სტანისლავ სენკინი
ლეგენდა ვამპირზე
(გაგრძელება)
მოხუცმა მონაზონმა თხრობა დაიწყო:
ლეგენდა ვამპირზე
(გაგრძელება)
- მეფე ვლადისლავ ცეპეში, ჩვენთვის, რუმინელებისთვის ეროვნული გმირი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: სიცოცხლის ბოლოს კათოლიკობა მიიღო. ეს გახლდათ სასტიკი XV საუკუნე, სულთან მაჰმუდ II დამპყრობლის არმიამ დაიპყრო დიდებული კონსტანტინოპოლი. თურქთა ურდო შეიჭრა ალბანეთში და სწორედ ვლად ცეპეში წარმატებით ებრძოდა მათ. ის, რა თქმა უნდა, სასტიკი მეფე იყო მთიანი ქვეყნის მენტენიისა, მაგრამ სისასტიკე ხომ იმ დროის სამეტყველო ენა გახლდათ და არც ის იყო გამონაკლისი ევროპაში. ვლადი სარზეც გასვამდა ხოლმე დამნაშავეებსა და მოღალატეებს, მაგრამ შეეძლო ყოფილიყო მოწყალე და სამართლიანი.
ცეპეშს არ შეეშინდა ბიზანტიის დამაქცევლებისა და მათ თამამად წინ აღუდგა. მაჰმუდის არმია გაანადგურა გაცილებით მცირერიცხოვანმა მუნტენიის ჯარმა. მაჰმუდი დაბრუნდა ოსმანთა იმპერიის ახალ დედაქალაქში, ისტანბულში, თავისი მრისხანება იქაურ ქრისტიანებზე გადმოანთხია და ბერძენთა უდიდესი სიწმინდე - წმინდა სოფია, მეჩეთად გადააქცია. გოდების კედლად მდგარი ებრაელების მსგავსად ამაყი ბერძნები დღემდე დასტირიან თავიანთ დანაკარგს. ათონის ყველა მონასტრის "წითელ კუთხეში" აუცილებლად ჰკიდია წმინდა სოფიას გამოსახულება მინარეთების გარეშე, რაც, სამწუხაროდ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამგვარად დასაჯა ღმერთმა ბერძნები სიამაყის გამო.
მაჰმუდი ცდილობდა, მდიდრული ძღვენითა და მოლაპარაკებით ვლადის დაყოლიებას, მაგრამ ის უდრეკი რჩებოდა. ცეპეშს არ შეეძლო მუდმივად მარტო შერკინებოდა გამძვინვარებულ თურქებს და მოკავშირეების ძებნას შეუდგა. ბერძნები განადგურებული იყვნენ, რუსებს თურქეთი მოკავშირედ მიაჩნდათ და სულაც არ აპირებდნენ ევროპის გათავისუფლებას.
მაშინ ვლადმა მზერა მადიარებისკენ მიაპყრო. უნგრეთის მეფე მათიაშ ჰუნაიდიმ მოაჯადოვა ცეპეში და მან რომისა და უნგრეთის დახმარების სანაცვლოდ კათოლიკობა მიიღო. მამამისი, ვლად უფროსი, წევრი გახლდათ გერმანიის იმპერატორთა მიერ დაარსებული დრაკონის დიდი ორდენისა, რომელიც რომის წინააღმდეგ შეთქმულებაში დიდი ხანია მონაწილეობდა. ამ ორდენის საიდუმლო სწავლება უცნობია, მაგრამ ბევრი თვლის, რომ სატანის თაყვანისმცემლები იყვნენ. აღმოსავლეთიდან მოსულმა ახალმა საშინელმა ძალამ შეცვალა ევროპაში ძალთა განლაგება. ვლად უფროსი უკვე ფიქრობდა, როგორმე შერიგებოდა პაპს, თურქების წინააღმდეგ ფინანსური და სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. მან ვატიკანთან მოლაპარაკებებიც კი დაიწყო და იმ ხანებში გარდაიცვალა კიდეც. ცეპეშს მხოლოდ უნდა განეახლებინა მის მიერ დაწყებული პროცესი, - მამა გაბრიელმა ღვინო მოსვა და ყურადღებით შეხედა თანამოსაუბრეს, - ახლა იწყება ყველაზე საინტერესო ამბავი.
ცოტამ თუ იცის, რომ მრისხანე ცეპეშს ტყუპი ძმა ჰყავდა. მამამისმა იცოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ტახტის გულისთვის შეიძლება ძმათა შორის ომი ამტყდარიყო. სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ერთი მათგანი სიყრმიდანვე ღმერთს მიუძღვნა და აღსაზრდელად გაუგზავნა უძველეს ათონურ მონასტერში მცხოვრებ ღირსეულ მამებს. მეორე კი მეფემ მენტენიას მიუძღვნა. მოხდა ისე, რომ მეფის სულის საუკეთესო ნათელი ნაწილი მონაზონში გადავიდა, ხოლო ვლადში მისი ბნელი მხარე, რომელიც დრაკონის სახით ეშმაკს ეთაყვანებოდა. მეტსახელი დრაკულაც აქედან წარმოდგა და მემკვიდრეობით დარჩა ვლად ცეპეშს - ძელზე გამსმელს.
ეს უკანასკნელი ვიდრე მართლმადიდებელ სარწმუნოებას იცავდა, ჯერ კიდევ შეეძლო მემკვიდრეობით მიღებული ბოროტების შეკავება. მაგრამ როგორც კი კათოლიკობა მიიღო, ღმერთმა მიატოვა მეუფე მუტენიისა, მეფე მათიაშმა, არმიის დახმარებით, ის ვალახიის ტახტზე დაადგინა და ცეპეში კიდევ ერთი წელი მართავდა, სასტიკი დევნა დაუწყო მართლმადიდებლობას. ამ დროს მასთან ტყუპისცალი ძმა მივიდა, რომელიც ამ დროს მონასტრის იღუმენი გამხდარიყო და ათონის მამათა შორის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ბერდიდი გახლდათ. მან შეიტყო, რა უბედურებაც დასტყდომოდა თავს სამშობლოს, დაბრუნდა ვალახიაში და რწმენისგან განდგომის გამო მეფის მხილება დაიწყო. ცეპეში მზად იყო, კადნიერი იღუმენი სარზე გაესვა, თავისთან უჩვეულო მსგავსებით გაოცებულმა ძმას ჰკითხა:
- ვინ ხარ, შავოსანო?
- მე ევანგელიკუსი მქვია, მთაწმინდის მონასტრის იღუმენი და შენი მამხილებელი ვარ. ცეპეში გაოცდა.
- შენ ჩემი მხილებისა არ გეშინია? მე ხომ შემიძლია სასტიკად გაწამო და დამიჯერე, ამას სიამოვნებით გავაკეთებ.
მონაზონი ვლადი წამითაც არ შეშინებულა.
- დროს ნუ დაკარგავ, ან სარზე გამსვი, ანდა მისმინე.
- კარგი, ილაპარაკე, - ცეპეშს ყოველთვის აღაფრთოვანებდა სხვისი სითამამე და განსაკუთრებით სულის სიმტკიცე გარდაუვალი სიკვდილის წინ.
- კათოლიკური ჩვეულების მიხედვით, შენ ობლატებით ეზიარები? მაგრამ, სისხლი? უფლის სისხლს შენ არ სვამ. მაგრამ წმინდა წერილში წერია: "ის, ვინც არ სჭამს ჩემს სხეულს, და სვამს ჩემს სისხლს, საუკუნო სიცოცხლეს ვერ დაიმკვიდრებს". თუ არ სვამ უფლის სისხლს, შენ დაწყევლილი ხარ.
ცეპეში უეცრად გაცოფდა.
- რითი მჯობიხარ, მონაზონო? ესე იგი შენ, რომელსაც ათონზე თავი ლაჩრულად შეგიფარებია, საუკუნოდ იცოცხლებ, ხოლო მე, ამ ქვეყნის თურქთაგან დამცველს, წყევა და სიკვდილი მელის? უსამართლობაა! - მეფემ ზიზღით გაიცინა.
- შენ არა ხარ ღვთის საქმეთა მსაჯული.
ცეპეში მძვინარებდა.
- რატომ არ შემიძლია განვსაჯო მისი საქმეები?! რადგანაც შენ ამბობ, რომ ღმერთმა საუკუნო წყევისთვის გაგიმეტა, ის ჩემი მტერია, მაგრამ ცუდი რა გავუკეთე, რომ ეს წყევლა დავიმსახურე?
- შენ უარყავი წინაპრების წმინდა სარწმუნოება და ქრისტეს მცნებები, - ევანგელიკუსი მიხვდა, რომ მისი მიწიერი ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა და ევედრებოდა უფალს, მისთვის ღირსეული, მოწამებრივი აღსასრული ებოძებინა.
- შენ დარწმუნებული ხარ, რომ ქრისტეს სისხლი საუკუნო სიცოცხლეს იძლევა? - ცეპეში უეცრად დამშვიდდა და როგორც ნათელ ჯადოსნურ სარკეში, ძმის ასკეტურ სახეს შეხედა.
- დიახ, მეფევ, მაგრამ შენთვის ეს მიუწვდომელია. საუკუნოდ ხარ დაწყევლილი.
მონაზონი არ შეეწინააღმდეგა მეფის მსახურებს, რომელთაც ის შეკრეს და ტახტთან მიიყვანეს, ბერმა კვლავ ერთხელ მტკიცე ტონით წარმოთქვა თავისი წყევლა. ცეპეშმა პასუხად გაიღიმა და მამისეული მოვერცხლილი ბასრი დანით ყელი გამოსჭრა ძმას, ოქროს თასი კი წმინდანის სისხლით აავსო.
- თუ ღმერთკაცის სისხლი ცათა სასუფეველში საუკუნო სიცოცხლეს იძლევა, მაშინ ადამიანის სისხლმა აქ მიწაზე მაინც უნდა მომცეს ხანგრძლივი სიცოცხლე და შენ, შავოსანო, ეს ღმერთს გადაეცი - წიხლი ჰკრა ქრისტეს მოწამის სხეულს და თასი შესვა.
ძმისმკვლელობის შემდეგ ცეპეშმა ახალ გაუგონარ ჩვეულებას მოჰკიდა ხელი - ყოველი ზიარების დღეს ადამიანის სისხლს სვამდა თასით, ფიქრობდა, რომ ამით გაიგრძელებდა ამქვეყნიურ სიცოცხლეს. ზეცისგან დაწყევლილს, სიკვდილი არ უნდოდა, ხვდებოდა, რომ სიკვდილის მერე ჯოჯოხეთის სატანჯველი ელოდა. მაგრამ მიწაზე საუკუნოდ არავინ ცხოვრობს და ვლად ცეპეშმა თავისი აღსასრული თურქებთან ბრძოლაში ჰპოვა. მისი ნაიარევი სხეული საგვარეულო აკლდამაში, მამის კუბოს გვერდით დაასვენეს. ცოდვათაგან გახსნის ლოცვები მას კარდინალმა, ბუდინის მთავარეპისკოპოსმა წაუკითხა, ხოლო რომის პაპმა მისი სახელი შეიტანა თავის მოსახსენებელ სინოდიკში.