იმპერატორ ტრაიანეს დროს ქრისტიანებს დევნიდნენ და მათ ნაწამებ სხეულებს არაწმინდა ადგილას ყრიდნენ.
იყო ხუთი ქრისტიანი დედაკაცი, რომლებიც ჩუმად კრძალავდნენ მოწამეთ. მეფის ასულმა დროსიდამ ეს შეიტყო, საიდუმლოდ მივიდა ამ ქალებთან და მიეხმარა ამ კეთილ საქმეში. იმპერატორის ბრძანებით, ჩაუსაფრდნენ დამკრძალავთ და ხუთ დედაკაცთან ერთად მეფის ასულიც იხილეს. განრისხებულმა ტრაიანემ ქალიშვილი ბნელ დილეგში დაამწყვდია, დედაკაცები კი გავარვარებულ ღუმელში შეყარა. რამდენიმე ხნის შემდეგ ბრძანება გამოსცა, - ვინც კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, გახურებულ ღუმელში შეეგდოთ. საამისოდ ორი ღუმელი დადგეს ქალაქგარეთ. ბევრი ქრისტიანი დაწვეს მაშინ, დროსიდამაც მოისურვა მათთვის მიებაძა, მაგრამ მოუნათლაობა აწუხებდა, - როგორ წარვდგე სასიძოს წინაშე საქორწინო სამოსლის გარეშეო. მაგრამ არავინ იყო მომნათლავი. მაშინ ღმერთს ამგვარი ლოცვით მიმართა: "ჰოი, მეუფეო მეფეთაო, უფალო იესო ქრისტე! შენი გულისთვის დავტოვე ჩემი სამეფო, შემიყვანე შენს სასუფეველში და თვითონვე ნათელ მეც სულითა შენითა წმინდითა". ილოცა და ცეცხლში ამგვარი სიტყვების წარმოთქმით შევარდა: "ინათლება მხევალი ღვთისა დროსიდა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ".
ასეთი შემთხვევა ერთეული გამონაკლისია, განსაკუთრებული გარემოებაა, რომლის დროსაც შეიძლება ნათელ იღო არა მღვდლის ხელთაგან, არამედ თვითონ უფლისგან.
***
ყარაფალის მონასტრის ცნობილი იღუმენის, მღვდელმონაზონ კონდრატეს მოუკლებელი ლოცვა ჰქონდა. დღისით თუ ღამით მუშაობდა თუ საუბრობდა, მის გულში ლოცვა არა წყდებოდა.
***
ზოგრაფის ბულგარულ მონასტერში იყო ერთი მოძღვარი მამა იანისი, კაცი ლოცვისა და გულშემუსვრილებისა, რომელსაც განსჯის ნიჭიც ჰქონდა. იგი ტრაპეზზეც კი არ წყვეტდა თავისთვის ლოცვას.