არც შენი მეშინია, რამეთუ ქრისტეს ძალაა ჩემთან
დიდად მოწყალე გახლდათ ბეთანიელი მამა წმინდა იოანე-გიორგი (მხეიძე). ცდილობდა, ყველას დახმარებოდა. საკუთარ ლუკმასაც მოყვასს უნაწილებდა. ერთხელ სტუმრებს უკანასკნელი მარაგი გამოუტანა.
სულიერმა ძმამ, წმინდა იოანემ (მაისურაძე) ჩუმად უთხრა: - მამაო გიორგი, ჩვენ ხომ ხვალაც გვინდა ჭამა და ხვალის მერეცო. მან მშვიდად მიუგო: - ხვალ ღმერთი მოგვცემს, მამაოო.***
ერთხელ უფლისწული გიორგი (შემდგომში გიორგი XII) ამალით სიძეს - იოანე მუხრანბატონს ეწვია. მუხრანის მოხილვისას იოანემ უთხრა სტუმრებს: - ეს, რასაც ხედავთ, ქსნიდან არაგვამდე და ამ მთიდან იმ მთამდე, ჩემიაო. გიორგი ფიცხად მიუბრუნდა: ნუ, ნუ, მუხრანის ბატონო, ნუ ბრძანებთ მაგას. ეგრე სატანამ უთხრა მაცხოვარს: - ეს ყველაფერი ჩემია და მოგცემ ამ სამეფოს, თუ თაყვანს მცემო. ნუ ვიქადით ჩვენი სახელითო. მერე კი, რომ არ სწყენოდა, ტკბილად ურჩია, - დიდი საუფლისწულო შეხვდათ მუხრანის ბატონთ, ყმით, ტყით თუ პირუტყვით. წილკნის ეპისკოპოსი და შიომღვიმის წინამძღვარი მათთვის ილოცვენ. ძვალნი წმინდა შიოსი და წმინდა ისე წილკნელის საფლავი აქვთ საფარველად. აი, მუხრანბატონო, სიმდიდრე თქვენი, მტკიცე სიქადული და სასოება - ეს ორივე არიან ეკლესიის სვეტნი და მეფეთა გვირგვინის სამკაულნი. ***
წმინდა გაბრიელ მცირე ჰყვება: წარმართებს მრავალი ქრისტიანი ტყვედ შეეპყროთ, ხელბორკილები დაედოთ. ერთი მათგანი მიხვდა, რომ დავითგარეჯის მონასტერთან ახლოს იყვნენ. იმავე ღამეს მხურვალე ცრემლებით შეევედრა წმინდა დავითს. ლოცვისას ხელთაგან ბორკილნი დასცვივდა. ტყვე გამოიპარა, მივიდა წმინდა დავითის მონასტერში და მადლობა შესწირა ღირს მამას. ***
მოგვითხრობენ გარეჯის წინამძღვარზე, მამა მარკოზზე. ხარების სადღესასწაულო ტრაპეზზე ბერებს თევზი არ ჰქონდათ, "რაითამცა პირი იხსნეს" ღვთის სადიდებლად. ღირსმა წინამძღვარმა ძმებს უთხრა: ვინაიდან ჩვენ, გლახაკებს, თევზი არა გვაქვს, მხალი მოკრიფეთ და ამით ვადიდოთ ღმერთიო. გავიდნენ ბერები ველზე, ღირსი მამა კი ლოცვად დადგა. მცირე ხანში ბერების თავზე, ცაში ფრინველმა დაიჩხავლა. აიხედეს და - ფრინველს კლანჭებით თევზი უჭირავს. გაუშვა და ცოცხალი თევზი ბერების წინ დაეცა. განცვიფრებულებმა წინამძღვარს მიართვეს თევზი, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ იმ დღეს ყველა ბერს ეყო. ეს ამბავი მერე მონასტრის კარზეც კი გამოუსახავთ.***
წმინდანთა ნაწილები მადლს უმეტესად მაშინ გასცემენ, თუ მათ კაცი დიდი სასოებით ეამბორება. მე-18 საუკუნეში გარეჯის მონასტერში რაღაც სენი გავრცელდა. მრავალი ბერი დასნეულდა. ერთი პატიოსანი მამა მიიცვალა კიდეც. შეშინდნენ ბერები და საღმრთო ღონე იხმიეს. მოიტანეს გარეჯელ მოწამეთა ორი ნაწილი: ერთი იყო მახვილცემული მკლავი და მეორეც სხვა, - შეკრეს ჯვრის სახით და დაასვენეს ეკლესიაში. დიდი ლმობიერებით გადაიხადეს პარაკლისი, აკურთხეს წყალი და მასში განბანეს წმინდა ნაწილები. ნაბანი წყალი ყველამ შესვა. მოასხურეს სენაკებში და მონასტრის მიდამოებში. მეყსეულად, ღვთის მადლით და წმინდანთა ლოცვით, სნეული ძმები განიკურნენ და მონასტერშიც გაქრა ეს ბოროტი სენი. წმინდანთა ნაწილები კი დიდი პატივით დააბრუნეს ძველ ადგილას. ***
წმინდა გიორგი მთაწმინდელი, როგორც ვიცით, კონსტანტინოპოლში გარდაიცვალა. სანამ ათონის მთაზე გადაასვენებდნენ, მოვიდა ვინმე დედაკაცი, ფარსმანისა და ჩორჩანელის და, მოწაფე წმინდანისა. მრავალი ცრემლი დაათხია საყვარელი მოძღვრის ცხედარს: რა მიყავი მე უბედურს, დიდი ხანია ვერ გნახე და გულისსიტყვანიც დამიგროვდაო. შემდეგ წავიდა შინ, დაწერა გრაგნილზე ცოდვიანი გულისთქმანი, რაც აწუხებდა, დაბეჭდა და გიორგი მცირეს გადასცა: ცრემლით გევედრები, ძმაო პატიოსანო, რათა წმინდა მამას სარტყელის ჯიბეში ჩაუდო, რომ რაც აქ წერია, ღირსმა მამა გიორგიმ აღხოცოს და მომიტევოსო. შემდეგ წმინდანის ხელს ეამბორა და ტირილით გაბრუნდა. როცა წმინდა გიორგი მთაწმინდაზე გადაასვენეს, გიორგი მცირეს გაახსენდა დედაკაცის გრაგნილი. ერთ მღვდელს უთხრა, ენახა. მანაც ჩახედა. ჰოი, საოცრება! გრაგნილზე აღარაფერი ეწერა, აღხოცილიყო წმინდანის ლოცვით დედაკაცის ცოდვები. მაგრამ კაცთა ურწმუნოების გამო აღარავის უთხრა და გრაგნილი ისევ სარტყლის ჯიბეში ჩადო. ***
ხან ტანჯვით და ხან მოფერებით სცადა მურვან ყრუმ, ტყვედ ჩავარდნილი არგვეთის მთავრების - დავითისა და კონსტანტინეს მუსლიმანად მოქცევა. წმინდა მოწამენი ამბობდნენ: რაც ერთხელ გითხარით, იმასვე გეტყვით, ჩვენი სარწმუნოება ჭეშმარიტია, ვწამებთ ამას მტკიცედ და უეჭველად. ვერც დიდებამ ამ საწუთროსამ და ვერცა ჭირმა განგვაშორის ქრისტე იესუს სარწმუნოებასა და სიყვარულს. მზად ვართ ამისთვის ყველაფერი დავითმინოთ, რადგან თქვენეული წყალობა და დიდება საძაგელია ღვთის წინაშე. ჩვენი სასოება და დიდება ქრისტეა და საწადელია ჩვენთვის მისი სახელისთვის სიკვდილი. ბოლოს უფალს შესთხოვეს, მათი სხეულები უხრწნელად დარჩენილიყო და მკურნალი ყოფილიყო კაცთა სენთა და უძლურებათა. ყველას გასაგონად მოისმა ხმა ზეციდან, რომელიც წმინდა მოწამეებს თხოვნის აღსრულებას დაჰპირდა. ***
დიდი მამა იყო მიქაელ პარეხელი. მიუხედავად ამისა თავის თავს მაინც არ ესვიდა. როცა ეშმაკმა კლდიდან გადმოაგდო, შეწევნისთვის თავის სულიერ ძმას, წმინდა გრიგოლ ხანძთელს მიმართა. მანაც ხისგან შეკრა ორი ჯვარი, აღმართა მისი სენაკის მახლობლად ორ მხარეს და უთხრა: ამ ორ ჯვარს შორის იყავი და არაფერი დაგემართებაო. წმინდა გრიგოლის ლოცვით პოვა მამა მიქაელმა სიმშვიდე, რადგან "არა სიმართლეთა თვისთა ესვიდა, არამედ ღმრთისა მხოლოისა მინდობითა მოიყვანა მოძღვარი თვისი და სულიერი ძმა გრიგოლ შემწედ".***
სპარსელებმა უთვალავი ლაშქრით გადაწყვიტეს საქართველოზე თავდასხმა. წმინდა თამარ მეფემაც მოუხმო თავის მეომრებს. ათ დღეში ყოველი მხრიდან, ვითარცა "გროი შევარდენთა", მოფრინდნენ მხედარნი. თამარმა მათთან ერთად ლოცვაში დაჰყო დღე. შემდეგ კი უთხრა: "ძმანო ჩემნო, მათი სიმრავლისა და თქვენი სიმცირის გამო გული ნუ შეგიდრკებათ. არ გახსოვთ განა, ეზეკიელის ლოცვით ანგელოზმა წამში დასცა ასურისტანელთა ბანაკი. მხოლოდ ღმერთს მიენდეთ, გულნი თქვენნი მის წინაშე სიმართლით გეპყრათ და მთელი თქვენი სასოება ქრისტეს ჯვრისადმი გქონდეთ. წარვედით მათ ქვეყანაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით და ძალითა უძლეველისა ჯვარისათა წარემართენით". თამარმა დალოცა ჯარი, შეავედრა ღმერთს, გაატანა მათ ძელიცხოველი და თან გააყოლა ანტონ ჭყონდიდელი. თვითონ კი ფეხშიშველი, ტირილით შესთხოვდა მეტეხის ღვთისმშობელს გამარჯვებას, "არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი". მცირე დროის შემდგომ მოიწია სარგის მხარგრძელი და შამქორში ქართველთა მტერზე უნაკლულოდ გამარჯვება აუწყა. ***
1891 წელს ერთ მთაზე სავანის აშენებას შეუდგა წმინდა ალექსი (შუშანია). ეს მთა მინდვრებით ისეა გარშემორტყმული, როგორც ზღვით კუნძული. ამიტომ წმინდა ალექსიც კუნძულს ეძახდა ამ ადგილს. არავინ თავის მოიმედე უზრუნველი არ დაუტოვებია უფალს. ამ სიტყვის სისრულე იგრძნო წმინდა ალექსიმაც. თვითონ ჰყვება: - მომენიჭა მე ყოველივე უხვებით, ვინაიდგან დასაბამი აქ დგომისა ჩემისა იყო არა ხედვა და ფიქრი, თუ რა ვჭამო, ანუ რა ვსვა... მომეცა სარწმუნოება მტკიცედ ამ ზრუნვის დავიწყებისა და არა მომგონებელი, შევეხიზნე რა კალთასა მეუფისასა არა მქონებელმან ერთის მანეთისამან შემდეგ სენაკის გაკეთებისა და არცა მოიმედე არავითარის შემოსავლისა მთავრობისაგან. ჭეშმარიტს გეტყვით, მსმენელნო, არა მახსოვს დღე ერთიცა, მომეშია მე, არამედ გარდამეტებულად ივსებოდა საფქვილე ჩემი ღვთის მოხედვითა კეთილმოქმედ პირთა მიერ და ყოველი სხვა საჭირო საზრდოებანი უხვად მენიჭებოდა, ვიდრეღა მრავალგზის კვალად დავუბრუნი მომღებთა პატივისათა ნამეტანობისა გამო. და ესეცა გაუწყოთ, რომ დროთგან აქა შეხიზვნისა ჩემისა, ზრუნვასა ქვეშე იესოსა, არავის ჩემგან მისვლია მორჩილი ჩემი სათხოვნელად რამისა... ხოლო ყოველთა უწყით მცნობთა ჩემთა, თუ ვითარ ექვსი და შვიდნი თვინიერ სტუმართა მარადის ჩემთან უნაკლულოდ იზრდებიან და ცხოვრობენო. ღირსი მამა მოუწოდებს მონაზვნებს და ქრისტიანებს: არა ესვიდეთ თავთა თქვენთა, ზრუნვასა და ქონებასა ზედა თქვენსა არა იმედობდეთ, არამედ ერთ არს იმედი - იესო მზრდელი ყოველთა. ამას შეეხიზნეთ, ამას მიანდვეთ ზრუნვა თქვენი. ამან ტკბილმან იესომ განაგოს ცხოვრება თქვენი.
***
ათი წლის იყო წმინდა ვახტანგ გორგასალი, როცა ოსებმა ქართლი დალაშქრეს და ტყვედ წაიყვანეს მისი სამი წლის და, გურანდუხტი. ექვსი წლის შემდეგ ვახტანგმა ოვსეთზე გალაშქრება გადაწყვიტა. შეკრიბა ლაშქარი, განვლო დარიალის კარი და შევიდნენ ოვსეთში. მდინარის პირას დადგნენ ქართველნი. ოვსების ლაშქარს ერთი ბუმბერაზი კაცი გამოეყო და ვახტანგი საომრად გაიწვია. მეფე შეებრძოლა მას და განგმირა. ბრძოლა არ განახლებულა. დაღამდა. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა მეფემ. დილით ოვსთა გოლიათმა თარხანმა ქართველთაგან ერთი კაცი გაიწვია საბრძოლველად. ვერავინ გაბედა გასვლა. ვახტანგმა უთხრა თავის მეომრებს: გავალ და შევებრძოლები, რადგან საკუთარ ძალას და ვაჟკაცობას კი არ ვარ მინდობილი, არამედ ყოვლადწმინდა სამებასო. ჩამოხტა ცხენიდან, დაემხო მიწაზე და ღმერთს შეწევნა სთხოვა. მერე შეერკინა თარხანს და მოკლა. მეორე დღეს საომრად გოლიათი ბაყათარი გამოვიდა და ვახტანგს უთხრა: - შენ თარხანის მოკვლით გათამამდი და თუ რამე შეგიძლია, მე შემებრძოლეო. მეფემ ბრძანა: - მე ჩემი ძალით კი არ ვძლიე თარხანს, არამედ ჩემი დამბადებლის ძალით. არც შენი მეშინია, რამეთუ ქრისტეს ძალაა ჩემთან, საჭურვლად კი მაქვს ჯვარი მისი პატიოსანიო. მოკლა ბაყათარიც. მეფის გამარჯვებამ გაამხნევა ლაშქარი, შეუტიეს ოვსებს და დაამარცხეს. ***
ოთხი თვე გაგრძელდა საშინელი გვალვა. შეწუხდა ხალხი. ივერონის მონასტრის ზემოთ, მთაზე, არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის ეკლესია. როცა მოიწია ილია წინასწარმეტყველის დღესასწაული, წმინდა იოანემ უთხრა თავის შვილს, ექვთიმეს, - წაიყვანეთ ძმები და წადით იმ ეკლესიაში, ღამე ათიეთ და ჟამისწირვა აღასრულეთო. მერე ბერებს მიუბრუნდა: საწვიმრები წაიღეთ, რადგან ვესავ ღმერთს და ამაო არ იქნება ჩვენი ლოცვაო. წავიდნენ ბერები... სახარების წაკითხვის წინ გამოჩნდა მცირე ღრუბელი. მალევე ცა ღრუბლებით დაიხუნძლა. ვიდრე ზიარება დაიწყებოდა, დაიწყო ძლიერი წვიმა...