სტანისლავ სენკინი
ლეგენდა ვამპირზე
(გაგრძელება)
მაგრამ დედამიწაზე არაფერია მარადიული
, ვლად ცეპეში სიკვდილს თურქების წინააღმდეგ ბრძოლის ველზე შეეყარა. მისი დაჩეხილი სხეული საგვარეულო აკლდამაში გადაასვენეს და მამის კუბოს გვერდით დაასვენეს. ცოდვების მიტევების ლოცვა მას კარდინალმა წაუკითხა, ბუდინის მთავარეპისკოპოსმა და თვით რომის პაპმა შეიტანა მისი სახელი პირად მოსახსენებელ სინოდიკში.ლეგენდა ვამპირზე
(გაგრძელება)
გავიდა წელი და ვალაქიაში ქარზე უსწრაფესად ხმა გავრცელდა - კუბოდან დაიკარგა ყოფილი მეფის, ვლადისლავ ცეპეშის სხეული. სხეულის დაკარგვის გარემოება დღემდე გაურკვეველია. ამან წარმოშვა ლეგენდა საუკუნო ვამპირზე, რომელიც ადამიანის სისხლსა სვამს და ამგვარად იხანგრძლივებს თავის არსებობას, დღისით კი კუბოში სძინავს, რომლის სახურავიც იფარავს მას მზის დამღუპველი სხივებისაგან. ვალაქიელი ქალები ასწლეულების მანძილზე დრაკულათი აშინებდნენ თავიანთ ურჩ შვილებს და თუ ვინმე უკვალოდ დაიკარგებოდა, ყველა თვლიდა, რომ ის თვით ვლად ცეპეშმა მოკლა, რომელიც ეშმაკს გაურიგდა და ვამპირად გადაიქცა.
რომანი ყურადღებით უსმენდა ამ ლეგედას და მამა გაბრიელს ჰკითხა: - დარწმუნებული ხარ, რომ დრაკულა სინამდვილეში მოკვდა? - მონაზვნებმა ღვინო შესვეს და ცარიელ სატრაპეზოში ისხდნენ.
- რას გულისხმობთ?
- შენ მითხარი, რომ ვამპირები მაინც არსებობენ, არა ისეთი ზღაპრული არსებები, როგორც ჰოლივუდის ფილმებშია, მაგრამ მაინც არსებობენ. ახლა კი ამბობ, რომ ეს ერთ-ერთი ვალაქიური ლეგენდაა, რომელსაც კარპატულ ზამთრის საღამოს უკბილო ბებია უყვება შვილიშვილს, - რომანი ცოტათი გაბრაზდა, - მამაო, მე ის დავინახე; საშინელებამ უპასუხა ჩემს სულელურ, მხიარულ მოწოდებას. ბოროტებასთან ამ შეხვედრამ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. მე ერთი არამზადა ვიყავი, რომელსაც სამოთხე არ სურდა და ჯოჯოხეთისა არ ეშინოდა, ახლა არა უბრალოდ ქრისტიანი ვარ, ამასთან ათონელი მონაზონიც. ღვთისმშობელმა მომიყვანა თავის წილხვედრ ადგილში, რათა ბნელისაგან დავეხსენი. თუ გვწამს, რომ წმინდა გიორგიმ განგმირა დრაკონი, რომელიც სოფლის მცხოვრებთაგან საჭმელად ახალგაზრდა გოგოს ითხოვდა, რატომ არ უნდა დავიჯეროთ, რომ არსებობს ბოროტება იმ ფორმით, როგორიც დრაკულაა?
მამა გაბრიელმა ნარინჯისფერი ხელსახოცით წვერი მოიწმინდა და უსიტყვოდ წამოდგა. მონაზვნებმა სამადლობელი ლოცვები წაიკითხეს და მოლდაველი ნელა მიუახლოვდა ძველისძველი სატრაპეზოს ჩრდილოეთ კედელს. გაირინდა მის წინაშე და ყურადღებით ათვალიერებდა მასზე გამოსახულ საღვთო ისტორიის ეპიზოდს.
- შეხედე ამ ფრესკას, რომან.
მონაზონი მიუახლოვდა ბერიკაცს და დააკვირდა გამოსახულებას. იქ, ზეციურ სამოთხეში, სულიწმიდით შთაგონებულ უცნობი მხატვრის ხელს დაწვრილებით გადმოეცა სასტიკი ბრძოლა მთავარანგელოზ მიქაელისა და ღვთის წინააღმდეგ აღმდგარი მთიებსა და უკვე დაბნელებულ ანგელოზთა მესამედს შორის. ნათელფენილი და მამაცური იერის ზეციურ მხედრობათა მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში ბასრი, მოელვარე მახვილი ეჭირა, მარცხენაში - მშვენიერი ვარდისფერი ყვავილი. მამა გაბრიელმა თანაგრძნობით შეხედა ახალგაზრდა მონაზონს: - იცი, მხატვრები რატომ გამოსახავენ მთავარანგელოზ მიქაელს ლოტოსით ხელში? ერთი ძველი გადმოცემით, სამყაროს ეს პირველი ბრძოლა ოთხი დღე მიმდინარეობდა, იწყებოდა განთიადისას და საღამოს წყდებოდა. თუმცა ზეციურ ძალებს შეეძლოთ მაშინვე შეემუსრათ მოჯანყე ანგელოზი, მაგრამ უფალს სურდა, მისთვის სინანული შთაეგონებინა. სამჯერ მოუხმო ღმერთმა მთიებს, სამჯერ უარყო მან ღვთის წყალობა. როცა მოწინააღმდეგე უკვე გადაიქცა ეშმაკად და შთაიგდო უკუნში, გახარებულმა მთავარანგელოზმა უმშვენიერესი ყვავილი დარგო - სიმბოლო სიკეთის ბოროტებაზე ძლევისა, ღვთის მოწყალებისა და დიდმოთმინებისა, რომელიც შეახსენებს ადამიანებს მარადიულ ბრძოლაზე. როგორც იცი, ლოტოსი დილით გაიფურჩქნება, საღამოს კვლავ დაკეცავს ფოთლებს. ყვავილობს ზუსტად ოთხი დღე. ამ ყვავილზე მშვენიერი არაფერია ამ სამყაროში. დამარცხებული მთიები კი არ წყვეტს უფალთან ბრძოლას - ზეცაში დამარცხებულს იმედი აქვს, რომ მას აქ, მიწაზე დაამარცხებს, მაგრამ ახლა ბრძოლის ველი ადამიანია, თითოეული ადამიანის სული. ღვთის ეს უფრო მოკლე ბრძოლაა, ვიდრე ზეცაში მომხდარი, მაგრამ ჩვენთვის, ადამიანებისთვის, უკვე ათასობით თაობაა, გრძელდება. როგორც პეტრე მოციქული ამბობდა: "უფლისთვის ერთი დღე, ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე".
ღმერთმა დასწყევლა მთიები უკუნითი უკუნისამდე და ახლა სინანულისკენ მოგვიწოდებს ჩვენ, მტერს კი იმედი აქვს, რომ ადამიანები, ბოლოს და ბოლოს, მიჰყვებიან მის მაგალითს და განუდგებიან ცხოვრების პირველწყაროს. ველური ცრურწმენა - ადამიანის სისხლით შესაძლებელია საკუთარი სიცოცხლის გაგრძელებაო, გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში. დრაკულასა და საფრანგეთის მარშალ ჟილი დე რეს გარდა, უამრავი დიდებული, გავლენიანი პირი, ზოგჯერ მეფეებიც კი, რომელთაც სურდათ, ცოდვით დიდხანს დამტკბარიყვნენ, ეშმაკს გაურიგდებოდნენ ხოლმე. შუა საუკუნეების სასამართლო პროცესები მართლაც რომ ყარს ამგვარი მაგალითებით.
მოულოდნელად ამ ძველ, სასტიკ ცრურწმენას, ჩვენს დროში სამეცნიერო გამართლება მოუძებნეს. მამა სტეფანე ერში ნეიროქირურგი იყო. აღარ შეეძლო სამედიცინო პრაქტიკის გაგრძელება. ერთხელ ვკითხე, რატომ შეიძულე საყვარელი პროფესია-მეთქი. საოცარი ამბავი მომიყვა:
თურმე დღევანდელი დრაკულები დიდ ფულს იხდიდნენ ნააბორტალი ჩვილების სხეულების გადამუშავებაში. უწყალო ექიმები უმანკო სხეულს ცენტრიფუგაში ათავსებენ და იქიდან რაღაც ღეროვან უჯრედებს გამოყოფენ. შემდეგ კი დებენ მათ ზურგის ტვინში და აახლგაზრდავებენ მათ დაბერებულ ორგანიზმს. ერთი ასეთი ინიექცია ათი ათასი დოლარი ღირს. რა ვუწოდოთ ასეთ ადამიანებს, თუ არა ვამპირები და კაციჭამიები? როგორც კი მამა სტეფანეს ერთ-ერთ ევროპულ კლინიკაში შესთავაზეს ამ ბიზნესისთვის ხელი მოეკიდა, მან საკუთარი სპეციალობა შეიძულა. მაგრამ როგორც მიხვდი, ღვთის განგებულებით ეს სიძულვილი სხვა, უფრო აღმატებული მოწოდების პოვნაში დაეხმარა.
შენ კი, რომან, გირჩევ: ყური უგდე ბერდიდის სიტყვებს. თუ მამა დიონისემ გითხრა, ეს მოვლენა დაივიწყეო, დაივიწყე. ჩვენი ფიქრები ჩვენს შინაგან მდგომარეობას განსაზღვრავენ. თუ ისინი ბნელი იქნება, მაშინ ბნელს მოვიზიდავთ, - მამა გაბრიელმა მონაზონს მხარზე ხელი დაჰკრა, - არ წავიდეთ დასასვენებლად? მფარველი ანგელოზი მოგევლინოს ბრძოლის წინ.
რომანი მოხუც მონაზონს დაემშვიდობა და თავის კელიაში შევიდა. ხსოვნაში კვლავ იკვეთებოდა იმ ღამის სურათი, როცა სისხლისგან დაცლილი როკ-მუსიკოსი უძველეს ბოროტებას შეხვდა. ახალგაზრდა მონაზონი ლოცვაზე წამოდგა და ჩამოიშორა საშინელი მოგონებები. მის კელიაში შემოიხედა მთვარემ, რომელიც რწმენის ფარს შეეჯახა და მძიმედ ამოიოხრა. უძველესმა ბოროტებამ ინტერესი დაკარგა რუმინელი სკიტის პროდრომოსის მონაზვნური კელიისადმი და მზერა კარპატებს მიაპყრო. მთებს ზემოთ კი ღრუბლები გროვდებოდა.