არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სულიერ დამოძღვრაზე და მასზე, თუ რაოდენ უსაფრთხოდ გრძნობს თავს ჭეშმარიტი მორჩილი
უდიდესი და შეუფასებელია ის შეწევნა, რომელსაც იღებს მორჩილი სულიერი მამისგან, ხორციელი თუ სულიერი ადამიანებისგან თუ დემონების მიერ მოვლენილი ყოველგვარი განსაცდელის ჟამს, როგორც ამ ცხოვრებაში, ისევე გარდაცვალების დროს.
ერთი მორჩილი ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა პანტელეიმონის სკიტში, წმინდა მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის კალივაში ცხოვრობდა. ის იღუმენის ძმისშვილი იყო და ხშირად კამათობდა და პრობლემებს ქმნიდა. ერთხელ ავად გახდა, უნდა მომკვდარიყო, მაგრამ სულმა ვერა და ვერ შესძლო სხეულიდან გასვლა. ყვიროდა და შფოთავდა და სწუხდა. მოძღვრები სულის განსვლის ლოცვებს უკითხავდნენ. მაშინ მის მოძღვარს ქრიზოსთომოსს ურჩიეს:
- თავზე ხელი დაადე შენს მორჩილს და უთხარი: "შვილო ჩემო იოანე, მიიცვალე მშვიდობით, მე კი შენს სიმძიმეს ვიტვირთავ". შემდეგ კი გაუნაწილებ მოწყალებას ღარიბ ასკეტებს ღამისთევისა და სკვნილზე ლოცვებისთვის და მის მაგივრად მუხლს მოუყრი ყველას, ვინც კი მან ოდესმე განამწარა.
როგორც კი ბერდიდმა თავზე ხელი დაადო თავის მორჩილს და ეს სიტყვები წარმოსთქვა, სავსებით დამშვიდდა და სული მშვიდობით განუტევა.
კესარიაზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის კელიაში ერთი ბერძნულ-რუსული წარმოშობის მღვდელმონაზონი ცხოვრობდა, სახელად აკაკი. მას ორი მორჩილი ჰყავდა - ამბერკი და პროხორე.
ერთხელ ისინი ათონის მწვერვალზე ავიდნენ და ღამე პანაღეას ტაძარში შეჩერდნენ, იქ, სადაც უფლის დედა ღირს მაქსიმე კავსოკალიველს გამოეცხადა. მამა ამბერკი, მოძღვრის კურთხევის საწინააღმდეგოდ, ღამის გასათევად იქვე, ახლოს მდებარე საბერო კელიაში შევიდა და კარები მიიკეტა. ღამე მას თავს ბოროტი დაესხა - არაწმინდა სული გამოეცხადა და გაცოფებულმა ცემა დაუწყო. ყვირილზე მისმა მოძღვარმა მოირბინა, ხელში ჯვარი აეღო და ლოცულობდა, მაგრამ ეშმაკი არ მიდიოდა. მამა ამბერკიმ კი კარის გასაღებად ადგომა ვერ შესძლო. მაშინ მამა აკაკი სარკმლიდან შეძვრა და ბოროტ სულს უთხრა:
- რა უფლებით ურტყამ ჩემს მორჩილს?
ამ სიტყვების გაგონებაზე ბოროტი გაქრა. მამა ამბერკი გათავისუფლდა და დამშვიდდა. ამ შემთხვევაში გამოჩნდა, ერთი მხრივ, ბერდიდის სულიერი უპირატესობა და მეორე მხრივ, თუ რამდენად საშიშია მორჩილისთვის საკუთარი ნებისა და ურჩობის გამოჩენა.
მოძღვართა შორის "ახალ ოქროპირად" ცნობილი მოძღვარი მამა საბა ოცი წელი ცხოვრობდა თავის ბერდიდთან, ილარიონ ივერთან, მისი გარდაცვალების შემდეგ მცირე ანას სკიტში, ქრისტეს აღდგომის კალივაში მოსაგრეობდა.
გარდაიცვალა 1908 წელს, 87 წლისა. მამა საბას ჰქონდა ნიჭი ნუგეშინისცემისა, სულიერი დამრიგებლისა და განსჯისა, გამოირჩეოდა უშუალობით, სასიამოვნო ურთიერთობით, სიმშვიდითა და სიყვარულით და ამის გარდა, ეშმაკეულებს კურნავდა.
მამა საბა ნებისმიერ დროს იღებდა ყველას. დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათი ეძინა. ყოველ საღამოს საკუთარი ხელით პასუხობდა უამრავ წერილს, რომელსაც იღებდა.
ის ითვლება გასული თაობის ღმერთშემოსილ მამათა შორის უკანასკნელად. ლეგენდად იქცა მისეული განსჯის უნარი (სათნოება). როგორც მოძღვარი, მამა საბა სხვადასხვანაირ ხერხს იყენებდა. მაგალითად, ადამიანის გასამხნევებლად თავს მისნაირ ცოდვილად წარმოიდგენდა, რათა მას თავისი სირცხვილისა და გაუბედაობისთვის ეძლია.
თურქების ბატონობის ჟამს, ყუთლუმუშის მონასტერსა და თურქებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ეს უკანასკნელნი იმდენად მძვინვარებდნენ, რომ მონასტრის დანგრევა სურდათ. მაშინ მამებმა რჩევისთვის მამა საბას მიმართეს.
- კარებზე ინგლისის გვირგვინი ჩამოჰკიდეთ და ყოველ გოდოლზე ინგლისის დროშა აღმართეთ, - დაარიგა მამები.
მაშინ თურქები კბილების ღრჭენას მოჰყვნენ უძლური მძვინვარების გამო. მათ ინგლისთან ომის წამოწყება არ უნდოდათ.
"მეორე ბასილი დიდი" უწოდეს სულიერ მამა გრიგოლს, წმინდა კანონების მკაცრ დამცველს. არგოლიდიის ეპისკოპოსი, ღირსსახსოვარი იეროთეოსი მასზე წერდა: "ვნახე ახალი ბასილი დიდი, იმავე სულიერი სათნოებებით გამშვენებული და იგივენაირი სნეულებით გატანჯული". ღირსი მამა გრიგოლი 1899 წელს გარდაიცვალა 75 წლისა. მასთან ამბობდა აღსარებას ასევე დიდებული, მასავით თავმდაბალი პატრიარქი იოაკიმე III, ასევე სხვა მრავალი იერარქი, რომლებიც ათონის მთაზე მოდიოდნენ და მთაწმინდაზე მცხოვრები მღვდელმთავარნიც. მოძღვარი გრიგოლი პატრიარქს ხის თეფშზე დადებული სამი ლეღვითა და წვიმის წყლით უმასპინძლდებოდა.
ვერცხლთუყვარული, უბოროტო, შემწყნარებელი, დიდმომთმენი და მოწყალე გახლდათ წმინდა ანელი მამა სერაფიმე. მრავალ სულს ანუგეშებდა როგორც მთაწმინდაზე, ისე მის საზღვრებს გარეთ, თესალონიკის კასანდრას, იერიოსს მიტროპოლიებში.
კავსოკალივში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების კალივაში ცხოვრობდა ერთი ბერდიდი, სახელად გიორგი (კაროტოსი). მას ჰყავდა მორჩილი, რომელმაც სიკვდილის წინ უთხრა:
- მამაო, დემონები მოვიდნენ და ჩემს სულს ითხოვენ, ვინაიდან არ ვასრულებდი საკუთარ კანონებს ამა და ამ დღეებში.
- უთხარი მათ, რომ ჩემს თავზე ვიღებ შენს გამოტოვებულ ლოცვებს, - დაარიგა ბერდიდმა.
მორჩილმა გაიღიმა და ნუგეშცემული მშვიდობით მიიცვალა.
თქვა ბერდიდმა:
- სინანულის (აღსარების) წმინდა საიდუმლოს დროს განიკურნება როგორც აღმსარებელი, ასევე მოძღვარიც. ადრინდელი მოძღვრები აღსარებას პრაქტიკულად უდგებოდნენ. ისინი არა იმდენად ცოდვის სიმძიმეს, არამედ მონანულის განწყობას უცქერდნენ. ისინი არა მხოლოდ ნათქვამს ისმენდნენ, არამედ სულებს ჰკურნავდნენ.
ერთი ბრძენი მოძღვარი ამბობდა:
- კანონების გამოყენება კარგია, მაგრამ საჭიროა სულებიც ვანუგეშოთო.
უდიდესი მმარხველის, ჰაჯი-გიორგის მოძღვარი იყო საკვირველი მღვდელმონაზონი ნეოფიტე (კარამანლისი) (1756-1860). 1848 წელს კავსოკალივსა და კესარიაზე ხანგრძლივი ღვაწლის შემდეგ ის კარეესში დასახლდა. მისი კელია წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის (კაპრული) სახელობისა იყო.
თავისი სიკვდილის შესახებ მას ორმოცი დღით ადრე ეცნობა. მან თავისთვის საფლავი გაითხარა და საკუთარ თავს სახარებას და ფსალმუნებს უკითხავდა.
ეზიარა რა წმინდა საიდუმლოს, მამა ნეოფიტემ აკურთხა თავისი მორჩილები, გამოისახა ჯვრის ნიში და მშვიდობით ჩააბარა სული ღმერთს.
ჩემ მიერ შეგროვილ მასალებში, რომლებიც ღირსსახსოვარი მამა კონდრატე ყარაყალელის ცხოვრების აღწერისთვის იყო განკუთვნილი - იყო მოწმობა იმისა, რომ ამ სახელგანთქმულ მწყემსს ჰქონდა აღმსარებლისადმი თანაგრძნობის ნიჭი. ის მათთან ერთად ტიროდა.
ათონზე გარდაცვლილ ძმას მამები სკიტის საძვალეში მიასვენებენ, სადაც მოძღვრის პირით ის მთელ საძმოს შენდობას სთხოვს, რომლებსაც სიცოცხლეში შესაძლოა, აწყენინა. ჰოდა, როცა მამა მინა ამქვეყნიური ცხოვრებიდან განვიდა, ისეთი ძმაც არ გამოჩნდა, რომელიც მის წყენას გაიხსენებდა. ყველა მოწმობდა, რომ ის ხშირად დაღლილი იყო, მაგრამ არასოდეს უთქვამს უარი დახმარებოდა ყველას, ვისაც სულიერი ან მატერიალური დახმარება სჭირდებოდა.