არქიმანდრიტი იოანიკე, "ათონური პატერიკი"
სიტყვა მაცხოვნებელ სინანულზე
რათა ჭეშმარიტად ნეტარი სული მონაზონი მაკარი
გრიგორიატელისა, დავიწყებას არ მიეცეს, ჩვენ მას სამზეოზე გამოვიყვანთ, რომელსაც ერთი მხრივ, ღვთის საკვირველი განგებულება აკურთხებს და მეორე მხრივ, მისი საკვირველი სინანული. სიტყვა მაცხოვნებელ სინანულზე
ღირსსახსოვარი მამა მაკარი ჩემი ხშირი სტუმრობისას გავიცანი წმინდა გრიგოლის მონატერში - ის სასტუმროში არქონდარიკის მოვალეობას ასრულებდა. დრამატული იყო მისი თავგადასავალი! დიდი ფათერაკები გამოიარა და ბედნიერი და მაცხოვნებელი დასასრული ჰქონდა.
მამა მაკარი ათონის მთაზე 1922 წელს მოვიდა. ის მონაზვნად აღკვეცეს მამა გიორგის იღუმენობისას. ავად გახდა და კურთხევა აიღო, თესალონიკში წასულიყო სამკურნალოდ. ახალგაზრდა და ბოროტის მზაკვრობაში გამოუცდელი მამა მაკარი დაჰყვა დედის თხოვნას და ათენში ჩავიდა. იქ ვერ მიხვდა თავის სულიერ უძლურებას და გამოუცდელობას, ასევე მრავალ საფრთხეს, რომელიც შეემთხვევა ერში მყოფ მონაზონს, ნელ-ნელა დაუთმო და იქამდე მივიდა, რომ უარი თქვა მონაზვნობაზე, გაიძრო მონაზვნის სამოსი, დაქორწინდა, ერთი შვილიც გაუჩნდა.
მონაზონ მაკარის ერში ცხოვრების ცხრა წელი აღსავსე იყო მწუხარებით, სიმწარით და შფოთით. მიუხედავად სიმდიდრისა და გარეგნული კეთილდღეობისა, ვერსად ემალებოდა სინდისის მხილებას. ერთხელ, თავისი ოთხი წლის ვაჟის თვალწინ პერანგი გაიძრო და შვილის გაოცებული ხმა მოემა: "მამიკო, მეც მინდა მეწეროს ასეთი წითელი ასოები, როგორიც შენ გაქვს". რა მოხდა? ბავშვმა თავისი უმანკო თვალებით მამის მკერდზე დაინახა მონაზვნური სქემის აღუხოცავი ასოები (ბერძნულ სქემაზე ასოები წითლად წერია, - კ.კ.). რამეთუ მონაზვნური სქემა და აღკვეცა - ეს გამოურეცხავი ბეჭედია. მამა მაკარი შეძრა ამან. გადაწყვიტა, რაოდენ მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო, თავისი სინანულის მონასტერში (ანუ სადაც თავდაპირველად მივიდა, - კ.კ.) დაბრუნებულიყო.
მთაწმინდაზე ის 1934 წლის ივნისში მოვიდა. ახალმა იღუმენმა, მამა ათანასემ, სათნოებათა ატოტვილმა მუხამ ის კარეესში გაგზავნა მოძღვარ მამა დოროთესთან. სადაც მან სამწელიწადნახევარი დაჰყო. ვის შეუძლია აღწეროს მის მიერ გაწეული ღვაწლი, სინანული და გულმოდგინება, მონასტერში დაბრუნების შემდეგ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას! ძალზე მკაცრად იღვწოდა მამა მაკარი. მან მონასტრის ბაღში ათი კედელი აღმართა ტერასებისთვის, თავისი კიბეებით: კლდე მოანგრია, ამომშრალი კალაპოტი მიწით ამოავსო და ზედ ვაზი, ზეთისხილისა და ფორთოხლის ხეები დარგო. ის ყოველთვის ცოტას საუბრობდა, მუდამ ფიქრებში ჩაფლული ხშირად ოხრავდა და არასოდეს იცინოდა. ხშირად იჯდა თავჩაღუნული და ამბობდა: "ვაიმე!" დაბრუნების შემდეგ ათონზე ორმოცი წელი იცხოვრა - ორმოცი წელი ღრმა სინანულსა და გულის შემუსვრილებაში! უფალმა ღირსყო მშვიდი, უშფოთველი, ურცხვენელი ქრისტიანული აღსასრულისა... ავად გახდა და თესალონიკში გაგზავნეს სამკურნალოდ, გზაში მანქანაში გარდაიცვალა, მძღოლმა მისი სიკვდილი ამ დროს უცებ დატრიალებულ კეთილსურნელებით შეიტყო.
ათონზე ჩვენ მოწმე გახლდით ამასწინანდელი დიდი ხანძრისა, რომელმაც დაახლოებით ათონის ნახევარკუნძულზე ტყეების მესამედი გაანადგურა. მე შევიტყვე და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე გადამემოწმებინა ეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ეს დამაქცეველი ხანძარი ღირს ნილოს მირონმდინარის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები, სხვათა შორის, ისიც, რომ თოთხმეტი დღე გაგრძელდებოდა.
ათონის მხცოვანმა მამებმა ეს ხანძარი მინიშნებად ჩათვალეს, რამდენადაც ეს ხანგრძლივად, მრავალი დღის მანძილზე მძვინვარებდა და მის ჩაქრობაში არა მხოლოდ მონაზვნები, მეხანძრეები და საინჟინრო ტექნიკით შეიარაღებული არმია მონაწილეობდნენ. მიუხედავად ლოცვებისა და ლიტანიობისა, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ საბერძნეთში წვიმდა, ათონზე წვიმის ერთი წვეთიც კი არ ჩამოვარდნილა, ამასთან, გრიგალი აძლიერებდა აბობოქრებულ სტიქიას.
პატივცემული მამები ამტკიცებდნენ, რომ წარსულში, როცა სადმე ხანძარი მოხდებოდა, წმინდა ნაწილებით ლიტანიობას მოაწყობდნენ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნითა და შუამდგომლობით, ხანძარს ან წვიმა აქრობდა, ანდა შემხვედრი ძლიერი ქარი და იხსენებდნენ მთწმინდის სხვადასხვა რაიონში მომხდარ ხანძარს. ამ შემთხვევაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, მთაწმინდის მფარველმა, თავისი ბაღი დაუთმო ამ გამძვინვარებულ ცეცხლის სტიქიონს?
ეს კითხვა უპასუხოდ დარჩებოდა, რომ არ მოგვენახულებინა მხცოვანი მამები, რომლებიც უცოდინარნი არიან ერისკაცული გაგებით, მაგრამ ღვთისგან გახლავან გონებაგანათლებულნი. მათ გვითხრეს: - ზოგიერთი ამბობს, რომ ეს განსაცდელია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ სასჯელია გონს მოსაყვანად. ჩვენ შევცოდეთ, მივეცით უსჯულოებას, შეურაცხვყავით მონაზვნის ხარისხი და ამიტომაც ცრემლები, გულშემუსვრილება და სინანული გვჭირდება.
სხვებმა თქვეს, რომ ხანძარი მაცნეა მომავალი საშინელი მოვლენებისა.
ძლიერი გვალვისას ბერდიდმა თქვა:
- თუ მუხლებზე არ დავემხობით, ვნების შვიდეულში არ ვიტირებთ და შევინანებთ, ღმერთი თავის რისხვას არ შეწყვეტს.
სიტყვა სიკვდილის ხსოვნაზე
XVII საუკუნეში წმინდა ანას სკიტის ჩრდილოეთ მხარეს, ბოლოში, უწყლო კალივაში, მეუდაბნოე დამასკინის სიკვდილის შემდეგ მოსაგრეობდა ბერდიდი ხარლამპე. იგი გახლდათ ქრისტეს მხნე მხედარი და დაუძინებელი მომმუშაკებელი სიკვდილის ხსოვნისა. ყოველდღე მწუხრის შემდეგ ის მიცვალებულების საკაცეზე (რომლითაც გადაასვენებენ გარდაცვლილს ათონზე, - კ.კ.) წვებოდა, თავქვეშ ქვას ამოიდებდა, გულზე ხელებს დაიკრეფდა და ამბობდა: "ამ ქვეყნად აღარ არის მამა ხარლამპე. ის მოკვდა და თავისი უბედობით მეტად ვეღარ შეგვაწუხებს. იტყვიან მამები, - დაე, ღმერთმა შეუნდოს მის სულს. მაგრამ შე საცოდავო, ახლა რაღას იზამ? როგორ წარსდგები სამსჯავროს წინაშე... თუ მართალი ძლივსა ცხონდება, მაშინ უბედურს და ცოდვილს რაღა მოუვა?ამას და ამგვარ სიტყვებს წარმოთქვამდა ბერდიდი ყოველდღიურად და განუწყვეტლივ ტიროდა. ამგვარად, ის მღვიძარებდა გათენებამდე, ვიდრე ბოლოს არ ეტყოდა საკუთარ თავს: ეკლესიაში შევუვრდეთ და თაყვანისვცეთ ჩვენს ღმერთს... ამ სიტყვებით ის თავის ფეხებს, ხელებს, ყურებს, გონებასა და სულის ძალას ღვთის თაყვანისცემისთვის, უფლისადმი ხოტბის შესხმასა და მადლიერების გამოსახატავად განაწყობდა.