ქრისტიანებს ყოველთვის და ყველგან გვართებს სულიერი მღვიძარება. წმინდა ამბროსი ოპტელმა ერთ განმარტოებით ცხოვრების მოსურნე ერისკაცს უთხრა:
როცა მართალი ლოთი სოდომში ცხოვრობდა, წმინდანი იყო, როცა იქიდან გამოვიდა და განმარტოვდა, დაეცა. სხვის სულს არ იცნობ, ამიტომაც ნუ განიკითხავ, შენს თავს უყურე, იკითხე წიგნები, წაკითხული საქმით აღასრულე, შენი თავი გამოასწორე და არა სხვები.
* მამა კალენიკე ათონელი (+1930) ამბობდა: როცა ბაგირზე მოსიარულე სახიფათო, ბობოქარი მდინარის თავზე გაჭიმულ თოკზე გადის, თუ ყურადღებით არ იქნება, შეიძლება საშინელი სიკვდილით დაიღუპოს. ასეთივე ბედი ელის ბერს, რომელიც გამუდმებით არ ფხიზლობს.
* ერთ დროს ათონზე ყარაყალის მონასტრის იღუმენი გახლდათ მამა კონდრატე (+1940), მშვენება იმდროინდელი მონაზვნობისა. ტრაპეზის შემდეგ, შუადღისას, მაშინ როცა სხვები ისვენებდნენ, თავის კელიაში არ მიდიოდა. ჩამოჯდებოდა იქვე ეზოში სკამზე, დაეყრდნობოდა კვერთხს და გონიერ ლოცვას მიეცემოდა ან სათვალეს გაიკეთებდა და წმინდანთა ცხოვრებას კითხულობდა. ხშირად უკითხავთ, - რას აკეთებ აქ, მამაოო. მძინავს, ჩემო შვილო, - პასუხობდა. სკამზე გძინავთ? - ჰო, მწყემსი ყოველთვის უნდა ფხიზლობდეს, შვილო. მაშინაც კი, როცა ისვენებს, თავის კვერთხზე უნდა ეძინოსო. გრძნობდა იღუმენობის პასუხისმგებლობას - დაეცვა მიბარებული ცხოვართა სულები და ამისთვის ძილის დროსაც კი აფხიზლებდა საკუთარ გულს.
* წმინდა არსენი დიდზე ამბობდა მამა დანიელი: ამდენ ხანს დაჰყო ჩვენთან და ვერ შევძელით მიგვებაძა მისეული ცხოვრებისათვის. შაბათს, მწუხრზე, მზეს ზურგს შეაქცევდა, პირით აღმოსავლეთით დადგებოდა. აღაპყრობდა ხელებს ზეცად და ლოცულობდა, ვიდრემდის კვლავ მის წინ მზე არ ამოვიდოდა.
* ღვთის თვალთა წინაშე წარდგომას და სიარულს გვასწავლის მამა სამსონი (სივერსი): ყოველი საქმის აღსრულებისას თქვი: როგორი იქნება ეს ღვთის წინაშე? - და არ შეცდები... მიდიხარ ქუჩაში, ხვდები ვიღაცას - ღმერთი გყავდეს თვალწინ. შეგეკითხება - უპასუხე, მხოლოდ თავმდაბლად, სიყვარულით, რომ ამ პასუხში კაცთმოთნეობა და სიცრუე არ იყოს... როცა მართლაც ვიცხოვრებთ ღვთის თვალთა წინაშე, მუდამ მხიარულნი და ბედნიერნი ვიქნებით. ეს სიმშვიდე კი არასოდეს დაგვტოვებს.
* ახალგაზრდა ქერუბინი 1940 წელს ყუთლუმუშის მონასტრის სკიტში მამა ნიკოლოზ კვიპრელის კალივას ეწვია. ღირსმა მამამ დიდი სიყვარულით მიიღო იგი, ასადილა და მოსასვენებლად ერთ ოთახში შეიყვანა. ბალიშზე თავი მიდო თუ არა, იგრძნო, რომ ტანზე რაღაც ააცოცდა. გადაიძრო საბანი და რას ხედავს! ლეიბი ბაღლინჯოებითაა სავსე და შესატევად ემზადებიან. ქერუბინი ყვირილით წამოხტა ლოგინიდან. ხმაურზე მამები შევიდნენ. ქერუბინს ყვირილის მიზეზის გამჟღავნება არ უნდოდა. ღირსმა მამებმა თვითონვე თქვეს: მგონი, ჩვენმა კეთილმა მეგობრებმა იფიქრეს, რომ ერთი ჩვენგანი ჩაწვა ლოგინში და ისინიც, საცოდავები, თავიანთი საჭმლისთვის მოვიდნენ. მამაო ქერუბინ, ისინი ძალიან გვეხმარებიან. ნახევარ საათზე მეტხანს ძილის უფლებას არ გვაძლევენ. ამიტომაც მათი დიდად მადლიერნი ვართ.
მამა ნიკოლოზმა თავისი ჩვეული სიკეთითა და თავმდაბლობით დაამატა: მე აქ ორმოცდაათი წელია ვარ და ამ კეთილ მეგობრებს ერთი ღამითაც არ მივუტოვებივარ. მათ ჩვენთვის დიდი სიკეთე მოაქვთ, ძილს ჩვენზე გაბატონების ნებას არ აძლევენ. გვახსენებენ, რომ ბერი ღვთის წინაშე უფრო დიდხანს უნდა დადგეს და ილოცოს.
- რაც მოვისმინე, სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის, - ბრძანებს მამა ქერუბინი, - დავრწმუნდი, რომ ჩემს წინაშე დიდი მოღვაწეები იდგნენ. "მამაო ნიკოლოზ, - ვთქვი ჩემთვის, - თუ ღვთის სიყვარულისთვის შენს მოკეთეებად თვლი ბაღლინჯოებს, რომლებისგანაც შეწუხებულია სამყარო, ვხვდები, როგორიცაა შენი ცხოვრება".
* წმინდა ამბროსი ოპტელი გვაფრთხილებს, ფხიზლად ვიყოთ სიტყვის წარმოთქმისას: სიტყვა ბეღურა არ არის - გაფრინდება და ვერ დაიჭერ. ხშირად გაუფრთხილებლად ნათქვამ სიტყვებს უფრო მეტი უბედურება მოაქვს, ვიდრე საქმეს. ადამიანს პირმეტყველი იმიტომ ჰქვია, რომ სიტყვები გონივრულად, მოფიქრებულად წარმოთქვას. აი, მე უამრავი გროვა ადამიანური სიტყვებისა წარმოვთქვი, მაგრამ არ ვიცი, აირჩევ თუ ვერა იქიდან საქმისთვის გასაგებს და გამოსადეგს.
* წმინდა ლევ ოპტელი გვასწავლის: ის, ვინც საკუთარი თავის მიმართ უყურადღებოა, ვერასოდეს გახდება ღვთაებრივი მადლის სტუმრობის ღირსი.
* მამა იაკობ ევბეელი (+1991) ერში სულიერ სიფხიზლეზე ამბობდა: როცა მონასტრიდან სხვადასხვა სოფელში ღვთისმსახურებისთვის გავდიოდი, ვიდრე უკან არ დავბრუნდებოდი, ვითმენდი ყოველგვარ ბუნებრივ მოთხოვნილებას. რა თქმა უნდა, შაბათ საღამოს ღვთისმოშიშ ადამიანებთან ვრჩებოდი. ადამიანები სიამოვნებით გემსახურებოდნენ, მაგრამ ძალზე ყურადღებით უნდა ყოფილიყავი, რადგან მღვდელმონაზონს შეიძლება ყველაფერმა ავნოს.
რომ გაჩვენოთ, როგორ ფხიზლობდა მამა იაკობი, რომ თავისი გულის სიწმინდე შეენახა, საკმარისია ერთი ამბის გახსენება: გარშემო სოფლებში უამრავ ბავშვს ნათლავდა, მაგრამ ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას არასოდეს უნახავს მათი გაშიშვლებული სხეული. "ყველას თვალდახუჭული ვნათლავდი, თმას ვკვეცდი და წმინდა მირონს ვცხებდი. ვფრთხილობდი, ჩემს მეხსიერებაში არ აღბეჭდილიყო მათი შიშველი სხეული, თუნდაც ის ყრმისა ყოფილიყო".
* მამა ევსევი ბერძენი (+1929) სწერდა სულიერ შვილს: გონებით ყოველთვის იფხიზლე, რომ ბოროტი ფიქრი მოსვლის უმალ განაგდო, რადგან თუ ბოროტი ფიქრი გონებაში შეჩერდება, გულშიც ჩავა.
მამა პაისი ათონელიც გვასწავლის, თვალი ვადევნოთ გულისთქმებს; ამისთვის კი "კარგია გავექცეთ ცნობისმოყვარეობას და ხალხთა კრებულს, რადგან ამ დროს უამრავ გულისთქმას ვაგროვებთ, რომელთა განდევნა შემდეგ ძნელია". წმინდა მამა ბრძანებს: სული გამუდმებით უნდა ფხიზლობდეს და მზად იყოს სულიერ შტაბთან - ღმერთთან კავშირისათვის, რადგან მხოლოდ მაშინ იგრძნობს სიმტკიცეს, იმედს და სიხარულს. ომში პარტიზანთა მეკავშირე გახლდით. თუ მერქიაში მდებარე შტაბს ყოველ საათს ვუკავშირდებოდი, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. თუ ორ საათში ერთხელ - ნაკლებ უსაფრთხოდ. მაგრამ ხშირად კავშირზე მხოლოდ დილა-საღამოს გავდიოდით. მაშინ თავს ცუდად, მიტოვებულად ვგრძნობდი. ასეა ლოცვისას. რაც უფრო ხშირად ლოცულობ, თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობ.
* ათონზე, წმინდა პავლეს მონასტრის სასნეულოში, ავადმყოფ მამებს ერთი უბრალო ბერი უვლიდა, მამა გრიგოლი. მას 1980 წელს მამა პაისისთვის მოუყოლია ერთი ამბავი: ოცდაათი წლის წინ ერთმა ძმამ ყურძენი მისცა, მან კი ავადმყოფ ბერებს გაუნაწილა. ერთი მამა, გახარებული იმით, რომ იმ წელს პირველად ჭამა ყურძენი, გაიძახოდა: ღმერთმა სამოთხე მოგცესო. მან კი თავისი უბრალოებით ხუმრობით უთხრა; "ჭამე, მამაო, ყურძენი. სამოთხე და ჯოჯოხეთი აქვე, მიწაზეაო". იმავე ღამეს საშინელი რამ ესიზმრა: ხედავს ცეცხლის ზღვას, იქვე კი მშვენიერი ყურეა, ზედ აღმართული ბროლის კოშკებით. ნაპირზე დაინახა ვინმე დარბაისელი, ნათლით მოსილი, მატყლივით თეთრწვერა კაცი. იქვე შეამჩნია სამი წლის წინ გარდაცვლილი ბერიც. ჰკითხა: ვისია ეს სასახლეები და ვინ არის ეს დარბაისელი ბერიკაციო. მან უპასუხა: "ესაა აბრაამი, ხოლო მშვენიერი ყურე "აბრაამის წიაღია" ("წიაღი" და "ყურე" ბერძნულ ენაში ომონიმებია, - კ.კ.), სადაც მართალთა სულები განისვენებენო". ძმის ნათქვამი მამა აბრაამმა გაიგო და მკაცრად უთხრა: წადი სასწრაფოდ აქედან, შენი ადგილი აქ არ არისო. გრიგოლი მობრუნდა და გაცლას აპირებდა. უეცრად იგრძნო, რომ ცეცხლის ზღვიდან ამოვარდა ალი და ფეხზე შემოეჭდო. ტკივილისაგან გამოეღვიძა და რას ხედავს - ძილში დამწვარი ფეხი ბებერებით და დამწვრობებით აქვს დაფარული. ოცი დღე სტკიოდა, სანამ სხვადასხვა სალბუნით ჭრილობები არ მოიშუშა. მოინანია თავისი ნათქვამი და ამის შემდეგ ფხიზლად არჩევდა სიტყვას.
* მამა ამოსზე ამბობენ: არასოდეს ტოვებდა მოწაფეს თავისთან სასაუბროდ. როცა ეკლესიაში მიდიოდა, სულიერ შვილს უბრძანებდა, მოშორებით მიჰყოლოდა. რატომ იქცევი ასე, მამაო? - შეეკითხა მოწაფე. იმიტომ, რომ ღვთისა მეშინია, შვილო, ვაითუ კარგი საუბრისას ბოროტი სიტყვაც წამოგვცდეს. გულისთქმის მოთხრობა თუ მოგინდება, მოდი, მომიყევი, მოისმინე ჩემი დარიგება და მაშინვე წადიო, - მიუგო მამა ამოსმა.
* არა მარტო ლაპარაკისას უნდა ვფხიზლობდეთ, გონებაც კი ფხიზლად უნდა გვქონდეს. არავინ განვიკითხოთ. ერთხელ მამა პაფნუტიმ ერთ დაბაში ნახა, ორნი მესამეს განიკითხავდნენ. მამა პაფნუტი მობრუნდა, დადგა და თავისი ცოდვების მიტევება შესთხოვა უფალს. ამ დროს წარმოუდგა წინ უფლის ანგელოზი ორლესული მახვილით ხელში და უთხრა: - პაფნუტი, ვინც სხვას განიკითხავს, ამ მახვილით განიგმირება. შენ კი არ განიკითხე ისინი, თავი დაიმდაბლე ღვთის წინაშე, თითქოს შენ გექმნას ის ცოდვა. ამისთვის შენი სახელი ცოცხალთა წიგნში ჩაიწერაო.
* მამა ნისთერიონ დიდი უდაბნოში მიდიოდა ძმასთან ერთად. დაინახეს ვეებერთელა გველი და გაიქცნენ. ძმამ ჰკითხა ბერს: შენც გეშინია, მამაო? - არა, შვილო, - უპასუხა ბერმა, - მაგრამ უმჯობესია გავიქცე. თუ არადა ვერ გავექცევი ცუდად მზვაობრობის გულისსიტყვასო.
* თქვა მამა პიმენმა: - არის კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ დუმილს იმარხავს და ამ დროს გონება მისი სხვებს განიკითხავს. არის კაციც, რომელიც განთიადიდან მწუხრამდე მრავალს იტყვის და ამ დროს დუმს, რადგან სულის სარგებლის გარდა არაფერს იტყვისო. მართლაც საგულისხმო დარიგებაა სულიერი მღვიძარების მოსურნისათვის.
* მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: მღვიძარება აუცილებელია. რასაც არ უნდა აკეთებდეს კაცი, ღვთისთვის უნდა შეასრულოს... ყოველი თავის მოქმედებისას კაცმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: დავუშვათ, მე მომწონს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ განა სათნოა ღვთისთვის? და განიხილოს, საქმე უფლისთვის სასურველი არის თუ არა. თუ ამის გაკეთებას ივიწყებს, ივიწყებს შემდგომ ღმერთსაც. ამიტომ ძველ დროში ამბობდნენ: "ღვთის გულისათვის", "ოჰ, შე უღმერთოვ, უფლის არ გეშინია", ანდა: "თუ ღმერთს უნდა", "როგორც ღმერთი მოგვცემს". ძველი ხალხი გრძნობდა ღვთის ყველგან მყოფობას, მათ თვალთა წინ ყოველთვის უფალი ჰყავდათ და იყვნენ ფხიზლად.
სხვა დროს კი ღირსი მამა ამბობდა: რაც წლები გადის, ვხედავ, რომ ხორციელი მხნეობა, სიფხიზლე მაკლდება, მაგრამ ამ დროს სულიერი მღვიძარება მემატება, რადგან სიყვარული და მოყვასისადმი თავგანწირვა დიდ სულიერ ძალას მაძლევს. აი, წუხელ საღამოს, ღამისთევით ლოცვისას, ვერ ვიყავით ფხიზლად, მაგრამ მე ძალებს სხვისი ტკივილის გათავისებით ვიღებდი, მთელი ღამე საღმრთო ლიტურგიაზე ფეხზე ვიდექი და ხალხს ვიღებდი (მამა პაისი გულისხმობს 1993 წლის 10 ნოემბრის ღამისთევას. კიბოთი გატანჯული გახლდათ. მიუხედავად ამისა, ფეხზე იდგა და სკამზე დაყრდნობილი იღებდა და კურთხევას აძლევდა დღესასწაულზე მისულ 30000-ზე მეტ ადამიანს). ამის შემდეგ ტაძარში კვლავ ფეხზე ვიდექი, მიუხედავად ამისა, დაღლილობას ვერ ვგრძნობდი, რადგან გული მტკიოდა ადამიანთა გამო და ეს ტკივილი ძალას მაძლევდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი