საქართველოში რუსების გაბატონების შემდეგ ბაგრატიონთა უდიდესი ნაწილი რუსეთში გადაასახლეს და იქვე გარდაიცვალნენ.
მათ შორის იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი მარიამი. გენერალ ლაზარევის მკვლელობაში დადანაშაულებული, თავადაც მხარში დაჭრილი და სისხლმდინარე, რუსმა სალდათებმა ჩასვეს დროშკაში და რუსეთის გზას გაუყენეს. დედოფლისა და უფლისწულთა ხვედრით თავზარდაცემული ქართველები მწარედ მოთქვამდნენ, იგლეჯდნენ თმას და იხოკავდნენ მკერდს. სალდათები თუმცა ერეკებოდნენ, მაგრამ ისინი მაინც მიჰყვებოდნენ გუნდ-გუნდად რუსეთში მიმავალ დედოფალს და მის შვილებს, მათთან ერთად სამღვდელოებაც მიჰყვებოდა მთელ ვერსზე, ბოლოს, ჯარისკაცებმა ხალხი ძალით შეაჩერეს და გაფანტეს.
დედოფალს პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და "სინანულისთვის" ბელგოროდის მონასტერში გადაასახლეს. მრავალი დამცირება, ტკივილი გადაიტანა დედოფალმა. ძალით ჩამოაშორეს ერთგული ამალის დიდი ნაწილი. ნება არ ჰქონდა, ქალაქის გალავანს გასცილებოდა. ფრიად შეავიწროვეს, როგორც სულიერად, ისე ეკონომიკურად, ჩამოაშორეს ვაჟები და რუსულ კორპუსებში სამსახურად გაგზავნეს, ქართველობა რომ დაეკარგათ. დედოფალს სანუგეშოდ 5 წლის ირაკლიღა დარჩა. როდის-როდის დართეს მარიამს მოსკოვში ცხოვრების ნება. "ვიწყევლი ჩემს ბედს, ჩემი ნაგვემი სხეული დაკოდილა მრავალთაგან უწყალოდ... მოკლებული ვარ აგრეთვე საერთო საფლავს ჩემს საყვარელ ქმრის გვერდით, მოშორებული ვარ სვეტიცხოველს და ქრისტეს ძალსა მცხეთის საკრებულო ტაძრისას... ამასთანავე - ჩემს მოხუცებულ, წელში მოხრილ მშობელსა, ჩემთა ძმათა და დათა", - სწერდა რუსეთის იმპერატორს მარიამ დედოფალი.
მან 1850 წლამდე იცოცხლა, თვითმხილველი გახდა ქართველთა უკანასკნელი გაბრძოლებისა 1832 წელს. 1841 წელს დედოფალს ახალგაზრდა ისტორიკოსი სულხან ბარათაშვილი ეწვია და სამეცნიერო საქმეში დახმარება სთხოვა. დამშვიდობებისას დედოფალმა სულხანს ხელში ფული ჩაუდო, პირჯვარი გადასწერა, გზა დაულოცა და უთხრა: "თუ ცოცხალი ვერა, მკვდარი მაინც ვეღირსო ნეტა საქართველოს ნახვასო". 1849 წელს დასნეულებულმა და მოხუცებულმა დედოფალმა იმპერატორს საქართველოში დაბრუნება სთხოვა, რაზეც ცივი უარი განუცხადეს. ბოლოს ისევ საქართველოს მეფისნაცვალს, ვორონცოვს უშველია. დედოფალს საქართველოში დაბრუნების ნება მისცეს, მაგრამ ასეთი შორი და მძიმე მგზავრობის ძალა აღარ ჰქონდა. იტყოდა თურმე: "ჩემი უკანასკნელი შემოდგომაც დაიწყო; ვეღირსები კი კიდევ გაზაფხულს და ჩვენი ქვეყნის გამწვანებით გახარებას? რა ცუდ დროს მიღალატა ჩემმა გულმა, სად დადგა ჩემი მუხლი..." 1850 წლის 30 მარტს გარდაიცვალა. იმპერატორმა ერთი მოწყალება მაინც გაიღო. მისი ბრძანებით, დედოფლის ცხედარი სამშობლოში დაბრუნდა და მცხეთაში, მეუღლის გვერდით დაიკრძალა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი