მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი, "XIX საუკუნის ათონელი მამები"
ბერდიდი მამა ილარიონი
ბერდიდი მამა ილარიონი
(გაგრძელება)
სტუმრებმა სცადეს, ბერდიდი სასაუბროდ გამოეწვიათ და ჰკითხეს: "მამაო, როცა საშინელი მწუხარება თავს დაგატყდება, რომელიც ბრძოლის ნებასაც კი არ გაძლევს, ამ დროს კაცი თითქოს თავს წარწყმედილად გრძნობს. რით ანუგეშებ თავს მარტომყოფი?" "ყოველგვარ კაცობრივ შეწევნის იმედს უარვყოფ, რაც კი შეიძლება სოფელში არსებობდეს და გონმოკრეფილი ღმერთს მივმართავ მწუხარებით - და მანუგეშებს მაშინ ღმერთი. მარტო მყოფ კაცს ყველა ვნება ებრძვის".
მხცოვან მეუდაბნოეთა ცხოვრებაზე საუბრისას ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ქოხში მარტოდ მცხოვრებ მეუდაბნოეებს ერთმანეთში განსაკუთრებული სიყვარული და ერთსულოვნება აქვთ.
ერთხელ ერთი მეზობელი ბერდიდი მამა ილარიონთან შევიდა და მხურვალედ სთხოვა, თავის ლოცვებში არ დაევიწყებინა, რადგანაც იმ პერიოდში მას უამრავი განსაცდელი დაატყდა თავს, რაც ნაწილობრივ იცოდა ბერდიდმა, რომელმაც უპასუხა: "სათნოებები თუ არ იქნებოდა, არც ასეთი განსაცდელები შეგემთხვეოდა, რადგანაც არსებობს სათნოებები, მაშინ მას ყოველთვის მწუხარება (განსაცდელი) უნდა მოჰყვეს, სხვანაირად შეუძლებელია".
სიცოცხლის ბოლოს მამა ილარიონი კაპსალაში გადავიდა საცხოვრებლად, რადგანაც ხორციელი ძალნი მოაკლდა და ის 1880 წელს გარდაიცვალა.
ბერდიდი მამა ბარნაბა
ერთხელაც ბერდიდს რუსი მონაზონი ესტუმრა თანამგზავრთან ერთად. ბერდიდებთან სიარულში შემოაღამდათ და სკიტში მზის ჩასვლისას მივიდნენ, წმინდა ანას სკიტამდე კი კიდევ საათნახევარი უნდა ევლოთ, ამიტომაც იძულებული გახდნენ, აქ შეჩერებულიყვნენ. მაგრამ ღამეს ისე ვერავისთან გაათევდნენ, თუ თვითონ კელიის პატრონს გარეთ არ გამოისტუმრებდნენ (ანუ ადგილი არ იყო). ამ დროს მამა ბარნაბა მეზობლიდან შინ ბრუნდებოდა. მან მათი გასაჭირი შეიტყო და ისეთი სიყვარულით შესთავაზა თავისი ქოხი, რომ შეუძლებელი იყო, არ შეძრულიყავი ამგვარი გულწრფელობით. რუსი მონაზონი შემდეგ იხსენებდა: "განმაცვიფრებს მამა ბარნაბას სიყვარული და გულმხურვალება. იგი არათუ ამით არა სწუხდებოდა, არამედ სულით ხარობდა კიდეც".
ქოხში შესვლისას ჩემმა თანამგზავრმა გამაფრთხილა, ყურადღება მიმექცია სკამისთვის, რომელსაც ბერდიდი გონებრივი ლოცვის დროს იყენებდა და წნულისთვის, რომლითაც თავს ისჯიდა. საკმარისი დრო არ გვქონდა მამა ილარიონთან სასაუბროდ, რომელსაც გზად შევუარე, ჩვენ მას მამა ბარნაბას დაძახება ვთხოვეთ. ბერდიდი მის მოსაყვანად წავიდა და რადგანაც მას ჭურჭელი არ ჰქონდა წყლის გასათბობად, მეზობელთან გაიქცა მოსატანად. ჩვენ თან ჩაის მეტი არაფერი გვქონდა, ამიტომ ბერდიდს ვთხოვეთ საჭმელი. მოიბოდიშა, უკვე ერთი წელიწადია, ავადმყოფობის გამო არსად წავსულვარ და ორცხობილაც ამიტომ არ მომიმარაგებიაო. უეცრად გაახსენდა - წმინდა პავლეს მონასტრის ერთმა მონაზონმა სეფისკვერი და პური მისცა, რომელიც გაახმო. მაშინვე მოიტანა და შევჭამეთ. მამა ბარნაბა ზღურბლად დაჯდა, მამა ილარიონი კი ძლივს დაგვთანხმდა, ჩვენს სიახლოვეს ჩამომჯდარიყო. სხვათა შორის, ბერდიდებს ვკითხეთ, თუ იყო მათთვის ცნობილი რომელ მუშაკობას, სიტყვიერს თუ ხორციელს, უნდა მოჰკიდოს კაცმა ხელი და ამით რამდენად წარემატება? მამა ბარნაბამ მიპასუხა: "უფლის მცნებების სახარების მიხედვით აღსრულებით". მე იქვე ახლოს მცხოვრები ორი ხიბლში ჩავარდნილი გავიხსენე: "ჩვენზე მეტად ამას აღასრულებენ კარულელი პახუმი და არსენი, აქვე ახლოს რომ ცხოვრობს, ნაყოფი კი არ ჩანს". "გონიერად არ აღასრულებენო", - მიპასუხა მამა ბარნაბამ. მამა ილარიონმა თავი გადააქნია, მაგრამ გაჩუმდა. ახლა მას მივმართეთ: "შენ რაღას იტყვი, მამაო?" ბერდიდმა ნელა და უხალისოდ გვიპასუხა: "რა ვთქვა? მე ჯერ პირმეტყველი კაცი არ გავმხდარვარ და ქრისტიანად როგორღა ვიწოდები?" ვუთხარი, - ნუგეშინისცემის გარეშე უდაბნოში ცხოვრება არ შემიძლია-მეთქი. "რამდენადაც შესაძლებელი იქნება, დაუტევეთ ხორციელი ნუგეშინისცემა და ღმერთიც დაგეხმარებათ", - შენიშნა მამა ბარნაბამ. მამა ილარიონს მივმართე: - შენ რას იტყვი, მამაო? რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც ჩემამდე თქვეს. დაე, განეშოროს კაცი ხორციელსა და ამსოფლურ ნუგეშინისცემას, რასაც მალევე მოჰყვება საკუთარი ცოდვების შეცნობა; შემდეგ კი კაცი ისეთ მდგომარეობაში მოვა, რომ დამწუხრებული დაემხობა უფლის წინაშე და ღმერთიც მალევე მოხედავს მას".
მამა ბარნაბამ თქვა: - რა მიზნით მოვედით ათონზე, თუ არა მხოლოდ ცხონებისთვის? "მონასტერში მხოლოდ ადამიანებს ვებრძვით, უდაბნოში კი ეშმაკებსო", - ვუთხარით. მამა ბარნაბამ გვიპასუხა: "ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით მე და მამა ილარიონი, რომ ეშმაკი ადამიანს თავს ლომივით ესხმის, ისეთი ბინძური ძალით, რომ მაშინვე გადაყლაპავს, მაგრამ ღვთის შიშით მოღვაწე, ჭიანჭველასავით დააუძლურებს და ამ კაცის შორიდან დანახვისასაც თრთის!"
შემდეგ მამა ნათანაილზე ვისაუბრეთ. ბერდიდი მამა ნათანაილი წმინდა პავლეს მონასტერში დასახლდა და იქ ათ წელზე მეტხანს იცხოვრა. ანტიპროსოპობისას და კინოტში ყოფნისას ბევრი განსაცდელი შეემთხვა. ერთხელ ყუთლუმუშის მონასტერში ხელი მოაწერა თესალონიკში, თურქეთის ფაშისადმი გასაგზავნ ქაღალდს, რომელშიც კინოტის წევრები მხოლოდ თავაზიანობის გამო, ფაშას ლოცვას პირდებოდნენ. მას ამის გამო დიდი სინანული გაუჩნდა. ამგვარი წერილის გაგზავნას ვერ შეეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მოინდომა, იქიდან თავისი სახელი მაინც ამოეშალა. ეს რომ თქვა, სხვა ანტიპროსოპებმა დასცინეს. მაგრამ მან ეს კატეგორიულად მოითხოვა, მაშინ მათ წერილიანი კაცი სასწრაფოდ გაგზავნეს თესალონიკში, მამა ნათანაილი ყუთლუმუშის მონასტერში შეაჩერეს და ამშვიდებდნენ, ამასობაში მონასტრის კარებიც დაკეტეს. მაგრამ მამა ნათანაილმა შიკრიკის დაწევა გადაწყვიტა. ბუნებით ძალზე ღონიერმა კარები გაამტვრია და ათონის საზღვარზე დაეწია შიკრიკს. წაართვა ქაღალდი და თავისი სახელი ამოშალა.
იქიდან უკან აღარ დაბრუნდა. გაბრაზებული უდაბნოში წავიდა და წმინდა ბასილის სკიტის ერთ ქოხში დასახლდა, სადაც თხუთმეტი წელი იცხოვრა. სულ ათონზე მან ოცდახუთი წელი დაჰყო და 1864 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.
დაუჯერებელი იყო მამა ნათანაილის მოსაგრეობა, ის წარსულ ცხოვრებას დაიტირებდა და მთელ დროს ცრემლთა ღვრაში ატარებდა. დღეში სამი ათასჯერ იდრეკდა მუხლს და კვირაში ერთხელ ერთ ნატეხ პურს იღებდა. ხშირად, ღამით, ალბათ საჭმელზე რაიმე გულისთქმის ანდა მეუდაბნოე ცხოვრების სიმძიმის გამო, თავს წნულით იცემდა, რომელიც დღემდე აქვს შენახული მამა ბარნაბას. ზოგჯერ მოწაფის შეკითხვაზე, რა ტყლაშუნი ისმოდა ღამით, პასუხობდა: "მე ვაკაკუნებდი, რომ არ ჩაგძინებოდაო".
მონასტრიდან მას ყველა საჭირო ნივთს აწვდიდნენ, მას წმინდანად თვლიდნენ. რაც იცოდა კიდეც მამა ნათანაილმა. დიდხანს და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, მისთვის გამოცდილი ხელმძღვანელი გამოეგზავნა, ერთხელ მან ვინმე სულიერი ბერდიდის ამბავი შეიტყო, მივიდა, გაესაუბრა და მიხვდა, რომ სწორედ ის მამა იყო, ვისთვისაც ღმერთს შესთხოვდა. მას თავისი სული გადაუშალა და ისე მიენდო, რომ ბერდიდს თავის მოკვლა რომ ებრძანებინა, სიხარულით იქმოდა.