სტანისლავ სენკინი
მოპარული სიწმინდე
გაგრძელება
ერთი კვირის შემდეგ ძველი სათევზაო ოჩხომელით გავცურეთ
, რომლითაც ჩვეულებისამებრ კონტრაბანდა გადაგვქონდა ხოლმე. ზღვა გასაოცრად მშვიდი იყო და მთვარეც თავზე დაგვყურებდა - ქურდებს გზას გვინათებდა. დიონისიატი თითქმის ათონის ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარეობს, ცოტათი ამაღლებულ ადგილას. გული გველეოდა ღვთის სასჯელის შიშით, რომელიც, როგორც ზოგი ამბობს, არაერთხელ მოსწევია სიწმინდეთმკრეხელებს. მიუხედავად უბედური ხვედრისა, ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ მორწმუნე ოჯახებში, დედის რძესთან ერთად შევითვისეთ მართლმადიდებლური სიწმინდეები. ბავშვობაში მღვდლები გვაშინებდნენ ღვთის რისხვის სხვადასხვა რეალური ამბებით და ჩვენც კი, კონტრაბანდისტები, ზღვაში გასვლის წინ ყოველთვის სანთელს ვუნთებდით წმინდა ნიკოლოზს. გაგრძელება
არსებობს ჩადენილი საქციელი, რომელსაც ვერ გამოასწორებ და ჩვენ მშვენივრად ვხვდებოდით, რომ ახლა სწორედ ასეთი რამის ჩადენას ვაპირებდით. მაგრამ ქურდობის ვარსკვლავს შურისმიგებისკენ მივყავდით, რომელსაც ვერ გაექცევა დედამიწაზე ვერც ერთი დამნაშავე.
ქურდობის გეგმა საქმის ცოდნით, პროფესიონალურად შევადგინეთ, თუკი შეიძლება ქურდობას პროფესია ვუწოდოთ. პეტროსმა დიონისეს მონასტრის სრული გეგმა მოგვცა, რომელშიც შეღწევა ძნელი იყო, მაგრამ არა შეუძლებელი.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელი პატარა ტაძარში - პარაკლისში ინახებოდა, საჭირო იყო რამდენიმე კარი გაგვეღო და გვეპოვა ლუსკუმა, სადაც იყო ჩასვენებული თვით უფლის ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები და ბოლოს ყველაზე რთული საქმე - უნდა გვეძლია საკუთარი შიში და შესაძლოა, საკუთარ თავზეც გაგვემარჯვა.
მივადექით წმინდა ნაპირს, არა როგორც ღვთისმოშიში მომლოცველნი, არამედ უწმინდური ქურდები, რომელთაც განზრახული აქვთ ამ უძველესი მონასტრის ყველაზე პატივმიგებული სიწმინდის მოპარვა. გეორგიოსი შემოდგომის ფოთოლივითა თრთოდა, ეს კი ისე უჩვეულო საქციელი იყო მისთვის, რომ მეც ცუდად გავხდი. მით უმეტეს, რომ სხვა რაღაცაც ვიცოდი. გუშინ პეტროსის სახლთან მიმალულმა ძმისშვილთან მისი საუბარი გავიგონე. ის მას არწმუნებდა, რომ აღარ ეფიქრა გეორგიოსთან დაქორწინებაზე.
- მასთან ერთად როგორ იცხოვრებ? ზღვაზე დაეხეტება და იარაღს ყიდის. დიდი ხანია, ციხე ელის.
როცა ამის მოყოლა გეორგიოსისთვის ვცადე, გამძვინვარებულმა შემომხედა. მას არათუ არ სურდა პეტროსის მზაკვრობის გაგება, არამედ მარწმუნებდა, რომ მევახშის მოტყუების ნებას არ მისცემდა. მიუხედავად ამისა, რაღაც უცნაურ სევდას ვგრძნობდი, გული ცუდს მიგრძნობდა.
დიონისიატის მონასტერი თითქმის არაფრით განსხვავდებოდა, მთაწმინდის სხვა სავანეებისგან - კვადრატის ფორმის უზარმაზარი კედლები, შიდა ეზო თავის კატოლიკონით - საკრებულო ტაძრით. მთავარი პორტა (კარი) პრაქტიკულად შეუვალი იყო, უზარმაზარი თუჯის კლიტე, არათუ ორ პატარა ქურდს, მცირე არმიასაც გაუძლებდა. თანაც კარებს იქით, მეკარეს უნდა ეფხიზლა. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ და კაუჭებით და თოკებით ავძვერით და ფანჯარა გავაღეთ, შევედით შიგნით და მივაღწიეთ პარაკლისამდე. ჩვენ გამოცდილი ქურდები ვიყავით და ძალზე ადვილად გავაღეთ დანარჩენი კლიტეები. გეორგიოსი მუდმივად ჯვარს ისახავდა და ღმერთს შეწყალებას სთხოვდა. პარაკლისში უამრავ სხვადასხვა სიწმინდეთა შორის აღმოვჩნდით. ხელის მსგავსი დიდი ვერცხლისფერი ლუსკუმა ვიპოვეთ, გავხსენით და ამოვიღეთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი, ეს გახლდათ უხრწნელი მარცხენა - სიწმინდე კეთილსურნელებდა და მირონი სდიოდა. ეს საგანძური წინასწარ გამზადებულ ქსოვილში გავახვიეთ. შეძლებისდაგვარად ყველა კლიტე ჩავკეტეთ და შეუმჩნევლად დავტოვეთ მონასტერი. ჩავსხედით ორჩხომელში, მოვუსვით ნიჩბები, მაგრამ შევშფოთდით, როცა შევამჩნიეთ, რომ ცაზე საეჭვო ღრუბლები აირია, ბუნებაც საფრთხეს გვაუწყებდა.
დიონისიატის მონასტერი
ასი მეტრის მერე ორჩხომელი ჩრდილოეთისაკენ მივაბრუნეთ. ზღვამ ღელვა დაიწყო. გეორგიოსი შეშფოთდა, მან უეცრად თავზე ხელი იტაცა და აყვირდა:
- არ გინდა, ნუ მაწამებ! - ის თითქოს ჩადენილის გამო ჭკუიდან გადავიდა და მომხდარზე ნორმალურად აღარ რეაგირებდა.
ვცდილობდი ქარის გრიალი დამეფარა და ვუყვიროდი:
- რა არის, გეორგიოს? რა მოხდა?
მაგრამ ის პასუხს არ მცემდა, კვნესოდა, იგრიხებოდა. ქარი კი უფრო ძლიერდებოდა. ამგვარ შემთხვევაში მე და მამაჩემი ყოველთვის წმინდა იოანეს ვევედრებოდით და ხშირად ცხრებოდა ხოლმე ყველაზე საშინელი ღელვა. უეცრად გამახსენდა, რომ წმინდა იოანე ნათლისცმემელი, რომლის ნაწილებიც სულ ახლახან მოვიპოვეთ, იგი საიმედო მფარველი იყო მოგზაურების, ზურგის ქარსა და უხვად თევზს უბოძებდა თევზაობისას. მკერდიდან ნერვიული სიცილი აღმომხდა.
- აბა, გაგვიცურავს და ესაა!
გიორგიოსს კი ნამდვილი ნერვიული ისტერიკა დაეწყო, ჩანდა, რომ რაღაც საშინელს განიცდიდა, შესაძლოა, ხილვაც კი ჰქონდა. ნიჩბების მოსმა აღარ შეეძლო, ორივე ხელი თავზე შემოედო და მოსთქვამდა. ტალღები უფრო აბობოქრდა, სხვა გზა არ იყო - გადავწყვიტეთ, ათონის ნაპირზე დავბრუნებულიყავით. იქიდან უნდა გვეცადა ფეხით ურანაპოლში ჩასვლა, იქ ორჩხომელს დავიქირავებდით და მშობლიურ სოფელში წავიდოდით. ეს გეორგიოსს ვუთხარი. დამყაბულდა და უკან, ათონისკენ, გავცურე: ორჩხომელი უნდა დაგვეტოვებინა, იმედი გვქონდა, რომ მას ადგილობრივი მეთევზეები ვერ იცნობდნენ.
ბულგარული მონასტრის, ზოგრაფის ნავმისადგომთან მივცურეთ, გეორგიოსი ნაპირზე გამოვიდა. უცბად ხელები აბობოქრებული ზეცისკენ აღაპყრო, ქვაზე დაეცა, ხრიალით შენდობა ითხოვა და სასოწარკვეთილი გაირინდა, თითქოს ის შურისგებას მოელოდა. ასე განვლო ხუთმა წუთმა - ის სველ ქვებზე ეგდო გაუნძრევლად. მე მომხდარის დაჯერება არ მსურდა.
გონს მოვედი, შევაჯანჯღარე, მაგრამ ამაოდ. ჩემი უფროსი მეგობარი უკვე მომკვდარიყო. კონტრაბანდისტს გული გაჩერებოდა, დაე, შეუნდოს ღმერთმა. ეს საშინელი დასტური იყო იმისა, რომ სიწმინდეთმკრეხელებს ღვთის რისხვა მიეწევათო.
თავიდან კარგი ყმაწვილისადმი სიბრალულმა და თანაგრძნობამ შემიპყრო, უეცრად შევძრწუნდი, ჩვენ ხომ ერთად ჩავიდინეთ ეს სიწმინდეთმკრეხელობა, ღვთის რისხვა შესაძლოა მეც მომეწიოს. საყვარელი მეგობრის სამწუხარო ხვედრმა საკუთარ ბედზეც ჩამაფიქრა. შიში გამიძლიერდა, მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იოანე ნათლისმცემლის ხელი ათონზე უნდა დამეტოვებინა.
უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი, მუხლებზე დავემხე და შევევედრე ღვთისმშობელს, შეეჩერებინა ჩემზე მომართული შურისძიების მახვილი, აღთქმა დავდე, რომ დანაშაულებრივ საქმიანობას თავს დავანებებდი, ეკლესიაში სიარულსა და ნორმალურ ღვთისმოსავ ცხოვრებას დავიწყებდი, ისე როგორც ძველთაგანვე მიღებული იყო ჩვენს ოჯახში.