მხოლოდ მათი გშურდეს, უფალს რომ შეერთებიან ანდა სულიწმინდის მადლი რომ მოუპოვებიათ
ერთმა ბერძენმა მეფემ მოისურვა შეეტყო, რომელი უარესია - შურიანობა თუ ვერცხლისმოყვარეობა.
იხმო ორი კაცი, ვერცხლისმოყვარე და შურიანი, და უთხრა: თითოეულმა თქვენგანმა მთხოვეთ, რაც გინდათ, სიხარულით მოგცემთ, მაგრამ მეორე მთხოვნელი ორჯერ მეტს მიიღებს, ვიდრე პირველიო. შურიანმა პირველმა არ სთხოვა, რათა ვერცხლისმოყვარეს ორჯერ მეტი არ მიეღო. არც ვერცხლისმოყვარემ მოისურვა, შურიანი მასზე მდიდარი ყოფილიყო. მათ კამათს ბოლო არ უჩანდა. მაშინ მეფემ ბრძანა, შეეწყვიტათ კამათი და შურიანს მიმართა: თქვი, რაც გინდაო. მან - ცალი თვალი ამომთხარეთო. ამგვარად, ყველამ დაინახა შურიანის ვერაგობა - არათუ უარი თქვა მეფის საჩუქარზე, ცალი თვალით დასახიჩრება არჩია, რათა მეტოქისთვის ორივე თვალი ამოეთხარათ.***
მამა იაკობ ევბეელი ჰყვებოდა: თურმე როცა ჯარში წაიყვანეს, ლოცვა და მარხვა არ შეუწყვეტია. ამის გამო დასცინოდნენ და "მამაოს" ეძახდნენ. ერთხელ მეგობართან ერთად მისეირნობდა პირეის ქუჩებში. მისი სიწმინდისა და სიფაქიზის მოშურნეებმა "გახუმრება" გადაწყვიტეს - წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენოთო. იაკობი გულდანდობილი გაჰყვა. ერთ ადგილას მიიყვანეს. კიბე სარდაფში ჩადიოდა, სადაც შიშველი ქალები ცეკვავდნენ. "რატომ მომიყვანეთ აქ?" - გაწყრა იაკობი. ერთი "მეგობართაგანი" მხარზე დაეჭიდა და მისი ძალით ჩაყვანა გადაწყვიტა, თან სიცილით კვდებოდა. აქამდე თავმდაბალი და სუსტი იაკობი საღმრთო შურით აღიძრა და ისეთი ძალით ჰკრა ხელი ბოროტების მსურველს, რომ მან შეშინებულმა უშვა ხელი. ***
მრავალი განსაცდელი გამოიარა შურიან კაცთაგან მამა ზაქარია-ზოსიმემ (მინაევმა). 23 წლის მორჩილს ერთხელ ისე სცემეს, თითქმის ყველა კბილი ჩაულეწეს. ის არ განიკითხავდა მტერს, პირიქით - მათთვის ლოცულობდა, მაგრამ ეშმაკის შურით აღძრული მტერი არ ცხრებოდა. ერთხელ კიბე გამოაცალეს, მერე აბანოში მდუღარე გადაასხეს; ვისაც როგორ სურდა, ისე სცემდა. რისთვის მცემთო, როცა ეკითხებოდა, პასუხობდნენ: "იმიტომ, რომ ასე ცხოვრება აღარ გააგრძელო და სხვებივით მოიქცე, რომ წმინდანებს აღარ მიბაძოო". იქამდეც კი მივიდნენ, გიჟად შერაცხეს და საგიჟეთში გამომწყვდევა მოუნდომეს, მამა ზაქარია კი გაიძახოდა: ჩამსვით, რა ვუყოთ, საავადმყოფოშიც ხომ არის ქრისტე. რაც გინდათ, ის მიყავით, მაგრამ თქვენნაირად ვერ ვიცხოვრებ, მე მოვალე ვარ, საკუთარ სინდისს ვუსმინო და ღვთის მცნებებით ვიცხოვროო. ***
სამმა მოგზაურმა განძი იპოვა. სიმდიდრე იმდენად დიდი იყო, სამად რომ გაეყოთ, ყველას გვარიანად შეხვდებოდა, მაგრამ ეშმაკმა მათში შური და მზაკვრობა აღძრა.ერთ ადგილას მოგზაურები შესასვენებლად ჩამოსხდნენ, გაშალეს ტრაპეზი, მაგრამ ჭამის ნაცვლად სამივე იმაზე ფიქრობდა, როგორ ჩაეგდო ხელში სხვისი ქონება.
რომელიმე უახლოეს ქალაქში უნდა წასულიყო საგზლის საყიდლად. ერთი წავიდა. დანარჩენმა ორმა მისი მოკვლა და ქონების დასაკუთრება გადაწყვიტა. ამასობაში მესამემ ქალაქში შხამი იყიდა და საჭმელი მოწამლა, რათა ორივეს განძი მას დარჩენოდა. მგზავრებმა უკან მობრუნებული "მეგობარი" მოკლეს, მერე კი მისი მოტანილი საჭმელი ჭამეს. ორივე მოკვდა, ქონება კი ხელუხლებელი დარჩა და დაელოდა უკეთეს პატრონს ანდა მათსავით უგუნურთ.
***
მამა პაისი ათონელი მოგვითხრობს: ოდესღაც ათანასეს მღვიმეში ერთი ბერი ცხოვრობდა, რომელსაც ორი მორჩილი ჰყავდა: მღვდელმონაზონი და ბერდიაკონი. ერთხელ ორივე ახლომდებარე ეკლესიაში წავიდა წირვის ჩასატარებლად. მღვდელს შურდა დიაკვნის, რადგან ის მასზე ჭკვიანი და განსწავლული იყო. დიაკონიც თავისი ამპარტავნებით აღიზიანებდა ძმას. მღვდელი გარეგნულად მოემზადა წირვისთვის, ყველა ლოცვა წაიკითხა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაავიწყდა მთავარი - აღსარების თქმით განედევნა გულიდან შური, რომელიც თავის დაბანით და სამოსლის შეცვლით არ ქრება. ასეთი წარსდგა წმინდა ტრაპეზის წინ, მაგრამ როგორც კი პროსკომიდია ანუ სეფისკვერზე კვეთა დაიწყო, გაისმა საშინელი ხმაური, წმინდა დისკოსი სეფისკვერიანად ჰაერში აიწია, გაქრა და მათ წირვის განახლება ვეღარ შეძლეს. ასე მგონია, ყოვლადმოწყალე ღმერთს ამგვარად რომ არ შეეშალა მათთვის ხელი და მღვდელსაც უღირს სულიერ მდგომარეობაში გაებედა მსახურება, დიდი განსაცდელი დაატყდებოდა თავს. ***
მორწმუნე ერის სიყვარულთან ერთად კაცთა შურიც თან სდევდა მამა პაისი ათონელს. მთაწმინდაზე საკმაოდ იყვნენ ბერები, რომელთაც მწუხარებას ჰგვრიდა მამა პაისის სახელი და დიდება. მამა პაისიზე ამბობდნენ: ჯადოქარია და ჯადოქრობით ხალხი გადარიაო, ღამით ანთებული ფარნით დადის და ბოროტ ძალებს უკავშირდებაო. მამა პაისი ამბობდა: რა გითხრათ? დღისით უამრავი ხალხი მომდის და ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ, ამიტომ ღამით ვსაქმიანობ, ვანთებ ფარანს, კაბა რომ გავირეცხო, ძმები ამას ხედავენ და ამბობენ, მამა პაისი ჯადოს აკეთებსო...სხვები ვერცხლისმოყვარეობას სწამებდნენ. როცა განთიადიდანვე მისი სენაკისკენ მიმავალ ხალხს ხედავდნენ, ირონიულად იტყოდნენ, მამა პაისიმ თავისი კათაკმეველთა სკოლა გახსნაო. სხვები ჰკვირობდნენ, მნახველი რომ არ აკლდებოდა "უვიც ბერს, რომელიც მათ ვერაფერს მისცემდა". იყვნენ წმინდა კინოტში განათლებული ბერები, რომლებიც არასოდეს მივიდოდნენ მამა პაისისთან, რადგან ფიქრობდნენ, ბერი ხიბლშიაო. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ წმინდა გული ერისკაცებს უფრო ჰქონდათ, ვიდრე შურიან ბერებს, ამიტომაც მიისწრაფოდნენ ღირსი მამისკენ და დიდ სარგებელსაც იღებდნენ.
***
ბოროტებით აღსავსე შურმა შეიძლება სხვასაც ავნოს, - ბრძანებს მამა პაისი, - განსაკუთრებული ლოცვაც კი არსებობს "თვალის ცემისთვის". "ცუდი თვალი" სხვებს მაშინ ვნებს, როცა კაცი შურით ამბობს რამეს. თვალის ცემა განსაკუთრებით იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც ბოროტი შური აქვს სხვისა. მაგალითად, შურიანი ქალი ხედავს მშვენიერ დედა-შვილს და ბოროტად იტყვის: მე რატომ არ მყავს ასეთი შვილი, ღმერთმა მას რატომ მისცაო? ამის მერე ბავშვს შეიძლება რაიმე ევნოს: ძილი გაუკრთეს, ტიროდეს, ჭირვეულობდეს. ეს იმიტომ, რომ შურიანმა ქალმა ბოროტი გულით თქვა მასზე. ეს ბავშვი ცუდად რომ გახდეს და მოკვდეს, ასეთ ბოროტ და შურიან ადამიანს გაუხარდება კიდეც.ავიღოთ სხვა მაგალითი: ვიღაც სხვის ხბოს დაინახავს, მოუნდება, რომ მისი იყოს, პირუტყვი კი ამის მერე მალე კვდება.
როგორ აღმოვფხვრათ სულიდან შური, ამას წმინდა მამები გვასწავლიან:
1. მოვიპოვოთ წმინდა სიყვარული, რომელსაც, პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, "არა შურნ".
2. ვისაც სურს ამ ბოროტებას სძლიოს, ნეტარი ავგუსტინე ურჩევს, თავისი გულიდან ამპარტავნება აღმოფხვრას - შური "ნაშიერია სიამაყისა", "მოკალი დედა და შვილებიც დაიხოცებიანო".
3. არ შევადაროთ თავი სხვა ადამიანებს. ერთმა ბერმა, ძმებთან ერთად რომ ცხოვრობდა, მამა ბესარიონს ჰკითხა: როგორ მოვიქცე, მამაო? ბერმა უპასუხა: ჩუმად იყავი და სხვებს ნუ შეედრებიო.
4. უნდა გვახსოვდეს, რომ შურიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს. როგორც ჟანგი ჭამს რკინას, როგორც მატლი განხრწნის ნაყოფს, ასევე შური - იმ სულს, რომელშიც მკვიდრობსო, - ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი.
5. ყველაზე მეტად იმით ვძლევთ შურს, თუ არავითარ მიწიერ სიკეთეს არ მივიჩნევთ მნიშვნელოვნად. წმინდა დიმიტრი როსტოველი გვასწავლის: ნუ გშურს, კაცო, ნურავისი წარმავალი მიწიერი სიკეთე, რამეთუ ყოველივე ამ ქვეყანაზე - ვითარცა ყვავილია და მინდვრის ბალახი; ნუ გშურს მდიდრისა და დიდებულის, ნურც ამქვეყნიური სიამოვნებით გამაძღარის, არამედ კეთილგონიერად მიბაძე მათ, ვინც სათნოებებით არის გამშვენებული. არ უნდა გშურდეს ვისიმე მიწიერი ბედნიერების, რადგან ყოველივე ამ ქვეყანაზე წარმავალია და დროებითი. ვთქვათ, ვინმე მდიდარია და დიდებული, განა მუდამ ასე იქნება? ანდა თუ ვინმე უსაზღვროდ მისცემია სიამოვნებას, განა ეს საუკუნოდ გაგრძელდება? არა. ეს ყველაფერი ძალზე მცირე ხნით მოგვეცემა... ასე რომ, მიწიერი სიკეთე არავისი შეგშურდეს, არც სიმდიდრე ისურვო, არც ქონება, დიდება ანდა ხორციელი სიამოვნება. არ ისურვო ხელისუფლება, პატივი ანდა რაიმე უპირატესობა, არცა მშვენიერი სასახლე ანდა სხვა რაიმე ფუფუნება, რამეთუ ყველაფერი დროებითია და ლპობადი. კვამლივით ყველაფერი უეცრად გაქრება, ყველაფერი მიწაზე რჩება, ფერფლად და მტვრად იქცევა, რამეთუ საუკუნო არაფერია დედამიწაზე. კეთილგონივრულად მხოლოდ მათი გშურდეს, უფალს რომ შეერთებიან ანდა სულიწმინდის მადლი რომ მოუპოვებიათ, რამეთუ ვინც მას მოიპოვებს, ყველაზე მდიდარი და დიდებული ის იქნება.
6. ქრისტიანს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის განგებით ხდება და თუ გშურს ვისიმე სიმდიდრის ან სილამაზის, ანდა რაიმე უპირატესობის, ამით ღვთის განგებას წინ აღუდგები. ისევ წმინდა დიმიტრი როსტოველს დავესესხები: რატომ გშურს სხვისა ის, რაც ღვთის ნებით მიუღია? იქნებ ღვთის განგებულების შეცვლა გსურს? არავისი არაფერი შეგშურდეს, ღირსეულად დადექი ღვთის წინაშე, რათა მისგან დამსახურებისამებრ მიიღო, რამეთუ არ არის ღვთის წინაშე ზაკვა და ყველას ჯეროვნად მიაგებს.
7. შურიან კაცს უნდა ახსოვდეს, რაოდენ უძლურია შური: იოსებისა ძმებს შეშურდათ, შემდეგ კი შიშით და ძრწოლით წარდგნენ მის წინაშე; აარონზე ბოროტს ამბობდნენ შურიანები, მაგრამ ღმერთმა უფრო განადიდა იგი, აყვავდა მისი კვერთხი; საულს შეშურდა დავითისა, მაგრამ უბედურად დაამთავრა სიცოცხლე, დავითი კი გამეფდა და სახელი გაუვარდა.
8. უნდა შევიგნოთ, რაოდენ სასიკვდილოა შურის ნაყოფი. შურმა ხომ, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვისაებრ, მიწა მორწყა წინასწარმეტყველთა სისხლით, ქალის მიერ შეარყია ყოვლადბრძენი სოლომონი, შურმა იუდასაგან გამცემი შექმნა... მან ჰეროდე ბავშვისმკვლელად აქცია, პილატე კი ქრისტესმკვლელად. შურმა შეჭამა ეკლესიის მშვენიერი სხეული და ერთმანეთის მოწინააღმდეგე ბრბოებად დაანაწევრა.
ფრიად საგულისხმოა წმინდა ამბროსი ოპტელის ერთი წერილი სულიერი შვილისადმი:
"მწერთ, რომ თავს სხვებზე უარესად მიიჩნევთ და შური შემოდის თქვენს გულში. თქვენი ეს გრძნობა სხვა მხარეს მიმართეთ და დიდ სარგებელს ნახავთ. თავი სხვებზე უარესი გეგონოს, ეს სიმდაბლის დასაწყისია... არ უნდა შეგვშურდეს გარეგნულად უზრუნველყოფილი ხალხისა. ამის მაგალითი თვალწინ გიძევთ - მდიდრებს სულიერი სიმშვიდე დაკარგული აქვთ. ამისთვის გარეგნული უზრუნველყოფა კი არ არის საჭირო, არამედ ღვთისადმი დიდი სასოება. საჭირო რომ ყოფილიყო ეს სიმდიდრე, ღმერთი გამოგიგზავნიდათ, მაგრამ ეტყობა არ იქნება თქვენთვის სასარგებლო. პავლე მოციქული გვასწავლის: "უკეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. ნუმცა ვართ მზვაობარ, ურთიერთარს მაბრალებელ, ურთიერთარს მოშურნე" (გალ. 5:25-26)... ამპარტავნობას და შურს არაფერი აქვს საერთო ღვთისმოსავ ცხოვრებასთან".