***
წმინდა არსენი დიდზე ამბობდა მამა დანიელი: ამდენ ხანს დაჰყო ჩვენთან და ვერ შევძელით მიგვებაძა მისეული ცხოვრებისათვის. შაბათს, მწუხრზე, მზეს ზურგს შეაქცევდა, პირით აღმოსავლეთით დადგებოდა. აღაპყრობდა ხელებს ზეცად და ლოცულობდა, ვიდრემდის კვლავ მის წინ მზე არ ამოვიდოდა. ***
ერთი ძმა სენაკში იყო დამკვიდრებული. ოცი წელი დღე და ღამე წიგნებს კითხულობდა. ერთ დღეს აიღო თავისი ტოპრაკი და უშინაგანეს უდაბნოში შევიდა. გზად შეხვდა მამა ისააკს. სად მიხვალ, შვილოო. მამაო, ოცი წელია, წიგნებს ვკითხულობ, ამიერიდან მინდა ვაკეთო ის, რაც წიგნებში წამიკითხავსო. ბერმა დალოცა და გაუშვა. ***
მამა თეოდორემ და მამა ლუკამ უდაბნოში 50 წელი დაჰყვეს. გულისსიტყვა და უთმინოების ეშმაკი აჭირვებდა მათ, ამ ადგილის დატოვებას ეტყოდა. ისინი კი ამბობდნენ: ზამთრის შემდეგ წავიდეთ აქედანო. გაივლიდა ზამთარი, მოიწეოდა მკათათვე. იტყოდნენ, მომკის შემდეგ დავტოვოთ აქაურობაო. მკისKჟამს კი წასვლას შემდეგი წლისთვის გადადებდნენ და ასე მოთმინებით იცხოვრეს 50 წელი ერთ ადგილას. ***
მამა კაპიტონი ადრე ავაზაკი იყო და გამოცდილი მონაზონი შეიქმნა, - ყვება მეუფე პალადი, - მან 50 წელი იცხოვრა მღვიმეში, ქალაქიდან 4 მილის დაშორებით. არასოდეს დაუტოვებია იქაურობა, ნილოსთანაც კი არ ჩასულა. ამბობდა, ჯერ კიდევ არ შემიძლია ადამიანებთან შეხვედრა, რადგან მტერი ისევ მებრძვისო.