წმინდა იაკობი V საუკუნეში სპარსეთში, ქრისტიანულ ოჯახში დაბადებულა, ცოლადაც ქრისტიანი შეურთავს. სპარსეთის მეფის ეზოსმთავარი ყოფილა.
მიწიერ სიკეთეებს მიდევნებულს უარუყვია ქრისტე. გამწარებულ ცოლსა და დედას წერილი მიუწერიათ: შენ ჩვენი სიყვარულის ღირსი არ ხარ, რადგან ნათლის ძე ბნელეთის მკვიდრი შეიქმენი. ვიდრე არ დაუბრუნდები ქრისტეს, მანამდე ვერ გვნახავო. ეს წერილი მაშინ მიართვეს იაკობს, როცა მეფესთან ერთად იყო ქალაქგარეთ. "თუ დედას და ცოლს არ ვუნდივარ ქრისტეს უარისმყოფელი, მაშინ რა მეშველება, როცა ღმერთი მოვა განსჯად და ყველას მოგვაგებს საქმეთა ჩვენთაებრო", - ამბობდა იაკობი და თან ტიროდა. ტირილის მიზეზი რომ შეიტყო მეფემ, გაბრაზდა და სიკვდილით დაემუქრა. "რაც გინდა, ის მიქენი, მე სიკვდილისა არ მეშინიაო," - უთხრა წმინდანმა. მეფემ ბრძანა, მოკალითო. ასო-ასო აჭრიდნენ ხორცს იაკობს. ბევრი უყურებდა მის მარტვილობას, მათ შორის - მისი მეგობრებიც. მოწამეობის წინ ილოცა წმინდა იაკობმა და მოთმინება შესთხოვა ღმერთს. როცა შუა თითი მოჰკვეთეს, მადლობა შესწირა უფალს. "შეიბრალე თავი, იაკობ, თაყვანი ეცი ჩვენს ღმერთებს", - ურჩევდა ჯალათი. "ნუთუ არ იცით, როცა ვაზს სხლავენ, - უთხრა მათ წმინდანმა, - მას მზე უშუშებს ჭრილობას და უფრო მეტ ნაყოფს გამოსცემსო". ჯალათმა მეორე თითიც წარკვეთა. იაკობი კი სიხარულით სახეგაბრწყინებული იდგა: "მიიღე, უფალო, მეორე ნასხლავი შენის ბაღისა, რომელი დაასხა მარჯვენამან შენმან", - ღაღადებდა წმინდანი. მესამე თითი რომ მოაჭრეს, კვლავ განაგრძობდა ყოვლადწმინდა სამების დიდებას. მოჰკვეთეს მეოთხე თითი, მეხუთე თითის მოჭრისას ხუთ ბრძენ ქალწულთან დამკვიდრება შესთხოვა უფალს. "იაკობ, შეიწყალე შენი თავი", - ეუბნებოდა კაცთა პირით ეშმაკი. ის კი ძალას და მოთმინებას უფლისაგან გამოითხოვდა. ჯალათმა მარცხენა ხელის დანაწევრება დაიწყო. მერე მარჯვენა ფეხზე მოაცილა თითი. "გმადლობ, ქრისტე ჩემო, რადგან მაჭრიან ფეხის თითებსაც, -Pამბობდა წმინდანი, - ვითარცა შენ, ოდეს განგიხვრიტეს არა მარტო ხელნი, არამედ ფეხნიცა". შეკრებილ ხალხს განაცვიფრებდა მისი მოთმინება. "რას დგახართ უქმად, მოჰკვეთეთ ხე, რომელსაც ტოტები უკვე მოაცილეთო", - უთხრა წმინდანმა ჯალათებს. მოჰკვეთეს ფეხები, ხელები... უფალო ღმერთო ჩემო, რომელიც შეეწევი შენს მოშიშთ, დამეხმარე მეც, შენს მონას, რამეთუ საშინლად ვიტანჯებიო, - აღმოხდა. ეს რომ ესმათ ჯალათებს, დასცინეს წმინდანს: - ჩვენ არ გვინდოდა შენი წამება, რატომ არ დაგვიჯერეო. წმინდა იაკობმა კი მხნედ მიუგო: იცით, რატომ ვეწამე? რათა მეგრძნო, რომ ხორციელი ვარ. აქამდე ღვთის შეწევნით დავითმინე ყველა სატანჯველი, ვითარცა უხორცომ. ახლა კი ვგრძნობ, რომ ხორცი მასხია. მაგრამ უფალი მალე შემმოსავს ახალი სხეულით, რომელსაც ვერაფერს დააკლებთო. წმინდა იაკობს დილიდან ვიდრე მეცხრე ჟამამდე აწამებდნენ. ამ დროის განმავლობაში მისი წყლულებიდან სისხლთან ერთად კეთილსურნელება იფრქვეოდა. უფლის წმინდანმა საბოლოო სადიდებელი ლოცვა აღუვლინა შემოქმედს და ჯალათის მარჯვენამ თავი უხელფეხო ტანს მოაშორა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი