკაცრად მოგეკითხება. მას ანგელოზი ემსახურება და შენ მის განკითხვას ბედავ? შენ ხომ არ აგებ მის გამო პასუხს? იფიქრე ამგვარად - მე ცოდვილი ვარ, ის კი წმინდანიო. ***
ერთხელ საბერძნეთის ეკლესიაში სკანდალი მოხდა, რომელშიც დამნაშავედ ერთ ეპისკოპოსს თვლიდნენ. ამის თაობაზე ბევრი ეკითხებოდა მამა პაისის (ათონელს). ღირსი მამა კი პასუხობდა: "მე არ ვიცნობ ამ ადამიანს და არც ის ვიცი, სინამდვილეში მოხდა თუ არა ის, რასაც მეუბნებით. თუ მართლა მოხდა - ესე იგი ღმერთმა დაუშვა, რომ ამ ცოდვაში ჩავარდნილიყო, რადგან შესაძლოა გაამაყდა და ამით მისი სული დაიღუპებოდა. ახლა კი ღმერთმა ხელსაყრელი შემთხვევა მისცა სინანულისთვისო.***
მამა პაისი ჰყვებოდა: ერთხელ მონასტერში წმინდა მღვდელმთავარი იეროსთეოსი მოვიდა. ძალზე მოხუცებული იყო და წმინდა ანას სკიტში მოღვაწეობდა. წასვლისას, ცხენზე რომ ჯდებოდა, შარვლის ტოტები აეწია და საშინლად დასიებული ფეხები გამოუჩნდა. ბერებს შეებრალათ მღვდელმთავარი. მეუფე მიხვდა მათ ფიქრებს და თქვა: - ეს საუკეთესო ჯილდოა, რომელიც ღმერთმა მიწყალობა და შევთხოვ უფალს, არ წამართვასო. ***
მეუფე ზინობი (მაჟუგა) XX საუკუნის 20-იან წლებში გლინის მონასტრის მორჩილი იყო. ერთხელ ის წინამძღვართან გამოიძახეს, წვერი გაპარსეს, სამორჩილო კაბა გახადეს და კოსტიუმი ჩააცვეს. ზინობი ვერ ხვდებოდა ამის მიზეზს, კითხვასაც ვერ ბედავდა. შემდეგ წინამძღვარმა ეტლში ცხენების შებმა და მისი სახლთან მიყვანა უბრძანა. ბოლოს გაუმხილა, საპასუხისმგებლო მისია გეკისრება, ტანსაცმელი და იერი კი კონსპირაციის მიზნით შეგიცვალესო. შემდეგ უბრძანა, წაიყვან იმ კაცს, რომელიც ახლა შენობიდან გამოვიდაო. ზინობიმ შეასრულა ეს სახიფათო დავალება, რადგან მაშინ უკრაინაში ბანდები დათარეშობდნენ. თურმე ზინობის მღვდელმთავარი მიჰყავდა, რომელმაც დამშვიდობებისას უთხრა, - შენ გადაარჩინე მღვდელმთავარი, ამიტომ თავადაც ეპისკოპოსი გახდებიო. 35 წლის შემდეგ აღსრულდა წინასწარმეტყველება - საქართველოს პატრიარქმა მელქისედეკმა მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.***
ძველი პატერიკი მოგვითხრობს: ქრისტიანთა დევნისას ერთმა ეპისკოპოსმა ვინმე ხუცესი განაყენა მღვდლობისგან რაღაც მიზეზის გამო. წავიდა მღვდელი სხვა ქვეყანაში და იქ წარმართებმა შეიპყრეს. ისინი აიძულებდნენ ქრისტეს უარყოფას, ბოლოს თავიც წარკვეთეს და იქმნა მოწამე უფლისა. მცირე ხნის შემდეგ შეწყდა ქრისტიანთა დევნა და ქალაქის მთავარმა აღუშენა წმინდანს ეკლესია, ლუსკუმაში ჩაასვენა მისი უხრწნელი წმინდა ნაწილები და ტაძარში დაასვენა. შეიკრიბნენ სამღვდელო პირნი და ერისკაცნი, გადაწყვიტეს ეკლესიის კურთხევა. მაგრამ როცა მწუხრის ლოცვა დაიწყო, შეიძრა ლუსკუმა და ისე, რომ ხელი არავის უხლია, ეკლესიის გარეთ გამოვიდა. ყველა შეშინდა. ლუსკუმა ისევ ძველ ადგილას შეიტანეს, მაგრამ მალევე გარეთ გამოვიდა. ატირდა მთავარი - ჩემი ცოდვების გამო წმინდანს ამ ტაძარში არ სურს დამკვიდრებაო. ტიროდნენ სხვებიც - ერისკაცნიც და სამღვდელონიც. იმ ღამეს წმინდა მოწამე გამოეცხადა იმ მხარის ეპისკოპოსს და უთხრა: - რატომ იკლავთ თავს მწუხარებით? იცით, რატომ არ ვჩერდები თქვენთან ტაძარში? წადით ჩემს ეპისკოპოსთან და აიძულეთ, მოვიდეს, რომ განმხსნას, რადგან წირვის ჩატარებისგან განმაყენა, ამიტომაც არ შემიძლია თქვენთან ერთად ყოფნა ეკლესიაში. ვინაიდან მისგან ვარ შეკრული, თქვენ ჩემი გახსნა არ შეგიძლიათ, რამეთუ ის ცოცხალია. არც თქვენი მეოხება ძალმიძს და არც ქრისტეს პირის ხილვა. წამების გვირგვინი კი დავიდგი, მაგრამ პირი ქრისტესი ვერ ვიხილე. რამეთუ უფალმა ბრძანა მღვდელმთავრებისთვის: "რაოდენი შეკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინაო". მართლაც, მოიყვანეს ხსენებული ეპისკოპოსი და მან მიმართა წმინდანს: ჩემ მდაბლის მიერ შეგკრა შენ ქრისტემ, მანვე გაგხსნას მისთვის დათხეული სისხლის გამო. ახლა შემოდი ჩვენთანო. წმინდანის ლუსკუმა ტაძარში შეიტანეს, სწირეს, ეკლესია აკურთხეს, მაგრამ ლუსკუმა აღარ განძრეულა. ამის შემდეგ მრავალი სასწაული ხდებოდა მისი მეოხებით.***
წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს: ერთხელ, გუთების ბატონობისას, რომის მღვდელმთავარი - პაპი ნეტარი იოანე იმპერატორ იუსტინიანე უფროსთან გაემგზავრა. კორინთოს საზღვართან მღვდელმთავარს ცხენის შეცვლა დასჭირდა. ეს რომ ერთმა დიდებულმა გაიგო, სასწრაფოდ გაუგზავნა თავისი ცოლის ცხენი, რომელიც ძალზე მშვიდი და თვინიერი იყო, თან შეუთვალა, ეს ცხენი პირველი შესაძლებლობისთანავე დამიბრუნეთო. წმინდა იოანეს მალე ცხენი აღარ დასჭირდა და უკან გაუგზავნა. დიდებულის ცოლი ძველებურად აპირებდა ცხენზე შეჯდომას, მაგრამ ცხენმა არასდიდებით არ შეისვა. თითქოსდა ასეთი მღვდელმთავრის შემდეგ დედაკაცის ტარება აღარ ისურვა. დიდებულმა ცხენი მღვდელმთავარს აჩუქა.