ამბობენ, რომ ვიდრე 46 წელი არ შეუსრულდა, კვიპრიანე წარმართი იყო. ჯერ კიდევ მაშინ გრძნობდა ვნებათა დამღუპველობას, შემდეგ ტერტულიანეს ნაწერი ჩაუვარდა ხელთ, რომელმაც წარმართთა ღმერთები საბოლოოდ შეაძულა და გადაწყვიტა, გაქრისტიანებულიყო. ქონება გლახაკებს დაურიგა და მოინათლა. შემდეგ წმინდა მღვდელმთავარი იხსენებდა: "როცა ნათლისღების ცხოველმყოფელმა წყლებმა განბანეს ჭუჭყი ჩემი ცხოვრებისა, განწმენდილ და განმართლებულ გულში ჩამეღვარა ზეციური ნათელი, მივიღე სულიწმინდა და ახალი კაცი გავხდი. მაშინ სასწაულებრივად დავრწმუნდი იმაში, რასაც ადრე მხოლოდ ვეჭვობდი. ბნელი გაიფანტა, ღვთის საიდუმლონი თვალწინ გადამეშალა, რაც ადრე შეუძლებელი მეჩვენებოდა, სავსებით შესაძლებელი გახდა"...
ნათლისღების შემდეგ წმინდა კვიპრიანემ ცხოვრების წესიც შეიცვალა, ასკეტურად გალია დღენი და მოწამებრივად აღესრულა.
***
ერთი სულიერი შვილი მამა ზაქარია-ზოსიმესთან (მინაევი, +1936) ძალზე აქებდა ერთ ურწმუნო ადამიანს. მოძღვარმა უთხრა: "როგორ არის ის კარგი ადამიანი, თუკი ღმერთს არ აღიარებს? და თუ შენ თვლი, რომ ის კარგი ადამიანია, მაშინ საკუთარივით იტვირთე მისი ღვთისადმი ურწმუნოების ჯვარი და ყველაფერი გააკეთე, გონს მოეგოს და ღმერთთან მივიდეს, მაგრამ ამიერიდან ნუღარ შეაქებ მას".