მამა ეფრემი. მამა იპატის კელიის პირდაპირ, კატუნაკის ზევით, შეგიძლიათ ნახოთ მღვიმე, რომელშიც თურმე თურქი ყაჩაღები აფარებდნენ თავს.
ეს ადგილი მამა ეფრემმა თავის წმინდა ცხოვრებით აკურთხა და ბეთლემის მღვიმედ გადააქცია. მამა ეფრემი თესალონიკელი იყო, უბოროტო, თავმდაბალი და დიდად მოსაგრე. კესარიელი მამები, იეროთეოსი და მაკარი მას ნიტრიელ და თებაიდელ ძველ ბერებს ამსგავსებდნენ. ამასვე ამბობდნენ მასზე წმინდა ბასილის სკიტის ბერები და მეზობლად მცხოვრები მამები. სათნოებათა გამო მამა ეფრემს ყველა პატივს სცემდა, ის კი თავის თავს "წყეულს" ეძახდა.
იქაური მამები ქვემოთ ეშვებოდნენ ხოლმე რაიმეს საყიდლად ანდა მონასტრებიდან მოწყალების (ორცხობილა, ხილი, ბოსტნეული) წასაღებად. მამა ეფრემიც ღამით დაეშვებოდა ხოლმე თავისი სენაკიდან, ივსებდა აბგას ცარიელი კონსერვის ქილებით, დღისით კი ადიოდა თავის მღვიმეში. ისე აჩვენებდა თავს, თითქოს საკვები მიჰქონდა. მერე კი ამ ქილებს თავისი მღვიმის შესასვლეთან მიმოფანტავდა, რომ მასთან მიმსვლელებს გემოთმოყვარე ჰგონებოდათ, არადა დიდად მმარხველი გახლდათ. მღვიმე ტენიანი იყო და ტუბერკულოზით დაავადდა. ამის გამო იძულებული გახდა, მზის გულზე ერთი პატარა ქვის კელია აეშენებინა, სადაც ძლივს ეტეოდა. აქაც ძველებურად განაგრძო ცხოვრება.
ყველაფერს, რაც მამებს მასთან სანუგეშოდ მიჰქონდათ, სიხარულით ართმევდა, მაგრამ იმავე ღამეს ამ საჩუქარს გაჭირვებული და ავადმყოფი ბერების კელიის კართან ტოვებდა. თავი თვისი უარყოფილი ჰყავდა და მთლიანად ღვთის განგებას იყო მინდობილი. ერთხელ, დიდთოვლობისას, თავის მღვიმეში მომწყვდეულს, ღმერთმა ანგელოზი გამოუგზავნა კაცის სახით, რომელმაც აბგით საკვები მოუტანა და გაქრა მამა ეფრემის თვალთა წინ. ღირსმა ბერმა ადიდა ღმერთი და მთელი ზამთარი ამ საჭმლით იკვებებოდა. ამდენ სათნოებათა მიუხედავად, მამა ეფრემი დიდად განაქიქებდა თავს. სამწუხაროდ, ბევრს სჯეროდა, რასაც ის იბრალებდა.
ასე თავმდაბლად და შეუმჩნევლად, ქრისტეს დიდი სიყვარულით დაასრულა მან თავისი კეთილი ღვაწლი და ღმრთივ განისვენა 1962 წელს. შეგვეწიოს მისი ლოცვა. ამინ.
მამა კონსტანტინე სალოსი. უბოროტო და ენაძვირი, ქრისტესთვის სულელი ღირსი მამა კონსტანტინე (ანგელისი) დაიბადა ეპირის მხარეში, დოდონეს კალანდცეში. მამამისს სტავროსი ერქვა, დედას - ანთულა. ბერად დიონისეს მონასტერში შემდგარა. მრავალი წლის განმავლობაში დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე კარიესის მიდამოებში და ყუთლუმუშის მონასტრის ერთ მიგდებულ კელიაში ჩერდებოდა. ამ ნახევრად დანგრეული ქოხის კუთხეში, იმ ადგილას, სადაც ნაკლებად წვეთავდა წყალი და ჩალეწილი კარ-ფანჯრიდან ქარი ძალიან არ უბერავდა, დაიფენდა იატაკზე ძველ საბანს და ბუდეში მჯდარ არწივს ჰგავდა. მამა კონსტანტინეს წვერი და სკუფია მის ბერობაზე მიგვანიშნებდა. ტანთ ყოველთვის ძველი შინელი ეცვა, ქამრად კი თოკი შემოეკრა, ამიტომაც უფრო ერისკაცს ჰგავდა. მისი შინაგანი კაცი კი ბერობის მადლით შემოსილიყო, რომელიც სახეზე აირეკლებოდა. მავანთ შორიდან ერთი საცოდავი გლახაკი ანდა ჭკუიდან გადასული ეგონათ, მაგრამ თუ შეხედავდნენ მის წმინდა სახეს, ნათელი ხდებოდა, რომ ეს დალოცვილი ადამიანი რაღაც საიდუმლოს ფარავდა და გიჟიც არ იყო.
მამა კოსტასი (ასე ეძახდნენ) ფრინველივით ცხოვრობდა, სულ არ ზრუნავდა საკუთარ თავზე, არასოდეს ბანაობდა და მიუხედავად ამისა, ყოველთვის სუფთად გამოიყურებოდა. ადამიანებს იშვიათად ესაუბრებოდა, ღმერთს ყოველთვის განუწყვეტელი ლოცვით "ეზრახებოდა". გონებით ხშირად ზეცად აღვიდოდა, როცა კი გონს მოეგებოდა, ხელებს იმგვარად ამოძრავებდა, რომ დაებრკოლებინა გარშემო მყოფნი. ერისკაცებს მისი ამგვარი ქმედება მართლაც აბრკოლებდა. თუნდაც რაიმე ეწინასწარმეტყველა, მისი სიტყვა უაზროდ მიაჩნდათ.
მამა კონსტანტინე არ აჰყვებოდა ხოლმე საუბარში გვერდით მყოფთ, რადგან ამ დროს ლოცულობდა. მაშინ კი "ნეტარ" მამად თვლიდნენ. მრავალჯერ უნდა ჩასძიებოდით კითხვებით, რომ რაიმე ეპასუხა, ისიც წინასწარმეტყველურად ორიოდე სიტყვით გეტყოდა რაღაცას იმ დროს შენთვის გაურკვევლად.
ერთხელ მასთან ბერობის მსურველი ახალგაზრდა მივიდა, რომელსაც ეშმაკის შურით ყველგან წინააღმდეგობები ხვდებოდა. მამა კონსტანტინემ შორიდან მოჰკრა თუ არა თვალი, უთხრა: "იოანე, თაყვანი ეცი წმინდა იოანე დამასკელს. შეხედე, რა არ დაითმინა!" იოანე ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მერე, როცა წაიკითხა წმინდა იოანე დამასკელის ცხოვრება, ნახა, თუ რამდენი დაითმინა მან მკაცრი და უსამართლო მოძღვრისაგან. ითმენდა, ვიდრე ღმერთმა არ ინება მისი დაცვა. იოანე ამის შემდეგ დაითმენდა ყველა განსაცდელს, წარემატა კიდეც მონაზვნურ ცხოვრებაში.
მამა კონსტანტინეს შინაგანი სიწმინდე ჰქონდა და ამიტომ შორიდანაც კი ყველაფერს ნათლად ხედავდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენგანი, მართლაც საცოდავნი, იმის გამო, რომ ნანგრევებში ცხოვრობდა, ამ ღვთის კაცს უბედურ ადამიანად თვლიდა, მაგრამ ის ნანგრევებში განუწყვეტლივ აღაშენებდა თავისი სულის ტაძარს, რომელიც, ქრისტეს სიტყვებით, მთელ სამყაროზე უძვირფასესია.
...მისი დანგრეული კელიის კუთხეში მიფენილი იყო საბანი, იქვე ეწყო ფსალმუნნი და ჟამნი. ქვაბად ჰქონდა კონსერვის ქილებისგან გაკეთებული თუნუქელა, რომლისთვისაც მავთული შეება სახელურად. სულ ეს იყო მისი სიმდიდრე. ყოველ შაბათს ეწვეოდა კარიესში (ათონის ცენტრი) ათონის მონასტრების წარმომადგენლობებს - "კუნაკებს", სადაც მას საჭმლით უვსებდნენ თუნუქელას. მიდიოდა ყოველთვის მდუმარე, არაფერს ითხოვდა. თუ მისთვის არავის ეცალა, შინ ხელცარიელი ბრუნდებოდა. იშვიათად სავაჭრო ფარდულში აიღებდა 5-6 ცალ ზეთისხილს და წავიდოდა. გამყიდველები ამას ღვთის წყალობად თვლიდნენ, რადგან მამა კოსტასი ძალიან უყვარდათ. თუ ვინმე ჯიბეში ჩუმად ფულს ჩაუდებდა, იქვე ჩუმადვე დატოვებდა ფარდულში. ასე უმანკო ბატკანივით ცხოვრობდა მამა კოსტასი ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე.
1969 წელს ასეთი რამ მოხდა: მრავალ ევროპელ ერისკაცს კარიესი თვალში ხვდებოდა მამა კონსტანტინე, რომელსაც გიჟად თვლიდნენ. მათ გამო ხელისუფლებამ ეს ღვთის კაცი საგიჟეში გაგზავნა. თუმცა ექიმებმა ის სრულიად ჯანმრთელად ჩათვალეს, მაგრამ საგიჟიდან მოხუცებულთა თავშესაფარში გაგზავნეს თესალონიკში. ერისკაცულ გარემოში მოხვედრილი მიდგებოდა კუთხეში და განუწყვეტლივ იესოს ლოცვას იმეორებდა, თვალთაგან კი ცრემლი სდიოდა, მარგალიტის მარცვლების დარი.
როცა შევიტყვე, მამა კოსტასმა ამდენი ტანჯვა გადაიტანა და ახლა მოხუცებულთა თავშესაფარში იმყოფებაო, შევევედრე კანცელარიაში მომუშავე დას, მასზე ეზრუნა. მყუდროების მოყვარე მამა კონსტანტინეს ათონის მთა სასახლეს ერჩია. საწყალი ბერიკაცი გაკვირვებული ეკითხებოდა მოწყალების დას - აქ რისთვის მომიყვანესო. აქვე გალია ცხოვრების დარჩენილი დღეები ქრისტესთვის სულელმა და ერისკაცულად ბრძნულად მეტყველ კაცთაგან გატანჯულმა მამა კონსტანტინემ. დიდი არაფერია, რომ მამა კონსტანტინე მოხუცთა სახლში გარდაიცვალა და არა მთაწმინდაზე, მთავარია, რომ ქრისტესთვის სულელმა და ღმრთივგანბრძნობილმა სამოთხეში აღახილა თვალნი. გვფარავდეს მისი წმინდა ლოცვები, ამინ.
მამა საბა ესთიგმენელი. მამა ტიხონის (მამა პაისის მოძღვარი, - კ.კ.) უახლოესი მეგობართაგანი გახლდათ ღირსი მამა საბა, რომელსაც განუწყვეტელი ლოცვის მადლი მოეპოვებინა და მიეღწია დიდი სულიერი მდგომარეობისთვის. მამა საბა 14 წლის ყმაწვილი იყო, როცა დატოვა მშობლიური ქალაქი ფილიპიადა, დედ-მამა და ათონის მთაზე განმარტოვდა არა გართობისთვის, არამედ სულიერი ბრძოლისთვის. მართლაც ისე გმირულად იბრძოდა ქრისტეს ეს მხედარი, რომ ღირს იქმნა უფლისაგან დიდების გვირგვინით შემკობისა.
როგორც თვითონ მომიყვა, ამ სოფლის დატოვება წმინდა იოანე მცირეს ცხოვრების გაცნობამ გადააწყვეტინა. ასე მოსულა ის ათონის მთაზე, ესთიგმენეს მონასტერში. მამა საბა სიბერემდე გულმოდგინედ მოსაგრეობდა. საკუთარი თავი არ ახსოვდა, ყოველთვის სხვებზე ფიქრობდა და ცდილობდა, დახმარებოდა ყველა შეჭირვებულს. მკაცრმა მრავალწლიანმა მოღვაწეობამ ჯანმრთელობა შეურყია, მაგრამ სიხარულით დაითმენდა ყველა განსაცდელს, გაიხსენებდა წმინდა მოწამეებს და ღმერთს ადიდებდა. მას არ დაუტოვებია თავისი საბერო კანონი მაშინაც კი, როცა ფიზიკური ძალები გამოეცალა, ტკივილი გაუძლიერდა, მამა საბა ყველაფერს სიხარულით დაითმენდა და განუწყვეტლივ ამბობდა: "დიდება შენდა, ღმერთო".
მონასტრის მამებმა გამოსაკვლევად ათენის საავადმყოფოში წაიყვანეს. მყუდროების მოყვარული სოფლის შფოთმა უფრო შეაწუხა, ვიდრე ხორციელმა ტკივილმა. მამებს სთხოვა, უკანვე წაეყვანათ. თავიდან ქრისოვალანდის დედათა მონასტერში წაიყვანეს, რათა ცოტათი მომჯობინებულიყო. ერთ საღამოს მონასტერი უჩვეულო კეთილსურნელებამ აავსო. მალე ყველა მიხვდა, რომ კეთილსურნელება მამა საბას კელიიდან ვრცელდებოდა - როცა კარი შეაღეს, ზეციური სურნელი ეცათ. მამა საბას სული თვისი ჩაებარებინა ღვთისთვის. მოგვიანებით მისი სხეული გადაასვენეს ესთიგმენეს მონასტერში. გვწყალობდეს ღმერთი მისი წმინდა ლოცვებით. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი