ანგელოზს ცხადად ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი მის ყოფნას
მორჩილი ნექტარია ბაღში სეირნობდა წმინდა ნექტარიოსთან (პენტაპოლელი, +1920) ერთად. მღვდელმთავარმა მოულოდნელად ჰკითხა:
- ნექტარია, შენი ანგელოზის ნახვას მოისურვებდი? დიახ, - უპასუხა გოგონამ. მღვდელმთავარმა უთხრა, - შეხედე, შენ წინ მფარველი ანგელოზი დგასო. პატარა ნექტარია ისე შეაშინა თავისი ანგელოზის დამაბრმავებელმა ბრწყინვალებამ, რომ წმინდა ნექტარიოსმა ინანა კიდეც, რომ აჩვენა.***
ღირსი მამა იოსები (ათონელი, +1959) დიდხანს იყო მღვიმეში დაყუდებული, გარეთ არ გამოდიოდა. ერთხელ, ერთ დიდ დღესასწაულზე წმინდა ზიარების, უფლის სისხლსა და ხორცთან შეერთების იმდენად დიდი სურვილი გაუჩნდა, ცრემლთა დენით ფეხქვეშ მიწაც კი აატალახა, თან თავი ზიარების უღირსად მიაჩნდა. როცა მამა იოსების სული და გული ამგვარად შეიმუსრა, უეცრად ბნელი მღვიმე ზეციური ნათლით გაბრწყინდა. აიხედა და რას ხედავს? ზეციურ ანგელოზს ხელთ კოვზი უპყრია, რომელშიც უფლის სისხლი და ხორცი დევს და ჩუმად ამბობს: ეზიარება მონა ღვთისა იოსები... ანგელოზმა აზიარა მამა იოსები და უჩინო იქმნა.***
ერთხელ მამა პაისი ათონელი (+1994) მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და სული დიდი მწუხარებით აევსო. მოწყალე ღმერთმა დიდხანს არ დატოვა ასე თავისი მონა - გასამხნევებლად თავისი მფარველი ანგელოზი გამოუგზავნა. თვითონ ჰყვებოდა, ანგელოზი როგორც კი ნათლით სავსე ჭაბუკის სახით დავინახე, მაშინვე გულს მწუხარება მოშორდა. ის ისეთ რამეებზე მელაპარაკა, თქმაც არ შემიძლიაო. ერთხელ, როცა მამა პაისი ივერიის მონასტრის სკიტში ცხოვრობდა, მარხვით და ღვაწლით არაქათგამოცლილი გონებას კარგავდა. უეცრად ბრწყინვალე ანგელოზი გამოეცხადა ჭაბუკის სახით, ხელთ ეპყრა სავსე კალათა, რომელიც მამა პაისის გადასცა. მან მადლობა გადაუხადა. როგორც კი მიხვდა, მის წინ ზეციური მფარველი იდგა, ანგელოზი გაქრა. "შემიწყალა სახიერმა ღმერთმა", - თქვა თავისთვის ბერმა. ხილით, რომელიც წლის იმ დროს არ არის, მამა პაისიმ დიდად ინუგეშა...- მამაო, როცა ვცოდავთ, მფარველი ანგელოზი ხომ გაგვშორდება? - ჰკითხა მამა პაისის მონაზონმა.
- დალოცვილო, - უთხრა მან, - ანგელოზი ასე ადვილად რომ გვტოვებდეს, სამყარო ალბათ დიდი ხნის დაღუპული იქნებოდა. ის არ გვშორდება, რჩება, მაგრამ იტანჯება და ხელცარიელი ბრუნდება ღმერთთან. ბევრს, მფარველი ანგელოზი ვისაც უნახავს, მისი ხილვის გარდა სხვა აღარაფერი უნდა, პატარა ბავშვები უცინიან მას. ჩვენ რომ ვხედავდეთ მცველ ანგელოზს, თავს მარტო არასოდეს ვიგრძნობდითო...
***
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო, +1979) უყვებოდა სულიერ შვილს, სამღვდელო პირს ერისკაცობის დროინდელ ამბავს: ეს იყო მოსკოვში, ომამდე. გულში მესაუბრებოდა მფარველი ანგელოზი - უნდა განმარტოვდეო. სამუშაოს შემდეგ ბაღში დავსეირნობდი ხოლმე. ვიჯექი მყუდრო ადგილას და ვლოცულობდი. ანგელოზს ცხადად ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი მის ყოფნას. მითხრა, როგორ მელოცა, როგორ მოვქცეულიყავი... ამიხსნა, რა არის რწმენა და კატეხიზმოს ყველა შეკითხვა განმიმარტა. მერე კი ზნეობრივ ღვთისმეტყველებაზე განაგრძო საუბარი. ხალხმა შემამჩნია და იძულებული გავხდი, იქაურობას გავცლოდი. შემდეგ მდინარის პირას დავდიოდი. გულში კვლავ მესმოდა მფარველი ანგელოზის საუბარი. ასე გაგრძელდა სამ წელიწადს. შემდეგ ომი დაიწყო და ანგელოზის საუბარი შეწყდა. მხოლოდ ერთხელ გავხდი მისი ხილვის ღირსი. ერთხელ ვახელ თვალს და ვხედავ, ჩემს წინ დგას. არაჩვეულებრივად ლამაზია! მიყურებს მდუმარედ და მეც, გულშემუსვრილი, თვალს ვერ ვაშორებ... მერე კი ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და უჩინო შეიქმნა.***
საეკლესიო მწერალს, სერგი ნილუსს მოუთხრო ერთმა მოძღვარმა: ჩემს მრევლში იყო ერთი კაცი, სახელად დიმიტრი, ქურდბაცაცა, მრუში, ლოთი, მაგინებელი. მისი გამოსწორების იმედი არავის ჰქონდა. ერთხელ მინდორში სახნავად აპირებდა წასვლას. გამოვიდა ქოხიდან და უცბად ვიღაცამ ისეთი ძალით დაარტყა კეფაში, რომ მიწაში ცხვირით ჩაერჭო, სისხლი წასკდა. ამ დროს სრულიად ფხიზელი იყო და გარშემოც არავინ ჰყავდა. წყაროზე სახე მოიბანა, ჩამოჯდა და თავის ცოდვებზე ჩაფიქრდა. გადაწყვიტა, ქრისტიანული ცხოვრება დაეწყო. მოიდრიკა მუხლი, ჯვარი გამოისახა და ქვითინით შეჰფიცა ღმერთს, რომ ამის შემდეგ აღარ შესცოდავდა. ღვთის შეწევნით უძლებდა და იგერიებდა ძველ ჩვევებს.ერთხელ, დღესასწაულზე, ბაზრობიდან მომავალი საფულეს გადააწყდა - სავსე იყო ოქროს მონეტებით და ქაღალდის ფულით. დათვლა ვერ გაბედა, შეეშინდა, არავის დაენახა. ვისიც არ უნდა იყოს, არ მივცემო, - გაიფიქრა. უეცრად კეფაში ვიღაცამ ჩაარტყა და გზატკეცილზე პირქვე დაეცა. თავპირდასისხლიანებული წამოდგა. იქვე მოზრდილი ქვა დაინახა. ეტყობა, ამას დავეციო და საშინელი ლანძღვა-გინება ატეხა. უეცრად გაიგონა ფრთების ტყლაშუნი. აიხედა და წინ ჰაერში მოფარფატე ანგელოზი დაინახა. დიმიტრი, - უთხრა მან მკაცრად, - სად არის შენი ფიცი ღვთის წინაშე, რომელიც მინდორში ლოცვისას წარმოთქვი? ახლა კი ცოდვას დაუბრუნდი. შიშით აცახცახებულმა დიმიტრიმ შესძახა: - ვინა ხარ, ზეციური ანგელოზი თუ ეშმაკიო. მე ზეციდან ვარ და არა მიწის სიღრმიდან, - უთხრა ანგელოზმა და უჩინო შეიქმნა. ამის შემდეგ სოფელში დიმიტრიზე სულ კარგს ამბობდნენ.
ერთხელ, 11 წლის შემდეგ, მომაკვდავი დიმიტრის საზიარებლად წამიყვანეს. ჩემს დანახვაზე დიმიტრი ლოგინიდან წამოხტა. ისე მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, კინაღამ წმინდა ძღვენი დამივარდა. რას შვრები?! - შევძახე. მამაო, - წამოიძახა აღელვებულმა, - ახლა თქვენს წინ ანგელოზი დავინახე, რომელმაც მითხრა, - მოემზადე, ამაღამ მოკვდებიო. - როგორი იყო? - ვკითხე. ლამის დამაბრმავა მისმა ნათელმაო! - მითხრა აღფრთოვანებულმა. იმავე ღამეს დიმიტრი მიიცვალა.
***
წმინდა იოსებ ოპტელი ჰყვებოდა: შარშანწინ (1907წ.) ჩემთან ერთი ახალგაზრდა რევოლუციონერი მოვიდა, რომელსაც წილად ხვდა, მეფე მოეკლა და ამას ინანიებდა. საამისოდ ყველაფერი მზად იყო, - ჰყვებოდა ის, - მეფემდე გზა ხსნილი მქონდა. თავდასხმის წინა ღამეს მარტო დავრჩი, ვღელავდი, დილითღა ჩამეძინა... ძილში ვხედავ ხელმწიფეს, მივვარდი მოსაკლავად. უეცრად ჩემს წინ ელვასავით ჩამოეშვა მთავარანგელოზი მიქაელი ცეცხლოვანი მახვილით ხელში. შეშინებული დავემხე მის წინ. შეძრწუნებულს გამეღვიძა, დავაჯექი პეტერბურგიდან გამომავალ პირველსავე მატარებელს და ახლა ჩემს თანამზრახველებს ვემალები. ისინი მომძებნიან, მაგრამ მირჩევნია, წამებით მომკლან, ვიდრე განრისხებული მთავარანგელოზი ვიხილო და საუკუნოდ დავიწყევლო ღვთისაგან ცხებულის მოკვლისთვის.***
ღირსი კირილე ბელოზარის მონასტერს აგებდა. ადგილობრივი მცხოვრებნი უყურებდნენ და ფიქრობდნენ, ალბათ ძალიან მდიდარიაო. ერთმა ანგარმა მემამულემ გადაწყვიტა, ღირსი კირილეს მონასტერი გაეძარცვა. მსახურებთან ერთად მონასტერს მიუახლოვდა. ავაზაკებმა დაინახეს, ხმალმომარჯვებული მეომრები სავანეს გარს უვლიდნენ. დილამდე უცადეს, იქნებ ჩაეძინოთო, მაგრამ ამაოდ. როცა მეორე და მესამე ღამესაც იგივე განმეორდა, მემამულემ დილითვე გაგზავნა მსახური, - გაიგე, მონასტერში ჯარის რომელი ნაწილი დგასო. უკან მობრუნებულმა აუწყა ბატონს, სავანეში მორწმუნეთა გარდა არავინ არისო. მაშინ კი მიხვდა მემამულე, რომ მონასტერს უფლის ანგელოზები იცავდნენ და თავისი საქციელი შეინანა.***
დიდად მოსაგრე მამას, ამბა ისიდორეს, გულისთქმებით და ეშმაკთან ბრძოლით დაქანცული ბერი მოსე შეხვდა. გასამხნევებლად წმინდა ისიდორემ უთხრა, - გაიხედე დასავლეთითო. მოსემ უთვალავი ეშმაკი იხილა, საომრად ემზადებოდნენ. ახლა აღმოსავლეთით გაიხედეო, - უთხრა მოძღვარმა. აღმოსავლეთით ზეციერი დიდებით მოსილი ურიცხვი ანგელოზი იხილა. ნახე, ძმაო, უფალი თავის წმინდანებს დასახმარებლად ვის უგზავნის, - მიმართა ისიდორემ მოსეს, - მრავალნი, დასავლეთით მდგომნი, ჩვენთან საომრად ემზადებიან, მაგრამ მათზე მეტია ჩვენი შემწეო. ამ ხილვამ დაამშვიდა და სულიერი ძალნი შემატა მამა მოსეს.***
ედესელი ეპისკოპოსი თეოდორე შეეკითხა ერთ ღირს მესვეტე მამას, - როგორ არჩევ, შენთან მოსულთაგან რომელია მართალი და რომელი - ცოდვილიო. მესვეტემ უთხრა, - თუ სვეტის ახლოს ღვთისმოშიში კაცი ჩაივლის, მას გარშემო ნათლით მოსილი ანგელოზები მოჰყვებიან, ეშმაკები კი შორიდან უყურებენ და მიახლოებას ვერ ბედავენ. ცოდვილს მოზეიმე ეშმაკთა გუნდი მოჰყვება, უკან კი მტირალი მფარველი ანგელოზი მოსდევს და მოსთქვამს ცოდვილი კაცის სულიერ სიკვდილს. მაგრამ როცა ეშმაკები კაცის საბოლოოდ დაღუპვას გადაწყვეტენ, იქვე გამოჩნდება ანგელოზი და ცეცხლოვანი მახვილით განდევნის მათ.***
ანგელოზები არა მარტო ცხადში იცავენ ადამიანებს, არამედ ძილშიც. ერთხელ პაისი დიდთან სასაუბროდ ვინმე ბერი მივიდა. ღირსი მამა მძინარე დაუხვდა, თავს მცველი ანგელოზი ედგა ბრწყინვალე ჭაბუკის სახით. ბერმა განცვიფრებულმა თქვა: ჭეშმარიტად, ღმერთი თავის მოყვარულს იცავსო! მან ვერ გაბედა მიახლოებოდა მძინარე ბერს და ღვთის დიდებით იქაურობას გაშორდა.***
წმინდა ამფილოქე დედის ძმა გახლდათ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა. იყო კარგი მეოჯახე, ბრწყინვალე განათლება მისცა შვილებს, მაგრამ სიყრმიდანვე ღმერთი ყველაზე მეტად შეჰყვარებოდა და ახლაც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის რჩევით უდაბნოში განმარტოვდა. ერთხელ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, წასულიყო ქალაქ იკონიაში, სადაც ახალგარდაცვლილი ეპისკოპოსის ადგილას უნდა დაედგინა ღმერთს. ამფილოქემ არ დაუჯერა, იფიქრა, ეშმაკის საცთურიაო. მეორე ღამეს ხილვა განმეორდა. კვლავ არ დაიჯერა. მესამე ღამეს კი ანგელოზმა უთხრა, - ამფილოქე, ადექი საწოლიდანო. სასწრაფოდ წამოდგა და შეშინებულმა უთხრა,L- თუ შენ უფლის ანგელოზი ხარ, ჩემთან ერთად ილოცეო. ანგელოზმა მასთან ერთად დაიწყო გალობა. მერე ხელი მოჰკიდა და იქვე მდგომ ტაძარში შეიყვანა. ეკლესიის კარები თავისით გაიღო. როცა შიგნით შევიდნენ, ამფილოქემ კაშკაშა სინათლეში სპეტაკი სამოსით მოსილი უამრავი მამაკაცი იხილა. მათ ის საკურთხეველთან მიიყვანეს, მისცეს სახარება. ეუბნებოდნენ: "ღმერთი შენ თანა". ერთმა მათგანმა, უფროსმა, ყველას მოუწოდა, ელოცათ. შემდეგ კი თქვა, ღვთის მადლი ჩვენს ძმას, ამფილოქეს, ქალაქ იკონიის ეპისკოპოსად ადგენს, ვილოცოთ მისთვის, რათა ღვთის მადლი იყოს მასთანო. ლოცვის შემდეგ დაემშვიდობნენ ამფილოქეს და უჩინო შეიქმნენ. მალე ღვთის მინიშნებით იკონიელებმა წმინდა ამფილოქე მღვდელმთავრად აირჩიეს.***
ერთხელ ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში ერთი ბიჭი მივიდა და ბერებს უთხრა, - მონტე სანტოს ყურეში, ერთ კუნძულზე დიდი განძი ვიპოვეო და იღუმენს სთხოვა, ვინმე გამაყოლეთ წამოსაღებადო. იღუმენმა ორი ბერი გააყოლა. მათ კი, როცა თვალმარგალიტი იხილეს, ქონების მითვისება გადაწყვიტეს. ბიჭი გაკოჭეს, ყელზე დიდი ქვა მოაბეს და ზღვაში გადააგდეს. მერე უკან მობრუნდნენ და იღუმენს უთხრეს, ბიჭმა მოგვატყუა და სადღაც გაგვეპარაო. მაგრამ მათი ჩადენილი ბოროტება არ დაიმალა. როცა ბავშვი ზღვაში ჩააგდეს და გონება დაკარგა, მან ორი ბრწყინვალე ანგელოზი იხილა ჭაბუკების სახით. მათში მთავარანგელოზი მიქაელი და თავისი მფარველი იცნო. ამ უკანასკნელმა ზეციურ ძალთა წინამბრძოლს უთხრა: - თუ შენთვის სათნოა ეს ყრმა, დახრჩობას გადაარჩინეო. იმავე წამს გალუმპული, ყელზე ქვაშებმული ბიჭი დოქიარის მონასტრის საკურთხეველში აღმოჩნდა. ასე იხილა ის მონასტრის ძმობამ. ბიჭმა მათ თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი მოუთხრო. ბოროტმოქმედებმა შეინანეს ნამოქმედარი. ბიჭი მონასტერში დარჩა, გაიზარდა, აღიკვეცა ბერად ბარნაბას სახელით. ამ სასწაულის გამო მონასტერი მთავარანგელოზის სახელობისა გახდა.