წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილი ნიკოლო ს-ს, მასზე, თუ რატომ უნდა შობილიყო ქრისტე, და უბრალოდ რად არ გამოგვეცხადა.
მეკითხები, - რატომ უნდა შობილიყო ქრისტე, გაზრდილიყო და ბოლოს ეტანჯა; რატომ არ გამოგვეცხადა ზეციდან მოწიფულ კაცად, მსგავსად ბერძნული ლეგენდებისა, როგორც გამოეცხადა ადამიანებს აპოლონი. სულაც არ არის ღირსეული შედარება! როგორ შეიძლება შეადარო ნამდვილი კაცი აჩრდილს, ღმერთი ჭეშმარიტი - გამოგონილ ურჩხულს?
რაოდენ ამაღლებულია ცა მიწისგან, იმდენად აღემატება სიბრძნე ღვთისა კაცის გონებას. ზენაარის განგებულებით, ჯერ იყო ქრისტეს სოფლისთვის გამოჩენა ჩვილად, ყრმად და მოწიფულ კაცად, რათა ყველასთვის მისაწვდომი ყოფილიყო და ყველა თავისთან მიეზიდა. რომ არ ეცხოვრა ბავშვად მიწაზე, მაშინ სიტყვები მისი: "აცალეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა" (მათე 19,14) - დარჩებოდა ცივი და უსიცოცხლო. ანდა: "უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათე 18,3). თქვენ ასწავლით ბავშვებს, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი დამოკიდებულება მათდამი, თუკი, ვთქვათ, არასოდეს ყოფილხართ ბავშვი? უეჭველია, ქრისტეს შეეძლო, გამოეცხადებინა საკუთარი თავი ისე, როგორც თქვენ ისურვებდით, მაგრამ ასე რომ ექნა, მაშინ კაცთა მოდგმისთვის ვერ გახდებოდა იმად, რაც მას სურდა - იგია მასწავლებელი და მაცხოვარი ყოველთა, მაგალითი მთლიანად კაცთა მოდგმისა.
თქვენ გტანჯავთ ფიქრი, რომ უფალმა თავისი საკვირველი შობით კიდევ უფრო გააღრმავა საიდუმლო თავისი არსობისა. მაგრამ განა არ იქნებოდა მისი საიდუმლო ღრმა და მიუწვდომელი, უეცრად ციდან რომ ჩამოშვებულიყო ადამიანებთან წინანათესაური კავშირების გარეშე? განა კაცნი არ ილაპარაკებდნენ მასზე, როგორც მოჩვენებაზე? მაშინ მისი პიროვნება, ამასთან მისი მოძღვრება და მისი მსხვერპლი დაკარგავდა რეალურ საფუძველს და მნიშვნელობას. ის რომ მოჩვენება ყოფილიყო, რომელი ჩვენგანი დაუჯერებდა მოჩვენებას და მიჰბაძავდა მას?
და კიდევ, უნდა დაბადებულიყო სწორედ ამგვარი სახით, როგორც იშვა - რათა ამით ეჩვენებინა შესაძლებლობა ჩვენი სულიერი შობისა, რომელიც ცენტრალურ ადგილას დგას ადამიანზე მის მოძღვრებაში და ხაზგასმულია მისი დიდი მნიშვნელობა. მისი სიტყვით "უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი" (იოანე 3,3). მსგავსად იმისა, როგორც იშვა თვითონ სულიწმიდის მიერ ყოვლადწმიდა ქალწულის სხეულიდან, ასევე ჩვენც შეგვიძლია სულიერად ვიშვათ სულისაგან წმინდისა ჩვენი სულის სიწმინდეში. უდიდესი მართლმადიდებელი მამები საუკუნეების მანძილზე ასწავლიდნენ, რომ ადამიანის სულიერი შობა განპირობებულია სულის ქალწულებრივი სიწმინდით, ანუ სული, რომელიც სრულიად განწმენდილია თვით ცოდვიანი გულისთქმებისგანაც კი, მიემსგავსება ყოვლადწმიდა ქალწულს და ღვთის კეთილგანწყობით ღირსი ხდება, იქცეს ქრისტეს სამკვიდრებლად. თუ ქრისტეს შობა ქალწულისგან მიუწვდომელია ჩვეულებრივი გონებისთვის, მაშინ ის ანუგეშებს და განამხნევებს ყველას, ვინც ისწრაფვის თავისი არსების სულიერი და ზნეობრივი გარდაქმნისთვის.
ამიტომაც დამშვიდდით და მადლობა შესწირეთ საუკუნო სიბრძნეს, რომ მაცხოვარი კაცთა მოდგმისა გამოგვეცხადა ისე, როგორც მან უკეთესად ჩათვალა და შესძახეთ მოციქულ პავლესთან ერთად: "ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი!" (რომაელთა 11,3) და ბავშვური სიხარულით მიულოცეთ მოწაფეებს: "ბავშვებო, ქრისტე იშვა!"
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი