არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა ნეტარ აღსასრულზე
ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელის ცხოვრების აღმწერელი წმინდანის ნეტარ აღსასრულზე წერს:
"იმ დღეებში მისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, რაც აუცილებელია ამ ცხოვრებიდან გასვლისას, ანუ სრული აღსარება ვათქმევინეთ, ზეთის კურთხევის საიდუმლოება შევუსრულეთ, ასევე ყოველდღიურად ვაზიარებდით უფლის უწმინდეს საიდუმლოს. ცამეტი ივლისიდან ცუდად გახდა და ძალიან გაწამდა. რადგანაც გონებაში ლოცვის თავი აღარ ჰქონდა, ხმამაღლა წარმოსთქვამდა და ეუბნებოდა ძმებს: "მაპატიეთ, ჩემო მამებო, გონება დამიუძლურდა და ლოცვის წარმოთქმა აღარ შეუძლია, ამიტომაც ხმამაღლა ვამბობ. ჩემი ცხოვრება აღსასრულს მიუახლოვდა, მაგრამ სახიერმა ღმერთმა დაე, დააჯილდოოს თქვენი სიყვარული, ის, რასაც მე ცოდვილს მიკეთებთ. გთხოვთ, მომიტანოთ ჩვენი მამების წმინდა ნაწილები - მაკარი კორინთელისა და პართენისა, ჩვენი სულიერი მამისა". მოეხვია მამათა ძვლებს, ეამბორა, ცრემლები დააფრქვია და უთხრა: "წმინდანო მამანო, რატომ დამტოვეთ ობლად? თქვენ აქ მოხვედით და მიწაზე აღსრულებული სათნოებებით ზეცაში განისვენებთ, ტკბებით ჩვენი უფლის დიდების ხილვით. მე კი საკუთარი ცოდვების გამო ვიტანჯები. ამიტომაც გთხოვთ, ჩემო მამებო, შეევედროთ ღმერთს, რომ შემიწყალოს და ღირს მყოს, ვიყო იქ, სადაც თქვენ ხართ!" ამგვარ მოთქმაში გაატარა მთელი დღე; ღამე უფრო ცუდად გახდა. ძმებს მთელი ღამე არ ეძინათ. მისი გარდაცვალების მოლოდინში ხშირად შედიოდნენ და ეკითხებოდნენ: "მოძღვარო, როგორ ხარ?" ცოტას გაესაუბრებოდნენ ღამის ექვს საათზე ბიზანტიური დროით (ანუ ჩვენი დროით შუაღამისას, - კ.კ.). შეკითხვაზე უპასუხა: "ვკვდები, ვკვდები, ვკვდები, გევედრებით, მაზიარეთ" და შინაგანად მომზადებული ეზიარა წმინდა საიდუმლოს. მცირე ხნის შემდეგ ძმები შევიდნენ და ის გულზეხელებდაკრეფილი და ფეხებგაჭიმული იხილეს. ჰკითხეს: - მასწავლებელო, როგორა ხარ? სიმშვიდე თუ ჰპოვე? მან უპასუხა: "ჩემში ქრისტე მივიღე - სიმშვიდეს როგორ არ მოვიპოვებდი?" მცირე ხნის შემდეგ დადუმდა.
უდიდესი მეუდაბნოე, დაყუდებული მასწავლებელი, გონებისმიერი ლოცვისა და მრავალი სულისთვის ბრძენი მრჩეველი, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე ღირსი შეიქნა ღვთაებრივი ხილვისა: ხელში ანთებული სანთლებით ელოდნენ მთაწმინდელი ღირსი მამები. მან სიხარულით მოუხმო თავის მოწაფეს და უთხრა:
- გევედრებით, წადით და ეკლესია გაამზადეთ, რადგანაც მთაწმინდელი მამები მოვიდნენ ჩემს წასაყვანად. მთელი სიცოცხლე ვევედრებოდი მათ და საჩუქარს შევთხოვდი."
ამ საკვირველი კაცის, ისევე როგორც ბევრი სხვის გარდაცვალებაზე გვიამბო მისმა მოწაფემ, ბერდიდმა ქრისტოდულომ, სიტყვითა და საქმით უბრალომ, უბოროტომ, ვით ღვთის კრავმა, რომელიც უკვე განვიდა ამ ცხოვრებიდან.
როცა ერთი მონაზონი კვდებოდა, სიცოცხლის ბოლო წუთებში სულიწმიდას მოუხმობდა:
- სულო წმიდაო, სულო წმიდაო, სულო წმიდაო, - თქვა სამჯერ და გარდაიცვალა.
ღირსეული იყო ცხოვრება და ღირსეული იყო აღსასრული მეუდაბნოე ფილარეტისა, უდაბნოსა და სათნოებათა ჭეშმარიტი მოტრფიალისა.
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მოუხმო დანიელის კელიიდან ორ ძმას, დანიელსა და აკაკის, დამოძღვრა ისინი იესოს ლოცვის მუშაკობასა და მონაზონთა ანგელოზთა მსგავს ცხოვრებაში, მერე სთხოვა მათ, ათონის ჰიმნი "ღირს არსი" ეგალობათ. ბერდიდი იდგა და ჩვეულებისამებრ ყურადღებით უსმენდა, ხარობდა და ცრემლებს ღვრიდა. ამის მერე ის მათ მოეხვია, ქრისტესმიერ ამბორსუყო და თქვა:
- ძმანო ჩემნო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყვავილებო, მე თქვენ უკვე ვეღარ გიხილავთ ხორციელი თვალებით, რადგანაც ღვთისმშობლისა და მთაწმინდელი მამების ლოცვით, მომიხმობს უფალი თავის ზეციურ სავანეებში.
როცა მეორე დღეს მის სანახავად და კურთხევის ასაღებად მივიდნენ, თავის ხის საწოლზე იწვა, გულზე ხელებდაკრეფილი და თვალდახუჭული იხილეს, თითქოს ჩვეულებრივი ძილით დასძინებოდა.
ბერდიდმა იაკობ კავსოკალიველმა თავისი ცხოვრების ბოლო დღეები ლავრაში იცხოვრა. მაგრამ როცა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მან გადაწყვიტა მალულად დაბრუნებულიყო თავის უდაბნოს ქოხში, სადაც ამდენი წელი იცხოვრა და იქ გარდაცვლილიყო. ერთ საღამოს, როცა მამები მწუხრსა ლოცულობდნენ, ის ზეთის ფარნით გზას გაუდგა, თან თავისი კელიის მფარველებს - წმინდა მღვდელმთავრებს ევედრებოდა: "გთხოვთ წმინდა მღვდელმთავარნო, იქ სიკვდილის პატივსა ღირსმყოთ".
ძლივძლივობით მიდიოდა, თითქმის მთელი ღამე იარა. როგორც კი თავისი კალივის ღობეს მიაღწია, ჩააქრო ფარანი. საბედნიეროდ, მეზობლებმა დაინახეს და მასთან მიირბინეს. მან თავისი კალივის ზღურბლს გადააბიჯა და კიდევ ერთხელ გაიმეორა: "წმინდანო მღვდელმთავარნო, ღირსმყავით აქ სიკვდილისა" - და მშვიდად ჩააბარა სული ღმერთს.
როცა ძალზე სათნომ, მოღვაწემ და თითქმის უსახლკარო ასკეტმა პეტრემ თავისი აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მეუდაბნოე მამებთან და ძმებთან დასამშვიდობებლად გაემართა. "ჩვენ უკვე ვეღარ ვნახავთ ერთმანეთს", - უთხრა მან გერასიმე ჰიმნოგრაფს.
წმინდა პეტრე ათონელის ხსენების წინა საღამო იდგა, როცა მოსაგრე დაბრუნდა თავის კელიაში, რომლის ტაძარიც ამ წმინდანის სახელზე იყო აშენებული.
დღესასწაულზე სხვა მეუდაბნოებიც შეიკრიბნენ. ის ეზიარა ქრისტეს წმინდა საიდუმლოს. მამებმა და ძმებმა დღესასწაულის გამო ასკეტური სუფრით გამასპინძლებისას, პეტრეს "სამოთხეში მოხვედრა" უსურვეს. მან უპასუხა: "ამინ" და მშვიდად აღესრულა. რამდენიმე დღით ადრე კი კარიესში მივიდა, ყველას დაემშვიდობა, გადასცა თავისი ნაკეთობანი, რათა თავისი დაკრძალვისა და ორმოცდღიანი წირვის ხარჯები დაეფარა.
აღდგომისეული სიხარულით იყო აღსავსე კინოვიური სავანის ბერდიდ დამიანე სიმონპეტრელის აღსასრული. ადრევე იგრძნო სიკვდილის მოახლოება, "ქრისტე აღსდგას" გალობით ტაძარში შევიდა და ოთხდღიანი სიცხის მერე გარდაიცვალა. ეს იყო 1927 წელს. ამ მონაზონს ერთი კაბა ეცვა ორმოცდაათი წელი, ხის დაფა ჰქონდა, რომელსაც დერეფნის კუთხეში მოიფარებდა, იქ ლოცულობდა და იქვე იძინებდა.
ღირსსახსოვარი ისიქასტის, ხარიტონის სულიერი შვილიშვილი გახლდათ მონაზონი ხარიტონი. მიჰყვებოდა რა თავისი კურთხეული პაპის კვალს, მან, ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, თავი ასკეზის ღვაწლს მიუძღვნა. ხშირად, ტრაპეზობისას, სულიერ აღფრთოვანებაში ვარდებოდა. მისი ცხოვრება განუწყვეტელი მღვიძარება და მოუკლებელი ლოცვა იყო. ღირს მამათა დარი გახლდათ მისი აღსასრული.
სიკვდილის წინ მამა ხარიტონი საწოლზე დაწვა და კიდევ ერთი ხილვის ღირსი შეიქნა.
- მამაო ათანასე, - ეუბნებოდა თავის ძმას სქემაშემოსვით, - საიდან გაჩნდა ამდენი პატარა და ბრწყინვალე ბავშვი? ხედავ, ეს ყველაფერი რა მშვენიერია! მათ პატარა ხელებში ყვავილები უჭირავთ. გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, რომ ღირს მყავი შენი ანგელოზების ხილვისა!"
ერთმა მონაზონმა ჰკითხა ბერდიდს, რომელმაც ასი წელი იცოცხლა: - ახლა, როცა გადიხარ ამ წუთისოფლიდან, რას გრძნობ?
ისე მხიარულად და დამშვიდებულად ვგრძნობ თავს, თითქოს ქორწინების ღამისთვის ვემზადებოდეო, - მიუგო.
ერთი სათნო და მოსაგრე მღვდელმონაზონი წმინდა პავლეს მონასტრიდან თავისი სავანის გარეთ გარდაიცვალა. მაკურთხეველი მარჯვენით მომცრო კლდეზე მჯდარი იპოვეს.