მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
ბერდიდი მამა ბარნაბა
ბერდიდი მამა ბარნაბა
(გაგრძელება)
უპირველეს ყოვლისა, ბერდიდმა ის აკურთხა წასულიყო წმინდა პავლეს მონასტერში, სადაც მას წმინდანად თვლიდნენ და ამაში ამგვარად გადაერწმუნებინა ისინი: მისულიყო საერთო ტრაპეზზე და ორმაგი საკვები და სასმელი მოეთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ უზომო მარხვისაგან მთელი შინაგანი დაჭიმული ჰქონდა, ნათანაილი ასე იქცეოდა ერთი კვირა. ძმებმა ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს და უკვე კვირის ბოლოს დარწმუნებით ამბობდნენ, - მამა ნათანაილი ხიბლშიაო. ეს რომ შეიტყო, ის დაბრუნდა ბერდიდთან და ყველაფერი მოუყვა. მაშინ ბერდიდმა უთხრა: "ახლა ყველაფერი კარგადაა. წადი შენს ქოხში და ასე და ასე მოიქეციო" და იქვე მისცა კანონი და ასწავლა გონება-გულისმიერი ლოცვის მუშაკობა, რომელსაც მან მაღალი დონის სულიერი წარმატებით მიაღწია.აქვე ვიტყვი, როგორ ატარებდნენ იმ დროს ღამისთევის ლოცვას: მოვიდოდნენ შაბათს, დღისით, იოსები, ნეოფიტე, ნათანაილი და თვითონ ბერდიდი, ერთად იტრაპეზებდნენ, ისაუბრებნენ და იწყებდნენ ღამისთევის ლოცვას, რომელიც დაყუდების ეპიკონით აღესრულებოდა - გონებისმიერ ლოცვაში. ამგვარად ატარებდნენ მთელ ღამეს და თითოეული მათგანი თავის საზომისაებრ მადლმოსილ ნაყოფს იღებდა.
დაწყებითი ლოცვების შემდეგ ისინი პატარა სკამებზე სხდებოდნენ და ლოცულობდნენ მზის ამოსვლამდე, ლოცვას კი "უპატიოსნესსა" გალობით და დიდებიანით ასრულებდნენ. ბერდიდი კიდევ გაამზადებდა ერთ თავ საჭმელს და უფლისადმი მადლიერებით წავიდოდნენ თავ-თავიანთ სენაკებში, ვიდრე შემდეგ შაბათამდე. მოგვიანებით, როცა მამა ნათანაილი გახდა ბერდიდი, ამგვარ ღამისთევის ლოცვებს თავის მოწაფე ბარნაბასთან, მამა გერასიმესა და მამა ილარიონთან ერთად ატარებდა.
ერთხელ ექვს ფსალმუნამდე ილოცეს. შემდეგ გერასიმემ ჰკითხა ნათანაილს: "ახლა როგორ განვაგრძოთ, წავიკითხოთ ფსალმუნები, თუ ლოცვას (იესოს) შევუდგეთ?" ბერდიდმა უპასუხა: "როგორც გნებავთ!" მაშინ ლოცვა აირჩიეს. ჩააქრეს შანდალი და დაიწყება ლოცვა. ყველანი ეკლესიაში ისხდნენ თავიანთ ადგილებზე და მეცადინეობდნენ. თითოეულს უფალი ანუგეშებდა მისი შრომისა და სულიერი სიმაღლის საზომისაებრ. უეცრად მამა ნათანაილმა ხმამაღლა წამოიძახა: "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შემეწიე მე!" კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. როცა ღამისთევის ლოცვა მორჩა, მამები წამოდგნენ, ახმაურდნენ, ახველებდნენ, რომ ბერდიდი წამომდგარიყო. ბოლოს უთხრეს: "მამაო, დროა მორჩე!" მაგრამ ბერდიდი არ დგებოდა. ცოტა ხანს დაიცადეს, მერე კანდელი აანთეს და ფითილი აუწიეს, რათა ბერდიდს ცეცხლი დაენახა და წარმომდგარიყო. მაგრამ მას აღარაფერი ესმოდა. ის იყო იქ, სადაც არიან აღმავალი სულები, რომელიც აღწერილი აქვს წმინდა კალისტეს... მამა გერასიმე და სხვები მიხვდნენ ამას, გაჩუმდნენ. გათენდა. გავიდა კიდევ ერთი საათი და ბერდიდი ამოძრავდა. მაშინ ყველანი წამოდგნენ და ღამისთევის ლოცვაც დასრულდა.
მამა ნათანაილის მოწაფეს, ბარნაბას, მრავალგზის უნახავს ბერდიდი ამ მდგომარეობაში.
ბერდიდი მამა ბარნაბა გარდაიცვალა 1905 წელს, მაშინდელი მიწისძვრის დროს, როცა დიდი ლოდი დაეცა მის ქოხს და საწოლზე მწოლარე ბერდიდი დაიტანა.
ბერდიდი მამა ზოსიმე
მეუდაბნოეთა ცხოვრების აღმწერელმა მამა პანტელეიმონმა ერთხელ შეიტყო, რომ კატუნაკსა და კარულს შორის, უდაბნოში, ცხოვრობდა ბერძენი მეუდაბნოე ბერდიდი ზოსიმე და მისი მონახულების სურვილით აენთო. ათონზე თავიდან ის ქრისოპოტამის მონასტერში დადგა, მაგრამ იდიორითმულმა ცხოვრებამ და უფრო მეტად მისთვის მიცემულმა მორჩილებამ - მას გემით სხვადასხვა ადგილი უნდა მოევლო, იმდენად შეავიწროვა მისი სული, რომ ავიდა ათონის მწვერვალზე, სადაც ზეციური დედოფალი ლოცულობდა - რომ წარემართებინა გზანი მისნი. იქ ის თოვლმა ჩაკეტა და ათი დღე დაჰყო. მერე დაბლა, კარმელის მთაზე ჩამოვიდა. რახან ქოხი არ ჰქონდა, კარვის ქვეშ დასახლდა წმინდა წინასწარმეტყველ ილიას ტაძართან. გასაოცარია, როგორ შესძლო ასეთ სიმაღლეზე, თავდაუცველად ცხოვრება. მაგრამ მას გარეგნული შეჭირვება არ აწუხებდა, სხვა განსაცდელნი შეაჭირვებდნენ:ეშმაკები მას დღედაღამ არ ასვენებდნენ. ქოხის აშენების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ამიტომაც მამა ზოსიმე უდაბნოში წავიდა სხვა თავშესაფრის მოსაძებნად. ბოლოს, ერთ მიუვალ ადგილას გამზადებული ქოხი იპოვა, რომელიც ოდესღაც ყველასთვის უცნობ მამას აეშენებინა.
მამა ზოსიმეს ღვაწლის მოგონებაც კი ძრწოლას მოგვრის კაცს: წყალს კესარიიდან ორი საათის სავალიდან ეზიდებოდა და ისეთ გზაზე მიჰქონდა, რომელზეც უბარგოდაც ჭირს სიარული.
მამა პანტელეიმონის ჩანაწერებიდან:
მამა პანტელეიმონმა ბერდიდი 1872 წელს მოინახულა.
ჩვენი სტუმრობით გაოცებული ბერდიდი წამოდგა, მოგვესალმა და გვიჩვენა, რომ მას ყველაფერი იქვე ჰქონდა - ვიწრო და ცხელი ქოხი და რომ აქ გარეთ გრილა. შევიხედე: ხატების წინ კანდელი ანთია, ფანჯარა მას არა აქვს და შუქი მხოლოდ კარებიდან შედის. მაღალი საწოლი კედელსაა მიკრული და მასზე მთელი მისი ქონება ალაგია: ორცხობილები და ხელსაქმე.
შევეკითხეთ:
- მამაო, რამ მოგიყვანა აქ, ასეთ მიუვალ ადგილას, რა მიზანი გქონდა?
- ქრისტეს სიყვარულმა, - გვიპასუხა ბერდიდმა, - მიზანი ერთია: ამ პატარა ცხოვრებაში ყველაფერი დავითმინო ქრისტეს სიყვარულისთვის და გადავსახლდე მარადისობაში.
- რა შთაბეჭდილებას ახდენს შენზე ეს უდაბნო, ეს მთა-კლდენი, ეს აბობოქრებული ზღვა?
- ყველაფერში ვხედავ ღვთის დიდებულებას, დიდებულ არიან საქმენი მისნი და აღფრთოვანებული განვადიდებ ღვთის მადლს.
კითხვაზე, - ფეხშიშველი დადიხართ, რატომ არ ყიდულობთ ფეხსაცმელებსო, მითხრა:
- ფეხჩაცმულმა რომ ვიარო, ჩემი ნაკეთობებით ერთ ფეხსაცმელს ვერ ვიყიდი, თუნდაც ორჯერ მეტი ვიმუშაო. ამიტომაც დავდივარ ფეხშიშველი.
ხელსაქმედ - უბრალო ხის კოვზებს აკეთებს.
- როგორ დაითმენ ამ შეჭირვებას, ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ.
- თქვენ - სხვა საქმეა. მე უბრალო კაცი ვარ და მივეჩვიე. როცა კაცი მთლიანად უარყოფს საკუთარ თავს და უფლის კვალს მიჰყვება, მაშინ მას მადლი მოიხილავს და გააძლიერებს. ნუ უყურებთ ადგილს - ადამიანს ადგილი კი არა, ქრისტესთვის გაკეთებული კეთილი საქმეები აცხოვნებს. მე, როგორც კაცი, რომელსაც არსად თავშესაფარი არ ჰქონდა, მოვედი აქ და იმ მიზეზით დავსახლდი, რომ ჩემთვის სხვა ადგილას არ არსებობს ნავსაყუდელი, - შემდეგ დაუმატა: მღვიძარებას ადამიანისთვის სხვა მღვიძარება მოაქვს: როცა კაცი მღვიძარებს, მისი გული აენთება... მის გულში მოქმედი ლოცვა ძილის ნებას არ აძლევს, თუნდაც ის საკუთარ თავს დაძინებას აძალებდეს. ეშმაკს ისე არაფრის ეშინია, როგორც ამგვარად ფხიზელი მლოცველი და მღვიძარე სულისა. ის ცეცხლით მომწვარივით გარბის და მასთან მიახლოება არ შეუძლია.
აი, ის ყველაფერი, რაც ვიცით მეუდაბნოე მამა ზოსიმეზე.