მამა პეტრე. მამა პეტრე დაიბადა 1891 წელს ქალაქ ლიმნოსში, ღვთისმოსავ ღარიბ ოჯახში.
თუმცა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ მკაცრი და გულმოდგინე მოღვაწეობის წყალობით ღმრთივ იყო განათლებული. გიორგი (ასე ერქვა ერისკაცობაში) სიყმაწვილეშიც მონაზვნურად ცხოვრობდა. 30 წლისამ დიდი სქემა შეიმოსა. ბერად აღკვეცა წმინდა ნილოსის სენაკის ბინადარმა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა და წმინდა პეტრე ათონელის სახელი უწოდა. მამა პეტრე ახალი აღკვეცილი იყო, როცა მისი მოძღვარი მძიმედ ავად გახდა. გამწარდა მორჩილი, თავს იმ ბავშვად თვლიდა, დედა რომ უკვდება, - მაგრამ არ დაიბნა, წავიდა ტაძარში და თავისი ბავშვური სიწრფელით წმინდა ნილოსს მიმართა: ღირსო მამაო, თუ ახლავე არ განკურნავ ჩემს მოძღვარს, კანდელებს არ აგინთებო. ჰოი, სასწაული! მოძღვარი მაშინვე გამოკეთდა, წამოდგა, ეკლესიაში ღირს ნილოსს მადლობა შესწირა და ყველა კანდელიც აანთო. ამის შემდეგ მან კიდევ დიდხანს იცოცხლა და მამა პეტრეს სულიერად შეეწეოდა.
მოგვიანებით მარტო დარჩენილი მამა პეტრე იმ ბერთა ჯგუფის გავლენის ქვეშ მოექცა, რომელთაც განუსჯელი მოშურნეობით დიდ ლავრაში სახელმწიფო დროშები ჩამოხსნეს ბერძენთა იმდროინდელი მეფის გიორგი II-ის (1890-1947) მიმართ პროტესტის ნიშნად. ამბობდნენ, მასონიაო. მთავრობამ ცილისწამებისთვის სამი წლით კუნძულ სპენალონგზე გადაასახლა, სადაც კეთროვნებს უვლიდა. მამა პეტრემ შეინანა თავისი საქციელი. ამბობდა: მამაო პაისი, მონაზონი ერისკაცივით მოვიქეცი. გადასახლებამ სული დამიზიანა, რადგან იქ ბერის მოვალეობის შესრულება არ შემეძლოო. გადასახლებიდან მობრუნებისას ერთი ბერი დაემგზავრა, რომელიც მერე ჰყვებოდა, რომ ერში მოხვედრილი მამა პეტრე სინანულს ქადაგებდა: ყველამ უნდა შევინანოთ, თორემ ღმერთი დაგვსჯის და დაუშვებს, რომ უღმერთო კომუნისტებმა ამოგვხოცონო. ღმერთმა მას გაუმჟღავნა, რომ ჩვენი ცოდვების გამო სამოქალაქო ომი ატყდებოდა (1944-48 წლებში აჯანყებულმა კომუნისტებმა საბერძნეთში ხელისუფლებაში მოსვლა სცადეს, ამან ქვეყანაში დიდი სისხლისღვრა გამოიწვია - კ.კ.).
ათონის მთაზე დაბრუნებული მამა პეტრე წმინდა ნილოსის სენაკში აღარ გაჩერდა, რადგან უამრავ მომლოცველს იქ შფოთი შეჰქონდა და კატუნაკის ერთ პატარა კალივაში დასახლდა, წმინდა ანას მცირე სკიტის განაპირას. მეზობელი ბერები მამა პეტრეს მიმართ დიდ მოკრძალებას იჩენდნენ. ის იყო დაბალი, გამხდარი, ბავშვივით უბრალო. როცა საუბრისას დახრიდა ხოლმე თავის პატარა, ნათელ სახეს, გეგონებოდა, შენს წინ მართლაც ბავშვი იდგა. ასეთი დარჩა აღსასრულამდე (67 წლის გარდაიცვალა). როცა მამები სულიერი რჩევის მისაღებად მასთან მიახლოებას ცდილობდნენ, მამა პეტრე მორცხვობდა, წითლდებოდა და თავის დაძვრენას ცდილობდა. როცა ვერ ახერხებდა, პასუხად იტყოდა იმას, რაც საჭირო იყო.
ადამიანებთან ურთიერთობა უჭირდა, ამიტომაც სენაკში იკეტებოდა და განუწყვეტლივ ღმერთს ეზრახებოდა. როცა მამები უკაკუნებდნენ, კარს არ აღებდა და არც მათ მიერ იქვე დატოვებულ საკვებს იღებდა. მეზობელი ბერები საყვედურობდნენ - ცუდად იქცევი, მამაო, რომ ბერების მოტანილს არ იღებო, ის კი პასუხობდა: "დიდება ღმერთს, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ჩემს გამო რატომ უნდა მოაკლდეს ეს წყალობა (საკვები) სხვა მამებს, ვისაც ასე სჭირდება?!" დიდი მოღვაწეობით განშორებოდა კაცობრივი სურვილები და ანგელოზს მიმსგავსებოდა; განა ტყუილად შემოსილიყო ანგელოზის სქემით. მწუხრის ლოცვის შემდეგ მხოლოდ ერთ ცალ ორცხობილას შეჭამდა, მერე კი დღედაღამ ლოცვასა და მუხლთადრეკაში იყო. ძილშიც კი იესოს ლოცვას იმეორებდა, ჩაძინებული ლოცვის კანონის დარჩენილ ნაწილს ამბობდა ხმამაღლა. ხორცით ეძინა, სული მისი კი ფხიზლობდა და ლოცულობდა. მისი ლოცვა თვითმოქმედი შეიქმნა. ხშირად მეუბნებოდა: ანგელოზთა ისეთი გულისშემძვრელი გალობა მესმის ხოლმე, რომ უტკბესი ზეციური ჰანგების მომსმენს ფეხზე დგომა აღარ შემიძლიაო. ეს ნეტარი მდგომარეობა ასაზრდოებდა სულიერად და ამიტომაც ხორციელად აღარაფერი სჭირდებოდა კაცთაგან.
ხელსაქმობდა, ქსოვდა სკვნილებს, სამკურნალო ბალახებს აგროვებდა, ყიდიდა და ყიდულობდა ორცხობილას. თუ ვინმე აიძულებდა და რამეს აჩუქებდა, ცდილობდა, სამაგიეროდ ორჯერ მეტი მიეცა.
მამა პეტრეს სახეზე აღბეჭდოდა საღმრთო გულისშემუსვრილება. მისი სულის სკა სულიერი თაფლით ავსებულიყო და გარდამოდიოდა. როცა ეკითხებოდნენ: როგორ ცხოვრობ, მამაო, შენს სენაკშიო, პასუხობდა: დიდება ღმერთს, ჩემს სენაკს, ჩემს საყვარელ კატუნაკს, მთელი მსოფლიოს სასახლეებზე არ გავცვლიო. ყოველ ექვს თვეში ერთხელ დატოვებდა ხოლმე თავის "ძვირფას კატუნაკს" და ათონის მონასტრებში მიდიოდა ხელსაქმის (ნამუშევრების) გასაყიდად, რათა იმ ფულით ნახევარი წლის სამყოფი ორცხობილა ეყიდა. ჩემს სანახავად ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოივლიდა. სამწუხაროდ, ბოლო მოსვლისას არ დავხვდი, ის კი მონასტრის გალავანს გარეთ მელოდებოდა, რადგან შიგნით შემოსვლისა რცხვენოდა. ოთხი საათი მელოდა. დანახვისთანავე პატარა ბავშვივით მომვარდა, მომეხვია, არადა, ჩემზე ორჯერ უფროსი გახლდათ. შევედით ჩემს სენაკში. მინდოდა, რამით გავმასპინძლებოდი. უარით რომ არ ეწყენინებინა, მხოლოდ წყლის ადუღება მთხოვა, ჩააგდო შიგ ორი ღერი სამკურნალო ბალახი და შესვა. ვთხოვე, რაიმე ეჭამა. მიპასუხა: მაპატიე, მამაო, მინდა წმინდა პეტრე ათონელის ხსენების დღეს, 12 ივნისს ვეზიარო და ვემზადები; მე შენთან მხოლოდ გამოსამშვიდობებლად მოვედი, რადგან მალე უნდა მოვკვდეო. ნათქვამი უცნაურად მომეჩვენა, რადგან ის სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ ჩვენი ორსაათიანი საუბრისაDდა მისი დარიგებების შემდეგ მივხვდი, რომ ასე მოხდებოდა. ფეხზე მდგომი მარიგებდა. ჩამოჯდომა შევთავაზე. არ ეკადრება ღვთის სიტყვას, მჯდომარემ იქადაგოსო, - მიპასუხა მან, მიუხედავად იმისა, რომ ცხრასაათიანი მოგზაურობის შემდეგ ძალზე დაღლილი ჩანდა. ამჯერად თავისი ნამუშაკევი მოეტანა, რათა იმის საფასურით თავისი დაკრძალვისთვის ყველა აუცილებელი რამ შეეძინა. სურდა, წმინდა ნილოსის სენაკში, იქ სადაც ბერად აღიკვეცა, დასწრებოდა ბოლო ლიტურგიას, მოენახულებინა მეგობრები, შენდობა ეთხოვა მათგან, რადგან ეს მისი ბოლო სტუმრობა იყო. ჩვეულებრივზე დიდხანს მესაუბრა. ცდილობდა, ჩემთვის რაც შეიძლება მეტი სიხარული მოენიჭებინა, რომ შემდგომ მისი დაკარგვით გამოწვეული მწუხარება შემმსუბუქებოდა. ვიდრე დამარიგებდა, ჩემს ყოველდღიურ განსაცდელებზე შევჩივლე - მე ხომ ერისკაცთაგან ჩემდა უნებურად მრავალ ბინძურ ამბავს ვისმენდი. მიპასუხა, მამაო პაისი, ყველაფერს კეთილი გულისთქმებით უნდა შევხედოთო. ბერს სრულყოფილი სიწმინდე მოეპოვებინა და ყველას წმინდანებივით უყურებდა. მასში ცოდვის ნატამალი აღარ დარჩენილიყო და მხოლოდ ქრისტე სუფევდა.
ვკითხე ერთ შემთხვევაზე, რომელიც მე გადამხდა. მსურდა შემეტყო, ღვთისაგან იყო თუ ეშმაკისგან. მომიგო: "ეს ღვთისაგან იყო, მამაო პაისი. მე მუდმივად განვიცდი ამგვარ საღმრთო მდგომარეობას. როცა ღვთის მადლი მომიხილავს, გული ჩემი განხურდება ხოლმე ღვთის უტკბესი სიყვარულით, საკვირველი ნათელი განმანათლებს შიგნიდან თუ გარედან, ჩემი სენაკიც ამ ნათლით ბრწყინდება. მაშინ მოვიხდი ხოლმე სკუფიას, მდაბლად მოვიდრეკ თავს და ვეუბნები ქრისტეს: დამკარი გულზე კვერთხი შენი მოწყალებისა-მეთქი. თვალთაგან მადლიერების ცრემლი მდის და ვადიდებ უფალს. ვგრძნობ, როგორ მიბრწყინდება სახე. ამ დროს, მამაო, ჩემს გარშემო ყველაფერი მიჩუმდება, ვგრძნობ, გვერდით ქრისტე მიდგას და სხვა რამის თხოვნა არ ძალმიძს. მაშინ მიჩერდება ლოცვა და სკვნილსაც ვეღარ ვმარცვლავ. სკვნილი კი, მამაო, ხელიდან არასოდეს არ უნდა გავუშვათ. ერთხელ, კარიესში ყოფნისას, ერთ ეშმაკეულს სკვნილით ჯვარი გადავსახე და განიკურნა".
ეს ამბავი მეც გამეგონა მამა ევმენისგან, რომელსაც თავისი თვალით უნახავს ყოველივე. ერთხელ კარიესში მამა პეტრე ნახელავს ყიდიდა. ამ დროს დაინახა არაწმინდა სულისგან გატანჯული კაცი, რომელსაც ვერაფრით შველოდნენ. მამა პეტრე ადგა, მოაგროვა ხელსაქმე, უჩუმრად მიუახლოვდა ეშმაკეულს, სკვნილით ჯვარი გადასახა და რომ არ შეემჩნიათ, სწრაფად დატოვა იქაურობა. ყველა იქ მყოფმა იხილა ეშმაკეულის უეცარი განკურნება და ადიდა ღმერთი.
მამა პეტრე ცდილობდა, ჩრდილში დარჩენილიყო. თუ ვინმე ნაცნობი რაიმეს შეეკითხებოდა, ისეთი მაგალითები მოჰყავდა პასუხად, პატერიკიდან მოხმობილი გეგონებოდათ. მაგალითად, ამბობდა: ლოცვა ღმერთს გადაარწმუნებსო, ანუ თავმდაბლის ლოცვა ღმერთს მოწყალებად აღძრავსო. ანდა იტყოდა: თუ წყალი აღარ წამოვა რუში, მაშინვე გადახმება იქაურობა და ბაყაყებიც დაიხოცებიანო, რაც ამას ნიშნავდა: როცა მუცელი შიმშილით გამოხმება, მაშინ ვნებებიც კვდება კაცში. როგორც ვთქვი, მას თავისი პატერიკი ჰქონდა.
მამა პეტრე სხვა სათნოებებთან ერთად დიდი განსჯის უნარით გამოირჩეოდა. როცა ზოგიერთი საეკლესიო საკითხი (ძირითადად - ახალ სტილზე გადასვლასთან დაკავშირებული) ძალიან გამწვავდა, ის განეშორა ფანატიკურად განწყობილ ზილოტებს (მათ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს ახალმესტილე სამღვდელოებასთან - კ.კ.) და მონასტერში მოდიოდა ხოლმე, დადგებოდა კარიბჭეში და იქიდან ისმენდა ღვთისმსახურებას. ვკითხე, ტაძარში რატომ არ შემოდიხართ-მეთქი. მიპასუხა: ვინმე რომ არ შევაშფოთოო. თუ ზილოტები კარიბჭესთან დამინახავენ, იფიქრებენ, მამა პეტრე ვიღაცას ელოდებაო და აღარ აღელდებიანო. ის ღვთისგან იყო განათლებული და ფანატიზმსა თუ სხვა ადამიანურ უძლურებაზე მაღლა იდგა, ზილოტი გახლდათ, ამ სიტყვის კარგი გაგებით.
ჩვეულებისამებრ, კვირაში ერთხელ ეზიარებოდა. ესწრებოდა მეზობელ კალივაში ჩატარებულ წირვებს. იქ ის სეფისკვერს იღებდა. ამის შემდეგ სხვაგან მიდიოდა და კიდევ ერთ ლიტურგიას ესწრებოდა, სადაც უკვე ნაკურთხ წყალს სვამდა - იმ შემთხვევაში, თუ არ ეზიარებოდა, თუმცა ისეთ სულიერ მდგომარეობაში იყო, ხშირად ზიარებაც შეეძლო.
როგორც ვთქვით, მამა პეტრე მუდმივად მარხულობდა, საჭმელს დღეში ერთხელ, მწუხრის შემდეგ მიიღებდა. დიდმარხვაში სამი დღე მიყოლებით არაფერს ჭამდა, მხოლოდ შაბათ-კვირას იხმევდა ზეთიან საჭმელს. ღვთისმსახურებას დღეში შვიდი საათის განმავლობაში სკვნილზე ლოცვით ცვლიდა. ამით ასრულებდა თავის საბერო კანონს - 700 მუხლთადრეკასა და 33 ასეულ იესოს ლოცვას, რომელსაც თან მცირე მეტანია ერთვოდა. ამ ლოცვის ერთ მესამედს თავისთვის ასრულებდა, ერთი მესამედის განმავლობაში - ცოცხლებს, ერთისას კი მიცვალებულებს მოიხსენიებდა. თუ შეიტყობდა ვინმეს განსაცდელს, მისთვის მუხლთადრეკით ცალკე ლოცულობდა. ჟამნებს, მწუხრსა და შუაღამიანსაც სკვნილზე ლოცულობდა. ლოცვა იყო მისი ხელსაქმე.
მიუხედავად ასეთი წმინდა ცხოვრებისა, მამა პეტრე თავს დიდად ცოდვილ, ვნებებით სავსე ადამიანად მიიჩნევდა. როცა მოძღვარი სახარებას კითხულობდა, მამა პეტრე მოიხდიდა სკუფიას, დადგებოდა აღსავლის კართან და სახარების წინ თავს მოიდრეკდა, რათა მისგან "ბოროტი სულები გამოსულიყვნენ". არარაობად თვლიდა თავს და ამიტომაც არა ჰყავდა მორჩილები. ერთხელ დიდი თხოვნის შემდეგ მოძღვრობაზე დამთანხმდა, მაგრამ იმ მონასტერში, სადაც ვცხოვრობდი, ამის კურთხევა არ მომცეს.
ბოლო ჟამს ჩემთან სტუმრობისას, როცა მამა პეტრემ მითხრა: მალე მოვკვდები და შემინდე, მორჩილად ვერ დაგიტოვებო, - მივხვდი, რომ ღვთის ნება იყო მონასტრის უარი. უფალს სურდა, მამა პეტრე თავისთან წაეყვანა, მე კი, ჩანს, არ ვიყავი ღირსი წმინდანთან ცხოვრებისა. ჩემი ცოდვების გამო ისიც საკმარისი იყო, ღმერთმა მისი გაცნობის ღირსი რომ გამხადა. ღმერთმა რომ ინებოს და მაჩვენოს მამა პეტრე იმქვეყნიურ ცხოვრებაში, ესეც დიდი წყალობა იქნებოდა...
დაუვიწყარია ჩემთვის მისი ბოლო დარიგებები. 1958 წლის 12 ივნისს, თავისი მფარველი წმინდანის, წმინდა პეტრეს ხსენების დღეს, ეზიარა. წირვაზე ათონის განდეგილი მამებიც მოვიდნენ. ლიტურგიის დამთავრებისთანავე მამა პეტრე გამოვიდა ტაძრიდან, მოამზადა მამებისთვის წყალი და ლუქუმი, დახუჭა თვალები და განწმენდილი სული ჩააბარა უფალს. მამებს ეგონათ, ჩაეძინაო, ელოდნენ, გაიღვიძებს და დღეგრძელობას ვუსურვებთო. შეეხნენ მხარზე და მიხვდნენ, რომ მამა პეტრე უკვე ზეცად აღსულიყო. დაე, თან გვდევდეს მისი წმინდა ლოცვები. ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი