სტანისლავ სენკინი
დასასრული
ფრთხილად ჩავაწვინე გეორგიოსის ცხედარი ორჩხომელში
, რომელიც ნაპირზე კარგად მივამაგრე, მერე ვემთხვიე წმინდა ხელს, გვერდით, მარცხენა მხარეს დავდე. ჩვენი კონტრაბანდისტული ორჩხომელის ფიცარნაგზე ქვებისგან გარდაცვლილი გეორგიოსის სახელი დავწერე და ასევე თხოვნაც, რომ ათონზე მისთვის, ცოდვლისთვის, ელოცათ. შემდეგ უკანასკნელად შევხედე ამ საცოდავ სანახაობას, რომელსაც ანათებდა ღრუბლებიდან გამოსული მთვარე და ჩრდილოეთით გავიქეცი. დასასრული
ჩვენს სოფელში ბევრს გაუხარდა გეორგიოსის სიკვდილი, ყველამ შეიტყო, რომ იოანე ნათლისმცემლის ხელის მოპარვა უნდოდა და გმობდნენ მას, როგორც უღმერთოსა და ქურდს. ჩვენ, როგორც მისმა უახლოესმა მეგობრებმა, ასევე ჩვენი წილი საზოგადოებრივი გაკიცხვა დავიმსახურეთ. ჩვენი დანაშაულებრივი საქმიანობა თანდათანობით შემცირდა და ბოლოს შეწყდა. დედაჩემმაც, ბოლოს და ბოლოს, ღვთისადმი შეწირულ ლოცვებზე მიიღო პასუხი - ის ხედავდა, რომ მე უფრო რელიგიური გავხდი და დავუტევე დანაშაულებრივი ჩვევები. მან წერილი მისწერა კიდეც თავის ძმას, ნიკოსს, სალონიკში, სადაც მას პურის საცხობი და საფუნთუშე ჰქონდა გახსნილი და ჩემი დახმარება სთხოვა. ის დახმარებას დაჰპირდა, თუ მე რეგულარულად ვივლიდი ტაძარში და ხულიგნობას თავს დავანებებდი.
მე აღთქმა მივეცი და ახლა მის დაცვას ვცდილობ - ჩემი ცხოვრება ქრისტიანული ღვთისმოსაობის პრინციპებზე ავაგე. რეგულარულად ვამბობ აღსარებას და ვეზიარები წმინდა საიდუმლოს.
განსაკუთრებულ პატივს მივაგებ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც თავისი ხელით ცოდვის ჭაობიდან ამომათრია. გეორგიოსისათვის ასევე ვლოცულობ და მისი საცოდავი სულის განსვენებისთვის მოწყალებას გავცემ. მე რატომღაც მგონია, რომ ის ოდესღაც მშვიდობას ჰპოვებს ცათა შინა.
ბიძაჩემ ნიკოსთან წასვლის წინ მოვახერხე საბრალო ლარისას გავსაუბრებოდი. ის ხვდებოდა, რის გამოც დაიღუპა გეორგიოსი და მწუხარებისაგან ადგილს ვეღარ პოულობდა.
მან ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა, თუ რა თქვა გეორგიოსმა თავისი არცთუ კარგი აღსასრულის წინ.
- ასე გიპასუხებ, ლარისა, - ის ქრისტიანად მოკვდა მთაწმინდაზე. გეორგიოსმა იცოდა, რომ დამსახურებულად მიიღო სიკვდილი და მხოლოდ იმას სთხოვდა უფალს, რომ ჯოჯოხეთის საუკუნო სატანჯველისგან დაეხსნა. ის შეიძლება ცხონდეს, თუ ჩვენ ყველანი - მისთვის გულმოდგინედ ვილოცებთ.
გოგონამ არაფერი მიპასუხა, მხოლოდ მთხოვა, ამის შესახებ არავისთვის არაფერი მეთქვა, არ გამემჟღავნებინა, რომ ამ საქმეში ბიძამისი იყო გარეული, გაისწორა თმა და დამწუხრებული გაუდგა ზღვის პირს, რომლის ტალღებიც გამალებით ეხეთქებოდნენ ნაპირს. როგორც შემდგომ ამბობდნენ სოფელში, ის ბიძამისს ამერიკაში გაექცა თავისუფლებისა და უკეთესი ხვედრის საძიებლად. ხშირად ვფიქრობ მასზე, არავინ იცის, რა მოუვიდა. იმედი მაქვს, რომ თავისი მოწოდება და ბედნიერება იპოვა.
მოხუც პეტროსს მეტად აღარ უცდია წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელის მოპარვა და ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში. ახალი მდიდრული სახლი ძმისშვილის გარეშე და საშინელი სიკვდილის წინასწარმეტყველება ჯოჯოხეთად შეექმნა.
ერთხელაც, უეცრად, მის სახლს შუაღამისას ცეცხლი გაუჩნდა. ის სოფლის განაპირას იდგა და ამიტომ თანასოფლელებმა დროზე ვერ მოასწრეს დასახმარებლად მისვლა. პატრონი სახლში ჩაიწვა და სამარეში წაიღო ჩვენი მხარის მოსახლეობის სავალო ხელწერილები.
შესაძლოა, ეს ფაქტი მრავალმოწყალე უფალმა მას ნებაყოფლობით გაცემულ მოწყალებაში ჩაუთვალოს და იქნებ ოდესმე სიმშვიდე ჰპოვოს ზენაარსის ტახტის წინაშე...
შაოლინი ათონის წინააღმდეგ
ჟაკ-პიერი თავგადასავლების მაძიებელი იყო. ჩვენი გმირი ბავშვობაში კითხულობდა მაინ რიდს და ჟიულ ვერნის. ამ წიგნების გმირთა განსაცდელებმა გაიტაცა მისი ბავშვური გონება და რეალობაში მსგავსი რამის განცდისაკენ უბიძგებდა. მაგრამ სინამდვილე უფრო პროზაული და მოსაწყენი იყო. მეოცნებე გაიზარდა, სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა და ზღაპარი ისევ წიგნის გისოსებს მიღმა დარჩა. უნივერსიტეტში ჩინური ფილოსოფიის ლექციების კურსს კითხულობდა და მთელ თავისუფალ დროს ყველანაირი ლეგენდების კითხვას ანდომებდა და ასლებს აკეთებდა ძველ ხელნაწერებთან ერთად. შვებულების დროს ექსპედიციებში მიდიოდა: ორჯერ გაემგზავრა ნისლიან ალბიონზე გრაალის თასის საძიებლად, სომხეთში ნოეს კიდობანს ეძებდა, მიმოიფრინა მთელი სინას ნახევარკუნძული და ეძებდა თითქოსდა უცხოპლანეტელების მიერ დედამიწელთათვის დატოვებულ ნივთებს. მექსიკაში, იუტაკანში, ფეხი მოიტეხა, ჰიმალაიში ციება შეეყარა, სამხრეთ აფრიკაში ველურებმა გაძარცვეს, რუსეთის სოფელში ჯაშუშად მონათლეს და სასტიკად სცემეს მთვრალმა სოფლელებმა. იაპონიაში სუძუკის სკოლაში სწავლობდა ძენ-ბუდიზმს, ფოტო გადაუღო თოვლის კაცს, სახელგანთქმულ მფრინავ ჰოლანდიელს ეძებდა წყნარ ოკეანეში, აღდგომის კუნძულზე სწავლობდა ქვის ქანდაკებათა საიდუმლოს. ღამეს ათევდა სთოუნჰენჯის ნანგრევებში და დრუიდების ენის გაგებას ცდილობდა. მომთაბარეობდა ავსტრალიელ აბორიგენებთან ერთად და ერთხელ კინაღამ შხამიანმა ტაიპანმა უკბინა. ბუდისტური ტაძრის ნანგრევებში მაიმუნები დაესხნენ თავს. პირენეებში მღვიმეებში დაძვრებოდა, ნეპალში შერპების ლეგენდებს იწერდა, ეგვიპტეში სამილების საიდუმლოს ამოხსნას ცდილობდა. მაალბეკში ბაალის საკერპოს ადგილიდან მიწის გრუნტი აიღო გამოსაკვლევად, ყოველგვარ შესაძლო ავანტიურაში მონაწილეობდა, მისი გული არ ცხრებოდა - პირიქით, მისი ზღაპრის დამსხვრეული კერპები უფრო და უფრო ილუზია ხდებოდა, მაგრამ ეს ცნობისმოყვარე პარიზელისთვის ძალზე ცოტა იყო. მას ბევრი სწყუროდა, ზემოხსნებულ საიდუმლოებაში გაწვრთნილი ჟან-პიერი დეპრესიაში ჩავარდა. სერიოზულად თუ ვიტყვით, ყველა ამ საიდუმლოში არის შეგნებული თუ შეუგნებელი მისტიფიკაციის ელემეტები. უცებ მან იგრძნო, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რაღაც უნდა შეცვლილიყო და დასახმარებლად ფსიქოანალიტიკოსს მიმართა. მან, დახმარების ნაცვლად, მამის საწინააღმდეგოდ განაწყო ჟან-პიერი. მან სასოწარკვეთის ზღვარს მიაღწია და აი უცებ, ის ბედმა შეიწყალა და გამოსავალი აპოვნინა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში