სიტყვა ცრემლებსა და გულისშემუსვრილებაზე
სამოცი წელი იცხოვრა მან კინოვიაში რწმენით, მოსაგრეობის შურით და გულშემუსვრილებით ავსებულმა.მრავალი წლის წინ გრიგორიატის მონასტერში გავიცანით ძალზე უბრალო მონაზონი, მამა კოზმა.
- სახარება თვით ქრისტეა, - გვეუბნებოდა, - ეს დიდი ძალაა. მისი ძალზე ეშინია ეშმაკს (თვითონ ბერდიდი სახარებას მუდმივად შეისწავლიდა და ამ წმინდა წიგნს ყელზე ჩამოკიდებული ტომსიკით დაატარებდა). ბოლო დროს შემაწუხა ეშმაკმა. მაქეზებს, უფსკრულში გადავარდი, სახარება გადააგდეო, ტეხავს ხმაურსა და სხვა. განა უგუნური არ არის სატანა? ქრისტე გამოაჩინებს ახალმოწამეებსაც "ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ". ახალი აღთქმიდან განსაკუთრებული ყურადღებით შევისწავლი წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის წიგნებს. ერთხელ, მწუხრზე, მცირე ხანს ჩავთვლიმე და სიზმარი ვნახე. ზღვასავით ვრცელ ველზე აღმოვჩნდი. ირგვლივ პურის ძნები და კეთილსურნელოვანი ყვავილების ბჯები იდგა. დამათრობელმა არომატმა მიწაზე წამაქცია. ჩემს წამოსაყენებლად მოირბინეს პატარა ბავშვებმა (ღვთის ანგელოზებმა). "წავიდეთ, ღმერთი ვადიდოთ", - მითხრეს და შემიყვანეს ვეებერთელა ტაძარში, რომელიც ისეთი საშინელი დიდებით და იმგვარი დამაბრმავებელი ბრწყინვალებით იყო ავსებული, რომ ვეღარ გავუძელი და მიწაზე დავეცი...
მას თხრობა სიხარულისა და გულშემუსვრილების ტირილმა შეაწყვეტინა.
1970 წელს მე ჩემს ღირსსახსოვარ ბერდიდთან და ერთ ძმასთან ერთად წმინდა პავლეს მონასტერი მოვინახულე. მონასტრის საავადმყოფოში ერთი ბერიკაცი იმყოფებოდა.
- მე ჩვენი ბიბლიოთეკის ბევრი წიგნი წავიკითხე, - თქვა მან.
- ახლა კი რას ელი, რისი იმედი გაქვს? - ვკითხეთ.
- ვფიქრობ ღვთის სიყვარულზე, - თქვა უბრალოებით, - როგორ მოხედა მან ჩვენს გასაჭირს და განკაცდა ჩვენი ხსნისთვის...
თქვა და ატირდა.
თქვა ბერდიდმა:
- პირველი ცრემლები - სინანულის ცრემლებია, რომლებიც დაგღლის, მეორენაირი ცრემლები - ჭვრეტისა. სიყვარულის ცრემლები საერთოდ არ გღლის, გულს გიხარებს.
ერთხელ საღვთო ლიტურგიაზე ვიხილეთ, ძლიერი გულშემუსვრილებისგან თუ როგორ ღვრიდა ცრემლებს უსისხლო მსხვერპლის შემწირველი ეპისკოპოსი. ეს გულშემუსვრილება ნაყოფი იყო მთაწმინდის ერთ-ერთ ასკეტერიონში, ნამდვილ უდაბნოში მისი დაყუდებული ცხოვრებისა.
ღირსსახსოვარმა მონაზონმა ნექტარიოსმა მიამბო ღირსსახსოვარ ბერდიდ ეფრემ კატუნაკელის მონათხრობი:
- შუადღე იყო. ღირსი მამის, ეფრემ ასურის სახლობის მომცრო ტაძარში აქამდე უცნობი ტირილით ავტირდი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ეს რა ცრემლებია? რამეთუ სული ჩემი ღვთაებრივი სიყვარულით აღვსებულად გრძნობდა თავს. მაშინ მე პასუხად მომესმა ხმა, რომელიც შიგნიდან მეტყოდა: "მოიდრიკე მუხლნი, რამეთუ როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს უფალი შენ გამო".
"ოჰ, ეს ცრემლები! იღვაწეთ, ვიდრე ახალგაზრდები ხართ, შეიყვარეთ ქრისტე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უფალი ჩვენი, რათა ვიგემოთ სიყვარული ტკბილი ცრემლების გამო! თუ შენ ცრემლები შეიძინე, მაშინ ღამისთევის ლოცვა შენთვის დღესასწაულად იქცევა", - ამბობდა ბერდიდი არსენი მღვიმელი, გულისხმობდა კელიაში ყოველდღიურ მღვიძარებას, რომელიც მასა და ბერდიდ იოსებ ისიქასტს ტიპიკონით ჰქონდათ.
სიტყვა ღვთაებრივი სიტყვების შესწავლაზე
ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელის ცხოვრების აღმწერელი მღვდელმონაზონი ექვთიმე წერს: "მსგავსად მოსესი, რომელიც როცა სრულ მამაკაცად შეიქმნა, დაუტევა ეგვიპტე, მადიანის მიწაზე მივიდა და იქ, ქორების მთაზე, მაყვლოვანში, ღირსი გახდა ღვთის გამოცხადებისა და უხილავ ღმერთთან საუბრისა. ამსოფლურ ეგვიპტიდან, ანუ დაბნელებული და ვნებიანი ცხოვრებიდან გაქცეული ნიკოდიმოსი ავიდა შეგრძნების მთაზე, სულიერი ჭვრეტის მთაზეც ავიდა და რამდენადაც ეს შესაძლებელია, ღირსი შეიქნა ღვთის ხილვისა, აირჩია თავისთვის ღვთაებრივი და განმღმრთობი მყუდროება, უმკაცრესი მარხვა და გონებაგანუფანტველი ლოცვა. განაბრწყინვა თავისი გონება ღვთივსულიერ წიგნთა ნათელმოსილი ჭვრეტით, მამაკაცად შეიქმნა, ანუ შეიქმნა ქრისტიანობის უდიდესი მოძღვარი, დიდებული ლამპარი ეკლესიის გონებრივ სიმყარისა და უდიდესი მოწინააღმდეგე ყველა ცრუ მოძღვრებისა. რამეთუ ამას მოწმობს ყველა მისი თხზულება, რომელიც მან ბევრი შრომით, ოფლისღვრით, ღამისთევებით შექმნა და განამდიდრა ამით ეკლესია ქრისტესი. ერთმა მოსაგრემ თქვა:
- გონების მოსაკრებად, რომელიც იმის გამოა ძნელი, რომ მუდმივად იფანტება, აუცილებელია წმინდა მამათა ნაწერების კითხვა, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ლოცვით საქმიანობას. ყველაზე მეტად პატერიკის კითხვა ეხმარება. პატერიკის ორი წინადადება გაიძულებს, ყველა საზრუნავი დაივიწყო, ვინაიდან მასშია მოთავსებული თებაიდისა და ნიტრიის წმინდა მიწების ძალა და მლოცველი ზეცად აღიტაცება მამათა მადლმოსილი შეწევნით, რომელთაც ის თავის გვერდით გრძნობს.
რუსი მოსაგრე მამა ტიხონი ერთ დამწყებ მონაზონს თავისი დამტვრეული ბერძნულით უხსნიდა:
- ბევრი იკითხე, ჩემო შვილო, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ბევრი კითხვა გონებას განამდიდრებს... ძლიერი სიტყვა შეიტანე სოფელში, რათა ცოდვილები გადარჩნენ და ქრისტე ოქროს გვირგვინს გიბოძებს. სულიწმიდა ყველა ქრისტიანს განაბრწყინვებს ერთი დრაქმის საფასური სანთლით. მოსაგრე ქრისტიანს კი ასი დრაქმის სანთლით განაბრწყინვებს.
თქვა ბერდიდმა:
- ცხოვრებისეული პრობლემებით და ამაო საზრუნავებით ავსებული გონება სულსაც დაასუსტებს. ჩადით შიგნით, თქვენი სულის გაუმარგლავ ვენახში, რათა ამოძირკვო მანკიერებათა ეკალი და მათ ადგილას დარგო სათნოებები. მაგრამ ყურადღებით იყავი. ეს სულაც არ არის ადვილი სამუშაო, ის სიჯიუტეს და მოთმინებას მოითხოვს. აქ შენ ძალზე ბევრ სიძნელეს შეხვდები. ამ საქმეში დიდი სიკეთე შეიძლება მოგიტანოს წმინდა მამათა წიგნებმა, რომლებიც ჩვენს დროში ათასობით გამოიცემა. იქ იპოვი ყველაფერს, რაც გსურს და რაც გჭირდება. ისინი გასწავლიან სულიერ ცხოვრებაში უსაფრთხო გზას. ოღონდ თავმდაბლობითა და ლოცვით იკითხე.