ერთხელაც მარჯვე დრო იხელთა, თავისი ბარბაროსი ბატონი თავში ქვის ჩარტყმით გამოასალმა სიცოცხლეს და ტყვეობიდან კვლავ გამოიქცა...
და როცა ჩვეულ ბერულ ყოფას დაუბრუნდა, წუხილი იწყო ჩადენილის გამო და ალექსანდრიას მიაშურა, აღსარება უთხრა მთავარეპისკოპოს ტიმოთეს და ყოველივე აუწყა, რაც თავს გადახდა...
მღვდელმთავარმა საქციელი არ მოუწოდა და უთხრა: - ჯობდა, ღმერთს მინდობოდი, თუ ორჯერ გიხსნა ტყვეობიდან, განა მესამედ მიგატოვებდა?! თუმცა, მკვლელობა არ ჩაგიდენია, რადგან კაცი კი არა, მხეცი მოგიკლავსო!..
ამბა დანიელი პასუხმა არ დააკმაყოფილა, რომს გაემგზავრა, პაპის წინაშე აღიარა, რაც ჩაიდინა. იგივე პასუხი მიიღო...
დანიელი ალექსანდრიას დაუბრუნდა და დრტვინვით შეპყრობილმა საკუთარ თავს ასე უთხრა: - ,,მკვლელი დანიელი დაე, თავადაც მოკვდეს!" მაშინვე სამსჯავროზე - პრეტორიაში გამოცხადდა და სამოქალაქო ხელისუფალთ ამ სიტყვებით ჩაბარდა: - ,ერთ კაცთან უთანხმოება მომივიდა, განრისხებულმა ქვა ჩავარტყი თავში, მოვკალი, ამიტომ გთხოვთ, გამასამართლოთ, დაე, ჩადენილი მკვლელობისათვის მეც მოვკვდე, რომ დროებითმა სასჯელმა მარადიული სატანჯველი ამარიდოსო...
ბერი საპყრობილეში შთააგდეს, ოცდაათი დღის შემდგომ კი მთავარს წარუდგინეს, რომელმაც დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველივე და მისი მსჯელობით გაოცებულმა უთხრა: - წადი, მამაო, საპყრობილეში არაფერი გესაქმება და ღმერთს ევედრე ჩემთვის! შენ მიერ ჩადენილის გამო კი გეტყვი: - ძალზე ვწუხვარ, რომ ერთი მოგიკლავს და არა ექვსიო!
მაშინ მოძღვარმა გულში თქვა: - ვსასოებ ჩემს კაცთმოყვარე ღმერთს, რომ მომეტევება ჩემ მიერ ჩადენილი მკვლელობა... ამიერიდან აღთქმას ვდებ ჩემი უფლის წინაშე, რომ ამ მკვლელობისთვის ცხოვრების ბოლომდე კეთროვან კაცს ვემსახურები, ხოლო თუ ის გარდაიცვლება, ეგვიპტეში წავალ და სხვა კეთროვანს მოვიყვან",
და აღთქმა შეასრულა... სკიტში მცხოვრებ ბერთაგან არავინ იცოდა, რომ ღირს დანიელს სენაკში კეთროვანი ჰყავდა, რადგან ის სენაკის შიდა ნაწილში იმყოფებოდა, მაგრამ ერთხელ, როცა ამბა დანიელმა, ჩვეულებისამებრ, მოწაფეს სატრაპეზოდ მოუწოდა, ღვთის განგებულებით ისე მოხდა, რომ სენაკის შიდა კარის დახურვა დაავიწყდა და მორჩილმა დაინახა, თუ როგორ ემსახურებოდა იგი კეთროვანს... იმ საბრალოს მთელი სხეული საზარელ წყლულთაგან დალპობოდა და ხელებიც კი აღარ ჰქონდა, ამიტომ ამბა დანიელი საზრდოს თავისი ხელით უდებდა პირში, საცოდავს კი დაღეჭვა და ჭამაც აღარ შეეძლო, რადგან პირიც დალპობოდა და რასაც კეთროვანი ვერ ჭამდა, იმას თავად ბერი იხმევდა...
მოძღვრის ამ საკვირველი ღვაწლის ხილვამ დიდად გააოცა მოწაფე, რომელმაც ადიდა დანიელისათვის ესოდენი მოთმინების მიმმადლებელი ღმერთი...
***
ერთ ქალაქში მავნე ჭაბუკი ცხოვრობდა. მისი მთავარი საქმიანობა საფლავთა და გარდაცვლილთა ძარცვა იყო...ერთხელაც მის გულს საღმრთო მადლი შეეხო და ჭაბუკი შეძრწუნდა თავის ბოროტ საქმეთა გამო, გაიხსენა ღვთის სამსჯავრო და განიზრახა, დარჩენილი წუთისოფელი სინანულსა და მორჩილებაში გაეტარებინა...
იგი იმ გამოქვაბულში მივიდა, სადაც მის მიერ განზარცვული მიცვალებულები ესვენა და მწარედ ტიროდა: - იმდენად თავზარდაცემული იყო თვისი ცოდვებით, რომ ღვთის სახელის ხსენებასაც ვერ ბედავდა, შემდეგ კი ერთ მღვიმეში განმარტოვდა, მაგრამ სწორედ აქ დაუწყო ბოროტმა სულმა სასტიკი ბრძოლა: - განმხოლოებიდან ერთი კვირის შემდეგ დემონთა ჯგროები შემოეხვივნენ და გაჰყვიროდნენ: - ,,სად არის ეს ბილწი და უწმინდური?! ცოდვებით გაძღა და ახლა მოუნდა, კეთილმსახურად და უმანკოდ გამოაჩინოს თავი?! ნუთუ გგონია, რომ ამდენი ბოროტების ჩამდენს შეგიწყალებენ? აბა, საჩქაროდ დატოვე აქაურობა და უწინდელ საქმეს მიუბრუნდი! ნაქურდლის გამსაღებლები და მეძავები უკვე გელიან! რატომ არ მიდიხარ შენი საძაგელი სურვილების ასასრულებლად? იცოდე, რომც არ წახვიდე, ჩვენსას მაინც ავიღებთ, შენ მაინც ჩვენი ხარ, ან რად ითანგავ თავს? ნუთუ გგონია, რომ შენ, შეჩვენებული, სასჯელს ასცდები? შენ ჩვენი ხარ და აღარაფერი გეშველება, ყველაფრით ჩვენი მონა ხარ! განა, გაბედავ რამე მოგვიგო?!"
მაგრამ ღვთის შეწევნით განმტკიცებული და გაძლიერებული ჭაბუკი პასუხს არ აძლევდა დემონებს, სწამდა, რომ უფალი უსაზღვროდ მოწყალეა მონანული ცოდვილებისადმი...
კიდევ დიდხანს სტანჯავდნენ დემონები გამოქვაბულში განმარტოებულს, უყვიროდნენ და აშინებდნენ, მაგრამ რაკი ხედავდნენ, რომ ამ გზით ვერ იმორჩილებდნენ, ღვთის დაშვებით, მის სხეულსაც დაუწყეს ტანჯვა: - ბევრჯერ ისე სასტიკად ჰგვემეს, რომ ცოცხალ-მკვდარმა ჭაბუკმა ძლივს მოიბრუნა სული...
ზოგჯერ ისეც იყო, რომ ჭაბუკს განძრევაც კი აღარ შეეძლო...
გამოქვაბულში ცხოვრების მანძილზე ახლობლები ყველგან დაეძებდნენ და როცა იპოვეს, ჰკითხეს, - აქ რამ მოგიყვანაო. და რაკი მისი განზრახვის შესახებ არა იცოდნენ რა, არწმუნებდნენ, - შინ დაბრუნდიო, მაგრამ ამაოდ...
დემონები კვლავ განაგრძობდნენ მის ტანჯვას, ახლობლები კი ხშირად აკითხავდნენ, ევედრებოდნენ, შინ დაბრუნებულიყო, პასუხად კი იღებდნენ: - ,არა, სჯობს, აქ მოვკვდე, ვიდრე ერში მომაკვდინებელ ცოდვათა ჩასადენად დავბრუნდეო და რამდენსაც არ ჩააგონებდნენ, ჭაბუკი თავისას მტკიცედ იცავდა და ახლობლებმაც თავი ანებეს...
მათი წასვლის შემდგომ დემონები კვლავ დაესხნენ თავს და კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს, სამაგიეროდ, ეს მათი უკანასკნელი შემოტევა იყო, - დაინახეს რა, რომ ჭაბუკი კლდესავით შეუვალია და მოთმინებით, მხნედ და უდრტვინველად იტანს მათ შემოტევებს, მწარე ღაღადით განშორდნენ: - ღვთის მადლითა და მოთმინებით დაგვამარცხეო...
შემდგომ ამისა ჭაბუკს არასდროს უწვნევია ბოროტ სულთა თავდასხმა, სიკვდილამდე გამოქვაბულში ცხოვრობდა, საიდანაც მხოლოდ მახლობელ ეკლესიაში გადიოდა წირვა-ლოცვაზე და საზიარებლად და ასე ინანიებდა ცოდვებს...