მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
ბერდიდი მამა ხარიტონი
ბერდიდი მამა ხარიტონი
წარმოშობით ბერძენი ბერდიდი მამა ხარიტონი ათონზე 21 წლისა მოვიდა, ბერძნების აჯანყების ჟამს. როცა შეიტყო, თურქებს ათონიდან ყმაწვილები მიჰყავდათ, წავიდა მეტეორას ფერისცვალების მონასტერში. იქ ათი წელი იცხოვრა და მანტიით შემოსეს. 1832 წელს დაბრუნდა მთაწინდაზე და წმინდა ბასილი დიდის სკიტში დასახლდა, სადაც ხუთი წელი იცხოვრა. შემდეგ კავსოკალივის სკიტში წავიდა ხუთი წლით, მერე კიდევ სადღაც იცხოვრა ექვსი წელი და შემდგომ თითქმის ორმოცი წელიწადი, აღსასრულამდე, კატუნაკში ცხოვრობდა. თავისი ხელით აიშენა ერთოთახიანი ქოხი, შემდეგ კი სხვა ადგილას ააგო უფრო მოზრდილი კელია, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიითურთ. მაშინ იქ არავინ იყო - ამის მერე დაიწყეს იმ ადგილებში დასახლება. შემდეგ მოწაფე გაიჩინა, ბულგარელი ეგნატე, რომელმაც მასთან ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრა და ბერდიდის სურვილით, მღვდელმონაზვნად აკურთხეს.
ბერდიდი მამა ნეოფიტე ამბობდა: "დღედაღამ გულმოდგინედ ვშრომობდი ეკლესიაში, რომ ამეშენებინა და მასთან ერთად სავანე მომეწყო მათთვის, ვინც აქ ჩემი სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას მოისურვებდა". როდესაც უდაბნოში მოწყინებაზე ჰკითხეს, ბერდიდმა უპასუხა: "როცა ვინმე განმარტოებით ცხოვრებას მიეჩვევა და მყუდროებით დატკბება, მას კაცის დანახვა აღარ უნდა. კაცმა რაც უნდა გააკეთოს, ღვთისთვის უნდა გააკეთოს და არა ადამიანების გამო, ვინაიდან ღმერთს სურს, რომ ჩვენ ყოელდღიურად მისთვის ან ოფლს დავღვრიდეთ, ანდა ცრემლს დავანთხევდეთ. მე დაახლოებით თოთხმეტი წელი მარტოდმარტო ვცხოვრობდი ამ უდაბნოში, ირგვლივ არავინ ცხოვრობდა, გარშემო ტყე და შამბნარი ამოზრდილიყო, ახლა კი უამრავი დასახლდა აქ და თითქოს გალიაში ვარ მომწყვდეული. აქ ეკლესია მაქვს და ყველა მის გარშემო მოიწევს".
საუბარში განსაცდელსაც შეეხნენ და უთხრეს: "თუ კაცს შიგნით ნუგეშინისცემის განსაკუთრებული მადლი არა აქვს, მას არ ძალუძს ამ ყველაფრის დათმენა". ბერდიდმა უპასუხა: "მუდმივად უნდა საყვედურობდე საკუთარ თავს, სხვებში წმინდანებს ხედავდე, საკუთარ თავს ყველაზე ცოდვილად თვლიდე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და მადლი მაშინ ანუგეშებს სულს. ყველაზე ცუდ და საძაგელ ადამიანზე უკეთესად არ უნდა მივიჩნიოთ თავი, არამედ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ღირსნი არა ვართ, მას ფეხები დავუკოცნოთ. ღმერთს სხვა ისე არაფერი უნდა ჩვენგან, როგორც სიმდაბლე". მაგრამ გულისთქმები ხომ გამუდმებით გვებრძვიან?.. ბერდიდმა სიტყვის დასრულება არ აცადა და უპასუხა: "შეხედე ზეცას: მოგროვდებიან ღრუბლები და მზეს დაჰფარავენ, მაგრამ გადაიფრენენ და მზე გამოანათებს და მოკრიალდება".
შემდეგ კინოვიაზე ისაუბრეს, ბერდიდმა უთხრა: "კინოვიაში შესაძლებელია ადვილად ცხონდე, ოღონდ ყველაფერში საკუთარი ნება უნდა დაუტევო". უთხრეს, რომ ეს ძალზე ძნელია, მით უმეტეს, ხალხმრავალ მონასტერში, სადაც სხვადასხვა ზნის ადამიანები არიან, თანაც თავმოყვარება არ მიუშვებს ამგვარ თავგანწირვამდე. ბერდიდმა უპასუხა: "ჩვენ რომ თვალწინ გვქონდეს და თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდეთ ხსოვნას მომავალ, სიკდილისშემდგომ მოსაგებელზე, მაშინ არა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას დავითმენდით, ასევე თუნდაც მძიმე ტვირთი დაგვადონ და ჯოხის ცემით მისი წაღება გვაიძულონ, მაშინ წინ კი არ აღვუდგებოდით, არამედ სიხარულით და ხალისითაც კი დავითმენდით ყველაფერს, როგორც დაითმენდნენ წმინდა მოწამეები მახვილს, ბორბალს, ცეცხლსა და სხვადასხვა სატანჯველს". "მაგრამ განა ეს შესაძლებელია, როცა ასე არეულები ვართ?" - ჰკითხეს ბერდიდს. მან უპასუხა: "თუ ჩვენ უძლურები ვართ, ყოველდღიურად მაინც უნდა ვიღვაწოთ, ყველა ღირსი მამა და მოწამე სიკეთისკენ ისწრაფვოდა და ერთ ადგილს არ ტკეპნიდა. მონაზვნური ცხოვრება განსაცდელებითაა სავსე: ეშმაკები მხეცებივით ეცემიან ადამიანს. ერთი ამბა ლოცულობდა, რომ უფალს მისთვის ეშმაკები ეჩვენებინა, მაგრამ ღმერთმა არ აკურთხა. ამბა განაგრძობდა ლოცვას და ისინი იხილა, ეშმაკები ადამიანების გარშემო დაფრინავდნენ და ფუტკრებივით ბზუოდნენ. ვინც სიკეთეს აკეთებს, მას ეშმაკის განსაცდელების ნუ შეეშინდება. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და არად ჩავაგდოთ. წინ უნდა ვიცქირებოდეთ და არა გარშემო, მსგავსად მცურავისა, რომელიც დაბლა კი არ იცქირება, ნაპირს ეძებს, სადაც გადავა. პატერიკში ერთ აბბაზე ნათქვამია, რომ ის დოქით წყალზე წავიდა და ცოდვაში დაეცა. უკან მომავალს ეშმაკი გონებაში სასოწარკვეთის ფიქრებს შთააგონებდა: "ახლა სადღა მიდიხარ, შენთვის ცხონება აღარ არსებობს, წადი სოფელში". მაგრამ აბბამ უპასუხა: "ეშმაკო, ეს შენ გააკეთე და არა მეო". მივიდა ქოხში და თითქოს არაფერი მომხდარიყოს, საქმე გააგრძელა. უფალმა ერთ მეუდაბნოეს გამოუცხადა, რომ ესა და ეს ბერი დაეცა და წამოდგაო. მეუდაბნოე მივიდა ბერთან და გამოჰკითხა, რაც მოხდა. აბბამ ყველაფერი მოუყვა. მეუდაბნოემ უთხრა: "შენმა განსჯამ გველს თავი გაუჭეჭყაო".
სხვა მოსაგრეს კი გველი ეუბნებოდა: "რასა ლოცულობ? მაინც ჯოჯოხეთში წახვალო". მან უპასუხა: "ჯოჯოხეთში რომ წავიდე, იქაც ფეხებქვეშ მდებარეს გიხილავო".
გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე მამა ნეოფიტე სისუსტემ ლოგინად ჩააგდო. 17 დეკემბერს მამა ეგნატემ გაიგონა, რომ ბერდიდი დაღლილივით მძიმედ სუნთქავდა და ჰკითხა, - რა დაგემართა, მამაოო. მან მიუგო, - "დავიღალე. კონსტანტინოპოლში ვიყავი ჰაჯი-გიორგისთან და სულთნის სასახლე შორიდან დავინახე". შემდეგ ბერდიდმა ტირილი დაიწყო: "ეჰ, მოკვდა გიორგი". მამა ეგნატემ ის დაამშვიდა და იმავე დროს იმის შიშით, რომ მოძღვარი ეშმაკს არ მოეტყუებინა, უთხრა: "სულ ახლახან მივიღე დეპეშა, სადაც მწერენ, რომ ჰაჯი-გიორგი ჯერ კიდევ ცოცხალია".
ბერდიდმა დაიჯერა და დამშვიდებულმა თქვა: "ოჰ, მტერმა მომატყუა".
სამი დღის შემდეგ ბერდიდი ნეოფიტე მშვიდად წავიდა უფლისა მიმართ. შემდგომში შეიტყვეს, რომ ჰაჯი-გიორგი სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა, როცა ბერდიდ მამა ნეოფიტეს ამის შესახებ ღვთისგან ეუწყა.