ნუთუ ეს ყველაფერი ამ ათ წუთში მოხდა!
მღვდელმონაზონი
ოდესღაც ერთ მონასტერში ცხოვრობდა მღვდელმონაზონი, რომელიც გარეგნულად ღვთისმოშიში ჩანდა.
სამაგალითოდ იქცეოდა, თავაზიანად, მოშურნედ მოსაგრეობდა და რადგან განათლებული გახლდათ, სხვებსაც აძლევდა სულიერ რჩევებს, თვითონ კი სხვის დარიგებას არ ისმენდა. ყველა პატივს სცემდა და ვერ ბედავდნენ შენიშვნის მიცემას, როცა მასში რაიმე ცუდს ხედავდნენ. მარტო სხვებს კი არა, მასაც შეექმნა თავის თავზე ცრუ წარმოდგენა, თითქოს ის სავანის ყველაზე ღვთისმოშიში ბერი ყოფილიყოს.ერთხელ მონასტერში ეშმაკეული მოიყვანეს და იღუმენმა ამ მღვდელმონაზონს დაავალა მისთვის შეფუცვის (ანუ ეშმაკის განდევნის) ლოცვა წაეკითხა. დანარჩენ ბერებს კი უბრძანა, სნეულისთვის სკვნილზე ელოცათ. ლოცვის დაწყებისთანავე ეშმაკმა ყვირილი დაიწყო, "სად განმდევნით!" ეშმაკმა იმიტომ იცრუა, რომ მღვდელმონაზონს ეფიქრა, მას ლოცვით განდევნიდა. მან დემონს უთხრა, - ჩემში შემოდიო. ამის შემდეგ ეშმაკი მღვდელმონაზონს დაეუფლა.
ოდესღაც ასევე მოიქცა წმინდა პართენი, მაგრამ ის წმინდანი იყო და ამიტომაც იუარა დემონმა: "პართენ, მარტო შენი სახელის ხსენებაც დამწვავსო!"
მღვდელმონაზონი მრავალი წელი იტანჯებოდა და შვებას ვერსაც პოვებდა. განუწყვეტლივ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, ხან ერში ცხოვრობდა, ხანაც ათონზე. მოიქანცა სულიერ-ხორციელად. სიცოცხლის მიწურულს განთავისუფლდა ეშმაკისაგან, რადგან ამ განსაცდელით ღრმა სიმდაბლე მოიპოვა. ამის შემდეგ ყველას თავმდაბლად ესაუბრებოდა და მათგან რჩევასაც იღებდა.
ცაში აწეული ბარძიმი
ოდესღაც წმინდა ათანასეს მღვიმეში ბერთან ერთად მისი ორი მორჩილი ცხოვრობდა - მღვდელმონაზონი და ბერდიაკონი. ერთხელ ახლომდებარე საყდარში წავიდნენ წირვის დასაყენებლად. დიაკონი უფრო გონიერი იყო, ყველაფერს უკეთესად აკეთებდა და ამიტომაც მღვდელს მისი შურდა. თვითონ დიაკონიც, ეგოისტური მოქმედებით, ძმის სულს ვერაფრით შეეწეოდა. მღვდელი წირვისთვის გარეგნულად ემზადებოდა, წესისამებრ წაიკითხა წირვის წინა ლოცვები. მაგრამ მთავარი დაივიწყა - შინაგანადაც მომზადებულიყო - აღსარებაში ეთქვა ცოდვა და გულიდან შური განედევნა, რომელიც თავის დაბანით ანდა სამოსის შეცვლით არ განქარდება. მიუახლოვდა საშინელ სამსხვერპლოს. თუმცა კვეთის დაწყებისთანავე წმინდა ფეშხუმი შესაწირ ძღვენთან ერთად უეცრად ხმაურით ამაღლდა და გაქრა!ამის გამო ვერ შეძლეს წირვის დაყენება. სახიერ უფალს ასეთნაირად ხელი რომ არ შეეშალა და უღირს სულიერ მდგომარეობაში მყოფ მღვდელს გაებედა წირვის დაყენება, უთუოდ რაიმე დიდი უბედურება შეემთხვეოდათ. ამავე აზრის იყო ვიგლელი მამა ვარლამი, რომელიც ამ ამბავს მომიყვა.
მამა ამბაკუმი
1979 წელს ღმრთივ განისვენა მამა ამბაკუმმა. ის დიდ ლავრაში ცხოვრობდა. ზეპირად იცოდა წმინდა წერილის თავები. ის თავიდან ვიგლაში (ვიგლა ათონის მთაზე ერთი უდაბური ადგილია, სადაც განდეგილი მამები ცხოვრობენ, - კ.კ.) ცხოვრობდა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ აიძულა წმინდა ათანასეს ლავრაში გადასულიყო.ერთხელ ვიგლაში, კლდის ეხში იდგა და სკვნილზე ლოცულობდა. ეშმაკი გამოეცხადა სინათლის ანგელოზის სახით და უთხრა: "ამბაკუმ, ღმერთმა გამომგზავნა სამოთხეში შენს წასაყვანად, რადგან თავადვე ანგელოზი შეიქმენი. გამოფრინდი ჩემთან ერთადო". ამბაკუმმა შეშინებულმა უთხრა: "შენ ფრთები გაქვს, მე უფრთოდ როგორ გამოვფრინდებიო". ცრუ ანგელოზმა - ამბაკუმ, შენ უკვე ანგელოზი ხარ, ფრთებიც გაქვს, მაგრამ ვერა ხედავო. მაშინ მამა ამბაკუმმა თავმდაბლად გამოისახა ჯვარი და თქვა: - დედაო ღვთისავ, მე ვინა ვარ ასეთი, რომ ვიფრინოო. სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ანგელოზი ფრთებიან თხად გადაიქცა, უფსკრულში ჩავარდა და გაქრა.
შეეშინდა ამბაკუმს. მადლობა შესწირა უფლის დედას, რომელმაც ჯოჯოხეთში შთავარდნას გადაარჩინა. შევიდა თავის კალივაში, აიღო აბგა და ათანასეს ლავრას მიაშურა, უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო. კინოვიაში განაგრძო ბერული ცხოვრება. თავის კელიაში წელიწადში სამი-ოთხჯერ მიდიოდა და აღასრულებდა ლიტურგიას.
როცა ამ სოფლიდან გასვლის ჟამმა მოუწია, საღვთო გამოცხადებით, დაუბრუნდა ბერად აღკვეცის ადგილს, რათა იქ დამარხულიყო.
ვიგლაში მის სანახავად მოდიოდნენ მამები და მხიარულს რომ ხედავდნენ, ეკითხებოდნენ: - მამაო ამბაკუმ, ვხედავთ, მალე მოკვდები, შენ კი გიხარიაო. მე ხომ სიყრმიდანვე, როგორც შემეძლო, ღვთის მადლით ვმოღვაწეობდი. ახლა კი მიხარია, რადგან ქრისტესთან მივდივარო. ამგვარად გახარებულნი მიდიან ამ სოფლიდან ქრისტეს მიერ კეთილად მოღვაწენი.
ხიბლში ჩავარდნილი ბერები
ერთხელ ორი ახალგაზრდა მეგობარი მთაწმინდაზე ბერად აღიკვეცა. სამწუხაროდ, ისინი ასაკით უფროს ბერებს რჩევას არ ეკითხებოდნენ და არც მათი მოსმენა სურდათ. მხოლოდ თავიანთ ბავშვურ გონებას უჯერებდნენ და სულიერ საკითხებზე საერთო პასუხი ჰქონდათ. თავიდან ქანცის გაწყვეტამდე მარხულობდნენ, შემდეგ კი ნაყროვანების ცოდვაში ჩავარდნენ. ცდილობდნენ, დაყუდებული მამებივით ეცხოვრათ, შემდეგ კი თანამოსაუბრეს ეძებდნენ, ანუ ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდნენ და, ასე ვთქვათ, "ბერობანას" თამაშობდნენ. ერთმანეთი ძმებივით უყვარდათ. შეჰფიცეს კიდეც ერთმანეთს, ორსავ სოფელში ერთად ყოფილიყვნენ. მაგრამ ეშმაკმა ეს ფიცი მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენა. ერთხელ ერთმა უთხრა მეორეს: ძმაო, ჩვენ ხომ ერთმანეთს შევფიცეთ, ერთ დღეს მოვკვდეთო. შეიძლება ასე არ მოხდეს და ფიცი რომ აღვასრულოთ, გამოვეკრათ ტომრებში და ზღვაში გადავხტეთო. მეორე ძმა სიხარულით დათანხმდა. აიღეს საბნები, ბაწარი, ნემსი და ზღვისაკენ გაეშურნენ. ერთმანეთი გამოკერეს საბნებში და კლდიდან ზღვაში გადაეშვნენ. დიდი ხნის შემდეგ ზღვამ მათი გვამები თესალონიკში, ვოლოსთან გამორიყა. ეს სამწუხარო ამბავი გვაიძულებს, უფრო ფრთხილად ვიყოთ და შევთხოვოთ უფალს, მათ ეს ძმისმკვლელობად და თავისმკვლელობად არ შეერაცხოთ, არამედ აპატიოს მათ როგორც ბავშვური ონავრობა. ამინ.
თავნება მორჩილი
კავსოკალივის სკიტში ერთი თავნება მორჩილი ცხოვრობდა, რომელიც თავისი მოძღვრისგან განუწყვეტლივ კურთხევას გამოითხოვდა. ერთხელ მოძღვართან ერთად შრომობდა. საქმე ბევრი იყო, მან კი მოძღვარს სთხოვა: - მაკურთხე, მამაო, წავალ და ათი წუთით დავიძინებო. მოძღვარმა უთხრა: - მოითმინე, შვილო, შენი დახმარება ძალიან მჭირდება. ნახევარ საათში დავამთავრებთ და მერე წადიო. მორჩილი ჯიუტად კურთხევას სთხოვდა. მოძღვარმა ჰკითხა: - დალოცვილო, განა ათი წუთის ძილი გეყოფაო? მან - მაკურთხე და დავიძინებო. აკურთხა მოძღვარმა. როგორც კი მორჩილი ლოგინში ჩაწვა, გამძვინვარებული სატანა დააცხრა თავს. მორჩილი შეეცადა მის მოშორებას. გაუჭირდა და ამოიძახა: "უფალო იესო ქრისტე, ჩემი მოძღვრის გულისთვის შემიწყალე". მორჩილი მიხვდა თავის თავნებობას, უღირსებას. მისმა გულშემუსვრილმა ლოცვამ დაწვა ეშმაკი. განრისხებულმა სატანამ ბერი ფანჯრიდან 50 მეტრზე გადაისროლა. იგი ღმერთმა დაიფარა და უვნებელი გადარჩა. შეშინებული მორჩილი მოძღვართან გაიქცა და ყველაფერი მოუთხრო. გაუკვირდა მოძღვარს - ნუთუ ეს ყველაფერი ამ ათ წუთში მოხდაო. ღვთისაგან დაშვებული განსაცდელით ჭკუანასწავლი ბერი მთელ სკიტში ყველაზე მორჩილი გახდა და სულიერ ცხოვრებაში ძალზე წარემატა. ღვთისმოშიში და მორჩილი ბერი
ესთიგმენუს მონასტრის ერთ ახალგაზრდა ბერს ლოცვისას დიდად შეემუსვრებოდა ხოლმე გული და ღვთისმსახურებისას ქვთინისგან თავს ვერ იკავებდა. ამიტომაც ტაძარში ვეღარ დადიოდა და თავის კელიაში ლოცულობდა. რამდენიმე დღე რომ არ გამოჩნდა, იღუმენი შეწუხდა. მოიხმო თავისთან და ჰკითხა: - შვილო, მამებივით რატომ არ დადიხარ ღვთისმსახურებაზეო. მან მიუგო: - მამაო, ტაძარში თავს უხერხულად ვგრძნობ, კელიაში კი მარტო ვარ და შემიძლია დიდი ხნით გულშემუსვრილი ლოცვაო. იღუმენმა მამა სოფრონემ უთხრა: - მართალი ხარ, შვილო, მაგრამ ვინმე რომ არ დაბრკოლდეს, მაინც მოდი ტაძარშიო. ბერმა სიხარულით მიიღო მისი რჩევა და ყველაზე პირველი მიდიოდა ღვთისმსახურებაზე. ცოტა ხნის შემდეგ იღუმენმა ამ ძმას მონასტრის საზღვარს იქით ისეთი მორჩილება მისცა, რომელიც მისდა სანუგეშოდ განმარტოების საშუალებას აძლევდა. ბერმა დიდი სულიერი სარგებელი ნახა მორჩილებით და უფრო მეტი ღვთისმოშიშება და გულითადი ლოცვა მოიგო. თვითნება ბერი
კავსოკალივის სკიტში ერთი ახალგაზრდა ბერი უმოძღვროდ, თავის ნებაზე ცხოვრობდა, რის გამოც ეშმაკი ერთი უკიდურესობიდან მეორეში აგდებდა. თავიდან ძლიერ მარხულობდა, მერე მარხვას თავი ანება, ბევრის ჭამა და ღვინის სმა დაიწყო. ახალგაზრდა გახლდათ, ხორცითაც განხურდებოდა. ამიტომ საწოლში უკაბოდ წვებოდა. ღვთისმშობელმა რომ დაინახა თავისი შვილის ურცხვი ქცევა, როგორც კეთილმა დედამ, ერთხელ გააღვიძა და უთხრა: სხვა დროს თავშეკავებული იყავი ჭამისას, სვი ღვინო კეთილგონიერად და კაბით დაიძინეო. ამ ამბის შემდეგ ბერი სულიერად შეიცვალა და დიდი ღვთისმოშიშებით იღვწოდა.
დაუდევარი ახალგაზრდა ბერი
ყუთლუმუშის მონასტერში მამა ფილარეტის იღუმენობისას ერთი ახალგაზრდა დაუდევარი ბერი ცხოვრობდა, რომელიც არც ღვთისმსახურებაზე დადიოდა და არც საბერო კანონს აღასრულებდა. მამა ფილარეტი შენიშვნებს აძლევდა, არიგებდა, მაგრამ ბერი სრულიად გულგრილი რჩებოდა ყველაფრის მიმართ. მოძღვარი იძულებული შეიქმნა, უფლის დედისთვის მიენდო მისი ბედი. ერთხელ ამ ბერმა ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მწუხარებით უთხრა: - შენი ურცხვობა მაწუხებს. თუ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ტაძარში ლოცვაზე არ დადიხარ, შენს კელიაში ბოროტ გულისთქმებს თავს აკვლევინებ, მითხარი, როგორ წახვალ ტაძარში, როცა ავად გახდები ან დაბერდებიო. ამის შემდეგ ბერი სრულიად შეიცვალა. პირველი მიდიოდა ტაძარში და დიდი მონდომებით მოსაგრეობდა.