შვილო, მე კი ვილოცებ, მაგრამ შენც უნდა იმარხულო
საკვირველი მამა დანიელი. იგი ჰაჯი-გიორგის თანამედროვეა. ის ათონზე ცხოვრობდა და ჯერ კიდევ დამწყები მონაზონი სასწაულებს ახდენდა.
ეს სასწაულნი განაცვიფრებდა კეთილმოკრძალებულ მომლოცველებს, რუსმა პილიგრიმებმა თავიანთ ჟურნალში მასზე რამდენიმე ამბავიც კი გამოაქვეყნეს. მინდა სხვათა აღსაშენებლად ჩავიწერო ის მცირეოდენი რამ, რაც ამ წმინდა მამაზე შევიტყვე და რისგანაც დიდი სიკეთე ვნახე. მამა დანიელი ბერძენი გახლდათ. მთაწმინდაზე თურქთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძნების აჯანყების ჟამს მოვიდა, დაახლოებით 1821 წელს. კეთილმოკრძალებულმა ახალგაზრდამ თავიდან ჯერ ივერონში "კარიბჭისად" წოდებულ ღვთისმშობლის ხატს სცა თაყვანი, შემდეგ კი დიდ ლავრას ეწვია და წმინდა ათანასეს საფლავის წინ მოიდრიკა მუხლი. ყველგან მხურვალედ ევედრებოდა ღვთისმშობელს, შესწეოდა ვინმე კეთილმოღვაწე მოძღვრის პოვნაში, რომელსაც დაემორჩილებოდა და ბერად აღიკვეცებოდა. ღვთის მოიმედემ გზა გააგრძელა, გასცდა კერასიას და წმინდა ანას სკიტისკენ გაემართა, მაგრამ სხვა ბილიკს გაჰყვა, რომელმაც წმინდა არტემის კელიასთან მიიყვანა. კელიაში მცხოვრები მამა დიდად მოღვაწე გახლდათ და მრავალი სათნოება ჰქონდა მომუშაკებული, ამიტომაც ახალგაზრდამ მასთან დარჩენა გადაწყვიტა. მეზობელი კელიის ბერნი ხედავდნენ, რომ ახალგაზრდა მორჩილი თავისი სულიერი მამის დარად იღვწოდა და ურჩიეს ბერს, ცოტა ფრთხილად მოქცეოდა მორჩილს, შეემსუბუქებინა ღვაწლი. მოძღვარმა დაამშვიდა ისინი: "ნუ იდარდებთ, მამებო, მე ვიცი, ის რა კაციც არის".
მალე ახალგაზრდა ბერად აღიკვეცა და დანიელი უწოდეს. მან უმაღლეს სულიერ საზომს მიაღწია, იყო უბიწო როგორც სხეულით, ისე სულით და გონებით, ყოველთვის კეთილი გულისთქმები ჰქონდა და მის წმინდა გულში ქრისტე განისვენებდა.
ერთხელ სულიერმა მამა-შვილმა ღუმელი გაახურა ორცხობილების დასამზადებლად. სანამ დანიელი განსაკუთრებული საცეცხლურით (რომელსაც ტარი ხის ჰქონდა, თავი კი რკინისა) ღუმელში ნაკვერჩხალს ჩხრეკდა, მხურვალებისგან საცეცხლურის სახელური დაიწვა, რკინის თავი კი ნაკვერჩხლებში ჩარჩა. ბერმა, საქმე რომ არ შეჩერებულიყო, მოძღვარს მომხდარი შეატყობინა, მან კი უთხრა: მე რას მიყურებ, გამოისახე ჯვარი და ღუმელში შეძვერიო. მამა დანიელმა ჯვარი გამოისახა, შეძვრა ანთებულ ღუმელში, აიღო ხელში გავარვარებული რკინა და გამოიტანა ისე, რომ მცირედითაც არა დაწვია რა! მაგრამ მთავარი ის არის, ფიქრადაც არ მოსვლია, რომ უჩვეულო რამ ჩაიდინა.
ერთხელ კი მეზობელი ვლახთა კელიის ბერი გახდა ავად. მძიმე ტკივილებისას უმარილო კიტრის ჭამითღა იღებდა ნუგეშს. დადგა ზამთარი, ტკივილები განუახლდა. ბერი წმინდა პავლეს მონასტერში წავიდა - იქნებ კიტრის მწნილი მაინც ვიშოვო და შევიმსუბუქო ტკივილიო. სამწუხაროდ, ვერაფერი იშოვა. გუნებაწამხდარი სნეული აუყვა გზას, რომელიც წმინდა ანას სკიტიდან ჯვრამდე (კერასიის ტერიტორიაზეა) მიდიოდა. უეცრად მის წინაშე მამა დანიელი წარსდგა და მაშინ, როცა მის გარშემო კიტრის მწნილიც არავის ჰქონდა, მისცა შვიდიოდე ახალმოკრეფილი კიტრი და იმავე წამს განშორდა! ავადმყოფი ბერი დიდად განცვიფრდა და ადიდა ღმერთი. როგორც კი ეს კიტრები შეჭამა, სრულიად განიკურნა. აი, ამგვარად, მამა დანიელმა ძალზე შორეული თბილი ქვეყნიდან (მაშინ საბერძნეთში სათბურები არ არსებობდა) "მოიტანა" და ძმას გადასცა სიყვარული და ღვთის კურთხევა.
იმავე ვლახთა კელიაში მცხოვრები ბერი ერთხელ დიდი ყინვისას წმინდა ანას სკიტიდან შინ ბრუნდებოდა. უღელტეხილზე ფეხი შედგა თუ არა, საშინელი ქარბუქი ამოვარდა, იძულებული გახდა, თავი კლდის ნაპრალში შეეფარებინა, რადგან უკვე ბნელდებოდა და სკიტში ვეღარ დაბრუნდებოდა. გათოშილ ბერს კლდის ეხში მიეძინა. უეცრად იგრძნო, რომ ვიღაც მოეხვია და დასთბა. ხედავს, თურმე მამა დანიელს დიდი სიყვარულით მოუმწყვდევია ის მკლავებში. დილით ბერს გაეღვიძა ტკბილი სიზმრისგან და წამოდგა. ქარიშხალი ჩამდგარიყო, ამიტომაც წასვლა გადაწყვიტა და რას ხედავს - იქაურობა თოვლითაა დაბურული, მის გარშემო კი დაუდნია მამა დანიელისგან მომდინარე ღვთაებრივ სითბოს! გახარებული ბერი სულიერადაც გათბა და ღვთის დიდებით გაეშურა თავისი კელიისკენ. მამა დანიელი კი მოუკლებლად განხურდებოდა ღვთაებრივი სიყვარულით. მისი წმინდა ლოცვა შეგვეწიოს. ამინ.
მამა კოზმა (მევენახე) პანტოკრატორელი. მამა კოზმა (ერისკაცობაში კლეანთო) თრაკიაში, სოფელ ანგელოხორში დაიბადა 1897 წელს. ერში ყოფნისასაც მონაზვნურად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მაშინაც, ისევე როგორც შემდგომ მონასტერში, ვენახს უვლიდა. იქაც და მოგვიანებით ათონის მთაზეც მოყვასის სიყვარულს თესავდა და განუწყვეტლივ აგროვებდა ნაყოფს ქრისტესმიერი სიყვარულისა. უხვად გასცემდა მოწყალებას და ძირითადად მათ ეხმარებოდა, ვინც გაჭირვების გამო ქურდობას მისჩვეოდა. მოწყალების გაცემით მამა კოზმა ასეთ ადამიანებს ქურდობის და უფრო უარესი სასიკვდილო ცოდვათაგან იფარავდა...
ერთი კაცი მიყვებოდა, რომ ბავშვობაში მასთან ხილის საყიდლად გაგზავნეს, შემდეგ კი მაღაზიაში რაღაც უნდა შეეძინა. ვიდრე მებაღესთან მივიდოდა, გზაში ფული დაჰკარგოდა. ბიჭი ატირდა, მერე კი ფიქრი დაიწყო, ფული როგორ მოეპარა, რომ დედის სასჯელს გადარჩენოდა. კლეანთომ დაამშვიდა ბიჭი და ჰკითხა: გახსოვს, დედამ რამდენი მოგცა და რა უნდა გეყიდა? მახსოვსო, - უპასუხა ბიჭმა. მაშინ მებაღემ მას ხილიც მისცა და მაღაზიაში საჭირო ფულიც და გააფრთხილა, გულს ნუ გაიტეხ და შემდგომში უფრო ყურადღებით მოიქეციო.
დაახლოებით 1914 წელს მან დაუტევა ეს სოფელი, ღვიძლი ძმა, თავისი ბაღი და ღვთისმშობლის წილხვედრ ბაღში (ანუ ათონის მთაზე) მოვიდა, რათა აქ სულიერ ძმებთან ერთად ეღვაწა. 1915 წელს ბერად აღიკვეცა. 1924 წლამდე სტავრონიკიტას მონასტერში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც მონასტერი ახალ სტილზე გადავიდა, მან დაუტევა სავანე და პანტოკრატორის მონასტრის კუთვნილ ვენახში დასახლდა. ვენახი ახლოს იყო სტავრონიკიტას მონასტერთან. მამა კოზმა 1939 წლამდე ათონის სხვადასხვა სავანეში მოღვაწეობდა. როგორც ვთქვით, მამა კოზმას ძირითადი საქმიანობა მევენახეობა იყო, მთელ დღეს ფიზიკურ შრომასა და განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა, სრულებით არ ფიქრობდა თავის სხეულზე და მხოლოდ სული გახლდათ მისი ზრუნვის საგანი. ტანსაცმელი ტალახითა და ოფლით ჰქონდა დასვრილი. ისვენებდა კელიის კუთხეში ფლასზე, რომელზეც იმდენი მიწა ეყარა, თესლი რომ ჩაგეთესა, ამოვიდოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ასე თავდაუზოგავად შრომობდა და სულიერადაც დიდი მოშურნეობით იღვწოდა, ძალზე მწირი ტრაპეზი ჰქონდა: მწვანილი და ორცხობილა. ფულს, რომელსაც ვენახის დამუშავებაში უხდიდნენ მონასტერში, არ იღებდა - მამებო, ეგ ფული თქვენ გქონდეთ და მერე ერთად გამოგართმევთო. მამები ფიქრობდნენ, მამა კოზმა რომ მოხუცდება, ალბათ მაშინ გამოგვართმევს ფულსო, მაგრამ ბერი იმქვეყნიურ ცხოვრებას გულისხმობდა. მონასტრიდან მიცემულ საკვებს კაფსალაში მცხოვრებ ბერებს უნაწილებდა. თუ რომელიმე არ გამოართმევდა, შემდეგი სტუმრობისას ეტყოდა: - ნივთები მოგიტანე გასაყიდადო. საბოლოოდ კი ამ ყველაფერს თითქმის უფასოდ აძლევდა. ასე ამშვიდებდა ძმის სინდისსაც და ნავაჭრ ფულსაც უპოვართ უნაწილებდა. ამ ურთიერთობისას მამებისგან სულიერ რჩევებს ისმენდა და დიდ სარგებელს იღებდა. მამა კოზმას ნახავდით ყოველთვის ვაზის ძირში ჩახრილს, როცა სარეველას გლეჯდა, სულსაც განიწმენდდა მოუკლებელი ლოცვით და ცრემლთა დენით. მამა კოზმა შუა ტანისა გახლდათ და მზისგან გარუჯული, სახე კი ხშირად გამოუთქმელი ელვარებით უბრწყინავდა. ამას სხვებიც მეუბნებოდნენ და მეც მინახავს. ბოლო შეხვედრისას რაღაც ვკითხე, მას სახე ისე გაუბრწყინდა, რომ ლამის დამაბრმავა!
1970 წლის 13 აპრილს ანგელოხორის (რაც ბერძნულად ანგელოზთა სოფელს ნიშნავს, - კ.კ.) მკვიდრი მამა კოზმა ვითარცა ანგელოზი აღფრინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ათონიდან. მისი ლოცვა არ მოგვკლებოდეს. ამინ.
კონსტამონიტის იღუმენი მამა ფილარეტი. კონსტამონიტის მონასტრის ბერებს ალბათ ბევრი რამის მოყოლა შეეძლოთ თავიანთ წმინდა მამაზე, რომელთან ერთად მრავალი წელი იცხოვრეს. მეც, შორით მაყურებელს, ბევრი რამ მსმენია მასზე. უსამართლობა იქნება, არაფერი ვთქვათ ამ ღირს მამაზე, რომელიც თავისი სათნოებებით გამოირჩეოდა იმ დროის იღუმენებსა და მონაზვნებს შორის. ერთხელ, დაახლოებით 1950 წელს, კონსტამონიტის მონასტერს ვინმე ოფიცერი ესტუმრა. მამა ფილარეტმა შორიდანვე მოჰკრა თვალი, სახელით მოიხმო და მისსავე ცხოვრებისეულ სიძნელეებზე უამბო, რჩევა მისცა და დაამშვიდა. ოფიცერი დაიბნა, ბერის დაფარულთმცოდნეობამ მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კეთილმოკრძალებით უთხრა: - მამაო, როგორც კი სამსახურს თავს დავანებებ, მაშინვე ბერად აღვიკვეცებიო. რაზეც მამა ფილარეტმა უპასუხა: "აღიკვეცე ბერად, ჩემო შვილო, ოღონდ სხვა მონასტერში". თანაც გააფრთხილა, - სამი წლის შემდეგ დიდი განსაცდელი მოგელისო. მართლაც ყველაფერი აცხადდა. ბერად შემდგარი ნაოფიცრალი მამა ანანია ყოველთვე მოდიოდა წმინდა მამასთან სულიერი რჩევებისთვის. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას ბერს მამა ფილარეტი კელიის კუთხეში მიმჯდარი და თავჩაქინდრული დახვდა. თანაგრძნობით მოეხვია და ჰკითხა: - რა მოხდა, მამაო? მოძღვარმა კი მწუხარე ხმით უპასუხა: - შვილო ჩემო ანანია, ღმერთმა მიმატოვა. მე დღეს ერთი განსაცდელიც კი არ მქონიაო! ქრისტეს მეომარს სურდა, განსაცდელთა წინააღმდეგ ყოველდღე ებრძოლა, რათა ქრისტეს მიერ მუდამ შემკულიყო გვირგვინით.
ერთხელ მამა ფილარეტმა ერთ ერისკაცს უთხრა: "ეჰ, შე საცოდავო, ექიმებთან სიარულში ტყუილად დახარჯე ფული, შენ ხორციელი სნეულება კი არა, ეშმაკი გტანჯავსო". მან ლოცვა სთხოვა მოძღვარს, რაზეც მამა ფილარეტმა უპასუხა: - შვილო, მე კი ვილოცებ, მაგრამ შენც უნდა იმარხულო, რადგან ქრისტემ ბრძანა, - ეშმაკი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით გამოდის კაცისგანო. საცოდავი დაემორჩილა მოძღვარს და მარხვითა და წმინდა მამის ლოცვით განიკურნა.
სიცოცხლის ბოლოს მამა ფილარეტი ისე წარემატა სულიერად, რომ ხედავდა არა მარტო ადამიანთა სულებს და გულისთქმებს, არამედ იმასაც კი, ჯიბეში რა ჰქონდათ.
ერთხელ კონსტამონიტის მონასტერში ერთი ღვთისმსახური მივიდა - მამა ფილარეტისაგან რჩევისა და კურთხევის აღება სურდა. თანაც ათონის მთაზე დარჩენა უნდოდა. მამა ფილარეტმა უპასუხა შეკითხვებზე, იმაზეც კი, რომელიც ჯერ არ დაესვა. ურჩია, რა ექნა იმ ფულისთვის (რაოდენობა დაუსახელა), ჯიბეში რომ ჰქონდა! ღვთისმსახური განაცვიფრა მამა ფილარეტის ნათელმხილველობამ. ადიდებდა ღმერთს, რომ ღირსჰყო სცნობოდა ეს წმინდა მამა.
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კარიბჭე" ##16-18)